ანდრეი კარლოვის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა „ჯეიშ ალ-ფათჰის“ შეიარაღებულმა კოალიციამ აიღო. თურქული გამოცემა Hurriyet-ის ინფორმაციით, მევლუთ მერთ ალთინთაში, რომელმაც ანკაარში რუსეთის ელჩი მოკლა, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მონაწილოებით გამართული ღონისძიებების უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფდა.
Hurriyet წერს, რომ ალთინთაში ერდოღანის დაცვის წევრი არ ყოფილა, თუმცა იმ პოლიციელების რიცხვში შედიოდა, რომლებიც პრეზიდენტის მონაწილეობით ღონისძიებების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ. 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ალთინთაში რვაჯერ მონაწილეობდა მსგავს ოპერაციებში.
გამოცემის ცნობითვე, არშემდგარი ამბოხის დროს, ალთინთაში არ მსახურობდა, ის ავადმყოფობის გამო ბიულეტენზე იყო გასული. ამგვარად უცნობია, რით იყო ის დაკავებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დროს. თუმცა, თურქული მხარე ამ დრომდე ამტკიცებს, რომ რუსეთის ელჩი ფეთჰულა გიულენის ტერორისტული ორგანიზაციის წევრმა მოკლა.
რა კავშირი აქვს გულენის ორგანიზაციას ISIS-თან და გამოიყენებს თუ არა პოლიტიკურ იარაღად რუსეთი ელჩის მკვლელობას? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტს, შორენა ლორთქიფანიძეს ესაუბრა.
ფეთჰულა გიულენი, როგორც ტერორისტული ორგანიზაციის წევრი, შეყვანილი არ არის საერთაშორისო ტერორისტთა სიაში. თავისთავად ჩნდება კითხვა, თუკი ტერორისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელია, მაშინ რითი აიხსნება, რომ არ არის შეყვანილი საერთაშორისო ტერორისტთა სიაში და ოფიციალურად არ არის გამოცხადებული, როგორც ტერორისტული ორგანიზაციის წევრი?
შორენა ლორთქიფანიძე: თურქეთს, ისევე როგორც რუსეთს ჰყავს განტევების ვაცი, ვისაც გადააბრალებს ამ დანაშაულს. თურქეთის შემთხვევაში, ყველა თავის წარუმატებლობაზე და პრობლემებზე - ეს არის ფეთჰულა გიულენი. რაც შეეხება რუსეთს - ეს არის მთელი ცივილიზებული მსოფლიო, ეს გასაგებია.
რაც შეეხება კითხვას - არის თუ არა გიულენი ტერორისტი? პასუხი მარტივია, მას არ აქვს ტერორისტული ორგანიზაცია. ეს ერთგვარი სიტყვის მასალა, იარლიყის მიწებებაა. ვიცით, რომ ამ ადამიანმა თავი შეაფარა ამერიკას და ამ დროს ამერიკა არ ახდენს მის ექსტრადირებას, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე მიმართა თურქეთის მთავრობამ. პოლიტიკური ასპექტები, უსაფრთხოების გარემოს დაძაბულობა და ა.შ... რეალურად არავინ იცის სად მიდის ამ დანაშაულის კვალი.
ადამიანი, რომელმაც ელჩი მოკლა ახსენებდა ალეპოს და სირიას. თუ გავითვალისწინებთ რუსეთს როლს ალეპოში, შესაძლებელია ელჩის მკვლელობა როგორც რუსეთმა, ასევე თურქეთმა გამოიყენოს?
