„რომ ყიდიან, რას ყიდიან, ხომ უნდა იცოდნენ, რა გვაქვს? რომელ ტერიტორიულ მოწყობაზე საუბრობენ, როცა მიწათმოწყობა არ გვაქვს?“

„რომ ყიდიან, რას ყიდიან, ხომ უნდა იცოდნენ, რა გვაქვს? რომელ ტერიტორიულ მოწყობაზე საუბრობენ, როცა მიწათმოწყობა არ გვაქვს?“

მცირემიწიანი საქართველოსთვის უცხოელებზე მიწის გასხვისების საკითხი გადაუჭრელ დილემად იქცევა ხოლმე. ამ რამდენიმე წლის წინ კახელი გლეხები ბახტრიონის აჯანყებით იმუქრებოდნენ და ამით აპროტესტებდნენ მათ სოფლებში ინდოელი, პენჯაბელი ფერმერების შესაძლო ჩასახლებას, რომლებმაც საქართველოში ახალ და იაფფასიან საძოვრებს მიაგნეს.

ამჯერად ხელისუფლებამ მიწის გასხვისებაზე საუბარი განაახლა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ შესაძლებელია შუალედური ვერსიის მოძებნა, რათა, ერთი მხრივ, ჩვენი მიწების უცხოელებზე მასობრივი გასხვისება თავიდან ავიცილოთ, მეორე მხრივ, უცხოური ინვესტიციები არ შეფერხდეს. ამ საკითხთან დაკავშირებით For.ge-ს მუნიციპალური სამართლის სპეციალისტი, ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ესაუბრა.

დღეს პარლამენტთან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოელებზე შესაძლო გასხვისება გააპროტესტეს. ამ ფონზე ხელისუფლება გარკვეული ბალანსის მოძებნას ცდილობს. შეძლებენ კი ამ ბალანსის მოძიებას?

- ერთი მხრივ, თამარ ჩუგოშვილი მართალია. მიწის გასხვისება შეზღუდულიც უნდა იყოს და ეკონომიკის განვითარებასაც პრობლემა არ უნდა შეუქმნას. თუმცა, უპირველეს ყოვლისა, მიწის კოდექსია მისაღები. ბუნებრივია, მიწა უნდა იყიდებოდეს, მაგრამ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვის კრიტერიუმები ძალიან მკაცრი უნდა იყოს. არა მარტო უცხოელებისთვის, საერთოდაც, უნდა იყოს სიმკაცრე, რადგან სოფლის მეურნეობისთვის მიწის მოცდენა არ შეიძლება. პირველ რიგში, მიწის აღრიცხვაა გასაკეთებელი, საქართველო უმძიმეს დღეშია და მიეკუთვნება ერთ-ერთ ყველაზე გაველურებულ ქვეყანათა კატეგორიას, სადაც სააკაშვილის პერიოდიდან, 2004 წლიდან მოყოლებული, მიწათსარგებლობის კადასტრი არ იწერებოდა. ჩვენმა ქვეყანამ არ იცის, რამდენი სახნავი, სათესი, ბაღი, ვენახი აქვს. დღეს საინფორმაციო ეპოქაა და მიწის კაპიტალიზაციაზე მეტად უფრო მნიშვნელოვანია ინფორმატიზაცია. მიწის ნაკვეთს ფასი არ აქვს, თუ შენ მის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია არ გაქვს. ახლა თუ მიწებს გაყიდიან უცხოელებზე, ამას ჩალის ფასი ექნება და მიწას უბრალოდ გადაყრიან. ამიტომ, ჯერ უნდა დავიწყოთ აღრიცხვიანობის მოწესრიგება და მიწათსარგებლობის დაგეგმვა. დედამიწის ზურგზე არ არსებობს ქვეყანა, რომელიც თავის მიწათსარგებლობას არ გეგმავს. ჩვენთან კი სასოფლო-სამეურნეო მიწების 80%-ზე მეტი უპატრონოდაა მიგდებული. ისინი სახელმწიფო საკუთრებად ითვლება, მაგრამ სახელმწიფო მათ ვერ პატრონობს და შესაძლოა, მხოლოდ გაყიდვისას გაახსენდეს. ეს იდიოტიზმია. ამას არავინ აკეთებს.

