„ეს ადამიანები ნათლის სვეტები არიან, რომლებიც თითოეულ ჩვენგანს გზას გაუნათებენ“

„ეს ადამიანები ნათლის სვეტები არიან, რომლებიც თითოეულ ჩვენგანს გზას გაუნათებენ“

საქართველოს წმინდანთა დასს ახალი წმინდანები შეემატნენ. სულ ახლახანს წმინდა სინოდმა წმინდანებად შერაცხა გაერთიანებული ფეოდალური საქართველოს პირველი მეფე, აფხაზთა და ქართველთა მეფის ტიტულის მქონე ბაგრატ მესამე; სწორუპოვარი სარდალი და ჭკვიანი პოლიტიკოსი, „ლომებრ მეფე, მტერთ სისხლმჩქეფე, იმერთ მეფე“ სოლომონ პირველი, რომელსაც ჩვენმა ხალხმა „დიდი“ უწოდა, რადგან მთელი სიცოცხლე იბრძოდა ტყვეევბის სყიდვისა და თურქთა უღლის მოსაშორებლად.

სინოდმა წმინდანთა პატივით გამოარჩია, ასევე, იღუმენია ნინო ამილახვარი და თამარ მარჯანიშვილი, ცნობილი რეჟისორის კოტე მარჯანიშვილის და. თამარ მარჯანიშვილმა, რევოლუციონრების მუქარის წერილებისა და გზაზე მის ეტლზე თავდასხმის მიუხედავად, არ დათმო სასულიერო ცხოვრება და ბოდბის მონასტერში ქართული წირვა-ლოცვის შენარჩუნებას ცდილობდა. ბოლშევიკებმა დედა თამარი გაიწვიეს მოსკოვში და 60 წლისა ბუტირკის ციხეში ჩასვეს.

საქართველოს სინოდის გადაწყვეტილებით, წმინდანად შეირაცხა, ასევე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე, რომელმაც უმძიმეს წლებში იტვირთა საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელობა. იგი ყველანაირად ცდილობდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას, რაც რუსიფიკატორულ პერიოდში ანტირუსულ განწყობად, „რასკოლნიკობად“ აღიქმებოდა. ერთი-მეორის მიყოლებით იცვლებოდნენ საქართველოში მოვლენილი რუსი ეგზარქოსები, რომლებიც ქართველი ერის სიძულვილით იყვნენ გამსჭვალულნი. ერთ-ერთი მათგანი ეგზარქოსი ნიკონი საქართველოს ავტოკერფალური მისწრაფების წინააღმდეგ იყო განწყობილი. უწმინდესი კალისტრატე ასე იხსენებდა ეგზარქოს ნიკონთან შეხვედრას, როცა მას დაუფარავად უთხრა: „რად ცდილობთ ჩვენს გარუსებას? ეს ხომ არასდროს მოხდება. ხალხი, რომელსაც თავის ენაზე მეოთხე-მეხუთე საუკუნეებიდან აქვს ბიბლია, მდიდარი საეკლესიო ლიტერატურა და უაღრესად განვითარებული ენა, განა შეიძლება გარუსდეს? ხოლო, თუ გვირევიან ისეთნი, რომელნიც გარუსებულად გვაჩვენებენ თავს, ისინი ნაძირალები არიან, როგორებიც არც თქვენ გჭირდებათ და არც მით უმეტეს - ჩვენ“.

ნიკონი მოჩვენებითი კეთილგანწყობით უსმენდა კალისტრატე ცინცაძეს, საიდუმლო წერილში კი ურჩევდა რუსეთის ხელისუფლებას, სახელმწიფო ხაზინიდან დაფინანსება აღეკვეთა ქართული სემინარიისთვის, რადგან იქ ქართულ ენაზე ასწავლიდნენ ღვთისმეტყველებას. ქართველებთან „მოსარიდებელი არაფერი გვაქვს, ვინაიდან ისე ვძულვართ რუსები, როგორც ძაღლები“, - წერდა ეგზარქოსი ნიკონი, რომელიც მოგვიანებით მოკლეს, მკვლელობაში ბრალი კი ქართველ ავტოკეფალისტებს დასდეს. ამის შემდეგ ეპისკოპოს კირიონისა და არქიმანდრიტ ამბროსი ხელაიას განსაკუთრებული დევნა დაიწყო. რუსი ეგზარქოსებისთვის მიუღებელი იყო კალისტრატე ცინცაძეც.

საეკლესიო სიწმინდეთა დატაცება, სასულიერო პირთა დაპატიმრება ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ჩეკამ იმჟამინდელ პატრიარქ ამბროსი ხელაიასთან ერთად დეკანოზი კალისტრატე ცინცაძეც დააპატიმრა. მაშინდელი ბოლშევიკური პრესა სიამაყით წერდა, რომ ხიშტებით მიჰყავდათ სასულიერო პირები. მათ სამშობლოს მოღალატეებს ეძახდნენ. მეტეხის ციხეში დეკანოზი კალისტრატე გამომძიებელმა დაიბარა და შესთავაზა განცხადების დაწერა, თითქოს საკათალიკოსო საბჭოში მრავალნაირი ბოროტმოქმედება ხდებოდა და ამის გამო თავს ანებებდა საბჭოს წევრობას. დეკანოზ კალისტრატეს ამ წერილის სანაცვლოდ თავისუფლებას ჰპირდებოდნენ, მაგრამ მან გამომძიებელს მიუგო: „თავისუფლება შეიძლება კაცმა მოიპოვოს თავისთავის დაბეზღებით?“ - გამომძიებელმა უპასუხა, მაშინ იჯექი მეტეხშიო. თუმცა ბოლშევიკებმა ამბროსი ხელაია და კალისტრატე ცინცაძე გაათავისუფლეს.

კალისტრატე ცინცაძეს ყველაზე რთულ პერიოდში მოუწია საქართველოს პატრიარქობა. ეკლესიების რიცხვი დღითი-დღე მცირდებოდა, სასულიერო პირებს სიკვდილით სჯიდნენ, ხშირად ნაწამებ და ყელგამოჭრილ მოძღვრებს თავიანთ ეკლესიებთან პოულობდნენ. ამის გამო ბევრმა სასულიერო პირმა მღვდლის ანაფორა გაიხადა. თუმცა დარჩნენ იშვიათი სასულიერო პირები, რომლებიც შეგნებულად დაადგნენ მოწამეობრივ გზას.

შესაძლოა, ზოგიერთებში კითხვას აჩენდეს, რატომ სწერდა თბილ წერილს კალისტრატე ცინცაძე იოსებ სტალინს, რატომ ულოცავდა საბჭოთა მთავრობას „დიდი ოქტომბრის რევოლუციის დღეს“, რომლის დროსაც ამდენი სასულიერო პირი გაანადგურეს, უამრავი ეკლესია დახურეს, მაგრამ ასეთ კომპრომისზე წასვლას მაშინდელი რთული დროება ითხოვდა.

როგორც ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე აღნიშნავს, უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატე თბილისის სასულიერო სემინარიიდან იცნობდა სტალინს, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია საბჭოთა ხელისუფლებისთვის, მარწუხებში მოექცია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. უწმინდესმა უშუალოდ სტალინთან კონტაქტზე გასვლა სცადა და 60 წლისთავთან დაკავშირებით წერილი მისწერა:

„თქვენ სიჭაბუკითგანვე არ სცანით ძილი თვალთა, რული წამთა და განსვენება ხორცთა ტვირთმძიმეთა და მაშვრალთა ცრემლითა მოსასპობად. ამისათვის მადლიერმა ერმა დაგსვათ ძლიერთა თვისთა შორის და შეგმოსათ დაუჭკნობელი დიდებით“. თუმცა ამ წერილის მიუხედავად, დღის წესრიგში დადგა სვეტიცხოვლისა და სიონის დახურვის საკითხი. ფაშიზმის თავდასხმის შემდეგ საბჭოთა ხელმძღვანელობამ რადიკალურად შეცვალა ეკლესიასთან დამოკიდებულება. ამ ვითარებით ისარგებლა კალისტრატე ცინცაძემ და გაუქმებული ეკლესიების აღდგენა, რეპრესირებული სასულიერო პირების დაბრუნება ითხოვა. თუმცა ციმბირიდან ვერ დაბრუნდნენ და გადასახლებაში გარდაიცვალნენ სასულიერო პირები გიორგი მაჭავარიანი, ნიკოლოზ ოქრომჭედლიშვილი, არსენ ჯანელიძე, ნესტორ ჯალაღონია და სხვები.