- რა თქმა უნდა და პირველ რიგში, რუსეთმა, რომ თავისი „ღირსეული“ ადგილი დაიკავოს საერთაშორისო მოლაპარაკების მაგიდასთან, რადგანაც მსხვერპლია - ტერორისტული ორგანიზაცია, რომლის წინააღმდეგაც თითქოს, სირიაში იბრძვის, - ელჩს უკლავს. ეს ფაქტი რუსეთს აძლევს საშუალებას, რომ თავისი ადგილი დაიმკვიდროს საერთაშორისო მოლაპარაკებებში და თქვას, რომ მე კი არ მოვიპოვე ეს ადგილი, არამედ დავიმსახურე. სირიაში ჩემი ჩართულობით და აქტიურობით ასეთი მტრები გავიჩინე, ელჩიც შეეწირა ამ პროცესსო. საკმაოდ რთული სიტუაციაა, რომელიც რუსეთს უმყარებს მოლაპარაკებებში ჩართვისა და სირიის კონფლიქტში მეტი გავლენის შესაძლებლობას.
ანუ, ელჩის მკვლელობას პოლიტიკური გავლენების გასაძლიერებად გამოიყენებს?
- რასაკვირველია. ვხედავთ, რომ უკვე იყენებს, სირიის საკითხზე მოლაპარაკებები გრძელდება, არ შეწყვეტილა. ელჩის მკვლელობას დისონანსი არ შემოუტანია თვითონ ამ მოლაპარაკების პროცესში. თავისთავად შემაშფოთებელია, თუკი ელჩის მკვლელობა რუსეთის მიმართ აგრესიის გამოვლინებაა და ყველგან რუსეთის ძებნა დაიწყო, მათი განადგურების მიზნით. ანუ, ეს ისევ და ისევ, სირიელების მხრიდან კონფლიქტით შეშფოთებული ადამიანების ღელვა და აგრესიაა, რომელთაც ერთგვარი რევანშისტული განწყობა აქვთ რუსეთის მიმართ. ძალიან რთული ვითარებაა. თუმცა, როგორ უკვე გითხარით, რუსეთი კარგად გამოიყენებს ამ შემთხვევას იმისათვის, რომ ლეგიტიმურად დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. მსოფლიოს კიდევ ერთხელ უთხრას ის რისკები, რასთანაც არის დაკავშირებული მისი ჩართულობა სირიის კონფლიქტის მოგვარებაში.
გიულენის დაკავშირებას ელჩის მკვლელობასთან, პოლიტიკური მოტივი აქვს. თურქეთი მას ბრალს სდებს სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაში, ოფიციალურად მოითხოვა აშშ-ს გიულენის გადმოცემა, მაგრამ არასაკმარისი მტკიცებულების გამო, ამერიკამ უარი თქვა ექსტრადირებაზე. ამ შემთხვევაში თუ გავითვალისწინებთ ტრამპის პოზიციას რუსეთის მიმართ, შესაძლებელია თურქეთი პოლიტიკურად იყენებდეს ელჩის მკვლელობას, რომ ტრამპის ადმინისტრაცია დათანხმდეს მის ექსტრადირებას, რადგან საქმე ეხება რუსეთს?
- ფაქტია, რომ თურქეთს ყველაგან გიულენი ელანდება. გარდა იმისა, რომ ელანდება, ცდილობს ყველა წარუმატებლობა მას დააბრალოს. ჯერ ვერ გამოსულან შოკიდან, რაც ივლისის თვეში დატრიალდა თურქეთში. რასაკვირველია, თურქეთი შეეცდება მკვლელობა გიულენთან დააკავშიროს, ასევე შეეცდება, რომ გიულენის კავშირები აჩვენოს ISIS-თან. თუმცა, თავის მხრივ, უამრავი ბრალდება არსებობს თურქეთის ხელისულებისა და ISIS-ის კავშირებზე. ვიცით, რომ ამის შესახებ დღემდე იწერება საერთაშორისო პრესაში. იმისათვის, რომ სახე არ დაკარგოს და შეინარჩუნოს, ბუნებრივია, თურქეთს უნდა აჩვენოს, რომ კავშირი არ აქვს ტერორისტულ ჯგუფებთან და პირიქით, მათ ეწინააღმდეგება. ერთგვარი პოლიტიკური თამაშია.