ვიმეორებ, პირველი გამოსავალი მიწის კოდექსის მიღებაშია. სასწრაფოდ უნდა მოხდეს ამ მიწის (სასოფლო-სამეურნეო იქნება ეს თუ არასასოფლო-სამეურნეო) გადატანა ადგილობრივ საკუთრებაში. ჩვენს მიწას პატრონი არ ჰყავს, ქართული თემი, სოფელი ამ ძირითადი უფლების გარეშეა დატოვებული. ამ დროს კი საქართველოში ტრადიციულად არსებობდა სათემო საკუთრება მიწაზე და კერძო საკუთრება თავისთავად. კომუნისტების შემდეგ სათემო საკუთრება მოისპო და დღემდე არ აღდგენილა. სოფელს თავისი ქონება არ აქვს. ეს ნიშნავს, რომ ხიზნის მდგომარეობაშია. ქართული ტრადიციული სამართალი ასეთ ადამიანებს ეძახდა ხიზნებს, ვისაც სათემო ქონებაში წილი არ ედო. თქვენ წარმოიდგინეთ, მთელი საქართველო ხიზნებად ვართ ქცეული, რადგან ის, რაც ჩვენია, კომუნისტების ძალისხმევით წაგვართვეს.

მიწა გაუმრავლებელი და ამოწურვადი რესურსია, განსაკუთრებით, ქართული მიწა მცირემიწიანობით ხასიათდება. ამ ფონზე ხელისუფლებას უღირს კი ბალანსის მიღწევა უცხოელებზე მიწების გასხვისების მიზნით?

- რა თქმა უნდა, მიწა განსაკუთრებული რესურსია და არა მარტო რესურსია, ქართული მიწა ტერიტორიული იდენტობის საფუძველიცაა. „ენა, მამული, სარწმუნოება“, -ტყუილად ხომ არ იყო ნათქვამი. ეს სიტყვები ილიამ იმ დროს თქვა, როცა მე-19 საუკუნეში ინდუსტრიალიზმის ეპოქა იწყებოდა. სულ თავიდან კი ეს ფორმულა გიორგი მერჩულეს ეკუთვნის, რომელმაც მე-10 საუკუნეში სულ სხვა სიტყვებით გვითხრა - „ქართლად ფრიადი ქვეყანაი აღირაცხების“... ქართულად „ქვეყანა“ არის მიწა, ანუ ეს ნიშნავს ტერიტორიულ, სარწმუნოებრივ და ენობრივ იდენტობას. ნიკო ლორთქიფანიძე წერდა „იყიდება საქართველოო“, ინდუსტრიალიზმის პერიოდი გავიარეთ და ილიამ ჩვენი მიწები გაყიდვას გადაარჩინა. იმ დროს საადგილმამულო ბანკი იყო და ეროვნული მოძრაობა მიწის შენარჩუნებისთვის ზრუნავდა. შემდეგ კომუნისტები მოვიდნენ და დაგვღუპეს. ახლა დამოუკიდებლობა აღდგა და ამ დროს მიწა, ყველაზე მთავარი რესურსი, თემს არ ეკუთვნის. რატომ ვარ ქართველი? იმიტომ, რომ ამ ქვეყნის მკვიდრი ვარ, ანუ ქართული იდენტობისთვის მიწაზე მკვიდრობა გადამწყვეტია. ყოველთვის ასე იყო და ახლაც ასეა. 25 წელი გავიდა, რაც დამოუკიდებლები ვართ და ჩვენი მიწის კანონმდებლობის შექმნას საშველი ვერ დაადგა. ეს სამარცხვინოა. ინფორმაციაც არ გვაქვს, რომ ყიდიან, რას ყიდიან, ხომ უნდა იცოდნენ, რა გვაქვს? იმაზე კი არ უნდა იყოს საუბარი, მიწა გაიყიდოს თუ არა, არამედ მიწათსარგებლობის მოწესრიგება უნდა მოხდეს. რომელ ტერიტორიულ მოწყობაზე საუბრობენ, როცა მიწათმოწყობა არ გვაქვს?

მიწათსარგებლობის კადასტრი რომც მოწესრიგდეს და აღირიცხოს ქართული მიწა, მაშინ შეიძლება მისი გაყიდვა?

- პირველ რიგში, უნდა მოხდეს სათემო საკუთრების აღდგენა. სოფლის ფარგლებში არსებული მიწა თავად სოფელს უნდა გადაეცეს მუდმივ და უსასყიდლო სარგებლობაში. მიწა საკუთრებაში უნდა გადაეცეს მუნიციპალიტეტებს. ამის მერე თემმა უნდა გადაწყვიტოს, თავის მიწას როგორ მიხედოს. თუ შეხედავს თემი, რომ ინვესტორი მოდის, სოფლისთვისაც ხეირი იქნება ეს და წარმოების განვითარებასაც ხელს შეუწყობს, რატომაც არ უნდა გაიყიდოს? ეს არ არის თავისთავად საშიში. მთავარია, მიწა არ მოცდეს.

მაგრამ სასაზღვრო ზონაში ადგილობრივი თემის ნებაზე ქართული მიწის მიშვება, მე მგონი, საშიში იქნება. თუნდაც სამცხე-ჯავხეთში შეიძლება სულ სხვა დემოგრაფიული ვითარება შეიქმნას მიწის გაყიდვის შემდეგ.

