„გაერო უშველებელი მონსტრია, რომელიც „დომ სვიდანიად“ გადაიქცა“

„გაერო უშველებელი მონსტრია, რომელიც „დომ სვიდანიად“ გადაიქცა“

ნატოს შემდეგ დონალდ ტრამპი გაეროს შემოსწყრა. მისი აზრით, გაერო არ იყენებს იმ პოტენციალს, რაც მას გააჩნია, თუმცა გაეროსთან დაკავშირებით ყველაფერი 20 იანვრის, ანუ მისი ინაუგურაციის შემდეგ შეიცვლება.

„სამწუხაროა, რომ გაერო წარმოადგენს კლუბს, სადაც ხალხი ერთმანეთს ხვდება, საუბრობენ და დროს სასიამოვნოდ ატარებენ. რა სამწუხაროა“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ პირად გვერდზე.

ტრამპის უკმაყოფილება სულ ახლახანს გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ისრაელთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას მოჰყვა. გაეროს უშიშროების საბჭომ ისრაელს დასავლეთ სანაპიროსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში დასახლებების მშენებლობების შეწყვეტა მოსთხოვა, რაც ტრამპმა ანტიისრაელურ გადაწყვეტილებად აღიქვა. ეს გასაკვირი არცაა იმის ფონზე, რაც წინა ადმინისტრაციისგან განსხვავებით, ტრამპსა და ისრაელს შორის ურთიერთობები დათბა.

ტრამპთან ერთად, ცხადია, აღშფოთების პიკს მიაღწია ნეთანიაჰუმ. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ღიად აფიქსირებს, რომ ისრაელი გაეროს უშიშროების „სამარცხვინო რეზოლუციას“ არ შეასრულებს. ნეთანიაჰუს თქმით, გაეროს უშიშროების საბჭო არაფერს აკეთებს, რომ სირიაში ნახევარი მილიონი ადამიანის ხოცვა შეაჩეროს და ამ დროს თავს ესხმის აღმოსავლეთში ერთადერთ ჭეშმარიტ დემოკრატიას - ისრაელს და დასავლეთის კედელს ოკუპირებულ ტერიტორიას უწოდებს.

ნამდვილად საჭიროებს თუ არა გაერო რეფორმირებას და რის შეცვლას აპირებს ტრამპი ინაუგურაციის შემდეგ?

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ტრამპი მართლაც გააღიზიანა ამას წინათ უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულმა ანტიისრაელურმა რეზოლუციამ, რადგან ტრამპმა დაიწყო პროისრაელური პოლიტიკა. ვახტანგ მაისაიას თქმით, რთულია იმის განსაზღვრა, რას გულისხმობს ტრამპი გაეროს რეფორმირებაში, მაგრამ ამერიკა ერთადერთი ქვეყანა არ არის, რომელიც გაეროს რეფორმირებაზე მსჯელობს. გაეროს ახლანდელი მოდელი, რომელიც პოტსდამის მოლაპარაკების შედეგად ჩაისახა, უნდა შეიცვალოს. ამას გერმანიაც მოითხოვდა, იაპონიაც და ბრაზილიაც. რუსეთმაც კი ისურვა მისი მოდერნიზაცია და თანამედროვე ელემენტებთან მიახლოება.

„რას უწუნებენ გაეროს? გაეროს მთავარი წამყვანი ორგანო არის უშიშროების საბჭო და ის ხუთი მუდმივმოქმედი წევრი, რომელსაც გააჩნია ვეტოს უფლება. ფაქტობრივად, ისინი განაგებენ არა მარტო გაეროს, არამედ საერთაშორისო წესრიგის პირობებსაც. ამ დიდ ხუთეულს (აშშ, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, საფრანგეთი, ჩინეთი) გააჩნია ბირთვული შეიარაღება და გამოირჩევიან ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო ძლიერების კომპონენტის ერთობლიობით. ახლა საუბარია, რომ ეს ხუთეული მოძველდა და კიდევ უნდა გაფართოვდეს. შესაბამისად, ცალკეულ სახელმწიფოებს გაუჩნდათ პრეტენზიები ამ მიმართულებით. სხვა ქვეყნებმაც ისურვეს გაეროს მუდმივმოქმედ საბჭოს წევრად გახდომა. მათი სურვილია, გარკვეულწილად, შეიზღუდოს მუდმივმოქმედი წევრების ფართომასშტაბიანი უფლებამოსილებები ვეტოს სახით, გაფართოვდეს უშიშროების საბჭო და შეყვანილ იქნას უფრო მეტი რაოდენობის ქვეყანა.