რაც შეეხბა ტრამპის პოზიციას, ვნახოთ როგორ მოიქცევა უკვე პრეზიდენტის რანგში. რაღაცა განსაკუთრებული სტილით ხასიათდება და მისივე უცნაური განცხადებების გამო შეარქვეს - გიჟური პოლიტიკის თეორია, რომელიც ჯერ კიდევ 70-იან წლებში არსებობდა ამერიკის პოლიტიკაში.
ანუ, ყველაფერი შეგიძლია თქვა, მაგრამ სინამდვილეში სიგიჟე კი არ არის, ერთგვარი მელაკუდობაა, როდესაც ასეთი მეთოდით სინჯავ პოზიციას და შემდეგ შესაბამისი ზომებით შედიხარ. ამაზე უკვე ალაპარაკდა საერთაშორისო და ამერიკული პრესა. ჯერჯერობით, ვერ ვეტყვით, როგორ შეიძლება ტრამპის განცხადება აისახოს პოლიტიკაზე, მაგრამ ეს უფრო ჰგავს ნიადაგის მოსინჯვას მოწინააღმდეგეებთან, ურთიერთობის დადალაგების და მოგვარების შესაძლებლობას.
გადატვირთვის და დათმობის პოლიტიკით დაიწყო რუსეთთან ურთიერთობა ობამამაც...
- ნამდვილად ასე იყო და იგივეს ამბობს ტრამპი, რომ შეეცდება რუსეთთან მოაგვაროს ურთიერთობა და რაღაცნაირად ერთგვარ იდენტიფიცირებას ახდენს - ვინ არიან ამერიკის მტრები, ვისთან უნდა იმეგობროს და ვისთან არ იმეგობროს ამერიკამ. რეალური პოლიტიკა როგორი იქნება, ამას ძალიან მალე დავინახავთ. თუმცა, ფაქტია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემებისა და საფრთხეების წინაშე დგას მსოფლიო, სირიის კრიზის არის დასასრულებელი, რაც ნომერ პირველი ამოცანაა, პირველ რიგში - დასავლეთისთვის. ვინ რას ლაპარაკობს, არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია სირიასთან დაკავშირებით გაგრძელდეს მოლაპარაკება, რომ დასრულდეს კონფლიქტი.
ერთია რას ამბობს თურქეთი, მაგრამ მეორეა რას იზამს რუსეთი. გიულენის თემას რუსეთი მიიღებს როგორც განცხადებას, თუ როგორც შემდგარ ფაქტს?
- რუსეთმა იმავე დღეს გააგზავნა თურქეთში დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფი. ბუნებრივია, ინფორმაციის გაცვლა მოხდება, მაგრამ რუსეთი დამოუკიდებლად წარმართავს ამ გამოძიებას, რა დასკვნას გამოაქვეყნებს, ეს არ ვიცით. იმიტომ, რომ რუსეთის სააჯარო ინფორმაციის მიმართ სანდოობა დაბალია. რუსეთი შესანიშანავად გამოიყენებს ამ მკვლეობას იმისთვის, რომ გაიმყაროს პოზიცია სირიის კონფლიქტში და წარმოადგინოს თავი, როგორც მნიშვნელოვანი ავტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, რომელიც არასოდეს არ შემოდის, როგორც საქმის მომგვარებელი.
რაც შეეხება თურქეთს, მათ თავისი დღის წესრიგი აქვთ საერთაშორისო და ახლო აღმოსავლეთის პრობლემებში - თავის გადარჩენაზეა ორიენტირებული. არადემოკრატიულობით და არაპროგნოზირებულობით ერდოღანის რეჟიმს ავტორიტეტი უფუჭდება დასავლეთში. მაგრამ გიულენს რატომ უნდა აწყობდეს რუსეთის ელჩის მოკვლა და არა სხვა ქვეყნის ელჩის, ეს ძალიან ბევრ კითხვის ნიშნებს აჩენს. ასე ცალსახად არ არის საქმე. ჩატარდება დამოუკიდებელი გამოძიება, მაგრამ არა მგონია, რომ მისი სანდოობა იყოს მაღალი და ამის მოლოდინიც არ გვაქვს რუსეთის მხრიდან.