სავარაუდო თარიღი ცნობილია, 2017 წლის პირველი ნახევარიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება. ევროპის ლიდერები საქართველოს შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას ულოცავენ. თუმცა, მილოცავს არ უერთდება რუსეთის ფედერაცია.
რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს კონიტეტის ხელმძღვანელი ლეონიდ კალაშნიკოვი ამბობს, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის უზრუნველყოფის შესაძლებლობა „სატყუარაა“, რომელიც ხალხის ცხოვრებას არ გააუმჯობესებს და არ გადაჭრის მათ პრობლემებს.
„მათ უვიზო რეჟიმს აძლევენ, მაგრამ სამუშაო და სხვა უფლებების გარეშე. ეს ასეთი სატყუარაა, რომელიც არაფერს წყვეტს მათთვის, ვინც ბინის, განათლების გადასახადი უნდა გადაიხადოს. შეხედეთ მოლდოვას და მის გამოცდილებას. მათ ასევე მისცეს უვიზო რეჟიმი, მაგრამ ამაში ხომ არ არის სახელმწიფოს ცხოვრების აზრი?! მისცემენ მათ უვიზო რეჟიმს, მაგრამ ნუთუ ეს რამეს იძლევა? - რა თქმა უნდა - არა. მით უმეტეს, რომ ეს ტურისტული ვიზებია, რომელიც ბევრ ქვეყნებს აქვთ, მაგრამ არ იძლევიან მუშაობის უფლებას“, - აცხადებს ლეონიდ კალაშნიკოვი.
სახელმწიფო დუმის დსთ-ს კონიტეტის ხელმძღვანელი პირველი მერცხალია, რომელიც ამგვარი შეფასებით ცდლობს დააკნინოს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა. როგორც ჩანს, კალაშნიკოვს მისი კოლეგებიც აყვებიან. თუმცა, გადაწყვეტილებას, რომელიც ერთი ნაბიჯით წინ წევს საქართველოს ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობის და ინტეგრაციის გზაზე, რუსეთი ვერ შეაფერხებს.
ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს ევროინტეგრაციის“ მიმართულების მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე ამბობს, რომ ეს არის ჩვეულებრივი რუსული პოლიტიკა, რომელიც ცდილობს დააკნინოს ის მიღწევა, რაც საქართველოს აქვს. მისი თქმით, არც ერთ ეტაპზე ევროკავშირისა და საქართველოს მხრიდან არ ყოფილა ოფიციალური განცხადება, რომ თითქოს ეს არის მუშობის ნებართვა.
„ვნახოთ, როგორ გაიხსნა შრომის ბაზარი მაგალითად ევროკავშირში ახლად გაწევრიანებული ქვეყნების მოქალაქეებისთვის. საქართველოს მოსახლეობას, ვისთანაც ჩვენ შეხება გვქონდა და ვუხსნიდით ამ საკითხს, მათთვის აბსოლუტურად მისაღები იყო პოზიცია, რომ ეს არ არის შრომის ნებართვა. იგივე რუმინეთს, ბულგარეთს, პოლონეთს, ჩეხეთხს გარკვეული გარდამავალი პერიოდის გავლა მოუწიათ მას მერე, რაც ისინი გახდნენ ევროკავშირის წევრები, რომ სრულად მომხდარიყო მათი მოქალაქეების ინტეგრირება ევროკავშირის შრომით ბაზარზე.
ჩვენ საერთოდ არ ვართ ევროკავშირის წევრები, აქიდან გამომდინარე, იმის თქმა, რომ თითქოს მუშაობის უფლება არ არის და ამიტომ არაფერს არ ნიშვს, ეს არის ჩვეულებრივი დაკნინება იმ მიღწევისა, რაც არის. რა თქმა უნდა, ეს არ არის გაწევრიანების ტოლი მიღწევა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ერთ-ერთი ქვაკუთხედია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვანო ჩხიკვაძე.
შეჩერების მექანიზმის შეჩერების შემდეგ, საქართველოსთვის უკრაინაზე სწრაფად უვიზო მიმოსვლის მინიჭების თეორიული შანსი არსებობს. თუმცა, აშკარაა, რომ ევროკავშირის რიგი წევრი ქვეყნების მთავრობები მომატებული საემიგრაციო კრიზისისა და მომდევნო წელს დაგეგმილი არჩევნების ფონზე, გარკვეულ სიფრთხილეს იჩენენ. გარდა ამისა, ჯერჯერობით გაურკვეველია სიტუაცია თურქეთთან მიმართებაში, რომელიც ასევე სწრაფად ითხოვს უვიზო მიმოსვლის დაწესებას. ასე რომ, საქართველოს ბედი ახლა ევროსაბჭოს პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული.
