წინასწარ ვიტყვი, რომ ეს ბიუსტი არაა ჩემი ოცნების მაქსიმუმი. მე პირადად ჯერჯერობით ოპერის ბაღში რომ „აკაკია“, იაკობ ნიკოლაძისეული, იმაზე მივლის ჟრუანტელი და ბერძენიშვილის „დავით გურამიშვილზე“. მაგრამ ეს წერილი დამაწერინა ამ პორტრეტის ირგვლივ ატეხილმა ქარბუქმა, რომელიც ზრდილობის ფარგლებს გასცდა.
ადამიანის თვალი არის ადამიანის მიერ მიღებული ცოდნის 80%-ზე მეტის წყარო, სმენაზე სულ 12% მოდის და დანარჩენიც სხვა შეგრძნებებზე. არსებობს დაკვირვება, რომ სწორედ ამიტომ ნახატის შეფასებისას ადამიანი უფრო თამამია, ვიდრე მუსიკის შეფასებისას.
ჰოდა, იქნებ ამაზე მოვრიგდეთ:
ხელოვანის აღზრდა ძვირი ჯდება და ამიტომ ეს საქმე ტექნიკას მივანდოთ. აი, ფოტოაპარატმა ხომ კარგა ხანია მთლიანად შეცვალა მხატვარი. რა საჭიროა ვან გოგის დაბრეცილი პეიზაჟები და მოდილიანის დაჯღანული პორტრეტები?
შაგალი არა ხვიშტი.
პიკასო არა კვახი.
ახლა სამგანზომილებიანი პრინტერებიც შეიქმნა და აღარც სკულპტორია საჭირო.
მივიდეთ და წინასწარ ავაზომინოთ თავი, თორემ როცა მოვკვდებით, შვილები შტიბლეტებსაც გაგვხდიან და ბაზარში წაიღებენ გასასყიდად.
აი ის პრინტერი ისეთი სიზუსტით გადმოსცემს ჩვენი სხეულის ზედაპირის ნებისმიერ კვადრატულ მილიმეტრს, რომელსაც ვერასდროს ვერცერთი მიქელანჯელო და პრაქსიტელი ვერ გაეჯიბრება.
თუმცა, არის კიდევ ერთი საკითხი, რასაც ანგარიში უნდა გაეწიოს.
ეს არის სამწუხარო ტრადიციად ქცეული ცუდი კომუნიკაცია. თითქოს განგებ ხდება, რომ ვიღაცა ხალხის ნერვებზე თამაშობს.
ახლახან შევეხე ამ თემას ირაკლი ჩარკვიანის ძეგლთან დაკავშირებით, რომელიც მომწონს როგორც ნოვატორული შემოქმედება, მაგრამ არ მომწონს ის უვარგისი კომუნიკაცია, რომლის გამოც ასე დაუნდობლად გაილანძღა ამ საქმეში სრულიად უბრალო ირაკლი.
მოსაფიქრებელია პროცედურა, რომელიც გამორიცხავს ამგვარ ისტერიებს.
გინდაც საერთო სახალხო განხილვა იყოს ამგვარი საკონკურსო ნამუშევრების.
განა ხალხის ბრალია, რომ ის არ იცნობს ხელოვნების თანამედროვე ტენდენციებს. ახსნას ვინმემ, რომ მაზნიაშვილის ბიომეტრული პორტრეტის გამოძერწვას გენო ზაქარაიას ბრილიანტის ნიჭი სულაც არ სჭირდება. ამას ძერწვის წრეზე სიარულის ორი წლის სტაჟის მქონე მოსწავლეც იოლად მოახერხებს.
მე უსინათლო ადამიანის მიერ გამოძერწილი პორტრეტიც მინახავს, დედნის ზუსტი ასლი რომ იყო.
და ვის რაში სჭირდება ამისთანა ხელოვნება? ის, რომ ჩვენ მახინჯმა სოცრეალიზმმა ასი წლით ჩამოგვარჩინა, შესაძლოა ჩვენდამი თანაგრძნობის მიზეზი იყოს და არა ჩვენი აგრესიის გამართლება.
როცა თბილისში მსოფლიო დონის შედევრი დაიდგა, გენიოსი სკულპტორის მიერ შესრულებული „დავით გურამიშვილი“, მას სულ მალე მორფინისტი გურამიშვილი დაარქვა სოცრეალიზმის მახინჯ არტახებში მოქცეულმა და გემოვნებაგამდარებულმა ხალხმა.
საბედნიეროდ ქანდაკებებს დიდი მოთმინების უნარი აქვთ და მოითმინა გურამიშვილმაც. ახლა კი ბევრს მოსწონს ეს ქანდაკება.
ისიც მახსოვს, ამაშუკელის „გორგასალი“ რომ დაიდგა, ასე ჭორავდნენ - რუსებს „წაეპადხალიმა“ და რუსულ ცხენზე შესვა, ვლადიმირულ ტვირთმზიდზეო (არის ასეთი მსხვილფეხა ცხენი). მახსოვს იქვე უპასუხა ერთმა ენაკვიმატმა კაცმა - ვახტანგი ისეა აღწერილი, 150 კილო მაინც იქნებოდა და ერთი 50 ჯავშნის წონა დაუმატეთო და სხვანაირი რა ცხენი გაუძლებდაო.
მერე კოწიას დიდებულ ქანდაკებაზე ატყდა ერთი ამბავი...
ასე რომ, ეს ამბები არახალია ჩვენში.
გრიბოედოვისა და მაიაკოვსკის ქანდაკებები რომ მხოლოდ პალტოს ნაოჭებით განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ეს დრო აღარ უნდა დამთავრდეს?
მაზნიაშვილის ამ პორტრეტში მისი ფოტოზე ასახული გაშეშებული წამი ხომ არ უნდა იქნას გამეორებული.
არ არის სკულპტურის დანიშნულება საპასპორტო ფუნქციის შესრულება. არც ხელოვნის მიზანი არაა ხალხის გემოვნებამდე დაშვება, რათა თავი მოაწონოს. პირიქით, ხელოვანმა წინ უნდა წაიყვანოს ეს გემოვნება და ამ საზარელი ჩამორჩენის კლანჭებიდან დაიხსნას.
როცა ხელოვნების ნაწარმოები არ გესმის, შენი გემოვნება უნდა აამაღლო და არა ხელოვანს მოსთხოვო - ჩემამდე დაეშვიო. ეს არ არის სწორი ვექტორი. ასე არასდროს გვექნება ხელოვნება. მაგ გზით მიდიოდა სოცრეალიზმი. სლოგანიც ასეთი ჰქონდა - ხელოვნება ხალხისთვის! ავოე! ურა! და ასე შემდეგ. არა არის ხელოვნება დაბალი ღობე, სადაც ბევრის აზრი ბევრობის გამოა კომპეტენტური.
ამ დღეებში ბევრმა ასეთი რამაც დაწერა - გიორგი მაზნიაშვილი გენერალი იყო და ამიტომ არ შეჰფერის ასეთი პორტრეტი.
ჩემთვის კი იგი გენერალი არ არის. იგი არის ქართველი, რომელსაც საქართველოს სიყვარული სიცოცხლის ფასად დაუჯდა. ასეთ გმირებზე საუბრისას მე საერთოდ არ მახსენდება რამდენი ვარსკვლავი ეკერა სამხრეზე.
ხელოვნების ნიმუში ამ პიროვნების მიმართ რაღაც განცდას უნდა ჰქმნიდეს, და არა ბიომეტრულ დოკუმენტურობას. ხომ შესაძლებელია, რომ გიორგი მაზნიაშვილი ფიზიკურად ძალიან შეუხედავი ყოფილიყო? მერე რა გვეშველებოდა?
