„ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ, თუ ომი დაიწყო, რუსეთის მთავრობა ათ იუნესკოს გადაწყვეტილებასაც არაფრად ჩათვლის“

„ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ, თუ ომი დაიწყო, რუსეთის მთავრობა ათ იუნესკოს გადაწყვეტილებასაც არაფრად ჩათვლის“

იუნესკომ მცხეთის ისტორიულ ძეგლებს გაძლიერებული დაცვის სტატუსი მიანიჭა. აღნიშნული გადაწყვეტილება 8 დეკემბერს პარიზში „შეიარაღებული კონფლიქტების დროს კულტურული ფასეულობების დაცვის შესახებ“ ჰააგის კონვენციის მეორე ოქმის კომიტეტის წევრი ქვეყნების მე-11 სხდომაზე მიიღეს. ამ სტატუსის მიხედვით, შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილე მხარეები ვალდებულნი არიან, საომარი მოქმედებების დროს უზრუნველყონ იმ კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა დაცვა, რომელთაც მინიჭებული აქვთ გაძლიერებული დაცვის რეჟიმი; თავი შეიკავონ მათზე საომარი შეტევის განხორციელებისა და საომარ ოპერაციებში ამ ობიექტების ან მათი მიმდებარე ტერიტორიების გამოყენებისგან.

დღეს ასეთი გაძლიერებული დაცვის სტატუსი მსოფლიოში მხოლოდ ათ ობიექტს აქვს მინიჭებული. მათ შორისაა, ქალაქი პაფოსი (კვიპროსი), ციხე-სიმაგრე „Castel de monte” (იტალია), შირვანშაჰის სასახლე (აზერბაიჯანი) და სხვა.

ჰააგის კონვენციის მეორე ოქმის თანახმად, შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურულ ფასეულობაზე შეიძლება გავრცელდეს გაძლიერებული დაცვის რეჟიმი, თუკი ის აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

1. წარმოადგენს კაცობრიობისთვის უდიდესი მნიშვნელობის მქონე კულტურულ მემკვიდრეობას;

2. აღიარებულია განსაკუთრებული კულტურული და ისტორიული ღირებულების ქონებად შიდა საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ნორმების შესაბამისად;

3. არ გამოიყენება სამხედრო მიზნებისთვის ან სამხედრო ობიექტების დაფარვის მიზნით და არსებობს კულტურულ ფასეულობებზე მაკონტროლებელი მხარის განცხადება, რომ ეს ქონება არ იქნება გამოყენებული სამხედრო მიზნით.

მცხეთის ისტორიული ძეგლებისთვის იუნესკოს გაძლიერებული დაცვის სტატუსის მინიჭებას სამხატვრო აკადემიის მუზეუმის ფონდების მთავარი მცველი, მცხეთის ქალაქ-მუზეუმის ყოფილი დირექტორი თემურ ბიბილური დადებით ფაქტად აფასებს. For.ge-სთან საუბარში ის აცხადებს, რომ, თუ უცხოელებმა ძეგლებთან გაგვაიგივეს, ეს კარგი ფაქტია, მაგრამ საომარი მოქმედებების შემთხვევაში, ისეთი ბარბაროსი მეზობელი გვყავს, რომ არაფრად ჩათვლის იუნესკოს გადაწყვეტილებებს.

„ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ, თუ ომი დაიწყო, რუსეთის მთავრობა ათ იუნესკოს გადაწყვეტილებასაც არაფრად ჩათვლის. მიუხედავად იმისა, რომ იუნესკოს გენერალური მდივანი რუსი ქალბატონი კარგი ადამიანია, მათი მთავრობა სხვაგვარად აზროვნებს. მით უმეტეს, გვაქვს ძეგლების ხელყოფის გამოცდილება აფხაზეთსა და შიდა ქართლში. აგერ, ალეპოა ცხვირწინ, მსოფლიო მნიშვნელობის ქალაქი, რომელიც რუსულმა ავიაციამ მიწასთან გაასწორა. მოსპეს მთლიანად, არაფერი აღარ დარჩა მისგან. სამწუხაროდ, იუნესკოს ეს სტატუსი ვერაფერს შველის იმ ფაქტს, რაც დღეს მცხეთის ირგვლივ ხდება.

