ფიფქია და „ოპერაცია შვიდი ჯუჯა“

ფიფქია და „ოპერაცია შვიდი ჯუჯა“

ნება მომეცით საახალწლო „მხიარული ისტორიების“ „მორიგი გამოშვება“ შემოგთავაზოთ. ჩვენი დღევანდელი სტუმრები „პოლიცაი-მილიციელები“ და ექიმები იქნებიან. ამ პროფესიის ხალხს მუშაობა უწყვეტ რეჟიმში უწევთ და მათთვის დასვენება-ახალი წელი არ არსებობს

პირველი საახალწლო რესპონდენტი ბატონი ნოდარ კოხრეიძე იქნება.

„მურში“, როცა ბანდიტიზმთან ბრძოლის განყოფილებაში გადამიყვანეს სამუშაოდ, იმ პერიოდში მოსკოვში პოგორელოვის ბანდა თარეშობდა. ვიტალი პოგორელოვი ყოფილი მილიციელი იყო, რომელიც სამსახურიდან გააგდეს და ციხეში ჩასვეს. ხოლო რომ გამოვიდა, თავისნაირები შემოიკრიბა და ბანდა ჩამოაყალიბა. ბანდის შემადგენლობაში რვა კაცი იყო.

1975 წლის 31 დეკემბერია, „მურში“ ტრადიციული საახალწლო კარნავალი იმართება და მე თოვლის ბაბუა ვარ, ხოლო ჩვენი ახალგაზრდა ექსპერტ-კრიმინალისტი ლენა პავლოვა კი – ფიფქია. ჩემი განყოფილების ოპერებმა ჯუჯების კოსტიუმები ჩაიცვეს. სცენარის მიხედვით, ახალი წლის დადგომისთანავე მე და ლენას მაგიდებს შორის უნდა ჩამოგვევლო და თანამშრომლებისთვის პატარ-პატარა სუვენირები ჩამოგვერიგებინა, რითაც უზარმაზარი ხურჯინი მქონდა გამოტენილი.

მხიარულება პიკს უახლოვდება, ახალი წლის დადგომამდე სულ რაღაც 2 საათია დარჩენილი, როდესაც „მურის“ მორიგემ გამიხმო და ერთ-ერთ ჩემს აგენტს შემახვედრა, რომელმაც მაცნობა, რომ ბანდიტი პოგორელოვი და მისი მეგობრები მოსკოვის ცენტრში, მცირე არბატზე მდებარე ერთ-ერთ სახლში იმყოფებიანო. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მთელი ჩემი განყოფილების „ჯუჯობა“ გამოვიძახე და პოგორელოვის ბანდის აყვანის გეგმის შედგენას შევუდექით. ჩვენ, რა თქმა უნდა, შეგვეძლო, რომ ალყაში მოგვექცია სახლი და ბანდისთვის დანებება შეგვეთავაზებინა, მაგრამ ეს საშიში იყო ფიზიკურადაც, რადგან ხაფანგში მომწყვდეული ბანდიტები მშვიდობიან მოსახლეობას ამოეფარებოდნენ და ბევრი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპებოდა და იდეოლოგიურადაც, რადგან მოსკოვის ცენტრში მასობრივ სროლას და აურზაურს არავინ გვაპატიებდა და სამსახურს დაგვატოვებინებდნენ. ამიტომ პატარა სპექტაკლის დადგმა გადავწყვიტეთ.

მთელი ჩვენი განყოფილება მიკროავტობუსში ჩავსხედით, თან ჩვენი ფიფქია, მომხიბვლელი ლენაჩკა წავიყვანეთ და ძველი არბატის იმ სახლს მივადექით, სადაც პოგორელოვი და მისი დამქაშები ბუდობდნენ. როცა სამსართულიანი, ძველი სახლის ეზოში შევედით, ისეთი გნიასი ავტეხეთ, რომ მთელი მეზობლები ღია აივნებზე გამოვიდნენ და ჩვენს ცეკვა-თამაშს ტაშს უკრავდნენ. როდესაც საკონცერტო ნაწილი დასრულდა, ჩვენ საჩუქრების დარიგება დავიწყეთ და სართულებს ჩამოვუარეთ. პოგორელოვი და მისი ბიჭები პირველი სართულის ბინაში იმყოფებოდნენ. ლენამ მათ დაუკაკუნა, კარი გააღებინა და ოთახში, სადაც რვა საშიში დამნაშავე იმყოფებოდა, ცეკვა-თამაშით შევედით. მე და ლენა ვმღეროდით, „ჯუჯები“ ცეკვავდნენ და როდესაც სიმღერა დავასრულე და წინასწარ შეთანხმებული ფრაზა ვთქვი „მეგობრებო, გილოცავთ ახალ წელს!“ „ჯუჯები“ ბანდიტებს დაეტაკნენ, განაიარაღეს, ხელბორკილები დაადეს და „მურში“ წავიყვანეთ. ახალი წლის დადგომას ბეწვზე მივუსწარით და ჩვენს დანარჩენ კოლეგებთან ერთად შამპანურიც შევსვით. მაგრამ საჩუქრების დარიგება ვერ მოვახერხეთ, რადგან ისინი ძველი არბატის მობინადრეებს ერგოთ...“

ბატონი ნოდარის შემდეგ სიტყვას პოლკოვნიკ ვანო მორგოშიას გადავცემ.

„1970 წლის პირველი იანვარი არასოდეს დამავიწყდება. იმ დღეს ისეთ სპეცოპერაციაში მივიღე მონაწილეობა, რომელიც არც მანამდე და არც მას შემდეგ არ მინახავს.

იმ პერიოდში ნოემბერ-დეკემბერში საგრძნობლად მოიმატა ძარცვების რიცხვმა. ორგანიზებული ბანდა ნამდვილ სპექტაკლს დგამდა. თოვლის ბაბუების სამოსში გამოწყობილი ბანდიტები სხვადასხვა ორგანიზაცია-დაწესებულებაში აღწევდნენ და მოქალაქეებს ძარცვავდნენ. მე „მურში“ ვმუშაობდი და თოვლის ბაბუების დევნით სიქა მქონდა გაცლილი.

31 დეკემბერს ქალაქის ოპერჯგუფში მორიგე ვიყავი და ოცდაოთხსაათიანი წამება გამოწერილი მქონდა. მოსკოვში იმ პერიოდში ძალიან ხშირად ხდებოდა დანაშაული და დილის 10 საათიდან საღამოს 8 საათამდე თოხარიკი ცხენივით აქეთ-იქით დავრბოდი. რვიდან თერთმეტამდე ოდნავი შვება ვიგრძენი - არსად გამოვუძახებივართ. თუმცა, დალევის უფლება არ გვქონდა. სხვები „გულაობდნენ“, მე და ჩემი მეგობრები კი „მურის“ სამორიგეოში ვისხედით და გამოძახებას ველოდით. თორმეტის ნახევარზე შეგვატყობინეს, რომ სოკოლნიკებში საეჭვო ადამიანები შეუნიშნავთ, რომლებიც თოვლის ბაბუის სამოსში იყვნენ გამოწყობილები. მისამართი ჩავიწერეთ და ათი კაცი ორი მანქანით გავემგზავრეთ, თან დარწმუნებულები ვიყავით, რომ მოუხელთებელი ბანდიტების კვალს დავადექით.

სოკოლნიკში რომ მივედით, იარაღი მოვამზადეთ და იმ სახლში შევცვივდით, სადაც ბანდიტი თოვლის ბაბუები გვეგულებოდნენ. ვნახეთ, მაგრამ რა ვნახეთ...

უზარმაზარ ოთახში ბუხარი იყო აგიზგიზებული. თოვლის ბაბუის სამოსი უწესრიგოდ იყო მიყრილ-მოყრილი და ერთმანეთზე უკეთესი ოცი გოგონა ერთმანეთის ალერსში იყვნენ. ჩვენმა გულმა მეტს ვეღარ გაუძლო და ლესბოსელებს შევუერთდით. თუმცა, ისინი ბუნებრივ, ტრადიციულ რელსებზე გადმოვიყვანეთ, რაზეც მათ წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. მთელი ახალი წელი მგზნებარე სექსში გავატარეთ...

