„ევროკავშირის ბაზრის პოტენციალს ისევე ვერ ვიყენებთ, როგორც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობას“

„ევროკავშირის ბაზრის პოტენციალს ისევე ვერ ვიყენებთ, როგორც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობას“

„2017 წელს ჩვენს ხელისუფლებას ერთი წუთითაც მოსვენება არ უნდა ჰქონდეს, განსაკუთრებით, ეკონომიკური ბლოკის მიმართულების მინისტრებს, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე სექტემბერ-ოქტომბერში ცოტაოდენ მაინც დადებითად უნდა აისახოს“, - აცხადებს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა აროშიძე და For.ge-სთან საუბარში იმ მნიშვნელოვან ღონისძიებებზეც ამახვილებს ყურადღებას, რამაც ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი უნდა განაპირობოს.

ეკონომიკური პროფილის ექსპერტები ამტკიცებენ, რომ იანვრიდან ქართული ოჯახების ცხოვრების ხარჯი ყოველთვიურად 60-დან 100 ლარამდე გაიზრდება და ინფლაცია 2017 წლის მნიშვნელოვან პრობლემად დარჩება. შესაძლოა, ჩვენი განკარგვადი შემოსავალი ცალკეულ ქვეყნებთან შედარებით არ იყოს დაბალი, მაგრამ აქ მთავარია, რა რაოდენობის პროდუქციის შეძენა შეგვიძლია. ფიქრობთ, რომ ცხოვრება კიდევ უფრო გართულდება?

- თეორიიდან ცნობილია და, ზოგადადაც, პრაქტიკულადაც დამტკიცებული ფაქტია, რომ, როდესაც საწვავზე აქციზის განაკვეთი იზრდება, ეს ყველა პროდუქციაზე აისახება. ცხადია, ნებისმიერ პროდუქციას ტრანსპორტირება სჭირდება, გაძვირებული საწვავის ფონზე კი ტრანსპორტირება ძვირი ჯდება. თუმცა ეს არ ნიშნავს, მაინცდამაინც ვამტკიცოთ, თითქოს ყველაფერი გაძვირდება. რა თქმა უნდა, ასე არ იქნება, რადგან საერთაშორისო ბაზარზე ნედლი საწვავის ღირებულება ძალზე დიდ რყევას განიცდის, მაგრამ არ უნდა იყოს სპეკულაციური ფასები. ჩვენ ვხედავთ ქართული საწვავის ბაზარზე რაც ხდება და ეს პროცესი აუცილებლად უნდა გაკონტროლდეს. ფაქტია, რომ, გარკვეულწილად, ცხოვრება გაძვირდება სხვადასხვა სიტუაციიდან გამომდინარე, მაგრამ ვიმეორებ, ვერ ვიტყვით, რომ ფასები კატასტროფულად გაიზრდება. სახელმწიფოსა და ხელისუფლების გასატარებელი ღონისძიებებია, პირველ რიგში, ეკონომიკური პოტენციალის შენარჩუნება და დასაქმების უზრუნველყოფა. სწორედ ეს არის ყველა ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი.

ნაციონალებისდროიდან მოყოლებული, პრობლემად რჩება ის, რომ ჩვენი ქვეყანა ისევ და ისევ ტურიზმის სფეროს განვითარებისკენ წავიდა და წარმოების სფეროში, პრაქტიკულად, თანხები არ დაბანდებულა. არც სოფლის მეურნეობის დარგები განვითარებულა.

