სულ რაღაც ერთი კვირის წინ ჩატარებული სოცილოგიური კვლევის თანახმად, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ განხეთქილებას პარტიის რეტინგი მკვეთრი ვარდნა მოჰყვა. კვლევის თანახმად ყოფილი სახელისუფლებო პარტიის რეიტინგი 5%-ს შეადგენს. რაც შეეხება „ქართულ ოცნების“ რეიტინგს - ორჯერ ნაკლებია. კვლევის შედეგებს იცნობს ფილოსოფოსი ზურაბ ბიგვავა, რომლის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ვარდნა პარტიის შიგნით მიმდინარე პროცესებმა განაპირობა.
for.ge ზურაბ ბიგვავას ესაუბრა.
როგორც ირკვევა, არსებობს სოცილოგიური კვლევა, რომლითაც დასტურდება, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი 5%-ს შეადგენს. თქვენ თუ იცნობთ ამ კვლევას და რამ გამოიწვია რეტინგის ასეთი ვარდნა?
ზურაბ ბიგვავა: კვლევის წარმომავლობის შესახებ არ ვიცი, მაგრამ ნანახი მაქვს ამ კვლევის შედეგები. ყველა პარტიის რეიტინგი არის დავარდნილი, მაგრამ ეს არის ფარდობითი ვარდნა. იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი გაცილებით ნაკლებად არის დავარდნილი, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“, რომელსაც 5% აქვს.
ამ მონაცემებით რამდენით იკლო სახელისუფლებო პარტიის რეიტინგმა?
- როგორც გითხარით, „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი არის ხუთჯერ ნაკლები ვიდრე იყო. „ქართული ოცნების“ ორჯერ ნაკლებია. აშკარაა, რომ მკვეთრად დავარდნილია „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი. რაც შეეხება მიზეზებს, „ნაციონალური მოძრაობის“ შემთხვევაში დამატებითი ფაქტორებია, რომელიც განსაზღვრავს მისი რეიტინგის ვარდნას. სახელისუფლებო პარტიის შემთხვევაში, ეს აბსოლუტურად ბუნებრივი პროცესია. დაიწყო ძალიან მტკივნეული პროცესი, მაგრამ აუცილებელი, ვგულისხმობ რეფორმების პროცესს. ბუნებრივია, რომ ეს ადამიანებზე ახდენს უარყოფით გავლენას, რამაც გამოიწვია რეიტინგის ვარდნა.
არჩევნების და მით უმეტეს რეფორმების თანმდევი პროცესია სახელისუფლებო გუნდის რეიტინგის ვარდნა, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ შემთხვევაში რა გახდა დამატებითი ფაქტორი, რამაც გამოიწვია რეიტინგის ასეთი ვარდნა?
- ძალიან სერიოზული ინფორმაციები გამოვიდა „ნაციონალური მოძრაობის“ გარეთ. ის ყველაზე აქტიური და მყარი მომხრეები, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავდა, წინააღმდეგობაში მოვიდა ერთმანეთთან. დაიწყო იმაზე ლაპარაკი, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ რეალურად ჰქონდა გადაცდომები და თანაც სერიოზული გადაცდომები, მეტი რომ არაფერი ვთქვათ და მისი აღიარების აუცილებლობაზე ალაპარაკდა ხალხი, რომელიც იმასაც კი არ უშვებდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეიძლება რაღაცა შეცდომა და არასწორი ქმედება ჩაედინა. ასე რომ, რეიტინგის ასეთი ვარდნა, ძალიან ბევრმა ფაქტორმა განაპირობა - მთელი ეს სიტიუაციები, რომელიც განვითარდა ყრილობასთან დაკავშირებით და ასევე - ის ურთიერთწინააღმდეგობა, რომელიც ძალიან ნათლად გამოჩნდა. ერთიანობის რღვევა დაინახეს ადამიანებმა, რამაც განაპირობა ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგმა მკვეთრი კლება გამოიწვია.
ჩვენ არ ვიცით როგორ განვითარდება პროცესები ყრილობის შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობაში“, ეს იქნება დამატებითი ფაქტორი რეიტინგის ვარდნის?
- რასაკვირველია, ეს აუცილებლად გამოიწვევს რეიტინგის ვარდნას. „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა იქნება ძალიან სერიოზული განხეთქილების ყრილობა და ბუნებრივია, რომ ეს პროცესებები ასეთი პოლიტიკური ძალის რეიტინგს არ გაზრდის. ვფიქრობ, რომ მოხდება პარტიის სერიოზული გაყოფა. ყველა პირობაა იმისათვის, რომ პარტია გაიყოს ორ ნაწილად.
პარტიის გაყოფის შემდეგ, რომელ ჯგუფს ექნება შანსი, რომ ჩაერთოს თვითმმართველობის არჩევნებში?
- ძალიან რთული სათქმელია, იმიტომ, რომ რეიტინგული საახები, რომელთაც საზოგადოება იცნობს, როგორც ჩანს, იმ ფრთაშია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობას“ გამოეყოფა, ან პირიქით, დარჩება და დანარჩენი ნაწილი გამოეყოფა. დღევანდელ დღეს სააკაშვილის მომავალი ძალიან ბუნდოვანია, ვერ ვხედავ რაიმე დადებით პერსპექტივას „ნაციონალური მოძრაობისთვის“.
იმ შემთხვევაში თუ ბოკერია და მისი ჯგუფი გავიდა პარტიიდან, დაპირისპირება უკვე პარლამეტში გადაინაცვლებს და დაიწყება ბოკერიას გუნდის შევიწრობა?
- პარლამენტში მყოფი 27 დეპუტატიდან რამდენია ბოკერიას ჯგუფის წევრი, გაურკვეველია, მაგრამ რაღაცა ნაწილი ხომ არის ბოკერიას ჯგუფი, მათი შევიწროება პრაქტიკულად შეუძლებელია პარლამენტში.
ანუ, ბოკერიას ჯგუფს მეტი გავლენა ექნება, ვიდრე იგივე სააკაშვილის ჯგუფს?
- ძნელია პროგნოზის გაკეთება, მაგრამ ბოკერიას ჯგუფს ექნება არანაკლები გავლენა, ვიდრე სააკაშვილს მთელ გუნდს და მის მომხრეებს. მინდა გითხრათ, რომ 2017 წელი საკმაოდ საინტერესო იქნება, არამარტო ჩვენს რეგიონში, არამედ მთელს მსოფლიოში.
2017 წელს გვაქვს თვითმმართველობის არჩევნები, რაზეც უკვე აკეთებს გათვლას „ნაციონალური მოძრაობა“...
- არა მგონია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ რაიმე დიდი შანის ჰქონდეს ადგილობრივ არჩენებში. თვითმმართველობის არჩევნებში იმ პროცენტსაც ვერ აიღებენ, რაც საპარლამენტო არჩევნებში აიღეს.
ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციური ველი „ნაციონალური მოძრაობისგან“ განთავისუფლდება?
- ასე ვერ ვიტყოდი, „ნაციონალური მოძრაობის“ ნარჩენები იქნებიან, მაგრამ მათი ძალა და გავლენა იქნება ძალიან ნიველირებული, მით უმეტეს ამ არჩევნების შემდეგ.