მსოფლიოს მთავარი სამიზნე ISIS-ია. აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია სირიის მიმართულებით ახალ პოლიტიკას აყალიბებს. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია თანამშრომლობაზე წავა ირანთა და რუსეთთან, რათა ბაშარ ასადის შენარჩუნებით დაამარცხონ ISIS, რომელიც საფრთხეა არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთვისთვის, არამედ მსოფლიოსთვის.
იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოს მთავარ სამიზნეს ISIS წარმოადგენს, თურქეთის სამხედრო ოპერაციის მთავარ მიზანს ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობა წარმოადგენს. რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, თურქეთის შეიარაღებული ძალები მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე იმისთვის შევიდნენ, რომ დაასრულონ ტირანი ასადის მმართველობა, დაუბრუნონ ეს მიწა კანონიერ მფლობელებს და აღადგინონ სამართლიანობა.
როგორც ცნობილია, თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია სახელწოდებით „ევფრატის ფარი“ 2016 წლის აგვისტოში დაიწყო. თავდაპირველად თურქეთის ხელისუფლება აცხადებდა, რომ მის მიზანს ჩრდილოეთ სირიის ტერიტორიის ისლამისტებისგან და ქურთი ექსტრემისტებისგან გაწმენდა წარმოადგენდა. ოპერაცია სირიელ ამბოხებულებთან თანამშრომლობით ტარდებოდა.
რეჯეპ ტაიპ ერდოღანის პოზიცია ასადის დამხობის შესახებ, არ ემთხვევა მოსკოვის პოზიციას სირიაში კონფლიქტის მოგვარების თაობაზე. კრემლში იმედს გამოთქვამენ, რომ ოფიციალური ანკარა ახსნა-განმარტებას გააკეთებს აღნიშნულის შესახებ. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ ერდოღანის განცხადება სიახლე გახდა მოსკოვისთვის.
„ეს ძალიან სერიოზული განცხადებაა, რომელიც მთლიანობაში არ ემთხვევა წინა განცხადებებს და სიტუაციის ჩვენებურ გაგებას. რაიმე დასკვნების გაკეთებამდე ჩვენ ველით ახსნა-განმარტებას აღნიშნულთან დაკავშირებით“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
თურქეთის პრეზიდენის ამ განცხადებას წინ უსწრებდა ასადიის სამხედრო ძალების თავდასხმა თურქ სამხედროებზე, რომლის შედეგად მოკლულია 5 სამხედრო მოსამსახურე, 30-ზე მეტი დაჭრილია. თავდასხმის შედეგად სერიოზული დარტყმა იქნა მიყენებული თურქეთის შეიარაღებული ძალების იმ კონტიგენტზე, რომელიც სირიაში სამხედრო ოპერაცია სახელწოდებით „ევფრატის ფარი“-ს ეგედით განხორციელებულ ოპერაციებში მონაწილეობდა.
აღსანიშნავია, რომ თურქეთი ერთ-ერთი ის სახელმწიფოა, რომელიც არაერთხელ გამხდარა ისლამური ხალიფატის თავდასხმის ობიექტი, თუმცა ამის მიუხედავად, თურქეთის სტრატეგიული სამიზნე ბაშარ ასადის რეჟიმი წარმოადგენს. თურქეთის ინტერესი სირიის მიმართ საუკუნეებს ითვლის. პოლიტოლოგი სოსო ცისკრაიშვილი ვარაუდობს, რომ 21-ე საუკუნეში, ალბათ, ახალი რეალიები შესაბის ზემოქმედებას ჰპოვებს ამ ორი ქვეყნის ურთიერთობაში.
„ჩვენ არ უდა დაგვავიწყდეს, რომ დღევანდელ სირიაში არა მხოლოდ ასადის რეჟიმი და ისლამური ხალიფატი არიან მოქმედი პირნი, არამედ ე.წ. ამბოხებულები, რომლებიც ასაევე ებრძვიან ასადის რეჟიმს და ისინი გახდნენ არა მხოლოდ ასადის მთავარი სამიზნე, არამედ პუტინისაც, რაც თავისთავად მიუღებელია აშშ-ისთვის. შესაბამისად, თურქეთის პრეზიდენტის ღია განცხადება საკუთარ მისწრაფებებთან დაკავშირებით, შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც გარკვეული რევერანსი აშშ-ის ახალი პრეზიდენტის მიმართ.