თუმცა გვაქვს მოსალოცი ფაქტებიც. კერძოდ, მცხეთაში ჯერ კიდევ ჩემი მუზეუმის დირექტორობის დროს საკითხი დაისვა მაშინდელი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მიმართ და ისიც მხარს გვიჭერდა, რომ მცხეთის კარიბჭე გადასცემოდა ჩვენს მუზეუმს. მერე მინავლდა ეს ამბავი, მოგვიანებით გაიყიდა მცხეთის მუზეუმის არსებული შენობა, მუზეუმი უსახლკაროდ დარჩა და, საბედნიეროდ, წელს გადაწყდა, რომ მომავალი წლიდან მცხეთაში ახალი მუზეუმი აშენდება სწორედ კარიბჭის შენობაში. ეს მოსალოცი ამბავია ისევე, როგორც მოსალოცი იყო, რომ იუნესკომ ქართული ანბანი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა. სამწუხაროდ, ჩვენმა ნაციონალურმა საინფორმაციო საშუალებებმა ამას წაუყრუეს. არადა, პირველი სამი დღე მაინც პირველ ნიუსად უნდა გაეშვათ და არა - ბოლო ნიუსად. რაც შეეხება პრობლემებს, წმინდა ქალაქი მცხეთა ამის ნაკლებობას არ განიცდის“,-აცხადებს თემურ ბიბილური.

მისივე თქმით, სამთავროს ველზე, რომელიც გაჯერებულია ანტიკური ხანის და არა მარტო ანტიკური ხანის სხვადასხვა სახის ძეგლებით, გააშენეს ზეთისხილის ბაღი. თავისთავად, ზეთისხილის ბაღი და ყველანაირი სიმწვანე კარგია, მაგრამ, როცა აშენებ ისეთ ადგილას, სადაც ძეგლებია, არსებობს საფრთხე, რომ ზეთისხილის ფესვები დაანგრევს და გაანადგურებს ამ ძეგლებს.

ამას ემატება სამთავროს მთავარი საეპისკოპოსო ტაძრის იერსახეც, რომლის გვერდითაც დედათა მონასტერია განთავსებული. უკვე რამდენი წელია, ქუჩის მხრიდან მის მარჯვენა მხარეს ახლად აშენებული ყორე აუშნოებს. მის შიგნით კი ძველი ტრაქტორი, ფუტკრის ძველი და ახალი სკრებია, რაც არ უხდება იმ ქალაქს, რომელსაც მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანის პრეტენზია აქვს. ამას ემატება გაუაზრებელი მშენებლობა ამ ქალაქში, რომელიც მორატორიუმის მიუხედავად მაინც გრძელდება.

ამ პრობლემებთან ერთად, თემურ ბიბილური ყველაზე მთავარ ნაკლოვანებაზეც ამახვილებს ყურადღებას. იმისთვის, რომ მცხეთა მართლაც ამართლებდეს კავკასიის არქეოლოგიური მეცნიერების მექის სტატუსს, საჭიროა, აღდგეს მცხეთის სამეცნიერო ინსტიტუტი, რომელიც აღარ არსებობს. ადრე იყო მცხეთის მუდმივმოქმედი არქეოლოგიური ექსპედიცია, რომელიც გადაიქცა მცხეთის არქეოლოგიის ინსტიტუტად, მერე ეს ინსტიტუტი შეუერთეს ეროვნულ მუზეუმს და იქ სამეცნიერო მუშაობა ჩაკვდა. ახლა ამ ტიპის სამუშაოები ისევ უნდა განახლდეს, უნდა წარმოებდეს სისტემატური გათხრები, კვლევები. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში დაუახლოვდება მცხეთა ძველ სტატუსს, რაც მას ჰქონდა საუკუნეების განმავლობაში, ანუ „დიდი სამეუფეო ქალაქი მცხეთა“ (როგორც ის ისტორიულ წყაროებში იხსენიებოდა) და, ასევე,-„წმინდა ქალაქი მცხეთა“ (როგორც საეკლესიო წყაროებში მოიხსენიებოდა).

