სეპატარატისტები რუსეთთან ერთად, სირიის კონფლიქტში ჩაერთვებიან

სეპატარატისტები რუსეთთან ერთად, სირიის კონფლიქტში ჩაერთვებიან

რუსეთის ფედერაციის საბჭოს გადაწყვეტილებას - რუსეთის შეიარაღებული ძალების გამოყენებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მხარი დაუჭირა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტმა. ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტის სპიკერი ანატოლი ბიბილოვი თვლის, რომ დადგენილებამ ხელი შეუწყო დონბასში გაცილებით ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების თავიდან აცილებას და განხილვის შემდეგ, დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს რუსეთის ფედერაციის საბჭოს დადგენილებას, რაც ნიშნავს, რომ სეპატარატისთა სამხედრო დანაყოფები რუსეთის დროშის ქვეშ სირიის სამხედრო კონფლიქტში ჩაერთვებიან.

2015 წლის 30 სექტემბრის დადგენილებით, რუსეთის ფედერაციის საბჭო დაინტერესებული ქვეყნების პარლამენტარებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ სირიის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას და სამხედრო კოორდინირებულ მოქმედებებს სირიაში და ახლო აღმოსავლეთის სხვა სახელმწიფოებში.

ფედერაციის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ხელი შეუწყო რუსეთის ფარგლებს გარეთ ძირითადი გადაწყვეტილებების მოგვარებას და ტერორისტული საფრთხეების თავიდან აცილებას.

„დროულმა და დეტალურად გააზრებულმა ეფექტურმა გადაწყვეტილებამ მთელ მსოფლიოს აჩვენა, თუ როგორ უნდა ებრძოლო საერთო ბოროტებას - ტერორიზმს“, - ნათქვამია ფედერაციის საბჭოს განცხადებაში.

რუსეთის მიერ სამხრეთ კავკასიაში ახალი სამხერო სტრუქტურის შექმნა დაემთხვა ვლადიმერ პუტინის მიმართვას ფედერაციის საბჭოსადმი, სადაც რუსეთის პირი სრულ სამშვოდო ტონალობაში საუბრობდა. როგორც ექსპერტი სოსო ცინცაძე აცხადებს, პუტინის მშვიდობანმა ტონალობამ ფედერაციის საბჭოც კი გააოცა.

„საგანგაშო ნამდვილად არ არის. ეს არის ტენდენცია, რუსეთი ცდილობს შეაკავოს ე.წ. სამხრეთ ოსეთი, ვინაიდან მათ შეუძლიათ ჩაატარონ რეფერენდუმი რუსეთთან მიერთების თაობაზე. ამიტომ, რუსეთს განაწყენებაც არ უნდა, რადგან მომავალი წლიდან ოსებს და აფხაზებს საგრძნობლად შეუმცირეს დაფინანსება. ამიტომ, ასეთი ხელშეკრულებით კომპენსაცია ხდება. საერთოდ, სწორად არ მიმაჩნია ოსების და აფხაზების რაღაცა გადაწყვეტილებებზე ვისაუბროთ“, - აცხადებს ცინცაძე.

როგორც ექსპერტი აცხადებს, ეს არის რუსული დიპლომატიური სტილი აიძულოს საქართველო, რომ შეცვალოს გადაწყვეტილება. მისი თქმით, ევროპულ სტუქტურებში ინტეგრაციის პარალელურად, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი იქნება საზღვრის გადამოწევა, ადგილობრივი ქართველი მოსახლეობის გატაცებები, მაგრამ ფართო მასშტაბიანი აგრესია ახალი ანექსიით, მოსალოდნელი არ არის.

„არა იმიტომ, რომ პუტინს შევუყვარდით და ნანობს რაც გააკეთა, უბრალოდ, არ სჭირდება დღეს ომი. თუ მოვა დრო და კვლვა რეალურად იქცევა საქართველოს ნატოში გაწევრიანება, როგორც 2008 წელს ბუქარესტის სამიტის დროს, მაშინ უნდა ველოდოთ აგრესიას. მაგრამ ახლა ვერ ვხედავ იმის ნიშნებს, რომ რუსეთი მომავალში რაიმე აგრესიას გეგმავდეს საქართველოს მისამართით. უბრალოდ, იქნება ამგავრი ბრწკენა-ბრწკენები, ამის წინ იყო გაერთიანებული სამხედრო ძალების შექმნა, ახლა ეს გადაწყვეტილება.

ეს არის უხეში რუსული ნაჯახისებური დიპლომატიური აქცია საქართველოს მიპატიჟებაზე რუსეთთან ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების დაწყებაზე. პუტინს ვერ მოუნელებია და ვერ მოინელებს ამას, რომ ორჯერ მიიპატიჟა საქართველოს პირველი პირები და ორივეჯერ ცივი უარი მიიღო. პუტინი გადაეჩვია მისი ინიციატივის უპასუხოდ გადაყლაპვას. ამიტომ ვფიქრობ, რომ რუსული დიპლომატიური სტილია აიძულოს საქართველო“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცინცაძე.

ანალიტიკური საბჭოს მკვლევალი, სამხედრო ექსპერტი ზურაბ აგლაძე ფიქრობს, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის მიერ რუსეთის ფედერაციის საბჭოს გადაწყვეტილება - „რუსეთის შეიარაღებული ძალების გამოყენებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ“, საქართველოსთან მიმართებაში ბევრს არაფერს შეცვლის. მისივე თქმით, რუსეთის ეს გადაწყვეტილება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ბერკეტია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე დაამტკიცოს რუსეთის აგრესიული პოლიტიკა რეგიონის მიმართ.

„სამხრეთ ოსეთს არ გააჩნია როგორც ადამიანური, ასევე სამხედრო რესურსი. არ არის აღიარებული არც ერთი სახელმწიფოს მიერ. ამიტომ, ნებისმიერი მათი მონაწილეობა რუსეთის დროშის ქვეშ რაღაცა ოპერაციებში, ჩვენზე გავლენას ვერ იქონიებს. საინტერესოა, სად უნდა მიიღოს მონაწილეობა ცხინვალის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთთან ერთად, სირიაში? - არ ვიცი, სხვა სად შეიძლება მიიღონ მონაწილეობა. ამიტომ, ეს ვითარება რეალურ სურათს არ ცვლის. სიმართლე გითხრათ, ეს შეიძლება კიდევ ერთი ბერკეტი იყოს ჩვენთვის იმის დასამტკიცებლად, რუსეთი რა პოლიტიკას ატარებს ჩვენს რეგიონში და ჩვენს მიმართ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ზურაბ აგლაძე.

რუსეთის მიერ სამხრეთ კავკასიაში ახალი სამხედრო სტრუქტურის შექმნას საქართველოსთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევს სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე, რომლის განცხადებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის მიერ რუსეთის ფედერაციის საბჭოს გადაწყვეტილება - „რუსეთის შეიარაღებული ძალების გამოყენება ქვეყნის ფარგლებს გარეთ“ ფორმალური ნაბიჯია.

„იმ ახალი სამხედრო სტრუქტურით, რომელსაც რუსეთი სამხრეთ კავკასიაში აშენებს და რომელშიც ოკუპირებული აფხაზეთი, სომხეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი შედის, სამხედრო მოქმედებებში სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს შეუძლით სამოხალისო პრინციპით მიიღონ მონაწილეობა“, - ამბობს მამუკა არეშიძე.