როგორ განვითარდება მოვლენები, ამას ყველა ერთად დააკვირდება, მაგრამ ის, რომ ერდოღანმა საკუთარ განცხადებაში არ მოიხსენია ქურთები, რომელთა მიმართაც ბიოლოგიური შეუთავსებლობა გააჩნია თურქეთს და ეს ძალა, არც თუ უსაფუძლოდ გამოცხადებული ჰყავთ ტერორისტულ ორგანიზაციად, ნიშნავს იმას, რომ აშშ-ს ქურთების მიმართ მეტი სიმპათიები აქვს, ვიდრე ასადის მიმართ“, - ამბობს სოსო ცისკარიშვილი.
მისივე თქმით, ამ დაპირისპირებაში საქართველოსთვის მნიშვნელოვანია როგორ განვითარდება მოსკოვისა და ანკარას ურთიერთობები. თუმცა, პოლიტოლოგი ვარაუდობს, რომ რუსულ-თურქული ურთიერთობები მყარი ვერ იქნება და ამასვე ადასტურებს ერდოღანის ცნობილი განცხადება, რომ ყირიმი იყო, არის და იქნება უკრაინის ნაწილი.
„ჩვენ ვიყავით მოწმენი როგორი ნეგატიური განწყობა ჰქონდა თურქეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას რუსეთის ხელისუფლების მიმართ, როდესაც სანქციები შემოიღო თურქეთის წინააღმდეგ, რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების გამო. მაგრამ ორი ქვეყნის პირველი პირების პირველსავე შეხვედრაზე ურთიერთობა დათბა.
შემდგომ მოვისმინეთ ერდოღანის განცხადება, რომელიც წარმოუდგენელია რაიმე საფუძველს არ ეყრდნობოდეს და ეს საფუძველი მიგვანიშნებს იმაზე, რომ რუსულ-თურქული ურთიერთობები მაინც და მაინც მყარი ვერ იქნება. ბატონმა ერდოღანმა ბრძანა, რომ ყირიმი იყო, არის და იქნება უკრაინის ნაწილი. ამიტომ, ძნელია ვისაუბროთ რაიმე პერსპექტივის შეფასებაზე, რადგან თურქეთს ერთი სამიზნე არ გააჩნია, მას საფიქრალი აქვს ჩვენი პლანეტის სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს მოსკოვი, ვაშინგტონი, ბრიუსელი, თუ მისი სამხრეთ მეზობელი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილმა.
აღმოსავლეთმცოდნე ვასილ პაპავა ამბობს, რომ არაბაული გაზაფხულის დაწყებისთანავე ნათელი იყო თურქეთის პოლიტიკა სირიის მიმართ, როდესაც ანკარამ დაიწყო ბაშარ ასადის ოპოზიციის მხარდაჭერა. მაშინ, როდესაც სხვა დიდი მოთამაშეები, კერძოდ რუსეთი და ირანი ჩაერთო კონფლიქტში, შესაბამისად, სირიის თემა მსოფლიოსთვის მთავარი საკითხი გახდა.
„თურქეთი შეეცადა თავისი ინტერესების გატარებას სირიაში. მოგეხსენებათ, რომ სირიის ჩრდილოეთ ნაწილში კომპაქტურად დასახლებული არიან ქურთები. თურქეთისთვის კი, ქურთების საკითხი ეროვნულ დონეზე აყვანილი ერთ-ერთი უმწვავესი საკითხია. როდესაც სირიაში მცხოვრებმა ქურთებმა აიღეს იარაღი, ცხადი იყო, რომ ეს ავტომატურად გადაედებოდა თურქეთს, სადაც 18 მილიონი ქურთი ცხოვრობს.
