„საზოგადოებრივი მაუწყებელი ღირებულებითი საზრისებით უნდა „კრავდეს“ საინფორმაციო პროდუქტსაც და მის „მომხმარებელსაც“

„საზოგადოებრივი მაუწყებელი ღირებულებითი საზრისებით უნდა „კრავდეს“ საინფორმაციო პროდუქტსაც და მის „მომხმარებელსაც“

„საქართველოში მოქმედი ყველა მედია საშუალება, მით უფრო ტელევიზია, პოლიტიკურად ანგაჟირებულია და კონკრეტული პოლიტიკური ძალის ინტერესს ემსახურება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას საინფორმაციო კულტურის სპეციალისტი ლელა ფირალიშვილი და ფიქრობს - აუცილებელია საზოგადოება არ დარჩეს საზოგადოებრივი არხის თუ მაუწყებლის გარეშე.

რატომ ვერ განვითარდა „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ და არის თუ არა ეს მხოლოდ მენეჯმენტის პრობლემა? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ლელა ფირალიშვილს ესაუბრა.

საზოგადოებრივი მაუწყებლისგენერალური დირექტორის თანამდებობა ვაკანტურია. გიორგი ბარათაშვილი თანამდებობიდან წასვლის კონკრეტულ მიზეზებზე არ საუბრობს, მაგრამ მოლოდინი, რომ არჩევნების შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტში ცვლილებები იქნებოდა, არსებობდა. ფაქტია, რომ ძალიან რთული სიტუაციაა შექმნილი საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ტელევიზია ვერ განვითარდა, როგორ ფიქრობთ, რატომ?

ლელა ფირალიშვილი: მოგეხსენებათ, საზოგადოებრივი მაუწყებელი არ გახლავთ მხოლოდ ერთი სატელევიზიო პირველი არხი. იგი მრვალფუნქციური და მრავალი მიმართულების მქონე დიდი საკომუნიკაციო მედიაკორპორაციაა თავისი პირველი, მეორე და აჭარის სატელევიზიო არხით, ორი რადიოთი, ვებ და სოციალური ქსელის საკომუნიკაციო სისტემით.

მეორე მხრივ, რაც ძალზე მნიშვნელოვანია - საზოგადოებრივი არხი უახლესი ქართული კულტურის ნიშნულია. ვიზუალური საკომუნიკაციო რეჟიმის და ტრანსლირების ერა საქართველოში სწორედ საზოგადოებრივ მაუწყებელს უკავშირდება. ის, რომ დღეს საინფორმაციო ერაში ვცხოვრობთ და უკვე დიდი ხანია, არა მხოლოდ ცოდნა, ინფორმაციული ნაკადი (და არა მხოლოდ ახალი ამბები) ასტრუქტურირებს ცნობიერებას, ესეც ფაქტია.

ქართული კულტურის 60 წლის წინანდელი ძალისხმევა ამ მიმართულებით მართლა რევოლუციური გახლდათ. ქართული კულტურისათვის პირველი არხი სწორედ იმგვარი ღირებულებითი ნიშნულია, როგორიც 1918 წელს, მაგალითისათვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსება გახლდათ. ძალიან ძნელია, ეს ნიშნული კულტურის ისტორიისთვის გადაჭარბებულად შეფასდეს.

ამიტომაც ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ის დღეს მულტიმედიალურია და საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელს ატარებს. ისიც საგულისხმოა, რომ, როგორც სიტყვა უნივერსიტეტის ხსენებაზე აწ უკვე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის პირველი და მეორე კორპუსი გახსენდებათ, მიუხედავად იმისა, რომ ვაკეში არაერთი უნივერსიტეტია, ასევე სიტყვა ტელევიზიის ხსენებისას კოსტავას N68-ში მდებარე შენობას წარმოიდგენ. აი, ასეთი სივრცობრივი ნიშნულებით სტრუქტურირდება ჩვენი უახლესი კულტურის ისტორია და ამიტომაა აუცილებელი მათი გაფრთხილება.

ეს არის მიზეზი, რატომაც არის საზოგადოების ყურადღება კონცენტრირებულისაზოგადოებრივ მაუწყებელეზე?

