პრემიერ–მინისტრის დავალება მიღებულია. შს სამინისტრომ მუშაობა უკვე დაიწყო. შს მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, მუშაობის შედეგები საჯარო გახდება, თუმცა რა ვადაში, არ დაუკონკრეტებია. გიორგი კვირიკაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრს დაავალა, გარკვეულ კლუბებსა და ბარებში ადგილობრივი მამაკაცების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომებით დაინტერესდეს.
როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, „ვარდების მოედნის“ ქვემოთ მდებარე ბარებსა თუ სხვადასხვა ობიექტში ხდება კანონდარღვევები. მისივე განცხადებით, „ღამის კლუბებში, რომლებიც, ძირითადად, კონცენტრირებულია „რესპუბლიკის მოედნის“ ქვეშ, არის ძალიან სამწუხარო რეალობა.
„სრული კატეგორიულობით ვითხოვ ამ პრობლემის მოგვარებას ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო უწყებებისგან. ყველანაირი რეიდების, ძალადობრივი ქმდებების გარეშე, კანონის სრული გამოყენებით და ამოქმედებით, მინდა, რომ ეს პრობლემა იყოს მოგვარებული უმოკლეს პერიოდში.
ჩემთვის სამწუხარო არის ის, რომ ამ კლუბებში ადგილი აქვს პროსტიტუციას, მათ შორის ჩვენი არასწრულწლოვანი მოქალაქეების. არც ერთი ქართველი მამაკაცი არ მოითმენს იმას, რაც იქ ხდება და სწორედ ამიტომ არ უშვებენ ქართველ მამაკაცებს ამ კლუბებში. ეს არის ის მწარე რეალობა, რომელიც ჩვენ გვაქვს და ამის წინააღმდეგ ზომების მიღება დავავალე შინაგან საქმეთა სამინისტროს“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
კვირიკაშვილმა ასევე სთხოვა ადამიანის უფლებების საკითხში თანაშემწეს, სოფიო ჯაფარიძეს, დაინტერესდეს ამ საკითხით და შეისწვალოს, რამდენად დაცულია საქართველოს კანონმდებლობა ასეთ ობიექტებში.
„თუ ეს არის დახურული ტიპის კლუბი, მაშინ მას უნდა ჰქონდეს განაწესი, რომელიც იქნება საჯარო და ხელმისაწვდომი ყველასთვის, რა კრიტერიუმებით ხდება ადამიანების შერჩევა იქ შესვლისთვის. ხოლო თუ ეს არის ღია, საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი, მაშინ იგი მთლიანად უნდა დაექვემდებაროს იგივე ანტიდისკრიმინაციული კანონს და არ დაარღვიოს საქართველოს კანონმდებლობა. იმასაც ვიტყვი, რომ ჩვენ ასეთი არც ტურისტი გვინდა და არც დამატებითი შემოსავალი, რომელიც საქართველოს კანონს არად დაგვიდევს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
კვირიკაშვილის პოზიციას - შეისწავლონ „ვარდების მოედნის“ ქვემოთ მდებარე ბარებსა თუ სხვადასხვა ობიექტში არსებული სიტუაცია - მხარს უჭერს მთაწმინდის მაჟორიტარი სალომე ზურაბიშვილი.
„ჩემთვის, როგორც მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატისთვის და ასევე ამ უბნის მცხოვრებლებისთვის ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთან მოსახლეობისგან არაერთხელ გამოითქვა წუხილი და უკმაყოფილება შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. მიზანშეწონილად და დროულად მიმაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეისწავლოს არსებული მდგომარეობა და მოახდინოს რეაგირება“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
პრემიერ-მინისტრის მიერ დასმულ არასრულწლოვანთა პროსტიტუციის პრობლემაზე მუშაობის პროცესში პირადად ჩართვას გეგმავს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, რომლის განცხადებით, პრობლემა ძალიან მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოებისთვის, ვინაიდან არსებობს არასრულწლოვანთა პროსტიტუციის საფრთხე.
„პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ამ საფრთხის პრევენციისა და აღმოფხვრის აუცილებლობაზე. ამავდროულად, მიანიშნა კონკრეტულ ფაქტებზე, სადაც შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ანტიდისკრიმინაციული კანონის დარღვევას, გენდერული და ეთნიკური ნიშნით. დიახ, ეს არის კანონდარღვევა და სწორედ ამ პრობლემაში გარკვევა დაევალათ შესაბამის უწყებებს.
რამდენადაც აღნიშნული საფრთხეები უკავშირდება არასრულწლოვანთა – მოსწავლეებისა და სტუდენდების უფლებების დარღვევას და ამასთან წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით რისკებს, მზად ვარ ჩავერთო ამ პრობლემაზე მუშაობის პროცესში“, – აცხადებს მარიამ ჯაში.
პრობლემის მასშტაბურობაზე და არასრულწლოვანთა პროსტიტუციის საფრთხეზე საუბრობს ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის შეფასებით, გაუგებარია რატომ გახდა ქილიკის საფუძველი მთავრობის მეთაურის მხრიდან საკმაოდ პრობლემურ საკითხზე საუბარი.