შესაბამისად, სერიოზული საფრთხე ექმნებოდა თურქეთის უსაფრთხოებას. ამიტომ, ერდოღანი შეეცადა ორი კურდღელი დაეჭირა - დაემხო ასადის ხელისუფლება და მისთვის საჭირო ხელისუფლების მოყვანა სირიის სათავეში, მეორე - სირიელი ქურთების განეიტრალება. ვხედავთ, რომ ერდოღანის გეგმა ჯერჯერობით არ ამართლებს“, - ამბობს ვასილ პაპავა.
რაც შეეხება ერდოღანის განცხადებას, პაპავა ვარაუდობს, რომ სავარუდოდ, ამ განცხადების ადრესატი არის ამერიკის ახალი ადმინისტრაცია, რადგან ტრამპი ჯერ კიდევ საარჩევნო პერიოდში აცხადებდა, რომ საჭირო იყო ე.წ. ზომიერი ოპოზიციის დაფინანსების შეწყვეტა. პაპავა ვარუდობს, რომ ტრამპი გარკვეულ დათმობებზე წავა ასადის შენარჩუნების კუთხით, რომელიც ებრძვის ტერორისტულ ინტერნაციონალს.
„ასევე გასაგებია ირანის პოზიცია, რომელიც ალაგებს დასავლეთთან ურთიერთობას, მაგრამ სირიის მიმართებაში უკომპრომისოა, არ დაუშვებს ასადის ხელისუფლების დამხობას, ისევე როგორც რუსეთი. ერდოღანი იმ პოლიტიკოსთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც მიჩვეული არ არის უკან დახევას. თურქეთი ცდილობს გაამხნევოს მისი სამხედრო ძალები, რომელიც სირიაში მოქმედებს და ამ განცხადებით ეუბნება, რომ ბრძოლა გრძელდება თურქეთის ინტერესების გასატარებლად.
ფაქტია, რომ ირანი და რუსეთი ამას არ დაუშვებენ და საუბარია ომის გაგრძელებაზე. ბოლო მონაცემებით ალეპოს 80%-ს ასადის რეჟიმი აკონტროლებს. ეს უკვე ნიშავს, რომ დასავლეთ სირია იქნება ასადის კონტროლს ქვეშ, რაც დიდი ფსიქოლოგიური გარდატეხა იქნება ამ ომში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვასილ პაპავამ.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ ასადების დინასატია თურქეთის ნებისმიერი მთავრობის მიერ განიხილეობდა როგორც მტრულად განწყობილი სახელმწიფო. ეს ლოგიკურიც არის, რადგან მისი თქმით, სირია ყოველთვის მხარს უჭერდა საბჭოთა კავშირს, ხოლო თურქეთი იყო და არის ნატოს წვერი სახელმწიფო.
„საუბარია იდეოლოგიურ და ისტორიულ მტრობაზე. გარდა ამისა, სირიამ თურქეთს წამოუყენა ტერიტორიული პრეტენზიები, ყველა პარამეტრებით თურქეთისთვის ასადის რეჟიმი არის ნომერ პირველი მტერი, გაცილებით მეტი, ვიდრე ისლამური ხალიფატი. თურქეთის დღევანდელ ხელისუფლებას შეუძლია და არაერთხელ წარმოაჩინა, რომ კომუნიკაციური ურთიერთობა ჰქონოდა ისლამური სახალიფოს ხელმძღვანელობასთან. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ისლამური სახალიფო თურქეთისთვის არ არის მტერი, რაც თურქეთის მთავრობამ არაერთხელ დაადასტურა. დღეს, თურქეთის შეიარარებული ძალები ცდილობენ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქის დაკავებას, რომელსაც ისლამური სახალიფოს სამხედრო ფორმირებები აკონტროლებენ.
საინტერესო ფაქტია ისიც, რომ ასადის რეჟიმი ყოველთვის მხარს უჭერდა ქურთების გასამხედროებულ ტერორისტულ დაჯგუფებებს, რომელთა საშუალებითაც თავდასხმებს ახორციელებდნენ თურქეთის ტერიტორაზე. ასე რომ, თურქეთს 4 ძირითადი მიზეზი აქვს, რომ ასადის რეჟიმის დამხობა მოხდეს მისი მხრიდან“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაიამ.