„მარტო შარშან სტუდენტურმა თვითმმართველობამ უნივერსიტეტის ადმინისტრაციიდან 300 ათას ლარზე მეტი მიიღო“

„მარტო შარშან სტუდენტურმა თვითმმართველობამ უნივერსიტეტის ადმინისტრაციიდან 300 ათას ლარზე მეტი მიიღო“

მოძრაობა „აუდიტორია 115“ -ის წევრები თბილისის სახელმწიფო უნვერსიტეტის მეექვსე კორპუსის პიკეტირებას 5 დეკემბრამდე განაგრძობენ. 5 დეკემბერს კი სტუდენტები კანონმდებლებს თავიანთ ინიციატივას წარუდგენენ. რას მიაღწიეს სტუდენტური პროტესტით და რას ელიან პარლამენტისგან, ამის შესახებ For.ge-ს „აუდიტორია 115“-ის წევრი გიორგი ჯავახაძე ესაუბრა.

უკვე რამდენიმე დღეა, პიკეტირებული გაქვთ უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი და ღამეს ათევთ უნივერსიტეტში, რის გამოც სტუდენტთა ნაწილი სწავლების ხელშეშლაში გადანაშაულებთ.

- ისინი თავისუფალი სტუდენტები არიან, რომლებსაც საკუთარი პოზიცია აქვთ. გვესმის, რომ მათ პრობლემა ექმნებათ მეექვსე კორპუსის პიკეტირების გამო, თუმცა რექტორატმა უკვე უზრუნველყო მათი ლექციების გადანაწილება სხვადასხვა კორპუსში. ჩვენი გადასახედიდან, პრობლემა აღარ არსებობს, თუკი ეს არ არის პრინციპული პოზიცია, რომ მათ მაინცდამაინც მეექვსე კორპუსში სურთ სწავლის გაგრძელება. გარდა ამისა, ჩვენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლებიც გვთხოვენ საბუთების მიწოდებას და ვცდილობთ, არც ამაში შევუშალოთ ხელი.

თუმცა პიკეტირება მაინც გრძელდება, მიუხედავად განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან-მარიამ ჯაშთან შეხვედრისა?

- პიკეტირება გრძელდება. მარიამ ჯაშთან შეხვედრისას არსობრივი შეთანხმება არაფერთან დაკავშირებით არ მიღწეულა. მარიამ ჯაშის პოზიცია ასეთია, რომ იგი, როგორც ერთი პიროვნება, ეთანხმება ჩვენს მოთხოვნებს თვითმმართველობის არჩევის პირდაპირ წესთან დაკავშირებით. ამაზე არსებობს ფუნდამენტური შეთანხმება ყველა ინსტიტუციის ხელმძღვანელთან, იქნება ეს განათლების მინისტრი, უნივერსიტეტის რექტორი თუ განათლების კომიტეტის თავმჯდომარე. პრემიერთანაც კი ამაზე შეთანხმება მიღწეულ იქნა და პრემიერმა თავისი პოზიცია დააფიქსირა. თუმცა აქ ხდება ერთი უცნაური რამ. ჩემი აზრით, დღეს ხელისუფლებას არ სურს, შექმნას პრეცედენტი იმასთან დაკავშირებით, რომ ახალგაზრდულმა გაერთიანებამ თავისი ხმა მიაწვდინა სახელმწიფოს და სახელმწიფომ გაითვალისწინა ახალგაზრდების ინტერესი. მათ ეშინიათ, თითქოს ამით რაღაც ძალაუფლებას დაკარგავენ. ამდენად, აქ უფრო ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პრობლემაა. თორემ საკითხი რომ ჯანსაღი და ლეგიტიმურია, ამას ყველა ადასტურებს. არ შემხვედრია ადამიანი, თუნდაც მოწინააღმდეგე მხრიდანაც კი, რომელიც გააბათილებდა „აუდიტორია 115“-ის რომელიმე მოთხოვნას.

რას შეცვლის პარლამენტში ჩანიშნული 5 დეკემბრის სხდომა?

- ამ სხდომაზე ვეცდებით შევაჯამოთ ყველაფერი, რაზეც ამ ხნის განმავლობაში გვისაუბრია. ვეცდებით, წარვადგინოთ ჩვენი ხედვა თვითმმართველობასთან დაკავშირებით, ასევე, გავითვალისწინოთ მათი შეხედულებებიც, უცხოური გამოცდილება და სხვა. მარიამ ჯაშმა ისაუბრა, რომ პროცესში ჩართავს გაეროს განათლების კომიტეტს. კი ბატონო, ჩვენ მზად ვართ, მოვუსმინოთ ამ ადამიანებს, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ ერთ რამეს ვითხოვთ - მუხლის ცვლილებას, რაც არ არის პრობლემური. ეს არ იწვევს განათლების კანონის ფუნდამენტურ ცვლილებას, არ მოითხოვს იმას, რომ განათლების კანონი კიდევ ერთხელ შეუდარონ კონსტიტუციას. მუხლის ცვლილება თვითმმართველობის არჩევის წესს შეცვლის. ეს ძალიან მარტივია, რადგან ზუსტად ამავე მოვალეობას ძალიან მარტივად შეასრულებს უმაღლესი განათლების შესახებ კანონის 43-ე მუხლი, რომელშიც სტუდენტურ გაერთიანებებზეა საუბარი. უბრალოდ, 45-ე მუხლი აზუსტებდა ამ გაერთიანებების სახეს და სწორედ ამ დაზუსტებამ და ცენტრალიზებამ გამოიწვია დისკრიმინაციულობა კონსტიტუციასთან მიმართებით. გამომდინარე აქედან, ვითხოვთ 45-ე მუხლის ამოღებას და დროებით 43-ე მუხლით მუშაობას.

