„წარმოიდგინეთ, მოძღვარი, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ აღსარებას იბარებდეს, ევროკავშირის პოპულარიზაციას ეწეოდეს“

„წარმოიდგინეთ, მოძღვარი, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ აღსარებას იბარებდეს, ევროკავშირის პოპულარიზაციას ეწეოდეს“

სასულიერო პირებმა მრევლში ევროინტეგრაციული თემის პოპულარიზაცია უნდა მოახდინონ, - ასეთია ევროინტეგრაციის მინისტრ ვიქტორ დოლიძის თვალთახედვა.

მისივე შეფასებით, ესაა ხალხი, რომელთაც შეუძლიათ მიიტანონ მრევლთან ინფორმაცია. ვიქტორ დოლიძის აზრით, ქადაგება სხვა თემაა, მაგრამ ევროინტეგრაციული თემის პოპულარიზაცია ხელს შეუწყობს საქართველოში ცნობიერების ამაღლებას. სწორედ ამ მიზნით სასულიერო პირები ცოტა ხნის წინ ნატოში იმყოფებოდნენ.

ხომ არ სცდება სასულიერო პირების მოღვაწეობის არეალს ევროინტეგრაციული თემის პოპულარიზაცია?! ამის შესახებ ქართველ ექსპერტებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სახელმწიფო და ეკლესია ერთმანეთისგან გამიჯნული უნდა იყოს. ერთი მხრივ, ჩვენი პოლიტიკოსები, „ჭკვიანი მინისტრები“ უკმაყოფილებას გამოთქვამენ, როცა საერო საქმეებში ერევა სასულიერო პირი და კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ. ამ დროს კი, მეორე ხელით ცდილობენ, ეკლესია მუდმივად ჩაითრიონ რაღაც პროცესებში.

გია ხუხაშვილის თქმით, ეკლესია არ შეიძლება იყოს პროპაგანდის ელემენტი, როგორი კეთილი სურვილებითაც არ უნდა იყოს ეს განპირობებული. ეკლესიის ერთადერთი ვალდებულებაა, ქადაგებდეს მუდმივ ფასეულობებს, აკეთილშობილებდეს ადამიანებს, რწმენაში შეჰყავდეს ისინი და რაიმე თემის პოპულარიზაციას არ ახდენდეს.

„ჩემთვის გაუგებარია, რას გულისხმობს ევროინტეგრაციის მინისტრი. ჩვენს საზოგადოებაში მრავალფეროვანი შეხედულებაა, ზოგს მოსწონს ევროინტეგრაცია, ზოგი უფრო სკეპტიკურად უყურებს. თუ ვინმეს უნდა, ამ საზოგადოების გათვითცნობიერება, თავად იტვირთოს ეს პასუხისმგებლობა. თორემ ეკლესიის ფუნქცია არ არის რომელიმე ტიპის საერო ცხოვრების წესის პროპაგანდირება. არასერიოზულად მიმაჩნია ამ მიზნით სასულიერო პირების ევროპაში ჩაყვანაც. სიმართლე გითხრათ, იმ სასულიერო პირებისაც არ მესმის, რომლებიც ასე ღრმად შედიან და ინტეგრირებას განიცდიან სამოქალაქო პროცესებში. რა თქმა უნდა, სასულიერო პირს ისევე, როგორც ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება, საკუთარი შეხედულებები ჰქონდეს ევროატლანტიკური თუ ნებისმიერი სხვა მიმართულებით. ეს მათი პირადი არჩევანია, მაგრამ საერო საქმეების პოპულარიზაციაზე მეტად მათ თავიანთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები აკისრიათ. ასეთი მოწოდება, მოდი, ჩემს პროპაგანდისტად იქეცი, სასულიერო პირების შეურაცხყოფაცაა და მრევლისაც. წარმოიდგინეთ, მოძღვარი, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ აზიარებდეს, აღსარებას იბარებდეს, ევროკავშირის პოპულარიზაციას ეწეოდეს. ეს ხომ წარმოუდგენელია“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.

მისივე თქმით, არსებობს ფორსმაჟორული ვითარება, ომიანობის შემთხვევები, ოკუპაცია, როდესაც ერი და ბერი ერთიანდება. არის პერიოდები ისტორიაში, როცა ეკლესიისა და ხელისუფლების ერთობა აუცილებელია, მაგრამ დღეს არ გახლავთ ფორსმაჟორული ვითარება. ჩვეულებრივ ცხოვრებაში გამიჯნულია საერო და სასულიერო საკითხები და ჩვენ პატივს უნდა ვცემდეთ ამ ორი ფუნდამენტური ინსტიტუტის დამოუკიდებლად არსებობას. ამიტომ გია ხუხაშვილის აზრით, ასეთი იდეების ფრქვევის ნაცვლად უმჯობესია, ვიქტორ დოლიძემ საკუთარი პარტიის პოლიტპატიმრებს მიხედოს.

