„მზად არიან უთავბოლოდ კამათის რეჟიმში იყვნენ, ნაცვლად იმისა, რომ პოლიტიკა შეჩერდეს და დაიწყოს სახელმწიფოს მართვა“

„მზად არიან უთავბოლოდ კამათის რეჟიმში იყვნენ, ნაცვლად იმისა, რომ პოლიტიკა შეჩერდეს და დაიწყოს სახელმწიფოს მართვა“

„განვლილ 5 წელთან შედარებით, 2016 წელს უფრო აქტიური იყო იმ მთავრობის მოქმედება, რომელსაც სათავეში ჩაუდგა გიორგი კვირიკაშვილი. ვაცალოთ მშვიდ გარემოში იმოქმედოს მთავრობამ 100 დღის განმავლობაში“, - აცხადებს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი და ფიქრობს, 100 დღის მერე, თუ საჭირო იქნება, შეიძლება პოლიტიკური ქელეხიც გაიმართოს.

for.ge სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.

აქტიური, მაგრამ ამავე დროს ძალიან მძიმე აღმოჩნდა 2016 წელი საქართველოს მოსახლეობისთვის, ვგულისხმობ ლარის გაუფასურებას, რამაც სოციალური ფონი უფრო დაამძიმა. ბატონო სოსო, როგორ შეფასებთ 2016 წელს?

სოსო ცისკარიშვილი: არც თუ მცირეა 2016 წლის როლი 21-ე საუკუნის პირველ ნახევრაში. ვცდილობდით, რომ უფრო ახლოს აღმოვჩენილიყავით როგორც ევროკავშირთან, ასევე ნატოსთან. სრულიად მკაფიოდ ჩამოყალიბდა ვექტორი, რომელიც მიუღებელი არის მხოლოდ ერთადერთი, მაგრამ უზარმაზარი სუბიექტისთვის, რომელსაც ჰქვია რუსეთი.

ჩვენ საკმაოდ დამაჯერებლად ვზრდიდით თანამშრომლობის სივრცეს ევროკავშირის ქვეყნებთან, პრაქტიკულად, ყველა ვალდებულება შევასრულეთ იმისათვის, რომ კითხვა აღარ დასმულიყო, ვართ თუ არა შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის ღირსი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ შესაძლებლობებით, რომელიც ქვეყანას გააჩნდა, ეს ჩანაფიქრი განხორციელდა.

განვლილ 5 წელთან შედარებით, 2016 წელს უფრო აქტიური იყო იმ მთავრობის მოქმედება, რომელსაც სათავეში ჩაუდგა გიორგი კვირიკაშვილი, როდესაც აღსდგა ნორმალური ურთიერთობა საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობის თავმჯდომარეს შორის, ხოლო მესამე პირი, პარლამენტის თავმჯდომარის სახით, გახლდათ ნამდვილად საოცნებო სამეული, რომელთა მსგავსი ძნელია, წარმოვიდგინოთ.

თუ გავითვალისწინებთ სიახლოვეს ევროკავშირთან და ნატოსთან, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო უფრო აქტიურად გამოჩნდა საერთაშორისო რადარზე?

- რასაკვირველია. ჩვენი ექსპორტი უკვე დაიძრა ევროპული სივრცისკენ. ის ფაქტი, რომ ჩვენს ქვეყანაში იმპორტი ჭარბობს ექსპორტს, ნამდვილად არახალია. არ მახსენდება წელი, როდესაც ექსპორტი ყოფილიყო მოცულობით უფრო დიდი, ვიდრე იმპორტი. ეს წარმოუდგენელიც არის ჩვენისთანა პატარა სახელმწიფოსთვის, მაგრამ გულდასაწყვეტია, როცა იმპორტის პირობებს აღავსებენ ისეთი პროდუქტით, რომელიც შესაძლებელი იყო საქართველოშიც გქონოდა და უფრო მეტად შეგვეძლო ამ საქონლის ექსპორტიც.

ასეა თუ ისე, გადავფარეთ 2016 წლის იანვრიდან ივნისამდე ის ბარიერი, რომელიც გვაძლევდა ოცნების საშუალებას, რომ ქვეყანაში ჩატარდებოდა სამართლიანი არჩევნები. ფაქტი ჯიუტია, ჩვენმა პარლამენტმა ვერ მოახერხა, რომ ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა ფენების წარმომადგენლობით, გამხდარიყო მრავალხმიანი სუბიექტი. ისევ ერთმანეთის ლანძღვა-გინების მორევში აღმოჩნდნენ, რომელშიც 4 წელი გაატარა. სამწუხაროა, რომ არანაირი პროგრესი ამ ორი დაპირისპირებული პოლიტიკური ძალის ტაქტიკაში არ შეიმჩნევა.