- რასაკვირველია, სასაზღვრო ზონას კიდევ თავისი სპეციფიკა აქვს, იქ შეზღუდვები უფრო რთული იქნება. აქ გაიყიდოს-არ გაიყიდოზე კი არ არის საუბარი, არამედ პრობლემა გაცილებით უფრო ღრმაა და მიწათსარგებლობა უნდა მოწესრიგდეს. მიწა სამოქალაქო ბრუნვაში უნდა იყოს და უნდა იყიდებოდეს. აქ საუბარია იმ მიწაზე, რომელიც საზოგადო საკუთრებაშია. ამ მიწას პატრონი უნდა გამოუჩნდეს და მისი პატრონია თემი, სოფელი. კერძო საკუთრებაში არსებული მიწა ახლაც იყიდება და უნდა გაიყიდოს კიდეც, მაგრამ სოფლის მეურნეობის მიწა რომ გაიყიდოს, აქ უნდა იყოს აუცილებელი პირობა, რომ ეს მიწა არ მოცდეს და უზარმაზარი ჯარიმა დაწესდეს, თუ ვინმე მიწას იყიდის და არ იყენებს. გერმანიის კანონმდებლობით, მიწაზე უფლებები თუ გაქვთ, პარალელურად, იმხელა ვალდებულებები წარმოგეშობათ, რომ ამ მიწას მოუაროთ და არ მოაცდინოთ. შენ თუ იქ მოსავალი არ მოგყავს, საჯარო ვაჭრობით იმ წუთასვე გაგიყიდიან მიწას. ერთ წელსაც არ დაგაცლიან. როგორ შეიძლება მიწის მოცდენა? სააკაშვილმა კი მიწის რენტა გააუქმა, ხუთ ჰექტრამდე მიწა გადასახადისგან გაათავისუფლა. ამიტომაცაა, რომ მიწამ ფასი დაკარგა. რენტას რომ აუქმებ, რასაკვირველია, მიწა უფასურდება. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა არ უნდა გაიყიდოს, ის უნდა დაუბრუნდეს იმას, ვისიც არის. თორემ ვისას ყიდიან? თემის მიწა რომ სახელმწიფომ გაყიდოს, ეს ხომ დანაშაულია? სხვისი ქონების გაყიდვა ხომ სისხლის სამართლის დანაშაულია? დღეს სოფელში კომლი რომ იყოფა, სად დასახლდნენ, არ იციან. ამიტომაც გამორბიან თბილისში. თემს რომ დაუბრუნდება ეს მიწა, სოფელი თავად გადაწყვეტს, მიწის რომელ ნაწილს გამოიყენებს სამეურნეო დანიშნულებით, რომელს - სარეზერვოდ. მთავარია, სოფელმა საკუთარ თავს მიხედოს და ეს თვითმმართველობას პირდაპირ ებმის, ხიზნების მდგომარეობიდან უნდა გამოვიდეს და თემად იქცეს.

თუმცა ფაქტია, რომ დაწესებული მორატორიუმიც არ იყო შემაფერხებელი ბერკეტი უცხოელებისთვის და მაინც იყიდებოდა მიწა.

- თავიდან ბოლომდე ეს პოლიტიკა გააზრებული არ იყო. მორატორიუმი დაწესებული იყო სახელმწიფო საკუთრების მიწაზე. დღემდე ამ მიწის პატრონი ვინ უნდა იყოს, ეს გაურკვეველი რჩება. ჩვენს სამოქალაქო სამართალში პრეზუმფციაა, რომ არარეგისტრირებული მიწა და უძრავი ქონება სახელმწიფო საკუთრებად ითვლება. ეს პრეზუმფციაც უნდა შეიცვალოს და მიწა ადგილობრივი თემის საკუთრებად უნდა იყოს მიჩნეული.

თემს რომ დაუბრუნდეს მიწა, მაშინ სახელმწიფო ინვესტიციებს ხომ ვეღარ მიიღებს? ჩემი აზრით, ხელისუფლება პრობლემას სწორედ ამაში ხედავს.

- მამა-პაპამ დაუტოვა ეს მიწა საკუთრებაში სახელმწიფოს მესვეურებს? ამიტომ მოგება უნდა მიიღოს საზოგადოებამ. კონკრეტულმა პატრონმა უნდა მიიღოს მოგება, ანუ თემმა და, თუ თემი გაყიდის რამეს, მას უნდა უღირდეს ამის გაყიდვა. ისე არ უნდა მოხდეს, რომ თემი უსახლკაროდ დარჩეს და მერე მთელი სოფელი აიყაროს. ასეთ რამეს არც არასდროს ჩაიდენს სოფელი. ის ინვესტორიც სახელმწიფოს რომელიღაც ჩინოვნიკს კი არ უნდა დაელაპარაკოს, არამედ უნდა ჩავიდეს და სოფელს უნდა ელაპარაკოს.