თუკი 5 დეკემბრის შემდეგ თქვენი მოთხოვნები დაკმაყოფილდება, მაშინ სულ ახლახანს არჩეული თვითმმართველობა, რომელსაც ლეგიტიმურად არ ცნობთ, ავტომატურად გაუქმდება?

- თუკი არჩევის ახალი მოდელი იარსებებს, უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები. იმის გათვალისწინებით, როგორი სახეც მიიღო ამ არჩევნების პროცესმა და როგორი „ლეგიტიმაციითაც“ ჩატარდა თვითმმართველობის არჩევნები, ვფიქრობ, ასეთი დაბალი ლეგიტიმაციით წარმომადგენლობით ორგანოში ყოფნა მათაც არ უნდა სურდეთ. ამიტომ, თუ კანონი შეიცვლება, ახალი წესით აირჩევიან სტუდენტური ახალი წარმომადგენლობები.

ამ პროცესში თქვენ გაეროს განათლების კომიტეტის ჩართვას მიესალმებით. სავარაუდოდ, დასავლურ სახელმწიფოებში სტუდენტურ თვითმმართველობებს პრივილეგირებული მდგომარეობა არ ექნებათ. ლაპარაკიც ზედმეტია, რომ თვითმმართველობები რექტორატის ან განათლების სამინისტროს მხრიდან იმართებოდეს.

- ცალსახად ამაზე პასუხი არ მაქვს, რადგან ეს მოითხოვს აღმოსავლეთ ან დასავლეთ ევროპის ქვეყნების პოლიტიკაში ჩახედვას. თუმცა არ წარმომიდგენია, რომელიმე დემოკრატიულ სახელმწიფოში სტუდენტს პრივილეგირებული მდგომარეობა ჰქონდეს. დემოკრატიული სახელმწიფოების ფუნდამენტური პრინციპები ამას არ ითვალისწინებს. თავად მარიამ ჯაშს ევროპული განათლება აქვს მიღებული და მისთვის წარმოუდგენელია, რატომ არსებობს უნივერსიტეტში პრივილეგირებულთა ჯგუფი?!

მაგრამ, თუ ეს საკითხი მარიამ ჯაშზე მაღლა წყდება?

- სავარაუდოდ, ამ გადაწყვეტილებას იღებს მთელი მმართველი გუნდი. დღემდე ვერ მიიღო გადაწყვეტილება ვერც განათლების მინისტრმა, ვერც პრემიერმა... რა იქნება 5 დეკემბრის შემდეგ, ამაზე რთულია საუბარი. ჩვენ კორპუსში ვრჩებით და მობილიზებულნი ვართ, რომ პოზიტიური შედეგი მივიღოთ 5 დეკემბერს. გვსურს, საზოგადოების მეტმა ნაწილმა გაიგოს ამ პროცესის შესახებ.

როგორც ჩანს, სტუდენტების მასობრივა აყოლიება ვერ შეძელით. რით ახსნით ამას?

- შესაძლოა, სტუდენტები საპროტესტო აქციებზე, პიკეტირების დროს დიდი მასშტაბით არ ჩანან, მაგრამ სტუდენტთა უმეტესი ნაწილი იზიარებს დემოკრატიულ პრინციპს - არჩევის თანასწორ უფლებას. მათგან მხარდაჭერას ვგრძნობთ, რადგან ჩვენი მოთხოვნა დემოკრატიულ პრინციპზეა აგებული.

პარალელურად, პრივილეგირებულთა კასტის გაუქმებასთან ერთად თანასწორობის პრინციპზე აგებულ დაფინანსებასაც ითხოვთ?

