სააკაშვილი-ახალაიას და ბაქრაძე-ბოკერია-მელიას გუნდის დაპირისპირება პიკს აღწევს. ორ ბანაკად გაყოფილი „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლის პირას დგას. შიდაპარტიულმა დაპირსპირებამ სოციალურ ქსელში გადაინაცვლა. პარტიის წევრი, აკაკი მინაშვილი, რომელიც ამ დაპირისპირებაში რადიკალურ ფრთას, ანუ სააკაშვილი-ახალაიას გუნდს წარმოადგენს, სოციალურ ქსელში წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაიშლება და გააგრძელებს ივანიშვილის ჩამოშლის პროცესს.
მისივე თქმით: „თანაპარტიელების ნაწილმა დაიწყო მცდარი ინფორმაციის გავრცელება და აშკარაა, რომ ეს არის მხარდამჭერების განზრახ შეცდომაში შეყვანის გამიზნული ტაქტიკა. ყველა მხარდამჭერი ნათლად ხედავს, რეალურად რაც ხდება. მწვავე დაპირისპირების ფონზე პარტია 20 იანვარს 7 ათასიანი ყრილობის ჩატარებას და ახალი თავმჯდომარის არჩევისთვის ემზადება“.
ბოკერია-ბაქრაძის-მელია ფრთა აცხადებს, რომ სააკაშვილი ვერ იქნება პარტიის თავმჯდომარე. პარტიამ უნდა აირჩიოს ახალი თავმჯდომარე და ეს დავით ბაქრაძეა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ოთარ კახიძე ფიქრობს, რომ ყრილობაზე დათა ახალაიას გუნდის გამარჯვების შემთხვევაში, პარტიის განვითარების „საინტერესო“ პერსპექტივა დაიწყება. მისი თქმით, სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ვერ გახდება, რადგან კანონი ამას კრძალავს. შესაბამისად, ყრილობაზე ახალაიას გუნდის გამარჯვების შემთხვევაში, ისინი ჩაიბარებენ პარტიის მართვის სადავეებს, ხოლო თავმჯდომარის პოსტი დარჩება ვაკანტური.
„ნუგზარი, აკო და ჩიორა რომ ახალაიას გუნდს წარმოადგენენ, ახალი ამბავი არ არის. პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, ახალაიას პოზიციაც მახსოვს და მისი გუნდის მხარდაჭერაც - ახალაიას ადვოკატის განცხადებებს რომ არ გაემიჯნენ და მას მერეც რომ განაგრძობენ კამპანიას - ესეც ცხადია. გიგას, გიგის, კეზერას და ვანოს საწინააღმდეგო მესიჯებიც რომ ამ გუნდის მხარდამჭერებისგან მოდის - ესეც ნათელია.
ნუგზარ წიკლაურმა ღიად თქვა, რომ თურმე „რასკოლნიკების“ ფრთას სურს მიშას გარიყვა, ამიტომ აქედანაც ღიად უნდა ითქვას სიმართლე - კი, პარტიის შიგნით პოლიტიკური ბრძოლაა, ერთ მხარეს მიშას სახელს ამოფარებული ახალაიას გუნდი თანამოაზრეებით და მეორე მხარეს - ბაქრაძე-ბოკერია-მელიას გუნდი თანამოაზრეებით. ჩვენი მიზანი არის არა მიშას გარიყვა და მისგან გამიჯვნა, არამედ პარტიის ლიდერშიფის სრულფასოვნად დაკომპლექტება, განვითარება და ივანიშვილის დამარცხება.
ახალაიას ფლანგის მიზანიც ხელისუფლების შეცვლაა, მაგრამ ისინი მიიჩნევენ, რომ ამის გამო თავმჯდომარის პოსტის ხელუხლებლად შენახვა არის აუცილებელი და ცდილობენ ისე დაუხატონ მიშას ვითარება, რომ თითქოს სკამი თუ არ დარჩა ცარიელი და თავმჯდომარეს თუ ავირჩევთ - მიშა ვეღარ იქნება ლიდერი და გაირიყება“, - წერს ოთარ კახიძე.
„ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე შიდაპარტიულ დაპირისპირებას სოციალური ქსელით ეხმაურება პარტიის წევრი, გივი თარგამაძე, რომლის განცხადებით, საოცარი ის არის, რომ სრულებით დელიკატური ტექსტით აღშფოთდნენ ისინი, ვინც ენმ-ის დეპუტატებს ბრალად დასდო ივანიშვილისგან ფულის აღების სანაცვლოდ პარლამენტში შესვლა.
„არავისთვისაა საიდუმლო პარტიაში განსხვავებული შეხედულებების შიდა დაჯგუფებების არსებობა, რაც აქამდე პარტიის პლუსად ითვლებოდა. არც ისაა ახალი ამბავი, რომ ზოგიერთ ქვეყნის გარეთ, დევნილობაში მყოფ ფიგურას აქვს გავლენა ზოგიერთ ჯგუფზე. დიახ, მათ მონათლეს და პარტიაში ძალაუფლების მოპოვებისთვის ბრძოლაში დროშად გაიხადეს. ვინც არ მოერიდა უზრდელობას, შეურაცხყოფას, ცილისწამებას, ვინც ივანიშვილის მიერ საკუთარ ჭაობში გამოყვანილ არსებათა მითოლოგიასა და რიტორიკას შეუერთდა, ზოგ შემთხვევაში კი გადააჭარბა კიდეც. ვინც ამ ბაკქანალიას ამ წუთებშიც აგრძელებს, აი, ეს ადამიანები აღშფოთდნენ და მეც კითხვა გამიჩნდა - რა სინდისით?“, - წერს გივი თარგამაძე.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ვითარება იმაზე გაცილებით რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. შესაბამისად, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული დაპირისპირება უახლოეს პერიოდში მწვავე ხასიათს მიიღებს. პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ ნაცმოძრაობა ორ სუბიექტად ჩამოყალიბდა რადიკალებად და რეალისტებად.
„საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილი პარტიის თავმჯდომარეობას უკვე ჩამოშორებულია და ეს არავისთვის არის უცნობი. რადიკალები ცდილობენ, რომ შეინარჩუნონ თავმჯდომარე, ბატონი სააკაშვილის სახით, რაც უფრო მალე მოხდება ორი სუბიექტის ჩამოყალიბება. მით უფრო მალე დამშვიდდება პარტიაში სიტუაცია. რაც ახლა პარტიაში ხდება, ეს მათი არსებობის განმავლობაში მძიმე პერიოდია. ჩემთვის მკაფიოა განსხვავებული მიდგომები ორი ჯგუფის.
ნაცვლად ერთმანეთთან დაპირისპირებისა, საინტერესო იქნება, რაც შეიძლება მალე გაეყარონ ერთმანეთს და ორ დამოუკიდებელ სუბიექტად ჩამოყალიბდნენ, რომლებიც შემდეგ, რომელიმე არჩევნების წინ, კოალიციაში გაერთიანდებიან. თუმცა, ცხადია, რომ საზოგადოებას სიკეთის მოლოდინი ამ პარტიისგან არ გააჩნია“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ეს პოლიტიკური გუნდი აგებული იყო სააკაშვილზე და შესაბამისად, გუნდის ერთი ნაწილისთვის გადამწყვეტია სააკაშვილის პიროვნება. რაც შეეხება ბოკერია-ბაქრაძე-მელიას გუნდს, ექსპერტი ამბობს, რომ ეს გუდი პარტიის მომხრეა, რაც ნიშნავს, რომ პარტია დამოუკიდებელ სუბიექტად უფრო იქცეს.
„მათი დევიზია, რომ სააკაშვილი არ უნდა იყოს როგორც პიროვნების დანამატი. სააკაშვილის პიროვნება კი თავის რადიკალიზმს მოიცავს, რომელსაც ცხოვრებაშიც ატარებს და ამაშია მისი სპეციფიკა. თუ პარტია პარტიაა, იქ პიროვნება არ უნდა იყოს წამყვანი და ამ მხრივ ლოგიკურია ე.წ. ბოკერიას გუნდის პოზიცია. მეორე მხრივ, თავის ლოგიკა აქვთ მათ, ვინც სააკაშვილის ფიგურაზე აგებს პარტიის მომავალს,
რადგან იციან, რომ ამ ქარიზმატული ფიგურის გარეშე, პარტიას დიდი პერსპექტივა არ ექნება. ჯერჯერობით, გარდა იმისა, რომ სააკაშვილია მათი ლიდერი, სხვა ყველა პოზიცია მყიფეა, იმდენად რამდენადაც ევროპაზე ორიენტაცია და რუსეთის უარყოფა, არ არის მხოლოდ ამ პარტიის პოზიცია. ევროპაზე ორიენტირებული სხვა პარტიებიც არის და მათ შორის სახელისუფლებო პარტია“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.
ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ 20 იანვარს დაგეგმილ ყრილობაზე ბოკერია და მისი გუნდი უმცირესობაში აღმოჩნდება. მისი თქმით, ძირითადი გუნდი ალბათ, დარჩება სააკაშვილთან და მის მომხრეებთან ერთად, მაგრამ რამდენად წაადგება ამ გუნდს რადიკალურ ფლანგზე ყოფნა, ეს სხვა საკითხია.
„ძალიან მნიშვნელოვანია ერთი თემა, თეორიულად დავუშვათ, რომ ეს გუნდი ორად გაიყო, ვიცით როგორია ბოკერია-ბაქრაძე-მელიას დამოკიდებულება ადგილობრივი არჩევნებისადმი, ისინი მხარს უჭერენ ადგილობრივ არჩევნებს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს სააკაშვილი და მისი გუნდი. ამიტომ, ყრილობაზე გაცილებით მნიშვნელოვანია, ვინ როგორ აპირებს პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას, ვიდრე - გაიყოფა თუ არა ეს გუნდი.
წარმოუდგენლად მიმაჩნია მათი ერთად მუშაობა. ეს ყველაფერი გავიდა იმ ვითარებიდან, რასაც ჰქვია კონსენსუსის მიღწევა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია დაფინანსების საკითხი. ეს საკითხი ნაკლებად მნიშვნელოვანია სააკაშვილის გუნდისთვის, მაგრამ ბოკერია-ბაქარაძე-მელიას გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ჩანს, ამ დაპირისპირებაში სავარუდოდ, რადიკალური ფრთა გაიმარჯვებს. მაინც მგონია, რომ ბოკერია და მისი გუნდი უმცირესობაში აღმოჩნდება დაგეგმილ ყრილობაზე. ბოკერიას და მის გუნდს ძალიან დიდი მუშაობა მოუწევს იმისათვის, რომ ელექტორატი როგორმე მოიზიდოს“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.