ანკარა - თურქეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად მოკლეს;
04:30 ანკარა - უცნობმა პირმა აშშ-ის საელჩოსთან ცეცხლი გახსნა. ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდამსხმელი ყვიროდა - „ნუ გვეთამაშებით“.
ბერლინი - საშობაო ბაზრობაზე სატვირთო ავტომანქანის შევარდნის შედეგად 12 ადამიანი გარდაცვალა;
ციურიხი - ისლამურ ცენტრთან სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა, ნაპოვნია ერთი ცხედარი - ეს ერთ ღამეში განხორციელეუბული 4 ტერორისტული აქტია.
ყველა ამ ფაქტის უკან რადიკალი ისლამისტები დგანან. თურქული სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, პოლიციამ რუსეთის ელჩის მკვლელის, მევლუთ მერთ ალტინტაშის 6 თანამზრახველი დააკავა, მათ შორის აიდინის პროვინციაში დააკავეს მკვლელის დედა, მამა, და, და კიდევ ორი ნათესავი, ხოლო ანკარაში მასთან ერთად - ბინაში მცხოვრები პირი.
რაც შეეხება ბერლინში, საშობაო ბაზრობაზე მომხდარ ტერორისტულ აქტს, სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, რომელიც ხალხმრავალ საშობაო ბაზრობაზე შევარდა, მიზანმიმართულად მოქმედებდა. მძღოლი კი პაკისტანელი ლტოლვილია, რომელიც გერმანიაში 2016 წლის თებერვალში ჩავიდა.
გამოცემა Tagesspiegel-ი წერს, რომ მამაკაცს პოლიციასთან ურთიერთობა წვრილმან სამართალდარღვევებთან დაკავშირებით ჰქონდა, თუმცა ექსტრემისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი არ ყოფილა. რაც შეეხება ციურიხის ისლამურ ცენტრში მომხდარ თავდასხმას, ცნობილია მხოლოდ ის, რომ თავდასხმელმა თავი მოიკლა.
თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობას სასიცოცხლო მნიშვნელობა გააჩნია რეგიონისთვის და ვისაც ამ კავშირისთვის ზიანის მიყენება სურდა, მიზანს ვერ მიაღწევს. როგორც რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, თურქეთმა რუსეთისადმი საკუთარი სოლიდარობა ალეპოში ოპერაციისას აჩვენა.
„მომხდარი არის პროვოკაცია მათი მხრიდან, ვისაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობისთვის ზიანის მიყენება სურს. რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობას სასიცოცხლო მნიშვნელობა გააჩნია რეგიონისთვის და ვისაც სურდა ამ კავშირისთვის ზიანის მიყენება, მიზანს ვერ მიაღწევს“, - აცხადებს რეჯეფ თაიფ ერდოღანი.
ვლადიმერ პუტინის განცხადებით კი, ბანდიტები პასუხს საკუთარ თავზე იგრძნობენ. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, პასუხი ამ მკვლელობაზე მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს - ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება.
„ბანდიტები თავიანთ თავზე იგრძნობენ ამ პასუხს. რუსეთის ფედერაციის გამოძიების კომიტეტმა უკვე აღძრა სისხლის სამართლის საქმე. შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაუყოვნებლივ გაემგზავრება ანკარაში, სადაც თურქ კოლეგებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ გამოძიებაში. შეთანხმება ამის შესახებ უკვე მიღწეულია თურქეთის პრეზიდენტთან. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ მართავდა მკვლელის ხელს“, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.
თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობას გმობენ და შეშფოთებას გამოთქვამენ მსოფლიო ლიდერები. გამონაკლისი აღმოჩნდა უკრაინელი დეპუტატი, რომელმაც თურქეთში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელს „გმირი“ უწოდა. დეპუტატი აღნიშნავს, რომ რუსეთის ელჩის მკვლელი თავისი ხალხის გმირია.
„მკვლელობა წარმოადგენს პასუხს ალეპოში ათასობით მოკლულ ადამიანზე, რაშიც დამნაშავე რუსეთია. როდესაც ადამიანი თავისი სიცოცხლის ფასად მზად არის მიიღოს უკიდურესი ზომები, იდეისთვის, სიმართლისთვის, მაშინ დარწმუნებით შეიძლება ითქვას - გმირი!“ - წერს ვლადიმერ პარასიუკი.
როგორც ფაქტები აჩვენებს, „ისლამური ხალიფატისთვის“ ევროპა უფრო მიმზიდველია, ვიდრე საქართველო, სადაც ასევე გათნავსებულია დიპლომატიური მისია. თუმცა, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ საქართველოში ტერორისტული აქტების განხორციელების დიდი ალბათობა არ არსებობს. თუმცა საუბრობენ საფრთხეზე, რომლის წინაშე შესაძლოა მსოფლიო დადგეს - ეს არის მესამე მსოფლიო ომის საფრთხე.
„სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადაოებრი კონტროლის, საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარის, ბესიკ ალადაშვილის განცხადებით, სირიაში მიმდინარე საომარი მოქმედება, ფაქტიურად, ფარული მესამე მსოფლიო ომია, სადაც სუპერ სახელმწიფოს - აშშ-ის და რუსეთის ინტერესებია დაპირისპირბეული.
