ნონა გაფრინდაშვილი: „რა მომცა ჭადრაკმა? ყველაფერი, ფულის გარდა!“

ნონა გაფრინდაშვილი: „რა მომცა ჭადრაკმა? ყველაფერი, ფულის გარდა!“

რამდენიმე დღის წინ იტალიის ქალაქ აკვი ტერმეში ჭადრაკში სენიორების 25-ე მსოფლიო პირველობა გაიმართა. 65 წელს ზემოთ ასაკში ქალბატონმა ნონა გაფრინდაშვილმა ჩვეული წარმატებით იასპარეზა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული, უკვე მერამდენეჯერ მოიპოვა.

ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი, ასევე საჭადრაკო ოლიმპიადების თერთმეტგზის გამარჯვებული 75 წლის ბრძანდება. ამის მიუხედავად ჩვეულ „სპორტულ ფორმაში“ იმყოფება და იტალიაში ჩატარებული შეჯიბრება ამისი ნათელი დადასტურებაა.

დღევანდელი წერილი ნონა გაფრინდაშვილს ეხება, ადამიანს რომელმაც უახლოეს საქართველოს ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა. ქალბატონ ნონას ჩვენს ქვეყანაში სიტყვა ყოველთვის ეთქმის და უკვე მერამდენე ათეული წელია საკუთარი პიროვნული თვისებებით ყველას პატივისცემას იმსახურებს. 1989-1996 წლებში ახლადდაარსებული ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სათავეებთან იდგა და ამ ორგანიზაციის ზრდა-განვითარების რთულმა პერიოდმა სწორედ მის მხრებზე გადაიარა. რამდენიმე წლის განმავლობაში პოლიტიკაშიც გახლდათ გარეული და ამ სფეროს არაერთი წარმომადგენლისგან განსხვავებით არავისთვის უღალატია და საკუთარი მსოფლმხედველობის ერთგული ბოლომდე დარჩა...

„ზუგდიდიდან თბილისში რომ გადმოვედი საცხოვრებლად, სწორედ მას შემდეგ დავიწყე აქტიური საჭადრაკო ცხოვრება. ეს 1955 წელს მოხდა. ჩემი პირველი მწვრთნელი ვახტანგ ქარსელაძე გახლდათ, მასთან წელიწადნახევარი ვმეცადინეობდი, შემდეგ კი მიხეილ შიშოვი მავარჯიშებდა. მომდევნო წლებში ერთმანეთს ცვლიდნენ გურგენიძე, უბილავა, გიორგაძე, გიპსლისი და ბორისენკო.

1956 წელს ზედიზედ მოვიგე რამდენიმე ტურნირი: თბილისის პირველობა, საქართველოს ჩემპიონატი, თბილისში გამართული საკავშირო პირველობის ნახევარფინალი... სხვათა შორის, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი ძალიან რთული შეჯიბრება იყო, არაერთი უმაღლესი დონის კონკურენტი მყავდა. ამის დასტურად ერთ უნიკალურ ფაქტს მოვიყვან - მსოფლიოს ჩემპიონი უფრო ადრე გავხდი, ვიდრე საბჭოთა კავშირისა.

საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა ჩემივე უხეში შეცდომის გამო დავაგვიანე. ის ამბავი 1957 წელს, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის დროს შემემთხვა. თავიდან კარგად დავიწყე - ლიდერთა შორის მოვხვდი, საკუთარ თავში დარწმუნებული ვიყავი. მეოთხე ტურში ლენინგრადელ ფლორა დმიტრიევას ვხვდებოდი. ერთ მომენტში მეტოქემ იჩქარა და ლაზიერების გაცვლა მოინდომა, ფიგურას ხელი წაავლო, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ წამგებიან პოზიციაში ხვდებოდა. იმდენად მჯეროდა გამარჯვებისა, ვუთხარი, უფლებას გაძლევ სვლა დააბრუნო-მეთქი. როგორც წესი, ჭადრაკში ასეთი რამ არ ხდება. დმიტრიევას გაუხარდა და სხვა სვლა გააკეთა, მალე კი ცუდი სიტუაცია შემექმნა და პარტია გადავდეთ. მომხდარი არაერთმა შეიტყო, მათ შორის მთავარმა მსაჯმა და ყველამ ურჩია დმიტრიევას, ნონას ყაიმი შესთავაზეო. მან იუარა. მომხდარი ძალიან განვიცადე და მომდევნო სამი პარტია წავაგე. საბოლოოდ მე-11-13 ადგილები დავიკავე.

1960 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი ერევანში გაიმართა. იქ უკეთ ვითამაშე და მეოთხე ადგილი დავიკავე, ამით კი პრეტენდენტთა ტურნირში თამაშის უფლებაც მოვიპოვე. შეჯიბრება იუგოსლავიის ვრნიაჩკა-ბანიაში გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ უძლიერესმა შემადგენლობამ მოიყარა თავი, ორი ტურით ადრე პირველობა გავინაღდე! ორი წლის შემდეგ, როცა მსოფლიოს ჩემპიონი გავხდი, იუგოსლავიელებმა დეპეშით მომილოცეს გამარჯვება.

მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული იოლად მოვიგე - ელიზავეტა ბიკოვას 9:2 ვძლიე. ბიკოვა ლამის დედად მეკუთვნოდა - 21 წლის ვიყავი, ის კი 49 წლის გახლდათ. ჩემი გამარჯვება ყველასთვის სიურპრიზი იყო, ვერავინ იფიქრებდა, რომ ასე პატარა გავხდებოდი ჩემპიონი. მოგვიანებით, ფინალის შემდეგ თენგიზ გიორგაძემ მიამბო - ბიკოვას მასთან ინტერვიუში უთქვამს, ნონა იმედისმომცემი მოჭადრაკეა, ბევრს მიაღწევს, მაგრამ მას არ უნდა მოეგო, რადგან რიგში სხვები იდგნენო. ბატონ თენგიზს ბიკოვასთვის ხუმრობით ბოდიში მოუხდია: „ქალბატონო ლიზა, გვაპატიეთ რომ ასე მოხდა, რას იზამთ, ქართველებს რიგში დგომა არ გვიყვარსო".

მატჩის შესვენებისას, თუ შანსი მქონდა, ყოველთვის დავდიოდი ფეხბურთზე. ბიკოვასთან დაპირისპირების შუალედშიც ასე მოვიქეცი - მოსკოვის „სპარტაკი" რომელიღაც კლუბს მასპინძლობდა და წავედი. ერთ-ერთმა გულშემატკივარმა მიცნო და მთელი ტრიბუნა აიყოლია, ხალხი სკანდირებდა: „ნონა, მოუგე ლიზას, მოუგე ლიზას"! ფეხბურთთან დაკავშირებით მეორე შემთხვევაც მახსენდება, თუმცა იმ დროს უკვე მსოფლიოს ჩემპიონი ვიყავი. თამაშის დაწყებამდე ერთმა პოლკოვნიკმა მიცნო, მომიახლოვდა და გაზეთი მომაწოდა, შემიმოწმე სწორად ამოვხსენი საჭადრაკო ეტიუდი თუ ვერაო. მერე მკითხა, ამ ყინვაში რატომ არაფერი გახურავსო. არ მიყვარს-მეთქი, ვუპასუხე. არა, შენ მსოფლიოს ჩემპიონი ხარ, თავს უნდა გაუფრთხილდეო და თავის კაპიუშონი მოიხსნა და დამაფარა.

მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ მოსკოვიდან თბილისში მატარებლით წამოვედით. ლესელიძეში შემოსვლის შემდეგ მატარებელი ლამის ყველა სადგურზე ჩერდებოდა - აუარებელი ხალხი გვხვდებოდა, მილოცავდნენ, საჩუქრებს მიძღვნიდნენ... ჩემს კუპეში სუფრა არ აშლილა! თბილისში ხომ საერთოდ ზღაპარი მოხდა: ბაქანზე ტევა არ იყო! მახსოვს, მამამ ფეხსაცმელი დაკარგა. შინაც სუფრა იყო გაშლილი, მაგრამ არაფრის თავი აღარ მქონდა. პირველ სადღეგრძელომდე მაინც გავჩერდი - მამამ მითხრა, ჩემპიონობა კი ძალიან კარგია, მაგრამ თავში არ აგივარდესო. ყველაფერი ოპერაში გამართული ფანტასტიკური მიღებით დაგვირგვინდა.

ბიკოვას შემდეგ ჩემპიონის ტიტულისთვის ზედიზედ სამჯერ დავამარცხე ალა კუშნირი - 1965, 1969 და 1972 წლებში. ჯერ 8,5:4,5 მოვუგე ორჯერ, მესამედ კი 8,5:7,5. ერთი რუმინელი მეგობარი მყავდა, ნიკოლაუ, ის მეუბნებოდა, პირველ ადგილს რომ გაინაღდებ, ცოტა მოეშვი, მერე მაინც დათანხმდი ყაიმებს, გულშემატკივრებს დიდი სხვაობით გამარჯვებას ნუ შეაჩვევო. რა ვქნა, არ შემეძლო სხვანაირად, ყოველთვის გულიანად ვთამაშობდი და ალბათ, ამიტომაც ვიგებდი ბევრ შეჯიბრებას.

ამბობდნენ, რომ ალა კუშნირი არცთუ სამართლიანი ხერხებით ცდილობდა ჩემთვის ნერვების მოშლას. ამ ხმებმა ჩემამდეც მოაღწია, მაგრამ ხაზგასმით ვამბობ - მსგავსი რამ არასდროს მომხდარა, მიუხედავად იმისა, რომ მე და ალა უკომპრომისო მეტოქეები ვიყავით, უსამართლობა ჩვენ შორის არ მომხდარა.

1969 წელს ალა კუშნირთან მეორე მატჩი თბილისსა და მოსკოვში გაიმართა. პირველი პარტია რუსთაველის თეატრში წავაგე. ხალხთან შეხვედრა არ მინდოდა და ამიტომ, სათადარიგო გასასვლელიდან გავედი. გზაში სპორტკომიტეტის ხელმძღვანელებს გადავეყარე. არ ინერვიულოთ, მოვიგებ-მეთქი, ვცადე მათი დამშვიდება. მეორე პარტია მოვიგე, მესამე ყაიმით დასრულდა, მეოთხე კი ისევ წავაგე. ამის შემდეგ ორდღიანი შესვენება გვქონდა, მეც ავდექი და „დინამო"-მოსკოვის „ტორპედოს" საფეხბურთო მატჩზე წავედი. კარგად ვიხალისე, განვიტვირთე, თუმცა შიგადაშიგ გულშემატკივრების ხმა მესმოდა - ჩემპიონობას აგებს და ნეტავ, აქ რას აკეთებსო. მეორე დღეს კინო „რუსთაველში" წავედი. ვერც იქ გადავურჩი გაქილიკებას. იმ ხმებისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, მთავარი იყო, რომ დავისვენე, მომდევნო ორი პარტია მოვიგე და ქულით დავწინაურდი. უპირატესობა მოსკოვში გავამყარე - ერთი ქულაც არ დამითმია და საბოლოოდ 8,5:4,5 მოვიგე. ჩემპიონობა პირველად ალამ მომილოცა და იქვე დამპირდა, ნონა, იოლად არ დაგნებდები, ჩვენ მესამედაც შევხვდებითო. მან სიტყვა შეასრულა - 1972 წელს მესამედ დავუპირისპირდით ერთმანეთს.

საჭადრაკო ოლიმპიადის მოგებისთვის ჩვენ არაფერს ვიღებდით, მსოფლიო ჩემპიონობისთვის კი 900-მანეთიან პრემიას გვიწერდნენ. როცა ამ თანხას ვიღებდი, ნახევარი წინასწარ მქონდა დახარჯული.

მიუხედავად იმისა, რომ საკავშირო სპორტკომიტეტი სპორტსმენებს ძალიან გვზღუდავდა, რაღაც საკითხები უმაღლეს დონეზე იყო მოგვარებული. მაგალითად, მსოფლიო ჩემპიონატის წინ ხუთი მწვრთნელი რომ მომეთხოვა, ყველას ჩამომიყვანდნენ. სამაგიეროდ, მე, მსოფლიოს ჩემპიონს მეუბნებოდნენ, წელიწადში მხოლოდ ორ საერთაშორისო ტურნირზე წახვალო. იცით რატომ? სპორტის ყველა სახეობის წარმომადგენლებს უცხოეთში გასვლის კვოტები ჰქონდათ.

ყოველთვის მიყვარდა ხალხთან ურთიერთობა, გულშემატკივრებთან არასდროს ვყოფილვარ დისტანციაზე. ბიკოვასთან დაპირისპირების პერიოდში სულ ხალხში ვტრიალებდი - ბილიარდს და მაგიდის ჩოგბურთს ვთამაშობდი, ქომაგებს ვესაუბრებოდი... ასე უკეთ ვისვენებდი. მახსოვს, ფინალის შემდეგ, როცა მოჟევადან მოვდიოდით, დარაჯმა უშველებელი თაიგული მომართვა!

ბილიარდს ყოველთვის კარგად ვთამაშობდი. როცა ნაკრების წევრები ერთად ვიკრიბებოდით, ხშირად ვეჯიბრებოდი მამაკაცებს. ერთხელ მიხეილ ბოტვინიკს 8:0 მოვუგე. მას შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონს ჩემთან აღარ უთამაშია.

მიუხედავად იმისა, რომ ბილიარდი ძალიან მიყვარს, მაგიდის ჩოგბურთსაც გატაცებით ვთამაშობდი. ბოლო დროს რაგბიც შემიყვარდა, ჭადრაკის გარდა სპორტის სხვა სახეობებში ჩემთვის ნომერ პირველი იყო და იქნება ფეხბურთი. რაც მე ფეხბურთის გამო მინერვიულია, კიდევ ერთ ჩემს სპორტულ ცხოვრებას ეყოფოდა.

მე და ბევრი ჩემნაირი მხოლოდ მოგებული პარტიის წაგებას განვიცდით. როცა მეტოქე ნორმალურად გიგებს, არ უნდა ინერვიულო, ეს სპორტია. ჩვენ ვნერვიულობთ მხოლოდ მაშინ, როცა მეტოქეს მთელი პარტიის მანძილზე შანსი არ აქვს, მხოლოდ ერთი სვლაა გასაკეთებელი, იგებ, უცებ კი... ვერაფრით ვივიწყებ ასე წაგებულ პარტიებს!

მიმაჩნია, რომ მამაკაცთა ტურნირებში ქალები უფრო თავისუფლად თამაშობენ. მოიგებ? ხომ კარგი, თუ არადა, ამითაც არ იქცევა ქვეყანა. ერთხელ ქეთევან არახამიასთან ერთად ვიასპარეზე ვაჟთა საერთაშორისო ტურნირზე. ქეთევანი სულ ლიდერებში იყო და ბოლო პარტია რომ არ წაეგო, ვაჟთა შორის დიდოსტატი გახდებოდა. ვკითხე, სად უფრო გაგიადვილდა თამაში-მეთქი?! ცხადია აქო, მიპასუხა.

ძნელია იმის თქმა რომ ქალთა და მამაკაცთა ჭადრაკი კლასით დაახლოვდა. ჭადრაკში უდიდესი ენერგია იხარჯება და ამ მხრივ მამაკაცებს დიდი უპირატესობა აქვთ. სხვათა შორის, მეცნიერთა გამოკვლევების მიხედვით, სპორტის სახეობებიდან ჭადრაკი ცურვისა და თხილამურების შემდეგ ყველაზე მეტ ენერგიას ითხოვს. მოჭადრაკე პარტიაში ისევე იხარჯება, როგორც მჭედელი მთელი სამუშაო დღის მანძილზე.

