„საბჭოთა კავშირი დამთავრდა, საქართველოს აღარ აქვს შესაძლებლობა, ამდენი სახელმწიფო თეატრი და მუზეუმი შეინახოს“

„საბჭოთა კავშირი დამთავრდა, საქართველოს აღარ აქვს შესაძლებლობა, ამდენი სახელმწიფო თეატრი და მუზეუმი შეინახოს“

თეატრებსა და მუზეუმებს დაფინანსება შეუმცირდათ. დეპუტატი გუგული მაღრაძე ამბობს, რომ ამ კულტურულმა დაწესებულებებმა უფრო მეტი უნდა იზრუნონ და იშრომონ საკუთარი შემოსავლების მოსაძიებლად.

For.ge გუგული მაღრაძეს ესაუბრა.

დღემდე ქართული თეატრები და მუზეუმები სახელმწიფოსგან სოლიდურ საბიუჯეტო თანხებს იღებდნენ. კერძოდ, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ბიჯეტიდან 90%-ით ფინანსდებოდა, ხოლო მისი დაფინანსების 10% საკუთარ შემოსავლებზე მოდიოდა. მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლებზე მისულ მაყურებელთა აქტიობას არ უჩივის, აღნიშნული თეატრის დირექტორი სულხან გოგოლაშვილი ირწმუნება, რომ სხვა დამატებითი შემოსავლის გარეშე თეატრი მხოლოდ გაყიდული 5-ლარიანი ბილეთების ხარჯზე ვერ იცხოვრებს. ასეთივე მდგომარეობაა სხვა თეატრებსა და მუზეუმებში. ამ სიტუაციიდან გამოსავალს რაში ხედავთ?

- მუზეუმებს შესაძლებლობა აქვთ, მოაწყონ სხვადასხვა თემატური შეხვედრები და ყველაფერ ამაზე გარკვეული თანხა გადაახდევინონ იქ მისულ სტუმრებს. შეიძლება კოლექციების გამოფენა გააკეთონ, მხატვრების რეპროდუქციები გაყიდონ. უამრავი შესაძლებლობაა, რომ მუზეუმი დატვირთული იყოს. მით უმეტეს, თუკი გაქვს კარგი შენობა, გაცილებით იოლია დამთვალიერებლის მიღება. ანალოგიური რამის მოფიქრება თეატრებსაც შეუძლიათ. თეატრის ხელმძღვანელობამ შემომჩივლა, ფინანსები არ გვყოფნისო. მე ვუთხარი, ახალი წელი რომ მოდის, გაქვთ რაიმე იდეა? რა ვიცითო. არადა, როგორი ღარიბი რაიონიც არ უნდა იყოს, 5-ლარიან ბილეთს ყველა უყიდის თავის ბავშვს. შეიძლება, არდადეგების დროს სპექტაკლები დადგან იმავე ტანსაცმლის, იმავე გარდერობის გამოყენებით, რაც აქვთ. არ არის აუცილებელი განსაკუთრებული შესაძლებლობები. შეუძლიათ რაღაც ისეთი გააკეთონ, შემოსავლები ჰქონდეთ. საბჭოთა კავშირი დამთავრდა, საქართველოს აღარ აქვს ამდენი შესაძლებლობა. მით უმეტეს, უამრავი მუზეუმი გვაქვს, დაწყებული მემორიალური მუზეუმებიდან.

ყველა ამ მუზეუმიდან ზოგი შეკეთებას ითხოვს, ზოგი თანამშრომლებს ითხოვს, ამის შესაძლებლობა ჩვენ არ გვაქვს. არსებობს მემორიალური მუზეუმები. მაგალითად, ჩემი ბაბუა სახელოვანი ადამიანი იყო და, თუ ჩემს სახლში გაიხსნა მემორიალური მუზეუმი და ვიღაც მოდის, ათვალიერებს, ამაში არც ხელფასს უნდა ვიღებდე და არც რემონტს უნდა ვთხოვდე სახელმწიფოს, რადგან ეს ჩემი საკუთრებაა. ბევრი ნიუანსია, ცოტა მაქსიმალურად უნდა ვისწავლოთ იმის გამოყენება, რაც გვაქვს. თეატრი გვაქვს, ამოდენა შენობას ვფლობთ, შევთავაზოთ ვიღაცებს საკუთარი ღონისძიების ჩატარება ამ თეატრში.

