იწყება თუ არა მსოფლიოს დიდი გადანაწილება

იწყება თუ არა მსოფლიოს დიდი გადანაწილება

მსოფლიოში ახალი გადანაწილება მიმდინარეობს. ამერიკა და რუსეთი მოლაპარაკებას იწყებენ სირიის კონფლიქტთან მიმართებით. თუმცა შესაძლოა, მოლაპარაკებების თემა გასცდეს სირიის კონფლიქტს და ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნების თემაშიც გადაიზარდოს. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთი შეარბილებს რიტორიკას, რადგან რთულია დაუპირისპირდე ცივილიზებულ სამყაროს, რომელთანაც რუსეთს, ნებით თუ უნებლიეთ, მაინც მოუწევს ურთიერთობის დაწყება თუ განახლება.

ამერიკელ ანალიტიკოსთა ნაწილი კი განსხვავებულად ფიქრობს. მათი აზრით, ევროკავშირსა და აშშ-ში პროცესები რუსეთის სასარგებლოდ მიმდინარეობს. ამდენად, პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც მოსკოვისადმი პოლიტიკის შეცვლა იწყება. ამის მაუწყებელია ის, რომ მოლდოვაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში პრორუსმა კანდიდატმა იგორ დოდონმა გაიმარჯვა. ამერიკული გამოცემა Stratfor-ის ცნობით, მოლდოვაში განვითარებული მოვლენები ადასტურებს, რომ ევროკავშირისადმი ინტერესი სუსტდება.

რაც შეეხება საქართველოს, ამავე ამერიკული გამოცემის აზრით, ამ ქვეყანაშიც რუსეთთან პოზიციის შერბილება მიმდინარეობს. კრემლთან მიმართებით შემრიგებლური ხდება უკრაინაც. ამის მიზეზი კი ის არის, რომ უკრაინას აღარ აქვს დასავლეთისგან უწყვეტი ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერის იმედი. ამდენად, მომავალ 2017 წელს რუსეთს მეტი შანსი უჩნდება, გააძლიეროს თავისი ზეგავლენა პოსტსაბჭოთა ბევრ ქვეყანაზე.

მიმდინარეობს თუ არა მსოფლიოში ახალი გადანაწილება და მოახერხებს თუ არა რუსეთი ყოფილ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში გავლენის აღდგენას?

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ უკვე 40 საუკუნეა კაცობრიობის ისტორია გვიმტკიცებს, რომ ახალი გადანაწილებები მხოლოდ დიდი მსოფლიო ომების შემდეგ ხდება. ასე მოხდა პირველი და მეორე მსოფლიო ომების მერეც. ამიტომ გადანაწილებაზე საუბარი უადგილოა.

სოსო ცინცაძის თქმით, ამ ეტაპზე ტრამპისა და პუტინის დამეგობრობაზე საუბარიც ნაადრევია, რადგან ასეთი დასკვნის გაკეთების საფუძველს ტრამპის საგარეო პოლიტიკა არ იძლევა.

„ჩვენთან მინისტრების როლი ნულია, ნებისმიერი მინისტრი უზენაესი ლიდერის სურვილის შემსრულებელია, ამერიკაში კი ყველა მინისტრი პიროვნებაა და აქვს თავისი პოზიცია, პრინციპები. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი ირჩევს 60, 69, 72 წელს გადაცილებულ მინისტრებს, ისინი ტრამპის გულისთვის თავის პრინციპებს არ უღალატებენ. მათი ყველა წინაპარიც რომ გაცოცხლდეს და მამაზეციერიც რომ ჩამოვიდეს, ისინი არ შეცვლიან პრინციპებს. ტრამპის გამარჯვებისას რუსეთში ზეიმი ჰქონდათ, ჟირინოვსკიდან დაწყებული, პრეზიდენტის სპიჩრაიდერით, პესკოვით დამთავრებული, ყველა ამბობდა, დგება ახალი ერა, ტრამპს მზე ამოდის პუტინზეო. თუმცა დღეს რუსული რიტორიკა შეცვლილია. ისინი სხვა სიტყვებს იყენებენ- „იმედს გამოვთქვამთ“, „კარგი იქნება“, „მოსალოდნელია“. არავინ იცის, ტრამპი კიდევ რა სიურპრიზებს შესთავაზებს მსოფლიოს. პუტინი არ ენდობა ტრამპს. აგერ, ორი დღის წინ ამერიკის კონგრესმა 2017 წლის სამხედრო ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც გაზრდილია და 600 მილიარდს აჭარბებს. მახსოვს, გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში 300 მილიარდს რომ მიაღწია ამერიკის სამხედრო ბიუჯეტმა, მაშინ პანიკა ატყდა მთელ მსოფლიოში, მით უმეტეს, საბჭოთა კავშირში, რად უნდა ამერიკას ამხელა ბიუჯეტიო. ახლა კი ორჯერ გაზრდილია. თანაც, ბიუჯეტის დამტკიცებისას კონგრესმა ძალზე მნიშვნელოვანი პუნქტი ჩაწერა კანონის სახით, რომ პენტაგონს ერთი ცენტის დახარჯვის უფლებაც არ აქვს რუსეთთან სამხედრო სფეროში თანაშრომლობისთვის. ამასთან, ჯეიმს მეტისი დაინიშნა თავდაცვის მდივნად, რომელსაც რას არ უწოდებენ, მათ შორის, „ცოფიან ძაღლს“,-აღნიშნა სოსო ცინცაძემ.

