აშშ-ს და თურქეთს შორის ვითარება იძაბება. ანკარა აშშ სირიული YPG-ისთვის იარაღის მიწოდებაში ადანაშაულებს. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, ვაშინგტონი დღემდე აიარაღებდა YPG-ს (ქურთისტანის მუშათა პარტიის-დემოკრატიული ერთობის პარტიის სამხედრო ფრთა) ტერორისტებს. თურქი დიპლომატი აცხადებს, რომ ანკარას საკმარისი მტკიცებულებები გააჩნია.
თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რომ საერთაშორისო კოალიციამ აშშ-ს ხელმძღვანელობით გარკვეულ ეტაპზე შეწყვიტა საჰაერო მხარდაჭერის გაწევა „ევფრატის ფარის“ ოპერაციის ფარგლებში.
„აშშ-ს სურს YPG-ს გაერთიანებების ჩართვა ქალაქ რაქას ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებისგან გათავისუფლების ოპერაციაში, რის სანაცვლოდაც ვაშინგტონისგან ითხოვენ ქალაქ ელ-ბაბის გათავისუფლების თავიდან აცილებას „ევფრატის ფარის“ ოპერაციის ფარგლებში. აშშ სთავაზობს ანკარას შეანელოს ელ-ბაბის გათავისუფლების პროცესი. ეს შეუძლებელია. ბრძოლა ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გაგრძელდება“, - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.
საერთაშორისო კოალიციის ძალებს, ISIS-ის და მათ შორის სირიაში ტერორისტების მხარდაჭერაში ადანაშაულებს თურქეთის პრეზიდენტი. რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთმა აღმოაჩინა იმის მტკიცებულება. როგორც ერდოღანი აცხადებს, თურქეთს დაპირდნენ, რომ ბოლომდე დაუჭერდნებ მხარს ISIS-ის განადგურებას, თუმცა, ეს არ მოხდა.
„საერთაშორისო კოალიციის რიგებში ამტკიცებდნენ, რომ ბოლომდე იბრძოლებენ ტერორისტების წინააღმდეგ. კიდეც შეეცადნენ თურქეთისთვის ISIS-ის მხარდაჭერაში ბრალი დაედოთ. პირიქით, კოალიციაში მხარს უჭერენ ISIS-ის ტერორისტებს, ქურთების ტერორისტულ ორგანიზაციებს. ჩვენ ყველა მტკიცებულება, მათ შორის ფოტო და ვიდეო მტკიცებულებები გაგვაჩნია“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
ერდოღანის სამიზნე ასევე გახდნენ ნატო-ს ქვეყნები და მოუწოდა მათ, რომ ფარისევლობა გვერდზე გადადონ და გადაწყვიტონ, მათი მოკავშირე თურქეთია თუ სირიაში მოქმედი ზოგიერთი ტერორისტული ორგანიზაცია. ერდოღანის თქმით, ნატო-ს არ შეუტანია წვლილი სირიაში მოქმედი ტერორისტების წინააღმდეგ თურქეთის ბრძოლაში და დღესაც, როდესაც ანკარა სირიის ქალაქ ელ-ბაბში ტერორისტებს ებრძვის, ნატო თურქეთს დახმარებას არ უწევს.
„იქნებ თქვენ ალიანსის პარტნიორებად მიიჩნევთ ტერორისტულ ორგანიზაციებს და არა თურქეთს? როგორ შეიძლება მხარი დაუჭიროთ ორგანიზაციებს, რომლებსაც ნატო-ს მოკავშირე ქვეყანა ტერორისტულ ორგანიზაციებად მიიჩნევს? ეს მიუღებელია. თუ თურქეთი ნატო-ს წევრი და სტრატეგიული პარტნიორია, ალიანსმა მხარი თურქეთს უნდა დაუჭიროს და არა ტერორისტებს.
უკვე დიდი ხანია, რაც თურქეთი დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდებს, განსხვავება არ გააკეთონ ტერორისტულ ორგანიზაციებს შორის და ტერორისტებთან ბრძოლაში პრინციპულობა გამოიჩინონ. პასუხად, რიგი ქვეყნები, განსაკუთრებით აშშ, სხვადასხვა საბაბით ღიად აგრძელებს ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერას. როდესაც თურქეთი ყველაფერს თავის სახელს არქმევს, ეს ქვეყნები ფარისევლურ გაოცებას გამოხატავენ“, - აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
ერდოღანის ბრალდებას, რომ კოალიციის ძალები მხარს უჭერენ ტერორისტულ ჯგუფებს სირიაში, მათ შორის ISIS-ს სასაცილოს უწოდებენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში.
„ეს ბრალდება სასაცილოა. ასეთი განცხადების საფუძველი არ არსებობს. არა მგონია, ვინც ხედავს ჩვენს ქმედებებს ჩრდილოეთ სირიაში და ერაყში, არ დაენახა, რომ ჩვენ ასი პროცენტით ვიბრძვით ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურებისთვის“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარკ ტონერმა.
ანალიტიკოსების შეფასებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვა თურქეთში არშემდგარი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ დაიწყო. მიზეზი კი, ინჯირლიკის ბაზა გახდა, რომელიც ნატო-ს ავიაბაზას წარმოადგენს და 7 ათასამდე ჯარისკაცია მობილიზებული. თურქული ვერსიით, შეთქმულების სცენარი ინჯირლიკის სამხედრო ბაზაზე მუშავდებოდა, რომელშიც ამერიკელი სამხედროები მონაწილეობდნენ და სწორედ მათი სურვილით, ინფორმაციამ შეთქმულების შესახებ არ გაჟონა.
უსაფრთხოების საკითხებში ექსპეტრი ლაშა ძებისაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო გადატრიალების პარალელურად, ურთიერთობის დაძაბვა გამოიწვია აშშ-ის მიერ ქურთულ დაჯგუფების დახამარებამ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სერიოზულ და ორგანიზებულ ძალას წარმოადგენს როგორც სირიაში, ასევე ერაყში.
„პრინციპში ერთ-ერთ დამრტყმელ ძალას წარმოადგენენ ისლამური ხალიფატის წინააღმდეგ და კერძოდ ეს არის რაკა, რომელსაც თურქები უტევენ. ძირითად დახმარებას მათ აშშ უწევს, რაც თურქებისთვის მიუღებელია, რადგან ეს ძალა ისლამური ხალიფატის დამარცხების შემდეგ წინააღმდეგობას გაუწევს თურქეთის შეიარაღებულ ძალებს.
გარდა ამისა, დაპირისპირება თურქეთსა და დასავლეთს შორის, ერდოღანის მიერ არადემოკრატიული მმართველობის სტილის დანერგვამ გამოიწვია. ერდოღანი ხვდება, რომ დასავლელი პარტნიორები უკვე არ არიან ისეთი პარტნიორები, როგორც ადრე იყვნენ“, - ამბობს ლაშა ძებისაშვილი.
მისივე თქმით, ერდორანი ცდილობს აწარმოოს ერთი მხრივ დაშინებისა და მეორე მხრივ შანტაჟის პოლიტიკა. მესამე მხრივ ცდილობს ალტერნატიული პოლიტიკური პარტნიორის პოვნას და მასთან თანამშრომლობას და ამ შემთხვევაში ეს არის რუსეთი, რომელიც დროებითი მოვლენაა.
„ამ განცხადებას ჰყავს ორი აუდიტორია - საერთაშორისო საზოგადოება, აშშ და დასავლეთი, მეორე - შიდა თურქული საზოგადოება. ამ შემთხვევაში ერდოღანი გათვლას აეკეთებს ილსამისტურ საზოგადოებაზე, რომელიც მისი ძირითადი ელექტორატია. თურქული საზოგადოების ამ ნაწილისთვის ამერიკა წარმოადგენს მთავარ მტერს. შიდა ლეგიტამაციის კუთხით ერდოღანის მხრიდან ასეთი განცხადება ახალი არ არის“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ლაშა ძებისაშვილმა.
სამხედრო ანალიტიკოსის ვახტანგ მაისაიას განცხადებით, არშემდგარი სახელმწიფო გადატრაიების შემდეგ, ცხადი იყო, რომ თურქეთ-ამერიკის ურთიერთობები დაძაბულბისკენ მიდოდა და ერთხელაც ეს მიიღებდა სერიოზული გამოწვევის სახეს. რაც, მისი თქმით, ერდოღანის განცხადებით დასტურდება.
„ერდოღანის განცხადება პირდაპირ მოასწავებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გართულებას. მეორე, რა საფუძველი აქვს ერდოღანს ილაპარაკოს, რომ კოალიცია მხარს უჭერს ISIS, ეს ძალიან მარტივია. როგორც ჩანს, ერდოღანი ამერიკის მთავრობას ბრალს სდებს იმაში, რომ ისინი ეხმარებიან ქურთულ შენაერთებს და, რომ მათ აქვთ კავშირი ქურთ კომუნისტებთან, ქურთების დემოკრატიული კავშირის წარმომადგენლებთან, რომლებიც თურქეთის ამჟამინდელი ხელისუფლების აზრით, მხარს უჭერენ ქურთების მუშათა პარტიის წარმომადგენლებს, რომლებიც თურქეთში ტერორისტებად არიან შერაცხულები.
როგორც ჩანს, ამ ფორმულაზე აკეთებს აქცენტს ერდოღანი და სხვა არაფერი. ის, რომ ამერიკამ ერაყში შეიყვანა ქურთული შენაერთები და ისინი ახორციელებენ მოსულზე შეტევას და ეხმარებიან სირიელ ქურთებს, როგორც ჩანს, თურქეთის მთავრობისთვის მიუღებია და ამით არის გამოწვეული ამერიკისთვის წაყენებული ერთგვარი ბრალდება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.