თქვენს ამ ინიციატივას გამოეხმაურა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის დირექტორი. ის ამბობს, რომ თეატრი ისტორიული ძეგლის შენობაში იმყოფება და ამის გამო კულტურის სამინისტრო არ აძლევს შენობის გაქირავების უფლებას.

- ოპტიმიზაციაზე როცა ვსაუბრობთ, უნდა ვნახოთ, რამდენი თეატრი გვჭირდება. შესაძლოა, სადღაც უფრო მეტი გვჭირდებოდეს, ვიდრე დღეს არის და სხვაგან უფრო ნაკლები. უნდა ვიცოდეთ, რა ფუნქციითაა დატვირთული კულტურული დაწესებულება, რომ ან მეტი ფუნქცია დააკისრო და ცოტა მეტი ხელფასი მისცე, ან შეუცვალო ფუნქცია. თუ ნახე, რომ ვერ მუშაობს და ვერ ასრულებს იმ დავალებას, რაც გჭირდება, შესაძლოა, ვიღაც წავიდეს სამსახურიდან. ცხადია, ეს ძალზე მტკივნეული პროცესია, მაგრამ უამისოდ ერთ წრეზე ვიტრიალებთ. რასაც ვიშოვით, იმას იქვე დავხარჯავთ და წინსვლის საშულება არ გვექნება. თანდათანობით უნდა მივეჩვიოთ, რომ მსოფლიოში არც ერთ ქვეყანას ამდენი სახელმწიფო თეატრი არ აქვს. ჩვენზე უფრო ძლიერ და განვითარებულ ქვეყნებსაც კი. რა საჭიროა სადღაც ელექტროენერიის ხარჯვა, როცა იქ არ გაქვს დაგეგმილი ღონისძიებები?! კონკრეტული შემთხვევები ადგილზე უნდა ინახოს. ვნახოთ, დასავლეთის ქვეყნები როგორ იქცევიან ასეთ დროს და საქართველოშიც ასეთი სისტემა დავნერგოთ. მაინცდამაინც ზუსტად კი არ გადმოვიღოთ, მაგრამ დავაკვირდეთ, ჩვენ თვითონ რა შესაძლებლობები გვაქვს. მაინტერესებს, ყველა თეატრი აწყობს სადღესასწაულო ღონისძიებებს? ყველას აქვს სკოლებთან კონტაქტი? რამდენადაც ვიცი, მოზარდმაყურებელთა თეატრს აქვს ასეთი კონტაქტები, ბავშვები მიჰყავთ და ასწრებენ თავიანთ წარმოდგენებს. სხვა თეატრებშიც შეიძლება სოფლის სკოლის ბავშვები მიიყვანონ, იქაური ბავშვების კონკურსები ჩაატარონ, რაზეც სიამოვნებით ივლიან მშობლები.

შესაძლოა, მშობლებს საამისო სახსრები არ აქვთ.

- ყველა მშობელი გადაიხდის ფულს, როდესაც მისი შვილი მღერის და ცეკვავს.

თქვენ ბიუჯეტიდან თეატრებისთვის გაღებული 90%-იანი დაფინანსების გადახედვას ითხოვთ, თუ მის მთლიან ამოღებას?

- საქმე ისაა, რომ ზუგდიდელმა დეპუტატმა თქვა, 80 ათასი ლარით მცირდება დადიანების მუზეუმის ბიუჯეტიო. ამ დროს გასავალი და შემოსავალი არ არის ბიუჯეტი? თუკი მდიდრები ვიქნებით და გამდიდრდება ჩვენი ქვეყანა, შესაძლოა, მეტი თეატრი და მუზეუმი შეინახოს, მაგრამ, თუ დღეს რაღაც არ არის საჭირო და აუცილებელი, შევეცადოთ, ოპტიმიზაციის ფარგლებში ჩავეტიოთ. და, თუ 80 ათასი ლარი მოგვაკლდა წელიწადში, ისეთი აქტივობები მოვახერხოთ ჩვენი მუზეუმისა და თეატრისთვის, რომ 80-ათასლარიანი დანაკლისი მკვეთრად არ აისახოს ჩვენზე და თანამშრომლები უკმაყოფილონი არ დარჩნენ.

