„მინდა, განვაცხადო სრული სერიოზულობით - არ ვიცი, თუ ასეთი რამ რეალობაა, რომელ ჩინოვნიკს მოუვიდა თავში ასეთი გადაწყვეტილების მიღება. თუ ასეთი ჩინოვნიკი ბუნებაში არსებობს, მე მინდა, რომ ის ხვალ აღარ იყოს იმ თანამდებობაზე, სადაც ეს გადაწყვეტილება მიიღო. თუ ვინმემ ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაცია გაიგო ისე, რომ საბავშვო ბაღებში ბავშვებს რაციონი უნდა შეუმციროთ, ეს არის დანაშაულებრივი გადაწყვეტილება,“ – ასე გამოეხმაურა გიორგი კვირიკაშვილი კახეთის ინციდენტს.
for.ge–სთან საუბრისას ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ მთავრობის მეთაურის მხრიდან სიმკაცრე აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ბევრი პროცესის მიმართ აგდებული დამოკიდებულება ჩამოყალიბდეს სისტემებში.
„არ არის აუცილებელი, მეათეხარისხოვან კონფერენციებზე ნახევარი სამინისტროების დასწრება და სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ არის ასეთი შემთხვევები“, – ეს განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა, რომლის განცხადებით, ხარჯების შემცირებასთან ერთად, შესაძლოა, შტატების ოპტიმიზაციაც მოხდეს. თუ გავითვალისწინებთ პრემიერის თვისებებს, შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ მკაცრი იყო. როგორ ფიქრობთ, შექმნილ ვითარებაში რამ განაპირობა მისი სიმკაცრე?
რამაზ საყვარელიძე: როდესაც გასაჭირია, ალბათ, სიმკაცრე საჭიროა. თქვენ სწორად აღნიშნეთ, თვითონ პიროვნება ნამდვილად არ არის მიდრეკილი იმისკენ, რომ ყველას უჯავრდებოდეს, მაგრამ მეორე მხრივ, თუ სიმკაცრე არ გამოიჩინა, შეიძლება ბევრი პროცესის მიმართ აგდებული დამოკიდებულება ჩამოყალიბდეს სისტემებში. ამიტომ, ზოგადად სიმკაცრე სასურველია და საჭიროა, მაგრამ სამართიანი სიმკაცრე. უსამართლო სიმკაცრე, როგორც წესი, არანაირ შედეგს არ აიძლევა.
ამ შემთხვევაში შედეგზე იქნება ორიენტირებული პრემიერის სიმკაცრე? მით უმეტეს როდესაც საქმე კადრების ოპტიმაზაციას ეხება, რომლის შედეგად ძალიან ბევრი ადამიანი რჩება სამსახურის გარეშე, რაც როგორც წესი, უკმაყოფილების და პროტესტის მიზეზი ხდება...
– ნამდვილად არ ვარ საქმის კურსში, როგორი მექანიზმით აპირებენ მუშაობას მთავრობის წევრები, მაგრამ ლოგიკიდან თუ ამოვალთ, შტატების შემცირება აუცილებელია. სისტემებეში ზედმეტი ხალხი, მატო ზედმეტ ხარჯს არ ნიშნავს, არამედ სისტემის მუშაობას უშლის ხელს. ასე რომ, ოპტიმიზაცია ყოველთვის საჭიროა, მაგრამ ამას თავისი ლოგიკა უნდა გააჩნდეს.
არ შეიძლება შტატების შემცირება ეფექტურობის შემცირების ხარჯზე მოხდეს. ანუ, იმ სფეროს, რომელსაც ეხება ოპტიმიზაცია, მისი ეფექტურობა არ უნდა შემცირდეს. ამისთვის ბევრ სხვადასხვა ხერხს იყენებენ იგივე დასავლეთში, ერთ–ერთი ასეთი ხერხი გახლავთ ის, რომ ამ სფეროში მეტ წილს კერძო სექტორს უთმობენ, რომელიც პირიქით, ზრდის ეფექტურობას. შტატების შემცირებას ჩვენთანაც თუკი მოჰყვა კერძო სექტორში ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობების გაზრდა, მაშინ არ მოჰყვება უკმაყოფილების გაზრდა. სასურველია დამაჯერებელი იყოს ის, რომ ასეთი ალტერნატიული გზებისთვის ახალი კალაპოტები იქმნება.