- ტურიზმი მხოლოდ თანამდევი დარგია. არა მარტო სოფლის მეურნეობა, არამედ თანდათან უნდა მოხდეს იმ დარგების განვითარება, რომლებიც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუნდაც ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის ამაღლება, კიდევ უფრო მეტი ყურადღება გამახვილდეს სხვა ისეთ დარგებზე, რომლებშიც გარკვეული უპირატესობა გაგვაჩნია. შეიქმნას საწარმოები, სადაც ხალხი დასაქმდება. დასაქმების პრობლემის მოგვარება ნიშნავს სოციალური სფეროს შემსუბუქებას, სოციალური გარემოს გაუმჯობესებას, მაგრამ როგორ უნდა მოხდეს დასაქმება, როცა სახელმწიფო სტრუქტურებიდან თანამშრომელთა 10-30%-იან დათხოვნაზეა საუბარი? ისინი ხომ უცებ შეავსებენ უმუშევართა არმიას? ამიტომ პირველი ნაბიჯები უნდა გადაიდგას სოციალური მიმართულებით, რადგან ადამიანს, პირველ რიგში, აინტერესებს საკუთარი სოციალური მდგომარეობა, პირადი შემოსავლები და შემდგომში დანარჩენი სხვა. პლუს ამას, უნდა გატარდეს ლარის კურსის სტაბილიზაციისკენ გადადგმული ღონისძიებები. თუკი ლარის კურსი დღევანდელი მაჩვენებლით შენარჩუნდება, ეს ეკონომიკას კარგს ვერაფერს მოუტანს. საშუალო პროგნოზი შეიძლება იყოს 2.20-2.30, რაც შეიძლება ჩვენმა ეკონომიკამ აიტანოს. დღევანდელი კურსი კი 2.60-2.70 საკმაოდ მძიმეა ეკონომიკისთვის.

ცხადია, ტურიზმი საჭიროა, მაგრამ ტურიზმზე თანხის დახარჯვა იმ სახელმწიფოსთვის, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი ეროვნული წარმოება, წამგებიანია. გამოდის, ჩვენ ტურიზმს ვავითარებთ იმიტომ, რომ დავასპონსოროთ და თანხები მივცეთ თურქეთის სოფლის მეურნეობას. ჩინურ ნაწარმს მივცეთ თანხები. ტურისტი მიირთმევს იმას, რაც შემოტანილი, ე.ი. იმპორტულია. ეს ყველაფერი აგებულია სხვა ქვეყნების დარგების განვითარებაზე. ამ დროს ქართული წყალიც კი მცირე რაოდენობით შედის ე.წ. ბრენდსასტუმროებში. ყველაფერი ან თურქულია, ან იტალიური, რაც ქართველებისთვის წამგებიანია.

არსებობდა იმის მოლოდინი, რომ ქვეყანა განავითარებდა წარმოებას, საექსპორტო პროდუქციას, იმპორტი შემცირდებოდა. ჩვენ მტკივნეულად გადავიტანეთ ლარის დევალვაცია, რადგან საექსპორტო პროდუქცია არ გვქონდა და იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ვიყავით. მეზობელ ქვეყნებში კვლავაც რომ შეიქმნას პრობლემები ადგილობრივ ვალუტებთან მიმართებით, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ისევ მტკივნეულად არ აისახოს ჩვენს ეკონომიკაზე? აღარ დადგა დრო, ახლა მაინც ვიფიქროთ ექსპორტზე? საერთოდ, თუ ხედავთ მზაობას იმისას, რომ ჩვენი ხელისუფლება სისტემური კრიზისიდან გამოსვლას მოახერხებს?

- რა თქმა უნდა, ექსპორტზე უნდა ვიფიქროთ, მაგრამ, რომელი პროდუქციის გატანა შეგვიძლია? მაგალითად, ავიღოთ სოფლის მეურნეობა. ევროკავშირში პროდუქციის გატანის უნიკალური შესაძლებლობა გვაქვს. უბრალოდ, ამას სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან ისეთი ღონისძიებების გატარება, რომელიც დაეხმარება ფერმერს, მეწარმეს, დაინტერესებულ პირს, რათა მან მიიღოს ხარისხის შესაბამისობის სერთიფიკატი. ანუ ISO-ს სერთიფიკატი, არა მარტო მენეჯმენტის, არამედ პროდუქციის ხარისხის შესაბამისობის კუთხითაც, რომლის მიხედვითაც, ეს პროდუქცია უკვე გავა ევროკავშირის ბაზარზე. სამწუხაროდ, ამ პოტენციალს ვერ ვიყენებთ ისევე, როგორც ვერ ვიყენებთ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობას, ვერ ვიყენებდით ადრე არსებულ სავაჭრო ურთიერთობას ევროკავშირთან. არადა, ყველა მიმართულებით უნდა გვქონდეს მზაობა.

