დავით ცინდელიანის და პაატა ქარდავას მკვლელობის საქმის განხილვა დასკვნით ფაზაში შევიდა. 2 დეკემბერს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის ბოლო მოწმეები დაიკითხებიან. ამის შემდეგ კი, მხარეები დასკვნით სიტყვას წაიკითხავენ და მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად სათათბირო ოთახში გავა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ცინდელიანისა და ქარდავას მკვლელობის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის 4 მოწმე დაიკითხა. მათ შორის იყო ეკა ყოლბაია, რომელიც 2008 წლის აგვისტოში ზუგდიდის ადგილობრივ გაზეთში მუშაობდა. სწორედ ეკა ყოლბაია არის ის ადამიანი, ვისაც დავით ცინდელიანი ბოლოს ესაუბრა ტელეფონზე.
როგორც ყოლბაიამ აღნიშნა, ცინდელიანი მას როგორც აფხაზეთში ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამაარსებელი ისე გაეცნო და მასთან სამსახურეობრივი ურთიერთობა ჰქონდა. მოწმე ყოლბაია ამბობს, რომ ცინდელიანს ბოლოს მობილურით 2008 წლის 16 აგვისტოში ესაუბრა. ყოლბაიას თქმით, თითქოს, ის, აფხაზეთის ტერიტორიაზე მყოფმა ცინდელიანმა (სინამდვილეში, ცინდელიანი მესტიაში იმყოფებოდა) გააფრთხილა, რომ მალე რუსეთის ჯარი ზუგდიდში შესვლას აპირებდა და ოჯახთან ერთად ქალაქი დაეტოვებინა.
თუმცა, ყოლბაიას ჩვენების საპასუხოდ საქმის პროკურორმა გიორგი კავსაძემ სასამართლოს 2008 წლის 16 აგვისტოს დღეს ცინდელიანის სატელეფონო ნომერზე შემავალი ზარების ჩანაწერი წარუდგინა, რომლითაც ირკვევა, რომ აღნიშნული თარიღის დროს ცინდელიანსა და ყოლბაიას შორის მესტიიდან მხოლოდ 5-წამიანი საუბარი შედგა. ამიტომ პროკურორი ეკა ყოლბაიას ცრუ მოწმეს უწოდება.
სასამართლომ დაცვის მხარის ერთ-ერთი მთავარი მოწმის ბახვა ჩიქობავას ახლო მეგობარი, ზურაბ სოსელია დაკითხა, რომელმაც განაცხადა, რომ უცხოეთში მყოფი ჩიქობავა დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა. როგორც სოსელია აცხადებს, მას ჩიქობავამ უთხრა, რომ პროკურატურაში, ცინდელიაისა და ქარდავას საქმესთან დაკავშირებით, აფხაზეთის კუდ-ის ყოფილი უფროსის რომან შამათავას წინააღმდეგ ჩვენება ძალით მიაცემინეს და ახლა ამის გამოსწორება უნდოდა. კერძოდ, ჩიქობავა სოსელიას სთხოვდა „სკაიპის“და ნოტარიუსის დახმარებით ახალი ვიდეო ჩვენება ჩაეწერათ.
სოსელიას მტკიცების მიუხედავად, რომ ვიდეო ჩვენება ჩაწერილი იქნა, საქმის პროკურორის განმარტებით, ჩიქობავას დაცვის მხარემ მხოლოდ ნოტარიულად დამოწმებული წერილობითი მხარე წარმოადგინა და ვიდეოფაილს არ აჩვენებს. მისივე თქმით, თავად ჩიქობავა უარს აცხადებს სასამართლოზე „სკაიპით“ დაკითხვაზეც, რაც საქმის პროკურორის განმარტებით ეჭვქვეშ აყენებს ნოტარიულად დამოწმებული ჩვენების სანდოობას.