- ეს გახლავთ მიზეზი, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე საზოგადოების ყურადღებაა კონცენტრირებული და მისგან მოითხოვს, არ ჩამოსცილდეს მაღალ ღირებულებებზე ორიენტირებულ ნიშნულს. საზოგადოებრივი დაკვეთა საზოგადოებრივ მაუწყებელზე არ გახლავთ იგივე, როგორც რომელიმე რიგით ტელევიზიაზე, თუნდაც ამ რიგითის ე.წ. რეიტინგი გაცილებით მაღალი იყოს გადაცემის ნახვის სიხშირის მიხედვით (ე.წ. ფიფლ-მეტრებით დათვლილი)

მეორე და ძალიან მნიშვნელოვანია საკითხია, თუ დღეს რა მოთხოვნას უყენებს საზოგადოება საზოგადოებრივ მაუწყებელს. ფიქრობს თუ არა იმას, რომ ეს რიგითი ტელევიზია არ გახლავთ და არ უნდა იყოს ორიენტირებული იმაზე, რომ რაც შეიძლება დრამატული ახალი ამბების ტრანსლირებით ან ეპატაჟური გადაცემებით მიიქციოს ყურადღება. საზოგადოებრივი მაუწყებელი ძირითადად ღირებულებითი საზრისებით უნდა „კრავდეს“ საინფორმაციო პროდუქტსაც და მის „მომხმარებელსაც“.

თუმცა, „საზოგადოებრივი მაუწყებელიამას ვერ აკეთებს, ეს მხოლოდ მენეჯმენტის ბრალია?

- მე ვფიქრობ, მენეჯმენტი მეორე რიგის პრობლემაა. პირველი და უმნიშვნელოვანესია, რა კონცეფციით ვაგებთ არა მხოლოდ ერთ ინფორმაციულ პროექტს, არამედ მთლიან მაუწყებელს. თუ პირველ რიგში ამის ირგვლივ არ მოხდა საზოგადოებისა და მაუწყებლის შემოქმედებითი გუნდის იდეური შეჯერება, არაფერი არ შეიცვლება. მენეჯმენტმა მხოლოდ ის უნდა განახორციელოს, რასაც მას შემოქმედებითი ჯგუფი და საზოგადოება შეუკვეთავს. თავად საზოგადოებას კი, მერწმუნეთ, ნამდვილად არა აქვს დაკვეთა თურქულ თუ ინდურ სერიალებზე. მაუწყებლის შემოქმედებითი ჯგუფიც სიამოვნებით იმუშავებდა.

სახელმწიფო, რომელიც ხარჯავს 45 მილიონს არხის ფუნქციონირებაში, მიზანია, რომ დადოს პროდუქტი, რომელიც მიუკერძოებლად მოახდენს მოსახლეობის ინფორმირებას, რასაც ვერ აკეთებს საზოგადოებრივი მაუწყებელი. ვერ გაიზარდა ხარისხი, არ ჰყავს მაყურებელი, ეს უკვე ნიშნავს, რომ პრობლემა უფრო ღრმაა ამ შემთხვევაში და გამოსავალი რა არის, მხოლოდ დირექტორის შეცვლა?

- რაც შეეხება ფინანსებს, ეს ჩემი კომპეტენციის საზღვრებს სცილდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი გახლავთ 3 სხვადასხვა ტელევიზია, ორი რადიო, ნეტ -კომუნიკაცია თავისი ვებ-სერვისითა და სოციალური ქსელით, და ყველა ამ მედიამ ხარისხიანად უნდა იმუშაოს, მაშინ ფინანსური სახსრებიც ოპტიმალურადაა დასათვლელი.

თითოეულ მიმართულებას პროფესიონალების ხელი სჭირდება და მათი გადასაწყვეტია საკომუნიკაციო პრიორიტეტები. სწორედ ამ თემაზე უნდა იმუშაოს მენეჯმენტმა. სწორედ მისი დასათვლელია ფინანსები და გასარკვევია, სად რამდენი ფინანსური რესურსია საჭირო, რომ მაუწყებელი მაღალი ხარისხის პროდუქციაზე იყოს ორიენტირებული.

მენეჯმენტი ფინანსებს უნდა განკარგავდეს იმ რესურსისათვის, რომელიც მაუწყებლობას ჭირდება - შემოქმედებით რესურს, ინტელექტუალურს, ტექნიკურს თუ ინფრასტრუქტურულს. დაკვეთა კი, როგორც მოგახსენეთ, საზოგადოებიდან და შემოქმედებითი ჯგუფიდან უნდა მოდიოდეს.

რაც შეეხება მიუკერძოებელ ინფორმაციას. თუ საინფორმაციო გადაცემაზეა საუბარი, პირველი არხის საინფორმაციო გადაცემა ვფიქრობ, ყველაზე მიუკერძოებლად გამოიყურება. სხვა თემაა, რამდენადაა იგი „მწვავე ნიუსებით“ დატვირთული საიმისოდ, რომ ემოციურად მიიზიდოს ადამიანი. მგონია, რომ სწორედ ინფორმაციის გაცემის ფორმაა მნიშვნელოვანი საინფორმაციო გადაცემისთვის და არა მაყურებლის „წამოგება“ ე.წ. „მწვავე ნიუსზე“. აქაც უადგილოდ მეჩვენება რეიტინგების დათვლა.