გაეროს რეფორმირების სხვა საკითხებიც დაისვა. კერძოდ, მთლიანდ უნდა მოხდეს მისი გადახალისება და ახალი ტიპის უფრო ქმედითუნარიან ორგანიზაციად გადაკეთება. გაეროს ერთ-ერთი მთავარი დონორია აშშ, მაგრამ გაერო ისეთი სტრუქტურაა, რომ ტრამპი მას დაფინანსებას ვერ მოუხსნის. იქ მსოფლიო გლობალური ტიპის პრობლემები და საკითხები წყდება. გაერო ნატო არ არის. ნატოში კიდევ შესაძლებელია, ამერიკამ რაღაც ნაბიჯები გადადგას, თუნდაც შეზღუდვის კუთხით, რადგან ნატო მაინც კოლექტიური თავდაცვის პრინციპზე მოქმედი სტრუქტურაა. თუმცა ამერიკა მთლიანად რომ გამოვიდეს ნატოდან, ეს ნატოს მაინცდამაინც ბევრ პრობლემას არ შეუქმნის“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.

მისივე თქმით, ნატო არის ლოკალური ტიპის, უფრო მეტად ერთ რეგიონზე, ევროპულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურა. ასეთი „ნატო“ აზიაშიც არსებობს და ის ეფუძნება კოლექტიური თავდაცვის პრინციპს. ამიტომ ამერიკამ შეიძლება უფრო თავისუფლად იმოქმედოს ნატოსთან, ვიდრე გაეროსთან მიმართებით. გაერო კი უფრო საერთაშორისო პასუხისმგებლობის ორგანიზაციაა. ამდენად, ამერიკა ვერ შეცვლის და ვერ შეამცირებს გაეროს ხარჯებს.

პოლიტოლოგი სოსო ციცნაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ შესაძლოა, ტრამპს გაეროს რეფორმირება მართლაც სურდეს და შესაძლოა, ეს საჭიროც იყოს, მაგრამ საეჭვოა, ამერიკის პრეზიდენტმა ამ მხრივ რაიმე შეცვალოს, ვინაიდან კონსენსუსის პრინციპს ტრამპი ვერ დაარღვევს.

სოსო ცინცაძის განმარტებით, მართალია, ტრამპი მიჩვეულია თავის კერძო კომპანიაში ცვლილებებს, რასაც უნდოდა, იმას გადაასხვაფერებდა, მაგრამ გაეროში რისი გაკეთებაც შეუძლია, ერთადერთი ისაა, რომ დანიშნავს თავის წარმომადგენელს, რომელიც ისე მოიქცევა, რასაც ტრამპი ეტყვის.

„გაეროსთან მიმართებით ჩიხური სიტუაციაა. წარმოუდგენელია, ვინმე დათანხმდეს, რომ უმრავლესობით გადაწყვიტონ კენჭისყრა უშიშროების საბჭოში. ამას ვერც ტრამპი დათანხმდება, რუზველტიც რომ გაცოცხლდეს, ბარაკ ობამაც რომ დაბრუნდეს, ისინიც არ დათანხმდებიან, რადგან არავინ იცის, ხვალ-ზეგ როგორ შეიცვლება გაეროში ხმათა ბალანსი. თანაც, რუსეთი უკვე მარტო აღარ არის გაეროს უშიშროების საბჭოში. ჩინეთი მისი მუდმივი მხარდამჭერია. მოსკოვი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს კონსენსუსის პრინციპის დარღვევას. გენერალური ასამბლეის სესიაზეც ვერაფერს შეცვლის ტრამპი, რადგან იქ 200 წევრია და ტრამპი ვერ იტყვის, 200 წევრი არ მინდა, როგორც იყო გაეროს დაარსების დროს, ბევრად ცოტა წევრი იყოსო. რაც შეეხება სულ ახლახანს გაეროს მიერ მიღებულ რეზოლუციას, მისი შესრულება ისრაელისთვის აუცილებელია. მართალია, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, ჩვენ არ შევასრულებთო, მაგრამ ისრაელს ზედმეტი მოსდის, არაერთხელ არ გაუთვალისწინებია მსოფლიო საერთაშორისო აზრი. იორდანიის ნაპირებზე ებრაული დასახლებების წინააღმდეგ მთელი მსოფლიოა განწყობილი. ამერიკის ყველა პრეზიდენტი ამ დასახლებების წინააღმდეგი იყო“, - აცხადებს სოსო ცინცაძე, რომლის თქმითაც, ერთადერთი, ტრამპს შეუძლია, შეამციროს ამერიკის საწევროს გადასახადი და თქვას, არ გადავიხდიო.

