ქართულ ზღაპრებს გადამტერებულმა განათლების მინისტრმა ამჯერად სკოლების სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით მოიცალა. როგორც ირკვევა, 2017 წელს ამ მხრივ ორი მნიშვნელოვანი ცვლილება იგეგმება და შინაარსობრივ გაუმჯობესებასთან ერთად წიგნი უფრო მსუბუქი გახდება.
მინისტრი აცხადებს, რომ ჩანთის სიმძიმე ბევრი ოჯახის უკმაყოფილებას იწვევდა და იწვევს. ამიტომ სახელმძღვანელოები ნაწილებად გაიყოფა.
პარალელურად დაიწყება მუშაობა ელექტრონული სახელმძღვანელოების შექმნაზეც. ყველაფრის გვირგვინი კი პედაგოგებთან, მშობლებთან და მოსწავლებთან შეჯერებით მომზადებული განათლების რეფორმა იქნება.
ექსპერტი განათლების საკითხებში მანანა ნიკოლეიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ჩანთის სიმძიმე მართლაც პრობლემაა, ამიტომ სახელმძღვანელოების დაყოფა გამართლებულია. თუმცა სახელმძღვანელოების შინაარსობრივი მხარე უაღრესად მნიშვნელოვანია და სახელმძღვანელოების გამარტივება არ უნდა მოხდეს პროგრამების გამარტივების ხარჯზე, რასაც თავის დროზე ალექსანდრე ჯეჯელავა გვთავაზობდა.
მანანა ნიკოლეიშვილის თქმით, თუკი ჩვენ ერთიან ევროპულ სივრცეში შევდივართ, მაშინ ევროსტანდარტების თანახმად, კონკურენტუნარიანი განათლება უნდა მიიღონ ბავშვებმა. პროგრამების გამარტივება კი ერთხელ უკვე სცადა სააკაშვილმა, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო, ისევ უკან დავბრუნდით და ისევ გართულდა პროგრამები.
„საგანმანათლებლო პროგრამებს შენი ხასიათის მიხედვით ვერ გაამარტივებ, რადგან თუ ნატოში, ევროსტრუქტურებში შესვლა გსურს, იქ გამარტივებული პროგრამები არ არის. სახელმძღვანელოების სტანდარტების დამტკიცება არ არის მინისტრის კომპეტენცია. ჩვენი კონსტიტუციის თანახმად, სტანდარტებს ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. ეს უნდა იყოს სპეციალისტების, საყოველთაო განხილვის საგანი. პროგრამების ასე ტოტალური ცვლილება არ არის ერთი კაცის, ერთი დეპარტამენტის და ერთი სამინისტროს გადასაწყვეტი. ეს უკვე პოლიტიკური საკითხია და საერთაშორისო დატვირთვა აქვს. თქვენ იცით, რომ ტრიმესტრულ სწავლებაზე რომ გადაიყვანა სააკაშვილმა სტუდენტები, მათ ევროპული თუ არაევროპული ქვეყნებიდან უკან აბრუნებდნენ?! როგორც წესი, საზღვარგარეთ ყველა უნივერსიტეტი ითხოვს ატესტატის დანართს, იქ ასახული ნიშნებით და საგანთა ჩამონათვალით. უცხოელებს აინტერესებთ, რა ისწავლა და რამდენი კრედიტი აიღო ბავშვმა და, თუ მისი ცოდნა არ არის ევროსტანდარტის დონის, უცხოური უნივერსიტეტიდან უშვებენ იმ ბავშვს. ამიტომ სახელმძღვანელოების გამარტივება არ უნდა მოხდეს. რას ჰქვია გამარტივება 21-ე საუკუნეში? ბრძოლის შედეგად ზუსტად იმას მივაღწიეთ, რომ, თუ კარგად ისწავლი, კონკურენტუნარიანი იქნები ევროპაშიც, ამერიკაშიც და ყველგან. მაგის მეშინია, რომ ამ კაცს, განათლების მინისტრს, ყველაფერი მარტივად წარმოუდგენია“, - აცხადებს მანანა ნიკოლეიშვილი.
მისივე აზრით, ელექტრონული სახელმძღვანელოებიც მოუხერხებელი და ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ისედაც სულ კომპიუტერს უსხედან ჩვენი ბავშვები, რაც ჯერ თვალს ვნებს და შემდეგ ხერხემალს. ამიტომ განათლების სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით უნდა მოქმედებდეს.