თუ კულტურაში რაიმე მუშაობს ზოგადად, მუშაობს არა რეიტინგის, არამედ ნდობის ხარისხის ხარჯზე. რეიტინგი ოპერატიულია, მხოლოდ ნახვის სიხშირეზე აწყობილი და არასოდეს არ არის ხარისხზე ორიენტირებული. ეპატაჟური, ან ბრუტალურ თემაზე აწყობილი ყვითელი გადაცემები ყველა გადაცემას უსწრებს რეიტინგით. უხერხულიც კია ასეთ რეიტინგზე საუბარი.

კიდევ ერთი - ამ ბოლო დროს მაუწყებლის პირველ არხზე გაჩნდა არაჩვეულებრივი, მართლა ღირებულებითი საზრისის მქონე გადაცემები, რომლებიც არა მხოლოდ ვიზუალური ინფორმაციით (რაც, თავის მხრივ, უმნიშვნელოვანესია) იპყრობს ყურადღებას, არამედ იმ შინაარსით, რაც ინფორმაციის მიღმა ცოდნის გადაცემასაც გულისხმობს და ახალგაზრდა თაობის შემოქმედებითი ცხოვრების მოტივატორიც არის.

მაგალითად?

- მაგალითისთვის, გადაცემა „წიგნების თაროც“ გამოდგება. საზოგადოებრივი მაუწყებელი სწორედ იმ იმპულსებს უნდა გასცემდეს საზოგადოებისთვის, რომელიც მათ შემოქმედებით უნარებს გააცოცხლებს - ეს არის უმნიშვნელოვანესი და არა სქემატურად წუთების დათვლა, რომელ სოციალურ ჯგუფს, რომელ ეთნიკურ უმცირესობასა თუ რელიგიურ თემს რამდენი წუთი უნდა დაეთმოს. შემოქმედებითი იმპულსები წუთებით არ იზომება.

სწორედ რომ იმ საერთო ღირებულებების მოძებნა და ეკრანულ, ვიზუალურ კომუნიკაციაში გადაყვანაა მნიშვნელოვანი, რომელიც ერთნაირად და მადლიანად ახასიათებს ამა თუ იმ უმცირესობასა თუ რელიგიურ თემს. სწორედ ეს ღირებულებები აერთიანებთ მათ და ქმნის ერთიან ქართულ (თუ გნებავთ „ნაციონალურ“ „national”) საზოგადოებას, მიუხედავად ეთნიკური თუ რელიგიური განსხვავებისა.

რაც შეეხება ყავს თუ არა მაყურებელი, ვფიქრობ, აქაც „ფიფლ-მეტრებით“ არ უნდა დაითვალოს მაყურებელი. დღეს ტრანსლირებას გადახვევის ფუნქციაც აქვს. რანდენადაც ვიცი, პირველი არხის გადაცემებს მხოლოდ პირდაპირი ეთერით არ უყურებს მაყურებელი... სხვა თემაა, რომ გადაცემათა თემატიკა მართლა საზოგადოებრივი ინტერესების მატარებელი იყოს და ხარისხიც შესაბამისი. პირველი შემოქმედებითმა ჯგუფმა უნდა უზრუნველყოს. ტექნიკური ხარისხი კი მენეჯმენტმა. ამიტომ გადამწყვეტი მნიშვნელობა ისევ შემოქმედებით ჯგუფსა და საზოგადოებას აქვს. მენეჯმენტი მათი დამხმარეა.

მედიასაშუალების კრიტერიუმი არის მისი სანდოობა, დღეს 0,5–იასაზოგადოებრივი მაუწყებლისრეიტინგი. არ დებს იმ პროდუქტს, რაშიც სახელმწიფო იხდის 45 მილიონს. რაშია რეალურად პრობლემა, რატომ ვერ ქმნის საინფორმაციო ბადეს მაუწყებელი?

- რეიტინგის თემაზე ზემოთაც მოგახსენეთ. როგორც კი მაუწყებელი საზოგადოებისათვის და მათი ღირებულებითი სისტემისათვის უმნიშვნელოვანესი თემებით დაიტვირთება, იგი კიდევ უფრო ინტერაქტიული გახდება. ძალზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ პირველი არხის ირგვლივ უკვე რამდენი წელია, შეიქმნა არასასურველი „ოპტიკა“. თუ ჩვენი ტელევიზიების სატელევიზიო „მენიუს“ გადავხედავთ (უკლებლივ ყველა ტელევიზიის ჩათვლით), აღმოვაჩენთ, რომ ყველაზე დიდ არჩევანს გადაცემათა მრავალფეროვნებით სწორედ პირველი არხი გვთავაზობს.