ექსპერტი ვაჟა ბერიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ამ ადამიანების წმინდანად შერაცხვის საფუძველი ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას აქვს. განსხვავებული ცხოვრებისეული გზა გაიარა თითოეულმა მათგანმა, მაგრამ ისინი იქნებიან ის ნათლის სვეტი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გზას გაუნათებს.

ვაჟა ბერიძის თქმით, განსაკუთებით არაჩვეულებრივია კალისტრატე ცინცაძის ფიგურა, რომელიც მოწამეობრივი და გრანდიოზული მნიშვნელობის პერსონაა.

„ეს ადამიანები საკმაოდ მძიმე ეპოქაში ცხოვრობდნენ და უამრავი პრობლემის გადალახვა უწევდათ, რათა შეენარჩუნებინათ სარწმუნოება. ამასთან დაკავშირებით გავიხსენებ ერთ ფაქტს. ირანელებმა ვახტანგ მეექვსე მიიწვიეს, რათა ჯანიშინობიდან ქართლის მეფედ რეალურად დაენიშნათ და მას სარწმუნოების შეცვლა მოსთხოვეს, რაზეც ვახტანგ მეექვსემ უარი განაცხადა. ამ დროს ქართულმა ეკლესიამ მოუწოდა მეფეს, შეეცვალა სარწმუნოება, რადგან ეს ქვეყანას სჭირდებოდა და ვახტანგ მეექვსე უზარმაზარი აღმშენებლობითა და სულიერების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს გააგრძელებდა. მიუხედავად იმისა, რომ ვახტანგის მოღვაწეობა მარცხით დამთავრდა და იგი იძულებული გახდა რუსეთში გადასულიყო 1200 თავად-აზნაურთან ერთად, მის ღვაწლს მაინც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსთვის. სწორედ ვახტანგის სახელს უკავშირდება სტამბის დაარსება და სხვა. ამ თვალსაზრისით უნდა შევხედოთ კალისტრატე ცინცაძის მხრიდან გამოჩენილ კომპრომისსაც საბჭოთა ხელისუფლების მიმართ. უნდა გავითვალისწინოთ, როგორი იყო ბოლშევიკური ხელისუფლების დამოკიდებულება ქართული ეკლესიისადმი. ამიტომ კარგია, რომ ჩვენმა სინოდმა ასე დააფასა კალისტრატე ცინცაძის ღვაწლი“, - აღნიშნა ვაჟა ბერიძემ.

მანვე განმარტა, რომ ძალიან გაუხარდა, როცა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ბაგრატ მესამე წმინდანად აღიარა. უამრავი ცნობილი ქართული ისტორიული ძეგლი აიგო ბაგრატ მეფის დროს, მაგრამ მართლმადიდებლური ეკლესია მის მიმართ ყოველთვის გაუგებარ სიმკაცრეს იჩენდა ადამიანურად მის მიერ ჩადენილი ცოდვების გამო. საუბარია საკუთარი ნათესავების, კლარჯეთის მფლობელების მიწვევაზე, მათ დაპატიმრება-დატუსაღებასა და ფაქტობრივ მოკვდინებაზე.

„ყოველთვის გული მწყდებოდა, რომ ბაგრატ მესამე წმინდანად აღიარებული არ იყო. ეს ადამიანები უკლებლივ უდიდესი პიროვნებები არიან და ჩვენ, ცოდვილებს და უბრალო მოქალაქეებს, რომლებსაც პატივი გვაქვს დამოუკიდებელ საქართველოში ვიცხოვროთ, დაგვეხმარებიან ცხოვრების სიძნელეებთან გამკლავებაში“.