ასეთ პირობებში მხოლოდ ის არის სიმშვიდის მაუწყებელი, რომ თავად შემადგენლობა ახალი გუნდის, არის ბევრად უფრო პროგრესული და თუ ის სწორ კალაპოტში მოექცევა, შესაძლებელია, გახდეს სწორედ ის ძალა, რომლისთვისაც მიუღებელი იქნება ჯდომა იმ პოლიტიკურ სივრცეში, რომელშიც მხოლოდ ურთიერთბრალდებებით და საკმაოდ უზრდელი გამონათქვამებით ამდიდრებენ პოლიტიკურ სივრცეს. არ გამიკვირდება, დღევანდელი „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსად, „ქართულ ოცნებაშიც“ შეიქმნან განსხვავებული პოლიტიკურ ხედვა.

რაც შეეხება სოციალურ ფონს, ლარის კატასტროფულმა გაუფაურებამ, რომელიც 2015 წელს დაიწყო და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ყველა რეკორდი მოხსნა, საზოგადოება უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენა. პროგნოზიც დამაიმედებელი არ არის. რას ელოდებით ამ მიმართულებით?

- რაიმე პროგნოზის გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამა თუ იმ მოვლენის საფუძველია ცნობილი. დღეს ცინიკურ განცხადებებს ვისმენთ ლარის გაუფასურების შესახებ. ამაში გასაკვირი ის არის, რომ არც ერთი პოლიტიკური ძალა არ ცდილობს რაიმე ერთიანი მიდგომის გამომუშავებას. ხომ არ შეიძლება, რომ ერთი პარტიის მხარდამჭერთათვის ლარის განადგურების მიზეზი ერთი იყოს, მეორე პარტიის ამომრჩევლებისთვის სრულიად განსხვავებული?! არა ბატონებო, მიზეზი საერთოა და იქნებ ამ მიზეზზე ერთად დაფიქრდნენ ჩვენი დალოცვლილი პოლიტიკოსები. რამდენიმე საათით გამოთიშონ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები კამათის სივრციდან და დამაჯერებელი მიზეზები წარმოადგინონ იმისა, რა არის ლარის გაუფასურების რეალური მიზეზი, რატომ მყისიერად არჩევნების დამთავრების შემდეგ და არა ორი კვირით ადრე? რა მოხდა, სად წავიდა ამდენი დოლარი? რატომ გახდა სწორედ წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში დეფიციტური? ამაზე პასუხები არ არის.

ვითარებას, ალბათ, ისიც ამძიმებს, რომ ვარაუდებიც არც თუ ოპტიმისტურია...

- ვარაუდებით საუბარი უკვე გვიანია. ცხადია, რომ რაიმე ერთობლივი გადაწყვეტილების მიღების სურვილიც კი არ უჩნდება პარლამენტის არც ერთ პოლიტიკურ სუბიექტს. ასე შორს ვერ წავალთ. ვიდრე ასეთ განხილვებში უმრავლესობა არ იქნება სწორედ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი, ასეთ შემთხვევაში პოლიტიკოსები ვერ მოუვლიან ვერც ლარს და ვერც ქვეყანას. მით უმეტეს, რომ მოლოდინი, რაიმე საიმედო მიზეზების მოსმენის, არ არსებობს.

რატომღაც სრული უდარდელობაა ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის მხრიდანაც. ერთადერთი საინტერესო დისკუსია, რომელიც ამ დრომდე მოვისმინეთ, ეს იყო ფინანსთა მინისტრის მოადგილის სტუმრობა „ნაციონალური მოძრაობის“ უმცირესობასთან შეხვედრაზე. ამ შეხვედრაზე მოვისმინე საკმაოდ საღი, პროფესიული შენიშვნები და სრულიად დამაჯერებელი და მკაფიო პასუხები, რამაც

გამიჩინა სურვილი, რომ იქნებ, ჯერ არ ამუშავებული მთავრობის გადაღლილ ახალ შემადგენლობას მივცეთ ტაიმ-აუტი და იქნებ, პირველი პირების მოადგილეებმა მოახერხონ კომუნიკაციის ჩამოყალიბება „ნაცონალური მოძრაობის“ და „პატრიოტთა ალიანსის“ წარმოამდგენლებთან. არ შეიძლება, საქართველო წლების განმავლობაში დარჩეს მხოლოდ წარსულისა და აწმყოს კამათის რეჟიმში.

დროა, პოლიტიკურმა სივრცემ და აქტიურმა სამოქალაქო საზოგადოებამ გაითავისოს ქალბატონ ჰილარი კლინტონის შეგონება - ჩვენ ვამაყოფთ ჩვენი დემოკრატიით, სწორედ ასეთ დემოკრატიაშიც კი დგება დრო, როდესაც პოლიტიკა უნდა შეჩერდეს და დაიწყოს სახელმწიფოს მართვა“. დღეს ჩვენი უბედურება ის გახლავთ, რომ პარლამენტში მოხვედრილი არც ერთი პოლიტიკური სუბიექტი ამ ფორმულით არ სარგებლობს. მზად არიან უთავბოლოდ კამათის რეჟიმში იყვნენ ერთმანეთთან, ნაცვლად იმისა, რომ პოლიტიკა შეჩერდეს და დაიწყოს სახელმწიფოს მართვა. ვდგავართ იმ საფრთხის წინაშე, რომ სახელმწიფოს მართვა საბოლოოდ მივაბაროთ ერთ განსაკუთრებულ რიგით მოქალაქეს.