მე ვფიქრობ, რომ მაუწყებელი თავად გახლავთ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური. ეს მხოლოდ არხის „შეფუთვას“ არ ეხება. საზოგადოებასთან ურთიერთობა არა მხოლოდ ცალკე მიმართულება უნდა იყოს არხისთვის და ამ მიმართულების დაფინანსებაც ძალზე მნიშვნელოვანია.

უფრო საინტერესოდ მეჩვენება, გავარკვიოთ ასეთი რამ - ჩვენს საზოგადოებაში რა არის მიზეზი იმის, რომ შეკითხვას, რომელ ტელევიზიას უყურებთ ყველაზე ხშირად და რომელს ენდობით, სტატისტიკური მაყურებელი პასუხობს „პარადოქსულად“ - ყველაზე ხშირად ვუყურებ X ტელევიზიას (საგანგებოდ არ დავასახელებ თქვენი ნებართვით), მაგრამ არ ვენდობი.

ვფიქრობ, ჩვენი მედია-სივრცის პრობლემების ძიება აქედან არის დასაწყები. უკანასკნელი რამდენიმე წელია ჩემი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტები მედიაკვლევებსაც ატარებენ და კვლევების შედეგები ამ მიმართულებით სრულიად გამაოგნებელია.

ალბათ, დროა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მართვაში ჩაერთონ პროფესიონალები, რომლებიც შექმნიან რეალურ საზოგადებრივ მაუწყებელს და ალბათ, დასარეგულირებელია მედია ველი, რომ შეიქმნას ჯანსაღი და კონკურენტული მედია?

- დიახ, ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი ეს გახლავთ, ჩვენ ყველამ შესანიშნავად ვიცით, რომ საქართველოში მოქმედი ყველა მედია საშუალება, მით უფრო ტელევიზია, პოლიტიკურად ანგაჟირებულია და კონკრეტული პოლიტიკური ძალის ინტერესს ემსახურება. ამიტომაც აუცილებელია საზოგადოება არ დარჩეს საზოგადოებრივი არხის თუ მაუწყებლის გარეშე. წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავვარდებით დანარჩენი ტელევიზიების ამარა.

დიახ, საზოგადოებრივ მაუწყებელს პროფესიონალები უნდა ქმნიდნენ იმისთვის, რომ მას ჰქონდეს მკვეთრად გამოხატული საზოგადოებრივი დატვირთვის მქონე კონცეფცია, რომლის მიხედვითაც აიგება სატელევიზიო ბადე თუ რადიოგადაცემები, ვებ-კონცეფცია თუ სოციალური ქსელის ინტერაქტივი. რა პროდუქტს ველით საზოგადოებრივი მაუწყებლიდან, რა ღირებულებათა სისტემით ვაგებთ მას, რაში ვთანხმდებით „ერი და ბერი“.

აი, მერე შესაძლებელი იქნება „გაიზომოს“, ესა თუ ის ინფორმაციული პროდუქტი ცუდია თუ კარგი. მივაღწიეთ სასურველ შედეგს თუ ვერა. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რომ ტრანსლირებული ვიზუალური თუ ვერბალურ-აუდიალური ხატები ისეთ ინფორმაციულ ორეულებს ქმნიან, რომელთა ტყვეობიდან თავის დახსნა ყველას ძალიან გვიჭირს.

ინფორმაციული ნაკადები გაცილებით მკვეთრად ასტრუქტურირებენ დღეს ცნობიერებას, ვიდრე თავის დროზე ამას ცოდნის გარკვეული სისტემა, უნივერსიტეტი, ან რომელიმე სასწავლო დაწესებულება აკეთებდა. ამიტომ სიფრთხილეა საჭირო და სწორედ ამგვარი საკითხების პროფესიონალები გვჭირდება კონცეფციის შემუშავებისას.

არც „ცნობად“ სახეებს ვერჩი და არც არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებს, რომლებიც დღეს მაუწყებლის კონცეფციას ქმნიან, მაგრამ, მგონია, მათთვის შემფასებლის ფუნქცია უფრო უპრიანია, ვიდრე ის ფუნქცია, რომელიც მაუწყებლობის კონცეპტუალურ ხედვას ჭირდება. და კიდევ ერთი. დღეს ინფორმაციულ ველში უნდა იყოს „დაზიპული“ ის ცოდნა, რომელზედაც საინფორმაციო ერა და ინფორმაციული კულტურა დგას. თუ ეს კარგად ვერ გადავიაზრეთ, ისევ გვექნება უხეხული „დილემა“ - ვუყურებ, მაგრამ არ ვენდობი.