როგორც ცნობილია, დავით ცინდელიანისა და პაატა ქარდავას მკვლელობის საქმეში ბრალდებულია აფხაზეთის კუდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი რომან შამათავა. ცინდელიანის გაუჩინარების საქმე გახსნილად 2014 წელს გამოცხადდა. მთავარი პროკურატურის ოფიციალური ვერსიით, 2008 წლის 16 აგვისტოს დათო ცინდელიანი, რომელიც სატყეო დეპარტამენტის მეტყევე-რეინჯერად მუშაობდა კუდ-ის მაღალჩინოსნებმა აფხაზეთის სეპარატისტულ ძალებთან ჯაშუშობაში დაადანაშაულეს, რის გამოც ქუთაისში დააკავეს.
ტელეფონით მიღებული დავალების შესაბამისად, დათო ცინდელიანი ნაცვლად თბილისისა, ბათუმში ჩაიყვანეს და გადასცეს კუდ-ის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს უფროსს, რომან შამათავას. რომან შამათავამ და მისმა რამდენიმე თანამშრომელმა ცინდელიანი მიიყვანეს ბათუმში, შავი ზღვის ნავმისადგომთან, სადაც რომან შამათავა დათო ცინდელიანს აფხაზ სეპარატისტებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდა, რასაც ცინდელიანი უარყოფდა.
გამოძიების მასალების თანახმად, შამათავას დავალებით ზემოაღნიშნულ პირებს ნავმისადგომთან ელოდებოდა აჭარის ა-რ კუდ-ის მთავარი სამმართველოს კუთვნილი მოტორიანი ნავი, რომელსაც მართავდა ამავე დანაყოფის თანამშრომელი. რომან შამათავამ დათო ცინდელიანი ჩასვა აღნიშნულ ნავში, აუხვია თვალები და ნავმისადგომზე მყოფ აფხაზეთის კუდ-ის ერთ-ერთ თანამშრომელს ნავიდან უბრძანა, რომ გაჰყოლოდა მას. შევიდნენ შავი ზღვის სიღრმეში, დაახლოებით 4 კილომეტრის მანძილზე. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ რომან შამათავამ ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ერთი გასროლით მოკლა დათო ცინდელიანი. ამის შემდეგ რომან შამათავამ დათო ცინდელიანის გვამს სხეულზე თოკით შეაბა ნავზე არსებული ბეტონნარევი რკინის ღუზა და ცხედარი შავ ზღვაში გადააგდო.
ზუსტად 13 დღეში ანალოგიური სცენარით 2008 წლის 28 აგვისტოს მოკლული იქნა თავდაცვის სამინისტროს მზვერავი პაატა ქარდავა. მთავარი მოქმედი პირი ამ შემთხვევაშიც აფხაზეთის კუდ-ის ყოფილი უფროსი რომან შამათავაა. გამოძიებით დადგენილია, რომ შამათავამ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს დაავალა ქარდავას თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და ბათუმში ჩაყვანა.
გამოძიების მტკიცებით, რომან შამათავამ და მისმა თანამზრახველებმა პაატა ქარდავა ბათუმში შავი ზღვის ნავმისადგომთან მიიყვანეს. შამათავა დაკავებულ ქართველ მზვერავს აფხაზ სეპარატისტებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდა და პარალელურად ფიზიკური შეურაცხყოფას აყენებდა. თავად ქარდავა კატეგორიულად უარყოფდა სეპარატისტებთან თანამშრომლობას. შამათავას დავალებით, მას და მისი ჯგუფის წევრებს ნავმისადგომთან ელოდებოდა აჭარის ა-რ კუდ-ის მთავარი სამმართველოს მოტორიანი ნავი, რომელსაც მართავდა ამავე დანაყოფის თანამშრომელი.
გამოძიების მასალების თანახმად, ბორკილდადებული და თვალებახვეული პაატა ქარდავა ჩასვეს აღნიშნულ ნავში, უშუალოდ რომან შამათავამ მოაბა მას ფეხზე ბეტონის ნატეხი და შევიდნენ შავი ზღვის სიღრმეში, დაახლოებით 10 კილომეტრის მანძილზე, რა დროსაც რომან შამათავამ ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ერთი გასროლით მოკლა პაატა ქარდავა და ცხედარი ზღვაში გადააგდო.