ვანო ჩხიკვაძე ამბობს, რომ ნაკლებად სავარაუდოა თურქეთის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებმა რაიმე გავლენა იქონიოს საქართველო ევროკავშირის ურთიერთობაზე და ამ შემთხვევაში ვიზა ლიბერალიზაციის საკითხზე. მისივე თქმით, საქართველო კონკრეტულად ვიზა ლიბერალიზაციის ნაწილში აბსოლუტურად განსხვებეულ ეტაზე იმყოფება, ვიდრე თურქეთი.
„ნაკლებად ვხედავ რაიმე კავშირს ამ ორ მოვლენს შორის. ამ წუთის მდგომარეობით ჩანს, რომ საქართველო თითქოს ნახევარი ნაბიჯით არის უკრაინაზე წინ, მაგრამ არ გამოვრიცხოთ, რომ უკრაინა რაღაც ეტაპზე დაიწიოს საქართველოს და ერთად გავიდეს ეს საკითხი, მაგრამ ნაკლებად ვხედავ ამაში რამე პრობლემას. იმიტომ, რომ ყველაზე დიდი თავსატეხი რაც იყო და რაც უკავშირდებოდა შეჩერების მექანიზმს, ეს გადაწყვეტილება მიღებულია. ეს იყო გადამწყვეტი ფაქტორი, რაც დროში წელავდა ამ პროცესს. ახლა, უკვე, უკრაინასთან ერთად მოგვცემენ თუ ცალკე, ამაში დიდი სირთულეს ვერ ვხედავ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვანო ჩხიკვაძემ.
ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი იარაკლი მენაღარიშვილი ფიქრობს, რომ თურქეთთან მიმართებაში არსებული ევროკავშირის პოზიცია გავლენას ვერ იქონებს საქართველოზე. მისი თქმით, კონკრეტულ ვადაზე საუბრისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ შეიძლება გაჩნდეს უამრავი სხვა მოვლენა.
„მაგალითად, როდესაც ამ თემაზე დაიწყო საუბარი, ლტოლვილთა ამგვარ ტალღას არავინ ელოდა ევროპაში. ამიტომ, თუ მსგავი მოულოდნელი რამ არ მოხდა, რომელმაც შეიძლება ეს პროცესი დააყოვნოს, სხვა მხრივ დაყოვნების ობიექტურ მიზეზს ვერ ვხედავ. რაც შეეხება თურქეთს, ეს ვერ იქნება დაყოვენის მიზეზი. კონკრეტული ვადების დასახელებისგან თავს ვიკავებ, რადგან სიტუაცია იმდენად ტორბულენტურია ჩვენს ირგვლივ და მათ შორის ევროპის მიმართულებით, რომ მოულოდნელი მოვლენები გამორიცხული არ არის. მაგრამ იმედი მაქვს, რომ რაიმე მოულოდნელი წინააღმდეგობა ამ პროცესს არ შეხვდება. როგორც ითქვა, ახალი წლის პირველ ნახევარში საკითხი გადაწყვეტილი იქნება და ეს პროცედურა ამუშავდება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირაკლი მენაღარიშვილმა.
პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, საქართველოს შემთხვევაში თავად ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურის ხელმძღვანელებმა გააცნობიერეს, რომ ლიბერალიზაციის მინიჭების გაგრძელება, შემარცხვენელი იქნებოდა მთლიანად ევროკავშირის საქმიანობის ისტორიაში. რაც შეეხება თურქეთის ფაქტორს, ცისკარიშვილი ამბობს, რომ ეს სრულიად განსხვავებული თემაა ევროკავშირისთვის.
„რასაც ევროპა აკვირდება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, აბსოლუტურად მიუღებელია დემოკრატიული განვითარების პროცესისთვის - ათასობით სხვადასხვა პროფესიის ადამიანის დაპატიმრება ისე, რომ არანაირი კონკრეტული გამოძიება წინ არ უსწრებდა და ასევე, ის რეალობა, რასაც ადგილი აქვს მედიის მიმართულებით. გარდა ამისა, გარკვეული გაურკვევლობა იმისა, თუ რომელ ქვეყანას აღიარებს თურქეთი თავის უპირველეს სტრატეგულ პარტნიორად - რუსეთს თუ აშშ-ს.
უკანასკნელი ნახევარი წლის განმავლობაში იმდენად ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებია დღევანდელი ხელისუფლებისგან გაჟღერებული, რომ ძნელია რომელიმე ერთ მიამართულებაზე იყოს აქცენტირებული. შესაბამისად, მეტი საფუძველი აქვს ევროკავშირის ქვეყნებს, მოუმზადებელნი იყვნენ ასეთი ქვეყნიდან მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლით“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.