„Yandex Taxi“-ის შემოსვლამ საქართველოში ერთდროულად კმაყოფილებაც გამოიწვია და უკმაყოფილებაც. თბილისელი მგზავრებისთვის დიდი შეღავათია, როცა „იანდექსის“ ტაქსებით დედაქალაქის ლამის ნებისმიერ წერტილში 1,5 ლარად გადაადგილდებიან, თუმცა განახევრებული და ზოგჯერ სამჯერ უფრო იაფი ტარიფები კონკურენტი კომპანიებისთვის თავის ტკივილია.
ისინი ამბობენ, რომ „იანდექსის“ გამოჩენის შემდეგ წაგებაზე მუშაობენ და მგზავრები მათ მომსახურებას აღარ ითხოვენ. ამიტომაც ტაქსების კომპანიამ გადაწყვიტა, საჩივრით მიემართა კონკურენციის სააგენტოსთვის და გაეპროტესტებინა, რომ „იანდექსი“ მომხმარებელს საბაზრო ფასზე იაფად ემსახურება. მათი საჩივრის საფუძველზე, კონკურენციის სააგენტომ „იანდექსის“ ტაქსის საქმიანობის შესწავლა უკვე დაიწყო.
აღნიშნულ ბაზარზე ვითარება უცნაურია. ის ადამიანები, რომლებიც „იანდექსს“ კონკურენციის გამო უჩივიან, სინამდვილეში, თავადაც „იანდექსისგან“ ღებულობენ ანაზღაურებას და საკუთარ ტაქსის მძღოლებს უკეთესი პირობების გამო „იანდექსთან“ თანამშრომლობას ურჩევენ. უბრალოდ, მათ შეშფოთებას იწვევს მონოპოლიური პრივილეგიების დაკარგვა ამ ბაზარზე. ამდენად, ყოფილი მონოპოლისტები ახლა „იანდექსის“ ჩაძირვას ცდილობენ.
ტაქსის ერთ-ერთი კომპანიის დამფუძნებელი მამუკა გრძელიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ „იანდექს ტაქსის“ მეშვეობით მძღოლები გაცილებით მეტ თანხას შოულობენ, ვიდრე ადრე. უკმაყოფილო ვინც არის და ვინც საჩივარი შეიტანა კონკურენციის სააგენტოში, სინამდვილეში, ბიზნესმენთა კონკრეტული ჯგუფია, რომელიც მანამდე ამ ბაზრის მონოპოლისტად ითვლებოდა. ცხადია, მათ არ მოსწონთ ამ ბაზარზე მათზე ძლიერი მოთამაშის შემოსვლა და უკმაყოფილებას გამოთქვამენ, მაგრამ „იანდექსის“ გარდა საქართველოს ბაზარზე კიდევ ორი უმსხვილესი კომპანია აპირებს შემოსვლას - ამერიკული „უბერი“ და ებრაული „Get Taxi“. ამდენად, როცა ადრინდელი მონოპოლისტები ებრძვიან „იანდექსს“, მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ მომავალში სხვა კომპანიებიც აითვისებენ ამ ბაზარს და მძღოლი იქით გადავა, სადაც უკეთეს გასამრჯელოს შესთავაზებენ:
„მონოპოლისტები „იანდექს ტაქსების“ ჩაძირვას გამიზნულად ცდილობენ, მაგრამ ვერანაირად ვერ ჩაძირავენ. წინათ ტაქსის კომპანიების მეპატრონეები, ანუ სულ რაღაც სამი თუ ოთხი კომპანია შოულობდა ფულს, ახლა კი „იანდექსის“ კომფორტული მანქანები აქციის ფარგლებში ლარნახევრად ემსახურებიან ხალხს. ასეთი დაბალი ფასის მიუხედავად, „იანდექსის“ მძღოლები კმაყოფილნი არიან, რადგან თავად კომპანია „იანდექსი“ ყოველდღიურად ზემოდან ურიცხავს 3-4 ლარს და სოლიდური თანხა გამოსდით. ამით საქმდება 2 ათასი ქართველი მძღოლი, მათ თავიანთ ოჯახებში მიაქვთ თანხა, ხოლო, ვინც ფიზიკური პირია, მათი საშემოსავლო გადასახადიც იზრდება და ეს გადასახადი ბიუჯეტში შედის. „იანდექსს“ ამ დროისთვის 2000-მდე მანქანა ჰყავს. ეს ძლიერი კომპანიაა და რეალურად მუშაობს. ხალხმა მანქანები ქირით აიღო, რომ თანხა ეშოვნათ. მანამდე კი მხოლოდ სამი-ოთხი მონოპოლისტი „მუშაობდა“.
მამუკა გრძელიძის თქმით, ამ მონოპოლისტებს შორის ერთ-ერთი ტაქსის კომპანია „200-200“-ია, რომელიც შარშან, სანამ „იანდექსი“ შემოვიდოდა, ნომერ პირველ კომპანიად და თბილისში მონოპოლისტად ითვლებოდა. „200-200“ ყველაზე იაფად დადიოდა და, „იანდექსის“ მსგავსად, სუბსიდირებას ახდენდა. გლდანიდან საბურთალოს მიმართულებით ყველა მგზავრს უკეთებდა სუბსიდირებას, მაგრამ ამაზე არავინ ლაპარაკობს. ახლა კი აღარ სიამოვნებთ, ბაზარზე სხვა რომ შემოდის.
