2017 წლის დასაწყისში საქართველოში ნატო-ს სამხედრო კომიტეტი ჩამოვა. ნატო-ს გენერალურმა მდივანი ამბობს, რომ ნატო მუშაობს საქართველოსთან შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების ვითარების შესაფასებლად და ელოდება, რომ კომიტეტის წევრები განიხილავენ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების სიტუაციას. მისივე თქმით, ნატო შეშფოთებულია შავი ზღვის რეგიონში რუსეთის სამხედრო აქტიურობით, განსაკუთრებით ყირიმში.
„როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობა და უსაფრთხოება მნიშვნელოვანია მთელი ევროპისთვის და, რა თქმა უნდა, ნატო-სთვის. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ ვაფასებ ასე საქართველოსთან ძლიერ პარტნიორობას, რადგან ეს ერთი მხრივ ხელს უწყობს სტაბილურობას შავი ზღვის რეგიონში.
რა თქმა უნდა, ნატო შეშფოთებულია შავი ზღვის რეგიონში რუსეთის სამხედრო აქტიურობით, განსაკუთრებით - ყირიმში. ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც რეაგირება მოვახდინეთ ვარშავის სამიტზე ივლისში. რუსეთმა გაზარდა შავი ზღვის რეგიონში ძალების რაოდენობა. ჩვენ, ასევე გადავწყვიტეთ ალიანსის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება. ჩვენ მუდმივად ვაფასებთ უსაფრთხოების სიტუაციას და ადაპტირებას ვახდენთ. ჩვენ ვაფასებთ საქართველოსთან დიალოგს ამ საკითხზე“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
ნატო-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ საქართველოს უკვე აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ალიანსის წევრობისთვის. გარდა ამისა, ნატო აგრძელებს საქართველოსთან მუშაობას შავი ზღვის რეგიონში არსებული გამოწვევების კუთხით.
„ჩვენ შევაფასეთ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების მხრივ შექმნილი ვითარება. რა თქმა უნდა, საქართველო არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც მნიშვნელოვანია მჭიდრო თანამშრომლობისთვის, რადგან შავი ზღვის რეგიონი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია მთელი ალიანსისთვის და საქართველოსთან პარტნიორობა არის ამის მნიშვნელოვანი ნაწილი“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ზალკალიანის შეფასებით, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ ნატო არის ორგანიზაცია, რომელშიც არც ერთ მესამე ქვეყანას არ აქვს საშუალება, მისი გადაწყვეტილებების გადახედვა ან შეფერხება მოახდინოს.
„საერთაშორისო სამართლის ნორმები აღიარებს სუვერენული ქვეყნის უფლებას, მისთვის ხელსაყრელი უსაფრთხოების სისტემა აირჩიოს. შესაბამისად, ნატო-სკენ სწრაფვა საქართველოს უფლებაა და მეორე მხრივ არის ნატო-ს წევრი ქვეყნები, რომლებიც ამ უფლებას აღიარებენ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ანალიტიკოსების შეფასებით, შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს მომავალ ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობა რუსეთის მხრიდან შესაძლო აგრესიის შემაკავებელი მექანიზმია. მათივე შეფასებით, ნატოს ეგიდით ბალტიის ზღვის უსაფრთხოების ფორმატში სამხედრო ტექიკის შეყვანის ვალდებულება აიღო დიდმა ბრიტანეთმა, თუმცა შემდეგ უარი თქვა. შესაბამისად, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორი იქნება ტრამპის პოზიცია შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით და დათანხმდება თუ არა მსოფლიოს გავლენის სფეროებად დანაწილებას.
ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს მომავალ ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობა არ არის აგრესიული ნაბიჯი. ეს არის თავდაცვის შესაძლებლობა, რომელიც საქართველომ აუცილებლად უნდა გამოიყენოს.
„ნატო-ს ხომალდების შავ ზღვაში პატრულირება შესაძლოა, მხოლოდ და მხოლოდ იქითკენაა მიმართული, რომ რუსეთმა შავ ზღვაში თავისი ახლადშექმნილი აბსოლუტური სტრატეგიული უპირატესობა ბოროტად არ გამოიყენოს. რუსეთზე შეტევას არავინ აპირებს და მით უმეტეს არ აპირებს საქართველო“, – აცხადებს კახა გოგოლაშვილი.
საქართველოში ნატოს სამხედრო კონტიგენტის შემოსვლას უმნიშვნელოვანეს უწოდებს „ანალიტიკური საბჭოს მკვლევარი“ ზურაბ აგლაძე, რომლის განცხადებით, საერთაშორისო არენაზე რუსეთის გააქტიურებამ დასავლეთი შეაშფოთა და მიხვდა, რომ უფრო აქტიური უნდა გახდეს.