სოკრატე მართლაც ბაყაყსა ჰგავდა და ამბობენ კარგი მეომარიც იყოო. ხოდა, გენერალიც რომ გამხდარიყო, ამგვარი კრიტერიუმებით მის გამოქანდაკებასაც ვერ გაბედავდნენ და აღარ გვექნებოდა მისი პორტრეტი.
ვან გოგის პორტრეტები რა ნიშნით მოგვწონს? მაინცდამაინც გენერალი უნდა ჰყავდეს დახატული? ექიმის დახატვა ყველანაირად მოსულა?
მე არ გამიკრიტიკებია მაზნიაშვილის ბიუსტი კასპში, დიდი "ფურაჟკით". კარგი პორტრეტია, თუმცა ხელოვნების ნიმუში - ნაკლებად. თუმცა, მეორე მხრივ, ერნსტ ნეიზვეზტნის „მამარდაშვილი“ აშკარა გადამლაშების მაგალითია.
ვისაც სახის ზუსტი ასლი უნდა, იმან მუზეუმს უნდა მიაშუროს მიცვალებულიდან აღებული ნიღბის სანახავად.
კიდევ კარგი, რომ ოჩიაურმა „ვაჟა“ მაგ ნიღბის მიხედვით არ გააკეთა.
ხოლო პირველი გიმნაზიის ეზოში რომ აკაკი და ილიაა, მათ გამოსაძერწად სკულპტორმა ქუჩაში იპოვნა ორი კაცი - თქვენ მაგრა ჰგავხართ ფოტოზე გამოსახულ ილიასა და აკაკისაო... და გამოძერწა.
არადა, ბევრს ნამდვილი ილია და აკაკი გეგონათ. გამოტყდით!!!
დამწუნებელთა ნაწილი წერს - ზოგი რაკურსით პორტრეტი ბაყაყს ჰგავსო...
აქ ერთი ანეკდოტი მახსენდება - ჭიჭიკიამ მეზობელ ქალს უჩივლა - კისერი მომტეხაო. მიადგნენ სახლში - აბა როგორო? აი, აბაზანაში რო შევდივარ, სკამს რო სკამზე დავდგამ, ჩემი ფანჯრიდან ჩანს როგორ ბანაობსო და სკამი ამიყირავდაო. თუ ქვეშ შეუძვრები სააკაძის ძეგლს, მხოლოდ ცხენის ყვერებს დაინახავ .
ერთიც არის - ამ მხრივ დიდად ორიგინალურნიც არ ვართ. არცერთ იმპრესიონისტს ლუვრში გამოფენა არ ღირსებია, წყევლა კრულვას უთვლიდნენ და მჯღაბნელებს ეძახდნენ. ჯოკონდა სამასი წელი ლუვრის სარდაფში ეგდო და სანამ სკანდალის საგანი არ გახდა მისი მოპარვის გამო, არც არავის უთქვამს რომ შედევრია.
კარმენის პრემიერაზე ბიზე ისე გალანძღეს, რომ მოკვდა.
ბერლიოზი და როსინი ისე აბუჩად იგდებდნენ ვაგნერს (სამივე ამ კომპოზიტორზე ვგიჟდები) რომ მიკვირს ცოცხალი რომ დარჩა.
გავიდა საუკუნე და ის ეიფელი, რომლის წინააღმდეგაც პარიზის მთელმა ელიტამ გაილაშქრა, ახლა მთელი ქვეყნის სიმბოლო და სიამაყეა, ხოლო შიმშილით მკვდარი პოსტიმპრესიონისტების ნამუშევრები მილიონებად იყიდება.
პირიქითაც კი მომხდარა, ანუ, როცა ნამუშევარი ისე მოსწონებიათ, რომ ჭორი დაუგდეს - სინამდვილეში სხვაა ავტორიო. მაგალითად - ყაზბეგის „ელგუჯა“ და ჭაბუას „დათა თუთაშხია“.
იქნებ ამ ისტორიებმა დააცხროს ეს ისტერიები.