როგორც ფსიქოლოგი აცხადებს, პრობლემა შეიძლება საქართველოს მოქალაქეების ფარგლებს და პრემიერის უფლებამოსილების ფარგლებს გასცდეს და უფრო რთული აღმოჩნდეს ამ პრობლემის მოგვარება. საყვარელიძის შეფასებით, სავარაუდოა, რომ პრემიერმა საჯარო განცხადება იმათ გასაგონადაც გააკეთა, ვინც ამ ბიზნესის იმპორტს ეწევა საქართველოში.
„ქილიკი ამ საკითხზე იმდენად უადგილოა, რომ აგურების დიდი რაოდენობა უნდა გვეჭიროს ორივე ხელში. ვფიქრობ, რომ პრობლემა კიდევ უფრო მასშტაბურია, ვიდრე თბილისის ფარგლები. გავიხსენოთ, რომ ანალოგიური პრობლემის თაობაზე ლაპარაკობდნენ აჭარის მაცხოვრებლები. შესაბამისად, ეს თემა გეოგრაფიულადაც ქვეყნის მასშტაბით არის მოსაგვარებელი. ამდენად მინისტრთა მთელს კაბინეტს ეხება და არა მარტო ადგილობრივ თვითმმართველობას.
საკმაოდ რთული პრობლემა გახლავთ, ვინაიდან ამ პროცესში ჩართული არიან არა მარტო საქართველოს მოქალაქეები. შესაბამისად, ერთი შეხედვით ისეთი შორეული უწყება როგორიც საგარეო საქმეთა სამინისტროა, ისიც ჩასართველი იქნება, თუკი პრობლემას იმ მასშტაბით მივუდგებით, რასაც ეს კონკრეტული პრობლემა იმსახურებს“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
როგორ ფსიქოლოგი აცხადებს, პრობლემის მოგვარება მხოლოდ ბარების დახურვით და შსს–ს ჩარევით ვერ მოგვარდება. აუცილებელია ამ პროცესში ფსიქოლოგების ჩართვაც. თუმცა, უპირველეს ყოვლისა პრობლემა ეხება ადგილობრივ თვითმმართველობას, ანუ თბილისის მერიამ უნდა მოუაროს ამ პრობლემას.
„თუკი ხელი შეახო პრობლემის მოგვარებას, ამ რთული საკითხების გადაწყვეტა ქვეყანას მოუწევს ყველა სტრუქტურების ერთობლიობით - განათლების სისტემის, ადგილობრივი თვითმმართველობის, ეკონომიკური პროფილის უწყებების და საზოგადოების ყველა წევრის ერთობლივი ჩართულობით, იმიტომ, რომ აქ უზარმაზარი თანხები ტრიალებს. ამის ხარჯზე არსებობს ეს პროცესი და რაც მთავარია, ვითარდება.
საერთოდ, საქართველომ უნდა მიხედოს იმას, რისი ქვეყანა ვართ, თუ ჩვენ ვართ პროსტიტუციის და სათამაშო კლუბების ქვეყანა, მაშინ ყველაფერი წესრიგშია. კაზინო ყველა ქვეყანაში აკრძალულია, მაგრამ ჩვენთან ყოველ მეორე ქუჩაში არსებობს და რაც მთავარია მოტივირებულია სათამაშო ბიზნესი“, – ამბობს ფსიქოლოგი.
მისვე შეფასებით, სახელმწიფოს უმაღლეს დონეზეა გადასაწყვეტი, ამ ბიზნესს ხელი უნდა შეუწყოს, თუ მოექცეს ისე, როგორც მას ექცევიან ყველა ევროპულ ქვეყნებში, სადაც ცდილობენ, რომ ამ ბიზნესს აარიდონ ახალგაზრდები.
„იგივე მიდგომაა პროსტიტუციასთან დაკავშირებით და როგორც ხშირად, პროსტიტუციამ ამ ბიზნესთან ერთად აიდგა ფეხი და ყოველდღიურად ვითარდება, რაც პრობლემაა და სტრატეგიულად გადასაწყვეტი საკითხია. უნდა გადავწყვიტოთ რა ტიპის ქვეყანა ვართ, თუ ვართ ქვეყანა, რომელიც ამ გზით შოულობს შემოსავალს, მაშინ რა თქმა უნდა, ვერც პოლიციით და ვერც კარების დახურვით ამ პრობლემას ვერ გადაწყვიტავთ.
მაგრამ თუ ვაპირებთ, ავიშოროთ ასეთი სამწუხარო პერსპექტივა, მაშინ ყველა ტიპის არარეგალურ ბიზნესს, რომელსაც ნარკომანიის ტიპის ეფექტი აქვს, ხშირ შემთხვევაში უფრო ძლიერი, ვიდრე სათამაშო ბიზნესს და ამას ვუწყობთ ხელს, მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ სათამაშო ბიზნესისთვის ხელის შეწყობა ნარკომანიის ლეგალიზაციის ექვივალენტურია. და თუ არ აქვს მნიშვნელობა, რა გზით იშოვი ფულს, მერე უკვე მიადგები იმას, რასაც პროსტიტუცია ჰქვია“,– აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.