„დასავლეთი მიხვდა, რომ რუსეთის, როგორც ფენომენის უგულებელყოფა კარგ შედეგამდე არ მიიყვანს პროცესებს. რუსეთი აქტიურობს, უკვე საერთაშორისო არენაზე გავიდა. ნახეთ, რომ ჩერთო სირიის კონფლიქტში. ეს პირველი საერთაშორისო ოპერაციაა ქვეყნის გარეთ, რომელშიც რუსეთი ჩაერთო. ამ არეულ სიტუაციაში ჩვენ გაცილებით მეტი შანსი გვაქვს, რომ უფრო დავახლოვდეთ დასავლეთთან.
დასავლეთიც ხვდება, რომ მისი მეგობრები აგრესიისგან უნდა დაიცვას და გაცილებით ახლოს უნდა ჰყავდეს. კონგრესმა დაამტკიცა ბიუჯეტი, სადაც საქართველოს დახმარება ცალკე არის გამოყოფილი და საკმაოდ დიდი ყურადღება დაეთმო საქართველოს. წყალი აიმღვრა და ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ ამ ამღვრეულ წყალში თევზი დავიჭიროთ“, – აცხადებს ზურაბ აგლაძე.
მისი თქმით, შავ ზღვაში ნატოს გააქტიურება პირდაპირი პასუხია რუსეთზე და ამას ემატება თურქეთის ქმედება, რომელიც გაურკვეველია რა გზას აირჩევს.
„სანამ თურქეთი იყო დასავლეთის მჭიდრო პარტნიორი და აკონტროლებდა ბოსფორის სრუტეს, მას პრაქტიკულად შავ ზღვაზე ნორმალური ბაზაც არ ჰქონდა. ბოსფორის კონტროლით თურქეთი აკონტროლებდა შემავალ და გამავალ გემებს. ზოგადად, საერთაშორისო სისტემაში შავ ზღვას მიიჩნევენ როგორც ტბად. მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს ანექსირებული ყირიმი, სადაც რუსეთს შავ ზღვაში სამხედრო ბაზა აქვს და გვყავს თურქეთი, რომელიც აღარ არის რაციონალური მოთამაშე. ამიტომ, შავ ზღაში ნატოს და დასავლეთის გააქტიურება არის აუცილებელი“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ზურაბ აგლაძემ.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ შავი ზღვის რეგიონში ნატოს მომავალ ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობა, ქვეყნის მიმართ შესაძლო აგრესიის განხორციელების შემაკავებელი ფაქტორი იქნება. მისი თქმით, ანალოგიური პროცესი საქართველოში დაიწყო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც გაჩნდა პანკისის ხეობის ისტორია.
„ამერიკელი ჯარისკაცის ჩექმამ ქართულ მიწაზე ფეხი პირველად მაშინ დააბიჯა, როდესაც გაჩნდა პანკისის ისტორია. შევარდნაძემ თქვა, რომ პანკისის ხეობაში ტერორისტები არიანო და უკვე მეორე დღეს ჩამოვიდნენ ამერიკელები. მას შემდეგ ეს ჯგუფი არის საქართველოში. ერთ–ერთი მოტივი რატომაც შემოვიდნენ ამერიკელი სამხედროები, გახლდათ ის, რომ ტერორიზმის საბაბით რუსეთი გვემუქრებოდა, რომ საქართველოში ტერორისტები არინ, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ჩვენი ძალებითო, მაგრამ ამერიკელებმა დაასწრეს რუსეთის მოქმედებას.
როგორც კი შემოვდნენ ამერიკელები, რუსეთმა შეწყვიტა ლაპარაკი იმაზე, რომ სადაც ტერორისტები არიან, იქ რუსული არმია უნდა შევიდესო. იცოდა, რომ ამერიკელ ჯარისკაცს რუსეთის მიზეზით, თმის ღერი რომ ჩამოვარდნოდა, ამერიკა დაიწყებდა თავისი ჯარისკაცის დაცვას“, – ამბობს რამაზ საყვარელიძე.
მისი თქმით, ანალოგიური სიტუაცია ნატოს სამხედრო ძალასთან დაკავშირებით. ნატოს ჯარი არა მარტო სამხედრო ძალაა, რომელიც შენ გიცავს, არამედ გიცავს თავისი ყოფნითან ამ მიწაზე.
„თუმცა, ეს შეიცავს ხიფათებსაც. კერძოდ, ამ ფაქტით გაღიზიანებულმა რუსეთმა შეიძლება ხაფანგი სხვა მხრიდან დაგვიგოს. რუსეთი ყოველთვის სახიფათოა, გნებავთ ისე მოიქცე, როგორც მას უნდა და გნებავთ პირიქით მოიქცე. რუსეთი ყველა შემთხვევაში ერთნაირად სახიფათოა. ამ მხრივ გვაწყობს, რომ საქართველოში ნატოს სამხედრო ძალების ყოფნით, რუსეთის სამხედრო ძალა თავს შეზღუდულად გრძნობს“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.