რუსეთის ტაქტიკა არ იცვლება

რუსეთის ტაქტიკა არ იცვლება

კრემლში ფიქრობენ, რომ ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის გაძლიერება, უშუალოდ ეხება რუსეთის ფედერაციის ეროვნულ უსაფრთხოებას. შესაბამისად, რუსეთი შესაბამისი საჭირო ზომების მიღებით იმუქრება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორი ანდრეი კელინი ამბობს, რომ იმის გათვალისწინებით, თუ როგორ იზრდება სამხედრო ინფრასტრუქტურა და ძლიერდება სამხედრო ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ფრონტზე, ნათელია, რომ ეს ყველაფერი უშუალოდ ეხება რუსეთის ეროვნულ უსაფრთხოებას, რაც გათვალისწინებული იქნება თავდაცვითი დაგეგმარებისას.

„ვფიქრობ, შექმნილ სიტუაციაში, იმის გათვალისწინებით თუ როგორ სრულდება ნატო-ს გადაწყვეტილებები, ჩვენ მივიღებთ საჭირო ზომებს უსაფრთხოების გასაძლიერებლად. ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები შესაბამისი იქნება იმ ახალ საფრთხეებთან და ზეწოლის ახალ ფორმებთან მიმართებაში, რომელიც ნატო-ს მხრიდან მოდის“, - განაცხადა „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში ანდრეი კელინმა.

როგორც ჩანს, რუსეთის ტაქტიკა არ იცვლება. მიუხედავად იმისა, რომ ნატო და ევროკავშირი რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, კრემლი აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას. ნატოს გენერალური მდივნის შეფასებით, ალიანსი იძულებულია, რეაგირება მოახდინოს გამოწვევაზე, რადგან რუსეთმა რამდენიმე წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გააძლიერა სამხედრო პოტენციალი, სამჯერ გაზარდა თავდაცვითი ხარჯები, ძალას იყენებს მეზობლების წინააღმდეგ და აქტიურად იყენებს პროპაგანდას ევროპაში ალიანსის მოკავშირეებს შორის.

„დღევანდელი რუსეთი გაცილებით აგრესიულია, ვიდრე საბჭოთა კავშირი“, - აღნიშნა ლატვიის ყოფილმა პრეზიდენტმა ვალდას ზატლერსმა, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ეროვნული და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიულ დისკუსიაზე.

„ჩვენ გაურკვევლობის ეპოქაში ვცხოვრობთ. არ ვიცით რა მოხდება მომდევნო კვირას, არაფერს ვამბობ იმაზე, თუ რა მოხდება მომდევნო წელს. იცით, კომუნისტური საბჭოთა კავშირი ომობდა ყოველ 12 წელს, ხოლო დღევანდელი რუსეთი ყოველ 6 წელს. ჩეჩნეთის პირველი და მეორე კამპანიები, საქართველო, უკრაინა. ყირიმის შემდეგაც მუდმივად საომარი მოქმედებების სიტუაციაში იმყოფება რუსეთი, იქნება ეს აღმოსავლეთ უკრაინაში თუ სირიაში.

დღეს რუსეთის მმართველები ომზე როგორც ჩვეულებრივ მდგომარეობაზე საუბრობენ. მათთვის კარგია საომარ მდგომარეობაში ყოფნა, ამით ისინი გვეუბნებიან, ნახეთ როგორი გმირები ვართ, როგორი ძლიერები ვართ. ჩვენ ვხედავთ ძალიან თავხედ და აგრესიულ საგარეო პოლიტიკას რუსეთის მხრიდან“, - განაცხადა ვალდას ზატლერსმა.

მისივე თქმით, ბალტიისპირეთის ქვეყნების სტაბილური და მშვიდობიანი გარემოსთვის ერთადერთ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს.

რაც შეეხება საქართველო-ნატო-ს ურთიერთობებს, ზატლერსი ამბობს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, თუ შევხედავთ ნატო-ს გაფართოების ისტორიას, ვნახავთ რომ ქვეყნები ოკუპირებული ტერიტორიებით და სადავო საზღვრებით, მათ შორის რუსეთთან, მიღებულნი იქნენ ალიანსში.

მარგველაშვილის თქმით, აღნიშნულით სარგებელი მიიღო ყველამ - გაძლიერდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, გაძლიერდნენ თავად ეს სახელმწიფოები, ასევე სარგებელი მიიღო გაფართოებისადმი სკეპტიკურად განწყობილმა რუსეთის ფედერაციამაც კი, რადგან მიიღო ყველზე დაცული საზღვრები და ჰყავს, ამ თვალსაზრისით, დაცული მეზობლები.

„დღეს შავი ზღვის აღმოსავლეთი ნაწილი ამ თვალსაზრისით განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რადგან სწორედ ამ სივრცეში არსებული კონფლიქტები წარმოადგენს გარკვეულ საფრთხეს საერთო ევროპული კეთილდღეობისთვის. ნატო-ს ვარშავის კომუნიკეც სწორედ ამას უსვამს ხაზს და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცების აუცილებლობას აღნიშნავს.

ვარშავის სამიტის ფინანსურმა დოკუმენტმა ნათლად და ხაზგამსით აღნიშნმა ისიც, რომ ალიანსის ქვეყნების უსაფრთხოების პრობლემის სათავე ნატო-ს საზღვრებს გარეთ მდებარეობს და წევრ სახელმწიფოებს პარტნიორ სახელმწიფოებთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ეროვნული და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიულ დისკუსიაში მონაწილეობას ღებულობდა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში, უილიამ ლაჰიუ, რომელის შეფასებით, რუსეთი წლების განმავლობაში მხარს უჭერს სეპარატისტულ მოძრაობებს საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ და ამით აჩვენებს, რომ საფრთხეს წარმოადგენს მეზობლებისთვის.

„ჩვენ განვიხილავთ უსაფრთხოების სიტუაციას საერთაშორისო აუდიტორიის თანდასწრებით და საქართველოს ღირებულებას მოკავშირეებისთვის და მეზობლებისთვის, როგორც რეგიონული სტაბილურობის ნაწილს. რაც შეეხება რუსეთს რეგიონული უსაფრთხოების ჭრილში, რუსეთი წლების განმავლობაში მხარს უჭერს სეპარატისტულ მოძრაობებს საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ და ამით აჩვენებს, რომ საფრთხეს წარმოადგენს მეზობლებისთვის. დღევანდელ დისკუსიებზე ჩვენ ასევე განვიხილავთ ამ პრობლემების გადაჭრის გზებს“, - აღნიშნა უილიამ ლაჰიუმ.