პროცესების პროგნოზირება საკმაოდ რთულია, მით უფრო, როდესაც სოციალურად დაუცველებს ქირით უზრუნველყოფაზეც უარი ეთქვა, მოტივად დასახელდა ის, რომ ბიუჯეტში ფული არ არის. იმ ფონზე, როდესაც სოციალური ფონი რთულია, ასეთი გადაწყვეტილება კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას. შესაძლებელია ქვეყანა სოციალური აფეთქების წინაშე დადგეს?

- სოციალური დახმარების თემა დიდი გამოწვევაა ნებისმიერი ხელისუფლებისთვის და მით უმეტეს მაშინ, როდესაც რაოდენობა ამ გამოწვევისა, ძალიან ხანგრძლივი დროის განმავლობაშიც არ იცვლება. აგერ, უკვე, 20 წელზე მეტია რაც ჩვენს ქვეყანაში ტერმინი - იძულებით გადაადგილებული პირი, არ ხდება წარსულზე მიმანიშნებელი ცნება.

ჩვენ უნდა ვეძიოთ პარტნიორები ისეთ არასამთავრობო ორგანიზაციებში, რომლებიც გულისხმიერნი იქნებიან თითოეული ოჯახისთვის, რომელსაც არ ძალუძს მარტომ დაძლიოს უამრავი ზღუდე, მაღალჩინოსანთან საუბრებისთვის, ან რაიმე სასიკეთო შედეგის მოძიებისთვის.

უნდა მოვიძიოთ ის თანხები, რომელიც ათეული წლების განმავლობაში არაადამიანურ პირობებში მცხოვრებ ოჯახებს უზრუნველყოფს იცოხვრონ ადამიანური ცხოვრებით. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ჯერ კიდევ არ არის პროგრესი. თუ არის ეს პროცესი გამჭვირვალე, მაშინ კითხვები არ უნდა ისმებოდეს.

დეკემბერში ამოქმედდა შეჩერების მექანიზმი, არის მოლოდინი, რომ გაზაფხულზე ამოქმედდება უვიზო მიმოსვლა. გაქვთ მოლოდინი, რომ საქართველოს შემთხვევაში მიღებული იქნება გადაწყვეტილება?

- დამატებით გამაღიზიანებელ თემად ნუ გავხდით ვიზალიბერალიზაციას ჩვენი საზოგადოების ღარიბი ნაწილისთვის, რომელსაც ისედაც ბევრი აქვს საფიქრალი. ჩვენთვის უფრო საინტერესო იქნება, რა ტემპით და რა სიმრავლით იქნება აღჭურვილი ქართული ექსპორტი მომავალი წლიდან. იმედის მომცემია თუნდაც ღვინის საკითხი ჩინეთის ბაზრის მოთხოვნილებიდან გამომდინარე, როდესაც მთავრობა ვარაუდობდა 3 მილიონი ბოთლი ქართული ღვინის გატანას, ჩინელებმა ხელი მოაწერს 5 მილიონი ბოთლი ქართული ღვინის გატანას.

რასაკვირველია, მიღწევაა, თითქმის გაორმაგება ამ შემოსავლის, მაგრამ ყველა პროდუქტს თავისი ვადა გააჩნია, აქ კონსულტაციაც ბევრი გვჭირდება და რაც მთავარია, უნდა გამოვრიცხოთ ჩვენი ოცნებების სკივრიდან რაიმე სახის დარღვევა ექსპორტის პროცესში. ვაცალოთ, მშვიდ გარემოში იმოქმედოს ჩვენმა მთავრობამ 100 დღის განმავლობაში. 100 დღის მერე, თუ საჭირო იქნება, შეიძლება პოლიტიკური ქელეხიც ჩავატაროთ.

ანუ, შესაძლებელია მთავრობის პასუხისმგებლბის საკითხი დადგეს?

- გააჩნია, პარლამენტი თუ დაინახავს, რომ მთავრობას არ ძალუძს დანაპირების შესრულება, მაშინ შეიძლება ვისაუბროთ ახალ მთავრობაზე, მაგრამ ვიდრე რომელიმე პოლიტიკური ძალა დაიწყებს საუბარს მთავრობის შეცვლის აუცილებლობაზე, იქნებ თავის განცხადებას მოაყოლოს 19-კაციანი სია, ვინ რომელი სამინისტროს თავკაცად ეგულებათ, იმ შემთხვევაში, თუკი მართლაც დადგება მთავრობის შეცვლის საკითხი.

ვერ ვხედავ მე უკეთეს მთავრობას. სახელის და გვარების შეჯერებით როგორია მთავრობის უნარიანობა, რამდენად გაიზარდა, ან პირიქით, შემცირდა მთავრობის წევრების დამოუკიდებლობა მათზე ძალიან მაღლა მდგომი სუბიექტისგან. ამიტომ ვაცადოთ, ჩვენ თავად არ შევუშალაოთ ხელი იმ ნაბიჯის გადადგმას, რომლის სურვილიც თავად გაგვაჩნია.