„თოვლის ბაბუები“ ცნობილი საცეკვაო ანსამბლის გოგოები იყვნენ, რომლებიც ტრადიციული სექსითაც ირთობდნენ თავს და არატრადიციულითაც...“

„მილიციელების“ შემდეგ სიტყვა ექიმებს გადავცეთ.

ეს ისტორია ერთ-ერთმა ჩემმა ნაცნობმა ექიმმა მომიყვა. მის ვინაობას ვერ დავასახელებ, რადგან მოკრძალებული ადამიანია და „გაზეთში თუ სადღაც „ინტერნეტში“ მუშაობ არ გამწეროო“ - მთხოვა.

„შარშანდელ ახალ წელს სასწრაფოში ზარ-ზეიმით შევხვდით. დილის ექვს საათზე შემოვიდა გამოძახება წერეთლის პროსპექტიდან. მახსოვს, ერთ-ერთ ოჯახში ვიყავით, სადაც შუახნის ქალი გამხდარიყო ცუდად, ნაღვლის ბუშტი აწუხებდა. კარი მისმა მეუღლემ გაგვიღო და შემოგვჩივლა, - დამეხმარეთ, გოგონებო, იმის მაგივრად, რომ ცოლმა ახალი წელი მომილოცოს, იმდენი ჭამა, რომ შეტევა დაეწყოო. რაც საჭირო იყო, ყველაფერი გავუკეთეთ და ცოტა რომ მომჯობინდა, ქმარს უსაყვედურა - რა გინდა, ნამუსი გაქვს ახლა შენ, ამისთანა შხვართალა ქალები შემოგიყვანე საახალწლოდ სახლში და კიდევ მე მსაყვედურობ, რომელი ცოლი გაუკეთებდა ქმარს ასეთ საჩუქარსო?“

ჩვენი დღევანდელი „საახაალწლო-საექიმო“ მოგონებების მორიგი სტუმარი კიდევ ერთი ჩემი ნაცნობი „მკურნალი“ გახლავთ.

„27 წელია სასწრაფოში ვმუშაობ. სასწრაფოს ყველაზე მეტი გამოძახება ახალი წლის დღეებში აქვს. შესაძლოა ფიქრობთ, თუ კაცს ძალიან არ უჭირს, დღესასწაულებზე სასწრაფოს არ გამოიძახებსო. მერწმუნეთ, ზოგჯერ პირიქითაა...

სასწრაფო დახმარების მეათე ფილიალში ვმუშაობ, რომლის მახლობლად ხანდაზმული მარტოხელა ქალი ცხოვრობს. ყოველ ახალ წელს, თორმეტი საათის დადგომამდე რამდენიმე წუთი რომ რჩება, რეკავს და სასწრაფოდ მოდით, მაღალი წნევა მაქვსო. ერთხელ მეც მომიხდა ახალი წლის ღამეს მასთან მისვლა. რომ შევედით, გაღიმებული შემოგვეგება - არ გეწყინოთ რომ გამოგიძახეთ, კი არაფერი მაწუხებს, არ მინდოდა, მარტო შევხვედროდი ახალ წელს და თქვენს მეტი ვინ მოვიდოდაო. შემოვუსხედით სუფრას და ასე შევხვდით ახალ წელს ამ უჩვეულო პაციენტთან ერთად.

იყო ასეთი შემთხვევაც, ჩუბინაშვილის ქუჩის მოსახლეობამ გამოგვიძახა. აღმოჩნდა, რომ ქუჩაზე, ერთ-ერთ ეზოში, უსახლკარო კაცი შეუძლოდ გახდა. რომ მივედით, მივხვდით სასწრაფოდ საავადმყოფოში უნდა გადაგვეყვანა, მაგრამ მაწანწალა ისეთი ჭუჭყიანი იყო, რომ ვიცოდით, არც ერთი სტაციონარი არ მიიღებდა. სხვა რა გზა გვქონდა, ხომ არ მივატოვებდით. მეზობლებს ცხელი წყალი და ღრუბელი ვთხოვე, ექიმმა ხელთათმანი გაიკეთა და მაწანწალა იქვე, ქუჩაში დაბანა. პაციენტი ამასობაში გონს მოეგო და ხმამაღლა ჩაიღიღინა, - დათვი მჭლე და მე მსუქანიო".