განათლების საკითხების ექსპერტი კიდევ ერთ პრობლემაზე საუბრობს. კერძოდ, იმაზე, რომ მისი სფეროს სპეციალისტები არ იცნობენ ახლანდელი განათლების მინისტრის მიერ მომზადებულ რეფორმას და მის შესახებ არასრულ ინფორმაციას ალექსანდრე ჯეჯელავას ნაწყვეტ-ნაწყვეტი ინტერვიუებიდან თუ ამოიკითხავენ, რაც არასამეცნიერო მიდგომაა.
„მინისტრს თურმე არ მოსწონს ზღაპრები. ზღაპრები მაგის გასარჩევი არ არის, არ უნდა მისცეს თავს ამის უფლება. ამისთვის არსებობს სამეცნიერო წრეები, ჰუმანიტარული სპეციალობის მეცნიერები, ვისაც ხელეწიფება ამის გარჩევა და მათ უნდა შეუკვეთოს. სხვადასხვა ინსტიტუტები უნდა ჩართონ ამ საქმეში და მათ მოახდინონ რევიზია, თუკი ამას საჭიროებს ჩვენი ზღაპრები. მინისტრის ნათქვამმა ყველა გააღიზიანა და დიდი აგრესია წამოვიდა საზოგადოებაში ამ ზღაპრების შემდეგ“.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საგანმანათლებლო ალიანსის“ თანათავმჯდომარე მარიამ რამინაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ჩანთის სიმძიმე სიახლე არ არის და სწორედ ამის გამო ჯერ კიდევ 2011 წელს სქელტანიანი სახელმძღვანელოები დაიყო ორ ნაწილად. მისი თქმით, წიგნების სიმძიმეს იწვევდა პრიალა და მაღალი ხარისხის ფურცელზე დაბეჭდილი სახელმძღვანელო. ნებისმიერ პოლიგრაფიულ სტამბაში იციან, რომ გრამობით შეირჩევა ფურცელი და რაც მეტია გრამობაში, მით უფრო მაღალი ხარისხისაა და ეს იწვევს სიმძიმეს.
„მივესალმები ამ გადაწყვეტილებას, თუკი სახელმძღვანელოების დაყოფა წიგნის ხარისხს არ დააზარალებს. ვერც ელექტრონულ სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით ვხედავ პრობლემას. ინოვაციურია ეს გადაწყვეტილება და მართლა არ შეიძლება ისე ვილაპარაკოთ, თითქოს წიგნის სუნთან დაკავშირებული სიყვარულით იყოს განათლების პროცესი განპირობებული. ელექტრონული სახელმძღვანელოების მეშვეობით განათლების მიღება პოპულარულია, თუმცა ამას სჭირდება სერიოზული მენეჯმენტი, დიდი თანხები, სკოლების აღჭურვა. განათლების სისტემა არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ თბილისის, გორისა და ქუთაისის მაგალითით. საქართველოს ცალკეულ რაიონებს დღემდე ძველი მოდელის კომპიუტერები აქვთ და მათი განახლება არ მომხდარა. ცხადია, ელექტრონული სწავლების მსურველები ყველანი იქნებიან, რადგან გაცილებით უფრო მსუბუქი, პრაგმატულია. მაგრამ ისე ნუ გავაკეთებთ, რომ იმის გამო, რომ ბავშვს სვანეთში, მესტიაში დაბადება მოუწია, მუდმივად დაკომპლექსდეს, რადგან დიდი ქალაქები სწავლობენ ელექტრონული ტექნოლოგიებით და სვანეთამდე ამ ტექნოლოგიებს არ მიუღწევია“, - აცხადებს მარიამ რამინაშვილი და აინტერესებს, არის სახელმწიფო ამისთვის მზად, თუ მშობლებს დაავალებს, უზრუნველყონ ელექტრონული სახელმძღვანელოების საკითხი და თავადვე შეიძინონ ეს ტექნოლოგიები.
განათლების ექსპერტი იმ ფაქტსაც მიესალმება, თუკი ე.წ. ჭკვიანი დაფები ექნება ყველას სახლში და ყველა კლასი აღიჭურვება ამ დაფებით. თუმცა პრობლემაა ფინანსურ ბმაში. თუ ეს დაევალება მშობელს, ეს გამოიწვევს კატასტროფას და ბავშვები პირდაპირ დაიყოფიან შეძლებულებად და ღარიბებად, რაც გაცილებით უფრო რთულად აღმოსაფხვრელი პრობლემა იქნება.