სურსათის ეროვნული სააგენტო პურის ეტიკეტირების კონტროლს ააქტიურებს. ამიერიდან სავალდებულოა, ეტიკეტზე დატანილი იყოს სრულყოფილი ინფორმაცია ინგრედიენტების და საკვები დანამატების შესახებ. საერთოდ, ამ მხრივ ბაზარზე სიტუაცია მოუწესრიგებელია. სარეალიზაციოდ გამოტანილი პურის დიდი ნაწილი სტანდარტის პირობას ვერ აკმაყოფილებს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მეწარმეებს პურის უვნებლობის, ეტიკეტირებისა და რეალიზაციის სავალდებულო მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია უკვე მიაწოდეს. სააგენტოს უფროსის ზურაბ ჩეკურაშვილის თქმით, პურის, როგორც პირველადი მოხმარების სურსათის მიმართ საზოგადოების ინტერესი მაღალია და აუცილებელია მომხმარებელს ჰქონდეს უტყუარი ინფორმაცია.
„მომხმარებლის ინტერესების დაცვა და ბიზნესოპერატორების ინფორმირებულობის გაზრდა სააგენტოს პრიორიტეტებია. შესაბამისად, სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ბიზნეს სექტორთან და მათ პერიოდულად მიეწოდებათ ინფორმაცია უვნებლობის სტანდარტების სავალდებულო მოთხოვნებზე. პარალელურად მომხმარებლის უფლებებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სააგენტო განაგრძობს სამომხმარებლო ბაზრის კონტროლს“, - განაცხადა ჩეკურაშვილმა.
როგორც კომპანია „იფქლში“ აცხადებენ, ახალი წესებით პურის ეტიკეტზე სავალდებულო იქნება ყველა იმ ინგრედიენტის დატანა, რომელიც მის შემცველობაშია. თუკი რომელიმე დანამატი 5%-ს აღემატება მწარმოებლებმა ეტიკეტზე მისი რაოდენობაც უნდა მიუთითოს.
„დეტალურად და უფრო მკაცრად უნდა იყოს წარმოდგენილი ის ინფორმაცია, რომელიც ეტიკეტზეა დატანილი, დღეს ეტიკეტირება უფრო მარტივია, ახლა უფრო მეტი მოთხოვნა ჩნდება“, - განმარტავს კომპანიის მთავარი ტექნოლოგი გელა კოდალაშვილი. იგი ამბობს, რომ აღნიშნული წესების დაცვა საქართველოში მეტ-ნაკლებად ხდებოდა და მწარმოებლები ცვლილებებს მიესალმებიან.
პურის ხარისხთან დაკავშირებით უკანასკნელი კვლევა შარშან არასამთავრობო ორგანიზაცია „ეტიკმა“ ჩაატარა. პურის ხარისხობრივი მაჩვენებლებისა და უსაფრთხოების პარამეტრების დადგენის მიზნით, ორგანიზაციამ რამდენიმე სახეობის პური შეამოწმა. აღმოჩნდა, რომ შემოწმებული ნიმუშების დიდი ნაწილი არ პასუხობდა სპეციალურ მოთხოვნებს.
„ეტიკის“ კვლევა თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. ორგანიზაციის თავმჯდომარე ამირან შენგელია ამბობს, რომ მომავალში სახელმწიფოს მკაცრი კონტროლი მოუწევს, რადგან სარეალიზაციო პურის დიდი ნაწილი სტანდარტის პირობას ვერ აკმაყოფილებს. როგორც შენგელია აცხადებს, მკაცრი სანქციის პირობებში მეწარმე იძულებული გახდება, ხარისხის გაუმჯობესებაზე იზრუნოს და მომხმარებელს უსაფრთხო და უვნებელი პროდუქტი მიაწოდოს, რისი გარანტიც, შესაძლოა, რეგლამენტი აღმოჩნდეს.
რაც შეეხება მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ მდგომარეობას, შენგელიას შეფასებით, საკმაოდ რთული ვითარებაა, რადგან პრობლემა არის აბსოლუტურად ყველა რეგიონში.
„ყველაზე მეტად წონის პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ ეტიკეტირება ხდება, მითითებულ წონასა და რეალურს შორის სხვაობა ხშირად 20-100 გრამის ფარგლებშია. ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მომხმარებლის უმეტესობამ არ იცის, რა წონის პურს ყიდულობს. სავაჭრო ობიექტებში პურის წონითა და ხარისხით დაინტერესებულ ადამიანებს პასუხობენ, რომ ეს ქარხნების კომპეტენციაა, თუმცა სინამდვილეში ისინიც ვალდებულნი არიან, გასაყიდი პოდუქტის შესახებ ნებისმიერ ინფორმაციას ფლობდნენ და მომხმარებელი შეცდომაში არ შეიყვანონ“, - აცხადებს შენგელია
სურსათის ეროვნული სააგენტოში კი აცხადებენ, რომ პურისა და პურპროდუქტების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს როგორც წარმოების, ასევე რეალიზაციის ეტაპზე. ყოველწლიურად ტარდება ბიზნეს ოპერატორების ინსპექტირება, დოკუმენტური შემოწმება და მონიტორინგი. 2015-16 წლებში დოკუმენტურად შემოწმდა 219 საწარმო და ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის ყველა მათგანი დაჯარიმდა.