„სირიაში უკვე ღიად მოქმედებს აშშ და რუსეთი. რაც შეეხება ტერორიზმის მესამე მსოფლიო ომს, ტერორიზმის ფორმულირება შეიცავს არარეგულირებად მოქმედებებს, მაგრა როცა ის გადადის რეგულირებულ შეიარაღებულ დაპირისპირებაზე, ეს უკვე არის ომი. ასე რომ, ტერორიზმი ყოველთვის არის ფარული მოქმედებები და არა ღია.
რაც შეეხება ამ კონკრეტულ თავდასხმებს, ტერორისტულ სცენარში ჯდება. სამწუხაროა, დიპლომატების გადარაცვალება, მაგრამ იგივე მოხდა პარიზში და ბელგიაში. ათეულობთ ადამიანი ემსხვერპლა ტერორისტულ აქტს - ფაქტიურად, იგივე მნიშნველობის იყოს. უბრალოდ, ამ შემთხვევაში ტერაქტი განხორციელდა სახელმწიფო მოხელეების წინააღმდეგ. ჩემი აზრით, აქ რაღაცა განსაკუთრებული ცვლილებები არ არის“, - აცხადებს ბესიკ ალადაშვილი.
რაც შეეხება საქართველოს, ალადაშვილის შეფასებით, ტერორისტული შეტევის საფრთხე, პირდაპირ იდენტიფიცირებული საქართველოზე არ იქნება, მაგრამ რისკი საკმაოდ მაღალია.
„ტერორიზმისთვის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის მისი რეზონანსულობა, აქედან გამომდინარე, საქართველოში არსებული ყველა საელჩო ყოველთვის საფრთხის ქვეშ არის. საფრთხე არსებობს, მაგრამ არა პირდაპირ საქართველოზე და ქართულ სახელწიფოზე, არამედ საქართველოში განლაგებულ საელჩოებზე, საქართველოში მყოფ დიპლომატებზე და იმ ქვეყნების სავაჭრო ცენტრებზე, რომელიც მათი შეტევის ობიექტები არიან“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ბესიკ ალადაშვილმა.
ექსპერტი, უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში, მამუკა ნებიერიძე განმარტავს, რომ დღეს, საერთაშორისო სისტემა, საერთაშორისო სამართალი პრობლემებს განიცდის, როდესაც საერთაშორისო ნორმების დაცვა არ ხდება წამყვან სახელმწიფოებს შორის. რაც შეეხება საქართველოს, იმ შემთხვევაში, თუკი მსხვილ სახელმწიფოებს შორის მოხდება შეტაკება, სამხედრო გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს შესაძლოა, სერიოზული პრობლემა შეექმას და ამისთვის მზადება აუცილებელია.
„მათთვის უფრო ეფექტიანია წამყვანი სახელმწიფოები, აშშ, გერმანია, საფრანგეთი, რუსეთი, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ მათ წინააღმდეგ ბრძოლაში. საქართველო, როგორც სახელმწიფო შესაძლოა, სამიზნე არ იყოს, მაგრამ შესაძლებელია შურისძიების აქტი განახორციელონ, ისევე როგორც ანკარაში მოხდა. სადაც შურისძიების აქტების საშუალება ექნებათ, ყველგან განახორციელებენ, მაგრამ ტერაქტი მიზანმიმართულად საქართველოში განახორიელონ, ჯერჯერობით ასეთი სურათი არ ჩანს.
აუცილებელია გამკაცრდეს უსაფრთხოების ზომები და კონტროლი საქართველოში მოქმედ წამყვან საელჩოებზე, მათ შორის პირადად ელჩების უსაფრთხოების დაცვა. კონტროლზე უნდა იყოს აყვანილი - ამერიკის, გერმანიის, საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის საელჩოები. ეს აუცილებელია იგივე, პროფილაქტიკის თვალსაზრისით, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს ყოველგვარი აქციებისა და ხმაურის გარეშე.
უნდა ითქვას, რომ ტერორისტები მოქმედებას ახერხებენ იქ, სადაც დიდია დიასპორა, სადაც მათ ჰყავთ ადამიანები, რომელთა დავერბოვკება შესაძლებელია. პირველ რიგში ეს არის - საფრანგეთი, გერმანია და რუსეთი. ჩვენთან ასეთი დიასპორა არ არის. რასაკვირველია არიან მუსულმანები, მხედველობაში მყვას ჩამოსულები, იგივე თურქები, ირანელები და არაბები, მაგრამ მათ დიდი შესაძლებლობა საქართველოში არ აქვთ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას მამუკა ნებიერიძემ.
ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარე დავით სიხარულიძე აცხადებს, რომ ტერორიზმი 21-ე საუკუნის დაავადებაა, რომლის წინააღმდეგაც ყველაფერი უნდა გაკეთდეს. მისი თქმით, ტერორისტული აქტი არ არის გზა, რომლითაც საერთოდ რამის მოგვარება შეიძლება.
„ვფიქრობ, ურთიერთიბები, ბუნებრივია, მოლაპარაკებების ფორმატია. ვიმედოვნებ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ის ტრაგედია, რომელიც ახლაც მიმდინარეობს, მოგვარდეს. რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების განსაზღვრა კი მათი პრივილეგიაა“, - აცხადებს დავით სიხარაულიძე.