- ამ ეტაპზე კანონის ცვლილება იწვევს მხოლოდ არჩევის თანასწორობას. რაც შეეხება დაფინანსების თანასწორობას, ამისთვის ვითხოვდით და ვითხოვთ ევროპაში მიღებულ მეთოდს. ეს არის კლუბური სისტემა, რომელიც ითვალისწინებს, რომ არსებობს თავისუფალი გაერთიანებები ინტერესების მიხედვით. თავისუფალი გაერთიანებები უნივერსიტეტიდან გამოყოფილ ბიუჯეტს სტუდენტური პროექტებისთვის განკარგავენ. მაგალითად, ცალკეულ კლუბს (ეს იქნება ლიტერატურული კლუბი, თეატრალური , ეკონომიკური თუ იურიდიული კლუბი) კონკრეტულ საბჭოში საკუთარი ხარჯთაღრიცხვით შეაქვს თავისი პროექტი და საბჭო მსჯელობს, დაფინანსდეს თუ არა ცალკეული პროექტი. რექტორისგან დაპირება მივიღეთ, რომ 1-ლი იანვრიდან უნივერსიტეტში სწორედ ასეთი მოდელი დადგინდება და იარსებებს სტუდენტური პროექტების თანხის განმკარგავი საბჭოს გამჭვირვალე მოდელი.

მაშინ თვითმმართველობას რაღა აზრი აქვს, 1-ელ იანვრამდე ფუნქციონირებენ ისინი?

- თვითმმართველობას აქვს ორი ფუნქცია, ერთია, წარმომადგენლობითობა და მეორეა, სტუდენტური ცხოვრების მოწყობა. თუ რექტორის დაპირება პირნათლად იმუშავებს, მაშინ ყველა სტუდენტს მიეცემა თანასწორი შესაძლებლობა, დაგეგმოს სტუდენტური ცხოვრება, პროექტები.

მაშინ ნომინალური გახდება თვითმმართველობის იდეა?

- რა თქმა უნდა, მას დარჩება მხოლოდ წარმომადგენლობითი ფუნქცია, რომელიც არასწორად არის უნივერსიტეტში დაკანონებული. ანუ ჩვენი ბრძოლის შედეგად რექტორატმა გაითვალისწინა, რასაც ჩვენ წლების განმავლობაში ვაპროტესტებდით, რომ ამ ადამიანებს მონოპოლიური წვდომა არ უნდა ჰქონოდათ ბიუჯეტზე.

რამდენად სოლიდური იყო თვითმმართველობისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი?

- მაგალითად, შარშან სტუდენტურმა თვითმმართველობამ უნივერსიტეტის ადმინისტრაციიდან 300 ათას ლარზე მეტი მიიღო. ეს ფული დაიხარჯა სხვადასხვა პროექტებში, ძირითადად, ეს იყო ექსკურსიები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები, სასაჩუქრე თანხები. ყბადაღებული 24 ათას 600 ლარი სტუდენტურმა თვითმმართველობამ თავისივე წევრების ტრენინგისთვის დახარჯა ბაკურიანში. სწორედ აქედან წამოვიდა ეს პროტესტი. თუ ჩვენ დაფინანსების ახალ მოდელს დავამკვიდრებთ და ამ ადამიანებს აღარ ექნებათ მონოპოლიური წვდომა დაფინანსებაზე, მაშინ მათ აღარ ექნებათ წარმომადგენლობით ორგანოებში ყოფნის ხალისი.

უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე ადასტურებს, რომ ყველა სტუდენტს უნდა ჰქონდეს თანაბარი უფლება. მისი თქმით, აქ საუბარია უფრო დიდ რეფორმაზე და არა მხოლოდ ერთი უმაღლესი სასწავლებლის ბედზე. თუკი რექტორი ამას აცხადებს, მაშინ რისთვის სჭირდებათ თვითმმართველობის წევრები? ახლა ხომნაციონალებიარ არიან, რომ ისინი კონკრეტული პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ?

- არა მგონია, შარვაშიძეს თვითმმართველობის წევრები რამეში სჭირდებოდეს. იმედი მაქვს, ეს ხელისუფლება არ აპირებს ამ ადამიანების გამოყენებას ისე, როგორც „ნაცმოძრაობა“ იყენებდა. თუმცა ფაქტია, რომ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას არ იღებენ, რათა საბოლოოდ დამთავრდეს გაუთავებელი ბრძოლა სტუდენტურ ორ ჯგუფს შორის. უკვე ათი წელიწადია, ანუ 2006 წლიდან მოყოლებული, ეს დაპირისპირება მიმდინარეობს. ვფიქრობ, საუნივერსიტეტო საზოგადოებაც მზად არის, ეს ბრძოლა საბოლოოდ დასრულდეს და მივიღოთ დემოკრატიული მოდელი. ჩვენი ფუნდამენტური პრინციპია, რომ დემოკრატიული მოდელი მივიღოთ არა მარტო თსუ-ში, არამედ სახელმწიფო ყველა უნივერსიტეტში. სხვა შემთხვევაში, ჩვენი ადმინისტრაციის დონეზე ვიბრძოლებდით, რომ უნივერსიტეტის სენატსა და აკადემიურ საბჭოს დაემკვიდრებინა დემოკრატიული მოდელი თსუ-ში, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი, რადგან მსგავს ბედში სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებიც არიან.