„ჩვენმა სინოდმა აღადგინა „წმინდა ქალაქ მცხეთის“ სახელწოდება, მაგრამ ჩვენს კანონმდებლებს უნდა მივმართო მარტივი კითხვით - რატომ არის, რომ ჩვენთან სამეცნიერო პრაქტიკული საქმიანობა გათანაბრებულია სამეწარმეო საქმიანობასთან? რატომ ექვემდებარება სამეცნიერო საქმიანობა (არქეოლოგიური გათხრები, ექსპედიციები) ტენდერებს და რატომ იბეგრება დღგ-თი? სწორედ ეს განაპირობებს მთავარ პრობლემას, თუ რატომ უჭირს დღეს მცხეთას და, ზოგადად, ქართულ ძეგლებს“.

არქიტექტორი, ეზოთერიკოსი გია პარკაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, მართალია, მცხეთის მსგავსად, იუნესკოს გაძლიერებული დაცვის სტატუსი მსოფლიოში მხოლოდ ათ ობიექტს აქვს მინიჭებული, მაგრამ ვერც ერთი მათგანი თავისი მნიშვნელობით ვერ გაუტოლდება მცხეთას, ვერც ქალაქი პაფოსი, ვერც ციხე-სიმაგრე „Castel de monte“ და ვერც შირვანშაჰის სასახლე. ამის მიზეზი კი ის არის, რომ, მინიმუმ, ორი ათასი წელია და უფრო მეტიც, ქალაქი მცხეთა არის მომავლის იერუსალიმი. ნაწინასწარმეტყველების მიხედვით, მეორედ მოსვლის ჟამს, როცა უფალი მობრძანდება, ისევე შევა მცხეთაში, როგორც თავის დროზე დიდებით შევიდა იერუსალიმში. ამიტომ ეს ქალაქი მსოფლიო ღირებულების განუზომელი ფასეულობაა.

„აქ იმდენი რამ არის დაფარული, რის შესახებ კაცობრიობამ ჯერ კიდევ არაფერი იცის. სხვა რამეს თავი რომ დავანებოთ, მცხეთაში დავანებულია უფლის კვართი, ელიას ხალენი. ამ სიწმინდეებს თვითონ უფალი დაიცავს, მაგრამ კარგია, ადამიანებიც რომ ცდილობენ მათზე ზრუნვას. რაც შეეხება საომარი მოქმედებების დროს მცხეთის ისტორიული ძეგლების დაცვას, რუსის ფენომენი ისეთია, რომ თავად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს არაფერს დაუშავებენ, მაგრამ თავის სტილზე გადააკეთებენ. ასე მოხდა აფხაზეთში ილორის წმინდა გიორგის ტაძართან მიმართებით, რომელიც რუსებმა თავიანთი არქიტექტურული გამოხატულებით გარდაქმნეს. ამიტომ ომი იქნება თუ არა, ამის მიუხედავად, თუ რუსს მიეცემა შანსი, ყველაფერს გააკეთებს, რომ ქართული ტაძარი ჩამოფხიკოს და შიგნიდან შეათეთროს. ასეთი რამ არაერთხელ გაუკეთებიათ. მოზაიკებს რუსები ნაკლებად იყენებენ, ეს ფენომენი არ არის რუსი ერისთვის მიცემული, ისინი ხატს დაასვენებენ ხოლმე, ოღონდ მანამდე ათეთრებენ ეკლესიის კედლებს“, - აცხადებს გია პარკაია.

ამასთან, მცხეთაში განაშენიანების პრობლემას მტკივნეულად აღიქვამს, რადგან იუნესკო ამას ვერ უშველის. მისი აზრით, ჩვენ თვითონვე არ უნდა დავუშვათ ეს შეცდომა და ქართველებმა ფულის გულისთვის არ უნდა დავანგრიოთ ისტორიული ძეგლები.

„რაზე უნდა ვილაპარაკოთ, როცა საყდრისი აგვიფეთქეს. ცოდნა არ გააჩნიათ და კალკულატორის მეტი თავში არაფერი აქვთ. ჩვენ თვითონ უფრო მეტად ვმტრობთ საკუთარ თავს, ვიდრე უცხოელები, ვინაიდან ჩვენ გენეტიკურად შეგვიძლია ერთმანეთს მოვერიოთ. უცხოელები კი გენეტიკურად ვერ გვერევიან. მათი მექანიზმი მარტო ფულია, ამ ფულზე კი ჩვენები ხარბდებიან და რას არ აკეთებენ“.