პოლიტოლოგი იხსენებს, რომ ასეთი რამ ადრეც მომხდარა. კისინჯერმა, როდესაც ის სახელმწიფო მდივანი იყო, წინადადება წამოაყენა, ექვსი თვე ნიუ-იორკში ყოფილიყო გაეროს შტაბ-ბინა, ექვსი თვე - მოსკოვში. მაგრამ მერე თვითონ ამერიკელები გამოვიდნენ ამის წინააღმდეგ. ნიუ-იორკის მერმა კისინჯერს უთხრა, რას ლაპარაკობ, ნიუ-იორკის ბიუჯეტის 60%-ს სწორედ გაეროს თანამშრომლები ავსებენ, ამოდენა ხელფასები რომ აქვთ, ამ ხელფასებს ნიუ-იორკში ხარჯავენო. ამ დროს რუსი ჩინოვნიკები კაპიკს-კაპიკზე აგროვებდნენ, რომ რუსეთში ბინა ან ჟიგული ეყიდათ ჩეკებით. მისივე თქმით, ტრამპს შეუძლია გადაიკიდოს ნახევარზე მეტი მსოფლიო, როგორც 60-იან წლებში ნიქსონმა, ეიზენჰაუერმა, კენედიმ გადაიკიდეს მთელი მსოფლიო, მთელი არაბული სამყარო.

„თუ ტრამპს სურს, მთელი არაბული სამყარო, მილიარდნახევარი მუსლიმანი გადაიკიდოს ისრაელის მხარდაჭერის გამო, ეს იქნება რუსეთისთვს ზღაპრული საჩუქარი. ეს იგივეა, ალი ბაბას მთელი ქონება ყუთით მიუტანონ პუტინს კრემლში. რასაკვირველია, ამხელა მონსტრი - გაერო რეფორმირებას საჭიროებს, მაგრამ ტრამპი ახლა სწავლობს საერთაშორისო ურთიერთობებს. ახლა სწავლობს მექანიზმს, ზოგადად, კი იცის, რომ გაერო უშველებელი მონსტრია, რომელიც გადაიქცა „დომ სვიდანიად“, ანუ შეხვერების სახლად, მაგრამ ესეც ძალზე მოხერხებულია დიპლომატიური თვალსაზრისით“.

სოსო ცინცაძის თქმით, გაერო პირდაპირ ზედგამოჭრილია „შემთხვევითი“ შეხვედრებისთვის, როცა რომელიმე სახელმწიფოს მეთაურს პოლიტიკური მოსაზრებებით არ სურს მეორე სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტით ჩასვლა. ასეთ დროს დიპლომატიური არხით შეთანხმდებიან და გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ზუსტად ერთ დროს ჩავა ორივე პრეზიდენტი. „შემთხვევით“ შეხვდებიან ისევე, როგორც თავის დროზე ბარაკ ობამა შემთხვევით ლიფტთან შეხვდა სააკაშვილს. ამ მხრივ გაეროს ასამბლეა უნიკალური ინსტიტუციაა, რადგან ყველაზე ცუდია, როცა შეხვედრების საშუალება აღარ არის.

სწორედ ამის ნაკლებობა იყო პირველი მსოფლიო ომის დროს, რომელიც, შესაძლოა, არც დაწყებულიყო, მოკლული ერცჰერცოგ ფრანც ფერდინანდის მეუღლე სამეფო ოჯახის წარმომადგენელი რომ ყოფილიყო. ამ შემთხვევაში, ფერდინანდის პანაშვიდზე ჩავიდოდა ნიკოლოზ მეორეც და იმპერატორი ვილჰელმ მეორეც, მაგრამ ასე არ მოხდა და მაშინდელი ეტიკეტი არასამეფო ოჯახის წარმომადგენლის სამძიმარს არ ითვალისწინებდა. თვითონ ფერდინანდიც მეფის შვილი არ იყო, იგი ავსტრიის იმპერატორის ფრანც იოსების შვილი არ გახლდათ. ამიტომ თავად ფრანც იოსებიც არ დასწრებია ტახტის მემკვიდრის გასვენების ცერემონიალს.