ვრცელდება ინფორმაცია მთავრობის მეთაურსა და ფინანსთა მინისტრს შორის არსებულ დეპირისპირებაზე, მიზეზად მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმა სახელდება. შექმნილი ვითარება იძლევა დაპირისპირების სურათს?
– კი. მეც მოვკარი ყური დაპირისპირების თემას, მაგრამ აუცილებელი არ არის, რომ დაპირისპირება ნეგატიური იყოს. ნეგატიური და არასასურველია დაპირისპირება მაშინ, როდესაც საფუძველი ინტრიგნულია. ანუ, როდესაც კონკერტულ პიროვნებას რაღაცა ადგილი უნდა მთავრობაში და ხშირ შემთხვევაში, ეს ფაქტი ხდება დაპირისპირების ძირითადი მიზეზი.
ქუმსიშვილი პრემიერის გუნდის წევრია, მისი ფინანსთა მინისტრად გადაყვანა, არ არის ისეთი თანამდებობა, ჩათვალო, რომ ქუმსიშვილმა ასეთ სიმაღლეს მიაღწია და რეალობის გრძნობა დაკარგა. წესით, არ უნდა დაკარგოს რეალობის გრძნობა. ამ მიზეზების გამო, ნაკლებად დამაჯერებლად მიმაჩნია შეთქმულების თეორია.
იმ შემთხვევაში, თუკი მთავრობის 4-პუქტიანი გეგმა ვერ განხორციელდა, შეიძლება ამან შიეწიროს პრემიერ–მინისტრი?
– დაპირისპირების მოქმედ პირებად კვირიკაშვილი და ქუმსიშვილი სახელდება, თუკი ეს გეგმა ვერ განხორციელდა, მას უპირველეს ყოვლისა ქუმსიშვილი შეეწირება. ამდენად, თუ ვინმეს ინტერესშია ამ გეგმის განხორციელება, უპირველეს ყოვლისა ქუმსიშვილის ინტერესშია. ამიტომაც, დაპირისპირების ასეთი ინტერპრეტაცია ჩემთვის დამაჯერებელი დიდად არ არის. ამ გეგმის განხორციელების ტვირთის სიმძიმე არის ფინანსთა მინისტრზე, შეიძლება ამიტომაც ჰქონდეს თავისი განსხვავებული მოსაზრებები და ამ მოტივით ითხოვდეს გეგმის ხელახლა გააზრებას.
ჩემთვის ასეთი მოთხოვნა მისასალმებელია, იმდენად, რამდენადაც დიდი ნაწილისთვის ცნობილია, რომ ლარის გაუფასურება მხოლოდ შიდა ფაქტორებით არ არის გამოწვეული, რაც შეიძლება იმხელა პრობლემა არ იყოს საზოგადოებისთვის, მაგრამ თუკი ლარის გაუფასურებას არ მოჰყვება ენერგიული ნაბიჯი, თუნდაც მომგებიანი არ იყოს, მაგრამ აქტიური, ასეთი ენერგიული ნაბიჯების გარეშე მოსახლეობის დარწმუნება იმაში, რომ მთავრობამ იბრძოლა, მაგრამ ვერაფერი ვერ მოახერხა, ძნელია.
დღეს მოსახლეობას აქვს განცდა, რომ მთავრობა არ დგამს შესაბამის ნაბიჯებს?
– დღეს ძირითადი პრობლემა არის ის, რომ მოსახლეობას აქვს განცდა, რომ მთავრობა არც იბრძვის და უუნაროა თავისი პასიურობის გამო და არა იმის გამო, რომ კომპეტენცია აკლია. აი, ეს იმიჯია ერთ–ერთი წამყვანი პრობლემა. წამყვანი პრობლემა არის იმიტომ, რომ თუკი ეს იმიჯი არ გამოსწორდა, მთავრობის მძიმე იმიჯი, უკვე პარტიის იმიჯს დაამძიმებს. მოგეხსენებათ, რომ მოდის ადგილობრივი არჩევნები და თუ მთავრობამ ვერ მოიპოვა ავტორიტეტი, დიდი შანსია, რომ ჩვენ ხელახლა დავუბრუნდეთ იმ ალტერნატივას, რითაც იყო განმსჭვალული 2016 წლის არჩევნები.