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ვიქტორ დოლიძემ ამ ნათქვამით დიპლომატიური შეტყობინება გააგზავნა სასულიერო პირებთან და მათ იმდენად ევროინტეგრაციის პროპაგანდა კი არ სთხოვა, რამდენადაც იმ ანტიპროპაგანდის აღკვეთა, რაც ევროინტეგრაციასთან მიმართებით არსებობს. არჩილ გამზარდიას აზრით, ვიქტორ დოლიძის სურვილია, სასულიერო პირებმა ხელი არ შეუშალონ ამ პროცესს, რადგან არის შემთხვევები, როდესაც ქადაგებების დროს ცალკეული მოძღვრები ზოგჯერ ზღვარს ვერ ავლებენ საზოგადოებრივსა და პოლიტიკურ სივრცეებს შორის.

„ბუნებრივია, სასულიერო პირიც მოქალაქეა და შეუძლებელია, სარწმუნოება სოციუმისგან გამოცალკევებული იყოს. სასულიერო პირი არ არის ერისგან დამოუკიდებელი, მოწყვეტილი, ცალკე კუნძულზე მყოფი. კონკრეტულად პოლიტიკასა და საზოგადოებას შორის არც ისე დიდი ზღვარი გადის. ეს თხელი ზღვარია და გავრცელებულა კიდეც ინტერნეტში კადრები, როცა ზოგჯერ სასულიერო პირებს გადაცდენები ჰქონიათ. კერძოდ, საზოგადოებაზე, სოციუმზე საუბრის ნაცვლად უფრო პოლიტიკურ საკითხებზე უსაუბრიათ. მათ შორის, ყოფილა პრორუსული ან ანტიევროპული პროპაგანდის შემთხვევებიც. სასულიერო პირი ხელმძღვანელობს წმინდა წერილებით, სახარებით. იქიდან ამოდის თავის დადებით შეფასებებშიც თუ უარყოფითშიც. თუმცა მოძღვრები ძალიან ფრთხილად უნდა მსჯელობდნენ იმ თემებზე, რომლებიც უშუალოდ პოლიტიკას ეხება.

ცხადია, ნებისმიერი რელიგია კრიტიკულად უდგება იმ საკითხებს, რაც ზოგიერთებს ევროპულ „ღირებულებად“ მიაჩნიათ. არაერთ ქადაგებას დავსწრებივარ და შემინიშნავს, რომ გამოცდილ სასულიერო პირებს თავიანთი, როგორც ერთი კონკრეტული ადამიანის (და არა - მოძღვრის) აზრი გამოუხატავთ. ეს უფლება მათთვის არავის წაურთმევია. თუმცა სასულიერო პირის ურთიერთობა თავის მრევლთან არ გულისხმობს პოლიტიკურ პროცესებში ზედმეტ ჩაღრმავებას“, - აცხადებს არჩილ გამზარდია და განმარტავს, რომ ამბიონიდან საუბარი ძალიან ფაქიზ მიდგომას მოითხოვს ყველა თემის მიმართ, განსაკუთრებით, იმ თემის მიმართ, რაც სასულიერო პირის მსჯელობის სივრციდან გადადის საერო ლიდერის მსჯელობის სივრცეში.

რაც შეეხება ნატოში ცალკეული სასულიერო პირების ყოფნას, არჩილ გამზარდია მიიჩნევს, რომ სასულიერო პირებს სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებები გააჩნიათ. ამიტომ საქართველოს საგარეო ორიენტირი, ერის არჩევანი უბრალო პოლიტიკური თემა არ არის, ეს ერისთვის მნიშვნელოვანი თემაა. ამდენად, სასულიერო პირები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ, რა ხდება ნატოში და ეს ვიზიტიც გასაკვირი არ არის. ეს არ ნიშნავს, რომ სასულიერო იერარქებს საერო გადაწყვეტილების მიღების უფლება მიეცემათ.

„სასულიერო პირებს შეზღუდული უფლებები გააჩნიათ. მათ არ შეუძლიათ კენჭი იყარონ, პარტია შექმნან, პირდაპირი პოლიტიკური განცხადებები გააკეთონ. მეორე მხრივ, სასულიერო პირები ოდითგანვე ქართველი ერისგან მოშორებულნი არ ყოფილან. ისინი საუკუნეების განმავლობაში მტერს პირადადაც ებრძოდნენ და ეწირებოდნენ. გავიხსენოთ თორნიკე ერისთავი, თევდორე მღვდელი... აგვისტოს ომის დროს სწორედ პატრიარქისა და ნიქოზის მიტროპოლიტ ისაიას ძალისხმევით გამოჰქონდათ ქართველი მეომრების გვამები. სასულიერო პირები ღვთისა და ერის წინაშე არიან პასუხისმგებელნი. ამიტომ ჩვენი ერი როგორ ინტეგრირდება მსოფლიოში, ქვეყანა რა გზას დაადგება, ეს სასულიერო პირის სივრციდან გასული სივრცე არ არის“.