მისივე ინფორმაციით, ვინც ახლა უჩივლა „იანდექსს“, სწორედ ისინი მალულად თანამშრომლობენ „იანდექსთან“ და საკუთარ მანქანებს ამუშავებენ „იანდექსზე“. შეკვეთები რომ დააკლდათ, „200-200“-ის ხელმძღვანელობამ თავიანთ თანამშრომლებს, ბრიგადირებს, მძღოლებს ურჩია, გადასულიყვნენ „იანდექსში“ და პარალელურად იქ ემუშავათ.
„მაგათ, საერთოდ, რა აქვთ სალაპარაკო! ჩვენ უშუალოდ „იანდექსის“ წარმომადგენლები არ ვართ. სხვა კომპანია გვაქვს, გამოძახებებსაც ვღებულობთ, მანქანებიც გვყავს. „იანდექსთან“ ხელშეკრულებით ვასრულებთ შეკვეთებს. მძღოლის სურვილზეა დამოკიდებული, შეასრულებს თუ არა კონკრეტულ შეკვეთას. ეს ნებაყოფლობითი, თავისუფალი გრაფიკია. მძღოლს, რომელიც დილიდან საღამომდე სამუშაოზე გადის, თვეში 3 ათას ლარამდე სუფთა ფული მიაქვს სახლში „იანდექსის“ მეშვეობით. ამ 3000 ლარის 20% სახელმწიფო ბიუჯეტში შედის. თუ ვინმესგან ბიუჯეტში ფული არ შედის, მაშინ ისინი მალავენ თანხას, თორემ „იანდექსი“ ამ მხრივ სუფთად მუშაობს“.
როგორც ტაქსის კომპანიების წარმომადგენლების საუბრიდან ირკვევა, კომპანიას, რომელიც „იანდექსს“ უჩივის, რეალურად არც საკუთარი ავტომობილი ჰყავს, არც მძღოლების უფლებებს იცავს. მათი მძღოლები უკმაყოფილებას არ მალავენ. ცალკე საუბრის თემაა მათი მოძველებული მანქანები, ჭუჭყიანი, მოუწესრიგებელი სალონით.
ტაქსის კომპანიების დამფუძნებლები აცხადებენ, რომ, ზოგადად, უსაფრთხო მანქანების საკითხი სახელმწიფოსა და უშუალოდ იმ კომპანიის დასარეგულირებელია, რომელსაც საკუთარი მანქანები ჰყავს. უნდა არსებობდეს გარკვეული სტანდარტები, რადგან ტაქსის მძღოლები დადიან 1992 წლის გაზის ბალონებით და მგზავრებს სახიფათო პირობებში დაატარებენ. ამიტომ უნდა არსებობდეს სტანდარტი, რომ მგზავრი სისუფთავეში, კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაადგილდებოდეს.
„ქალაქში სერიოზული კომპანიებია და ამ დროს მათ დაზღვეული მანქანები არ ჰყავთ. „იანდექსის“ მსგავსად, მათაც უნდა აწიონ მომსახურების სტანდარტები. „იანდექსის“ ფირმის ტაქსებს თავიანთი სტანდარტები აქვთ. ჩვენ ახალი, სუფთა ტრანსპორტი გვყავს. ჩვენი მანქანები 2014 წლისაა. „იანდექსის“ წარმომადგენლები ძალიან ძვირადღირებულ მანქანებსაც უხდიან თანხებს. ალბათ, გინახავთ, დედაქალაქში კარგი მანქანები რომ დადიან. მათ კარგად უხდიან. კარგი მანქანების მძღოლები 1.5 ლარს მგზავრისგან იღებენ, ხოლო დამატებით 5 ლარს - „იანდექსისგან“. მთლიანობაში, თბილისის მასშტაბით შეკვეთას 6.5-ნახევრად ასრულებენ. რით არის ეს ცუდი? ამ დროს კი კონკურენტები გამოდიან და სრულ ინფორმაციას არ აწვდიან საზოგადოებას. ტაქსის სხვა სამსახურებში, თუნდაც „200-200“-ში, თუნდაც „60-60“-ში მძღოლები თავად უხდიდნენ დამსაქმებელს თანხას. აქ კი მძღოლი არაფერს იხდის და, როგორც მძღოლისთვის, ისე მგზავრისთვის „იანდექსი“ ყველაზე მომგებიანია“, - აღნიშნა მამუკა გრძელიძემ და შეკითხვის საპასუხოდ, რა მოგება რჩება თავად „იანდექსს“, განმარტა, რომ შეღავათიანი ტარიფები „იანდექსისთვის“ საუკეთესო რეკლამაა.
მისივე თქმით, „იანდექსის“ მოგება ისაა, რომ, თუ სხვა კომპანიას 8000-მდე შეკვეთა ჰქონდა, ახლა 200 შეკვეთაღა დარჩა და, ცხადია, უკეთესი პირობებისკენ გაიქცნენ მძღოლები. არც ის არის გამორიცხული, მომავალში „იანდექსმა“ ტარიფები გააძვიროს, მაგრამ მთავარია, რომ ამ ბაზარზე შიდა კონკურენცია დაიწყება და მგზავრიც იმ ტაქსის მომსახურებით ისარგებლებს, რომელიც უსაფრთხო, კომფორტულ და იაფ მომსახურებას შესთავაზებს. ამდენად, ეს პროცესის გაჯანსაღებასა და უხარისხო მანქანების ჩამოცილებას შეუწყობს ხელს.