ქართული სიჯიუტე უკან დახევის საშუალებას მაშინაც არ იძლეოდა, როცა მტრის ჯარი ათჯერ მეტი იყო და ამან გადაგვარჩინა კიდეც. ამ შემთხვევაშიც ამ ხასიათის ანარეკლსა ვხედავ და, სიმართლე გითხრათ, მიუხედავად ზოგი კომენტარის კარიკატურულობისა, გულიც მიჩუყდება მათ მკითხველს. რუსთაველსაც აქვს ეს მომენტი დაჭერილი - „მაგრა იტყვის - ჩემი სჯობსო...“
არჩილი მეფე იყო და, აბა ნახეთ რას ჩივის: „ასრე სჭირს საქართველოსას დიდებულთ, გინა მცირეთა, აზვავდებიან იტყვიან: უჩემოთ ვინ იმღერეთა?"
გინა მცირეთაო, ვეჟო! არაფერს გაგონებთ ესა?
ბედი ჩვენი, რომ მძიმე ოპერაციის დროს ავადმყოფს ნარკოზი არ აძლევს საშუალებას, აქტიურად მიუთითოს ქირურგს, თუ როგორ უნდა წარიმართოს ოპერაცია, თორემ ქართველი არც ამაზე დაიხევდა უკან.
ერთ ანეკდოტსაც გავიხსენებ და მისიას შესრულებულად ჩავთვლი.
ერევნის რადიოს სერიიდანაა ეს ანეკდოტი:
კითხვა - შესაძლებელია თუ ხალხმრავალ ადგილზე ქალის გაუპატიურება? პასუხი - შეუძლებელია, რადგან რჩევა-დარიგებებით გაგტანჯავენ.
თუმცა, ჩვენც გვჩვევია ზოგი რამის ერთსულოვნად აღიარება. მაგალითად
- ქალბატონი აგრაფინას გამომცხვარ ხაჭაპურს არაფერი ჯობს!!! ან - სიყვარულოვიჩის ხარჩო „პახმელიაზე“ პირველია!!!
არადა, ჩვენ ვართ ხალხი, რომელიც ერთად მღერის ოთხ ხმაში და ამას სხვა ვერავინ ახერხებს.
არც კრიტიკაა ცუდი საქმე, პირიქით, კრიტიკის გარეშე არა საქმე წინ არ იძვრის, მყაყდება და კვდება ყველაფერი. მაგრამ ადამიანი, ვისაც არ ყოფნის ცოდნა, ქირურგს ოპერაციას არ უნდა ასწავლიდეს, მძღოლს - ტარებას, მხატვარს - ხატვას და თან ამას შეურაცხყოფას არ უნდა ურთავდეს. ეს არის ცალსახად არასწორი.
ყველამ ყველაფერი რომ ვიცით, ამის შედეგია ის, რომ გერმანელი „მერსედესს“ აწყობს და ჩვენ ექსპორტზე გასატანი თითქმის ვერაფერი შევქმენით ჯერჯერობით.
მე იმ დროს მოვესწარი, როცა რაც ხალხს მოსწონდა, ის უნდა დადგმულიყო და ამის მაგალითი იყო მთავრობის სახლის წინ დადგმული მუშისა და გლეხის ქანდაკებები მაშინ, როცა ავთო ვარაზს ავიწროებდნენ, როგორ თუ შენი პოპ-არტი გუგენჰეიმის მუზეუმმა წაიღოო.
ამიტომ, ამის ყოველგვარი გამოვლინება მწარედ მჩხვლეტს და ვერასდროს წავუყრუებ.
ჰო, ისიც მიხარია, რომ დღეს უკვე ამდენ ადამიანს უყვარს მაზნიაშვილი, რადგან ის დროც მახსოვს, მისი სახლმუზეუმის გახსნის მოთხოვნით რომ დავრბოდით სხვადასხვა ინსტანციაში რამდენიმე კაცი და მცირერიცხოვნების გამო რომ ძალა არ გვეყო.