რაც შეეხება მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის სასარგებლოდ პოზიციების ცვლილებას, პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებში პრორუსმა კი არა, პრომოლდაურმა კანდიდატმა იგორ დოდონმა გაიმარჯვა. მართალია, მოლდოვამ თქვა, აღარ მინდა ევროპა და რუსეთთან ურთიერთობა მსურსო, მაგრამ სულ ორიოდე დღის წინ იგორ დოდონი გამოვიდა და მოითხოვა, რუსეთმა ჯარები აუცილებლად უნდა გაიყვანოს დნესტრისპირეთიდანო. ეს კრემლისთვის სასიამოვნო არ არის.

„ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ დოდონი პრორუსი კანდიდატია. მოლდაველებმა ნახეს, რომ ევროპიდან არავითარი ხეირი არ მიიღეს. ამ დროს კი ჩვენზე ადრე მიიღეს ვიზალიბერალიზაცია და აბსოლუტურად ვერ ისარგებლეს ამ ვიზალიბერალიზაციით. ჩვენზე ადრე მიიღეს ასოცირება, რომლის ეფექტიც ნული აღმოჩნდა და ცხოვრება გაუუარესდათ. მართალია, ევროპის ბაზარი დიდი და მდიდარია, მაგრამ მომთხოვნიცაა. ამიტომ, თუკი დოდონი გრძნობს, რომ საკუთარ ღვინოსა და ხილს ევროპაში ვერ გაყიდის, ჩვენ რა გარანტია გვაქვს? მწვანე მანდარინით ვაპირებთ ევროპაში შესვლას, თბილისიდან იალბუზამდე გზა რომ ლამის გაივსო ამ მანდარინით?“

სოსო ცინცაძე ვერც იმ აზრს დაეთანხმება, რომ უკრაინა რუსული პოლიტიკის მიმართ დამთბარია, რადგან უკრაინა ყოველდღიურად ახალ-ახალ ანტირუსულ კანონებს ღებულობს. არც საქართველოში იგრძნობა კრემლის მიმართ შერბილებული დამოკიდებულება. არადა, სიტუაციის ნორმალიზება იქნებოდა ნამდვილი დიალოგის დაწყება, რომელიც კარასინი-აბაშიძის გაურკვეველ ფორმატს ასცდებოდა. პოლიტოლოგის თქმით, არ შეიძლება, 21-ე საუკუნეში მეზობელი სახელმწიფოები ერთმანეთს სანგრებიდან უყურებდნენ. მართალია, ლილიპუტინს არავინ უძახის პუტინს, მაგრამ დიალოგი დაიწყო? გაიხსნა რუსული ბაზარი საქართველოს პროდუქციისთვის? პოლიტოლოგის აზრით, დღეს ჩვენ ვიწვნევთ სააკაშვილის მიერ დაწყებული დიპლომატიის შედეგს - ყველა კვერცხის ერთი კალათით ტარებას. ეს კალათა კი მიწას უკვე დაენარცხა, კვერცხები იმსხვრევა, ბრექსიტიდან დაწყებული, ტრამპით დამთავრებული, და ჩვენ მეორე კალათა აღარ გვაქვს.

დაიწყება თუ არა მსოფლიო გადანაწილება, ამასთან დაკავშირებით პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ ეს პროცესი არც არასდროს შეწყვეტილა. უბრალოდ, იცვლებოდა მსოფლიო გადანაწილების ფორმები. თავიდან ეს პროცესი უფრო მშვიდობიანად მიმდინარეობდა საგარეო ურთიერთობების კუთხით, მაგრამ მოგვიანებით დაიწყო აგვისტოს ომი, შემდეგ- უკრაინაში აგრესიული შეჭრა, რასაც დაემატა სირიაში ასადის რეჟიმის ღია მხარდაჭერა.