დღემდე ქართველ გლეხებს რუსეთის ნოსტალგია სწორედ იმიტომ აქვთ, რომ რუსულ ბაზარზე პროდუქციის გატანაზე ოცნებობენ. ევროპის 500-მილიონიანი ბაზრის გახსნა, ცხადია, დიდ პერსპექტივას გვიქადის, მაგრამ შემჭიდროებულ ვადებში მისი გამოყენება მთლიანად საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. შეგვეძლო კი იმათავითვე ჩვენი პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გატანა, თუ ევროკავშირის ხანგრძლივვადიან პროცედურებს უნდა დავლოდებოდით?

- მარტო რუსეთზე ორიენტირება საკმაოდ რთულია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უარვყოთ რუსეთის ბაზარი. მაშინ, როცა თვითონ ევროკავშირის წევრებიც კი აღიარებენ, რომ რუსეთის ბაზარი ერთ-ერთი უმთავრესი და, როგორც იტყვიან, უძირო ბაზარია, რომელიც ყველაფერს მიიღებს. ამაზე უარი არ უნდა ითქვას, მაგრამ ის პოტენციალი, რაც ჩვენ ევროპაში გვეხსნება, რუსეთის მიმართულებამ არ უნდა ჩაახშოს. ყველა მიმართულების ბაზარი უნდა მოვსინჯოთ - რუსეთისაც, ევროპისაც და აზიისაც. ჩვენი ქვეყნის საექსპორტო პოტენციალი უნდა ამაღლდეს. ამ კუთხით მთავარია, ჩვენი მთავრობა ფერმერებსა თუ მწარმოებლებს დაეხმაროს. ეს ურთულესია იმ ფონზე, როცა დღეის მონაცემებით, ექსპორტი იმპორტს სამჯერ და უფრო მეტჯერაც ჩამორჩება. ამ ჩამორჩენის აღმოფხვრა ერთი კალენდარული წლის განმავლობაში გაჭირდება და, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნება. ჩვენ ვერ შევამცირებთ იმპორტსაც. იპორტი ძირითადად არის ის პროდუქცია, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და საქართველოში არ იწარმოება, ან მცირე რაოდენობით იწარმოება, რითაც ვერ ვახდენთ ჩვენი თავის უზრუნველყოფას. იმპორტი შევამციროთ და ამით საგარეო სავაჭრო სალდო გავაუმჯობესოთ, მე მგონი, ფანტასტიკის სფეროა. ამიტომ ექსპორტის ზრდა უნდა განვახორციელოთ სწორედ ექსპორტის ზრდის მიმართულებით.

უვიზო რეჟიმმა ამ ყველაფერს ხელი უნდა შეუწყოს, მაგრამ უვიზო რეჟიმი უნდა გამოვიყენოთ არა იმისათვის, რომ ვიღაც იქ წავიდეს და შეემატოს ემიგრანტთა რიცხვს, არამედ იმისთვის, რომ ჩვენ ვნახოთ იქაური შრომის კულტურა, იქაური წარმოება და გადმოვიტანოთ საქართველოში.

ევროპაში წასული საქართველოში დაბრუნდება?

- თუ არ ჩამოვლენ და გაიზრდება ემიგრანტთა რაოდენობა, პირდაპირაა დაწერილი, რომ უვიზო რეჟიმი მაშინვე გაუქმდება და გადავალთ ჩვეულებრივ რეჟიმზე. შეიძლება ითქვას, რომ 2017 წელს ხელისუფლებას ერთი წუთითაც მოსვენება არ ექნება, განსაკუთრებით, ეკონომიკური ბლოკის მიმართულების მინისტრებს და 2017 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ეს ცოტაოდენ მაინც უნდა აისახოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე. ზრდის მაჩვენებელი, რომელიც დაგვიდგინეს მსოფლიო ბანკმა, თუ საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ისიც, რაც საქართველოს ხელისუფლებამ დაადგინა, ცოტათი მაინც უნდა გაიზარდოს.