თუკი შენობას არ გაქირავებინებს კულტურის სამინისტრო?

- თუ არ გაქირავებინებენ, მაშინ შემოიტანონ პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა, წინადადება და ვნახოთ, რა ტიპის გაქირავება შეიძლება და რა არ შეიძლება. შესაძლოა, ყველაფერი არ მოაწყობინონ, რათა ისტორიულ შენობას ჭერი არ დაუზიანონ, მაგრამ, თუკი ისეთი ღონისძიებები ჩატარდება, სადაც ადამიანები მივლენ და მშვიდად და წყნარად დაიშლებიან, მაშინ რატომ დაუშლიან გაქირავებას ? თუ იქ ღრეობას გამართავენ, ცხადია, არ გააქირავებინებენ, მაგრამ, თავისთავად, თეატრს რომ ეკადრება, ისეთი ტიპის ღონისძიებას არავინ დაუშლის. თუკი ისტორიული ძეგლი ზიანდება, მაშინ, ამ ლოგიკით, არც სპექტაკლზე არ უნდა შევიდეს არავინ.

მუზეუმებსა და თეატრებს გარდა, კიდევ რომელ საბიუჯეტო უწყებას უნდა შეეხოს ხარჯების შემცირება?

- უნდა შევარჩიოთ, ქვეყნისთვის რა არის აუცილებელი და სტრატეგიული მნიშვნელობის. ოპერის თეატრი შევინარჩუნოთ, რაც აუცილებელია. შევინარჩუნოთ რუსთაველის თეატრი. დანარჩენ თეატრებს შესაძლოა, თანხის ნაწილი ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა მისცენ, ნაწილი - ბიჯეტიდან აიღონ, რაღაც ნაწილი კი - თვითონ მოიძიონ. ოპტიმიზაცია ამას ნიშნავს. თეატრი, რომელიც ვერ იზრდება, რა საჭიროა? თუ რაიონში არის თეატრი, ის თეატრი რაიონის მოსახლეობას უნდა მოსწონდეს და უნდა სურდეს თავისი თეატრის შენარჩუნება.

მარტო ქველმოქმედებით და შემოწირულობით არსებობდნენ ხოლმე თეატრალური დასები, როცა ქვეყანას ძალზე უჭირდა. ჩვენ კი თეატრების დაფინანსებას მივეჩვიეთ იმ დროს, როცა საბჭოთა კავშირი იყო, ვითომ კულტურული ღონისძიებებისთვის იხარჯებოდა ზღვა ფული, თანაც, იდეოლოგია იმდენად მძლავრი იყო, რომ იდეურად გამოწრთობილი სხვა ტიპის ადამიანები სჭირდებოდათ. ამისთვის მოსკოვი ხარჯავდა საკავშირო ფულს, ახლა უკვე დამოუკიდებელნი, მაგრამ არცთუ ძალიან მდიდარი ქვეყანა ვართ. ამდენი სახელმწიფო თეატრი, ამდენი სახელმწიფო მუზეუმი, რაც საქართველოშია, ჩვენი ზომის, ჩვენი შემოსავლების მქონე სხვა რომელიმე ქვეყანაში არსად მეგულება. მარტო ისე კი არ უნდა იყოს, რომ სპონტანურად რაღაცები დავხუროთ, არამედ გავიაზროთ, რა გვჭირდება და რა არა. თვითონაც აქტიური უნდა იყოს ადგილობრივი ხელმძღვანელობა და ხელისუფლებასაც არ უნდა შეეშინდეს ისეთი რეფორმირების, რომელიც საჭიროა. ყველაფერი გათვლილი და აღიარებული უნდა იყოს საზოგადოების მიერ და მოსახლეობას უნდა ვაჩვენოთ, იმ დაზოგილი თანხით უფრო უკეთესი რა გაკეთდება. სხვანაირად წინ ვერ წავალთ და სულ ასე ვიქნებით, ანუ შემოვიდა ათი მანეთი, დავხარჯეთ ათი მანეთი. შემოვიდა მილიონი, დავხარჯეთ მილიონი. ეს წინსვლას, განვითარებას არ ნიშნავს.