პოლიტოლოგი განმარტავს, რომ ამერიკის ხელისუფლებაში ტრამპის მოსვლა იმით აღინიშნა, რომ ტრამპი რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას აპირებდა. საკმაოდ უცნაური განცხადებები გაკეთდა იმ ტენდენციებთან დაკავშირებით, რასაც ამერიკის ხელისუფლება მინიმუმ ბოლო 30 წელია ქადაგებდა, გარკვეული გადახრები იყო ამ კონტექსტიდან.

„რეიგანის შემდეგ მამა-ბუშმაც სცადა რუსეთთან ურთიერთობის დალაგება. ამერიკის ყველა პრეზიდენტი ცდილობდა რუსეთთან დამოკიდებულების მოგვარებას. რუსეთი რომ ერთ-ერთი დიდი მოთამაშეა მსოფლიო პოლიტიკაში, ამის უარყოფა შეუძლებელია. გარდა ამისა, ის ატომური ქვეყანაა და ნამდვილად ანგარიშგასაწევი ფაქტორია, მაგრამ მიუხედავად ამისა, გარკვეული დროის შემდეგ ეს ურთიერთობები მაინც შედიოდა ჩიხში, რადგან რუსეთი არ იძლეოდა მასთან დიალოგის საშუალებას.

რუსეთს აქვს გარკვეული მიზნები, ის პრეტენზიას აცხადებს არა მხოლოდ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე, არამედ გაცილებით მეტზე. დღეს ეს შეიძლება იყოს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, მაგრამ რუსეთი უკვე სირიის კონფლიქტშია ჩარეული, რუსეთ-ირანს შორის ურთიერთობები სხვა ეტაპზეა, თურქეთ-რუსეთს შორის სხვაგვარად ლაგდება სიტუაცია. ამ ყველაფერს იმ აზრამდე მივყავართ, რომ რუსეთს სურს დაიბრუნოს მსოფლიო „დერჟავის“ სტატუსი. შესაძლოა, ტრამპს ჰქონდეს რუსეთთან ურთიერთობის დალაგების იმედი, მაგრამ დასავლეთი როგორც არ უნდა ეცადოს ამ ურთიერთობის დალაგებას, ვიდრე რუსული საგარეო პოლიტიკა აგრესიულია და მისი პოლიტიკის მთავარი განმსაზღვრელია შეიარაღებული დაპირისპირება, მანამ დასავლეთს რუსეთთან ურთიერთობის შერბილება არ გამოუვა. ამან შეიძლება ერთი პერიოდი გაამართლოს, მაგრამ შემდეგ ეს ურთიერთობები ისევ ჩიხში შევა“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბარში.

პოლიტოლოგს უჭირს იმის თქმა, დასავლეთში აცნობიერებენ თუ არა ამას, მაგრამ ფაქტია, რომ ტრამპმა სამხედრო სფერო ჩააბარა აგრესიულ გენერალ მეტისს, ხოლო ის გუნდი, რომელსაც ტრამპი აყალიბებს, მთლად კეთილგანწყობილი არ არის რუსეთის მიმართ. ამდენად, შესაძლოა, გარკვეული დროის შემდეგ ტრამპის განცხადებები და პოლიტიკა გადაიხედოს.

ვახტანგ ძაბირაძის აზრით, რუსეთ-ამერიკას შორის მოლაპარაკებების ერთ-ერთი ყველაზე რეალურ ვარიანტად რჩება, რომ დასავლეთი და ამერიკა შეეცადონ, მშვიდობიან რეჟიმში დააბრუნონ მოლაპარაკებები და სამხედრო ძალის ფაქტორი როგორმე გაანეიტრალონ. რამდენად წარმატებული იქნება ეს, რთული სათქმელია. თუმცა საეჭვოა, დასავლეთი დათმობის პოლიტიკას დადგეს და რუსეთს უფლება მისცეს, აღადგინოს საბჭოთა იმპერია ძველ საზღვრებში.

„თუ რუსეთი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში (უკრაინაში, საქართველოში, მოლდოვაში) სამხედრო ძალას გამოიყენებს, ცხადია, მესამე მსოფლიო ომი არ დაიწყება. დასავლეთი ისევ სანქციებზე დაიწყებს ლაპარაკს და არა - სამხედრო დაპირისპირებაზე“.