1999 წელს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ქალ სპორტსმენად დამასახელა. მეორე დღეს, ბანკეტზე, სააქციო საზოგადოებამ „ენისელი-დავით სარაჯიშვილი" უდიდესი სიურპრიზი მომიმზადა - 100 წლის დაძველების სახელობითი კონიაკი მაჩუქა. მკითხეს, ვისთან ერთად აპირებთ ამ კონიაკის დალევასო. იმ ბოთლს არ გავხსნი - მას სასმელების კოლექციაში მივუჩინე ადგილი, დასალევი კი ოჯახში ყოველთვის მოინახება... ისე, კოლექცია დიდხანს არ მიჩერდება, ადრე თუ გვიან ყველა ისმევა. ჩემი საყვარელი სასმელი წითელი, მოტკბო ქართული ღვინოებია, „ახაშენის" ტიპისა. სხვათა შორის, ბავშვობაში დაბალი წნევა მქონდა და მას სწორედ ასეთი ღვინით მირეგულირებდნენ. - ასევე ძალიან მიყვარს „მარტინი", „ვერმუტი".

ჟურნალისტთა ასოციაციის ბანკეტზე ჩემს გვერდით იჯდა ბატონი რობერტ შავლაყაძე, ოლიმპიური ჩემპიონი, ბუმბერაზი ადამიანი. გადამილაპარაკა: აი, ეს ორი დღეა თავს ბედნიერად ვგრძნობ, თითქოს ხელახლა დავიბადეო... სპორტსმენს ყოველთვის სჭირდება სტიმული და ჟურნალისტთა ასოციაციის ის ორდღიანი ღონისძიება სწორედ ასეთი იყო - რეფერენდუმიც, შემაჯამებელი საღამოც და ბანკეტიც. იმ დღეებმა ჩვენ, ვეტერან სპორტსმენებს მრავალი პრობლემა და გაჭირვება დაგვავიწყა, მეტიც, ხვალინდელი დღის იმედი ჩაგვისახა. სამწუხაროა, რომ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი ამ საშვილიშვილო საქმეში ლამის მარტო იყო.

ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი შემთხვევით გავხდი, უფრო სწორად, სულ ბოლოს გავიგე ყველაფერი. როცა სეოკ-ის დამფუძნებელი საორგანიზაციო კომიტეტი შეიქმნა და პრეზიდენტის კანდიდატის ძიება დაიწყეს, არჩევანი ჩემზე შეაჩერეს, მე კი არაფერი ვიცოდი. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე კომიტეტის მომავალი გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი მესტუმრა და იმდენი მიჩიჩინა, სანამ არ დამიყოლია. ემზარმა მითხრა, თქვენი ავტორიტეტი საერთო საქმეს ძალზე წაადგებაო. უშუალოდ არჩევნებზე ყველამ ერთხმად დამიჭირა მხარი.

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობიდან საკუთარი სურვილით წავედი. მიზეზი? გარდა იმისა, რომ ატლანტაში ჩვენმა გუნდმა ცუდად იასპარეზა, ძალიან გადაღლილი ვიყავი, ყოველდღიურად ნერვიულობა მიწევდა, ბევრი უაზრო პრობლემაც ვერ ავიცილე თავიდან და მივხვდი, რომ წასვლის დრო იყო. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართულ სპორტში ფული არ იყო. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ იცით რამდენს ვიღებდი სეოკ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე? 22 ლარს!

არ დავმალავ: ოლიმპიური კომიტეტიდან კიდევ იმიტომ წავედი, რომ დიდ სპორტში ძალიან დიდი სიბინძურე დავინახე, ეს კი ჩემთვის, მართლა სუფთა სპორტული გზის გამვლელი ადამიანისთვის, მიუღებელი იყო.

როცა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ვიყავი, ჩვენს გენერალურ მდივან ემზარ ზენაიშვილთან ერთად სპეციალურად ჩავედით ერთ ქალაქში და შევხვდით საქართველოდან სხვა ქვეყნებში წასულ სპორტსმენებს, რათა ისინი მოგვებრუნებინა. ერთ-ერთმა მათგანმა, იმხანად საერთაშორისო გამარჯვებებით არცთუ განებივრებულმა, დიდი პრეტენზიით გაგვაკვირვა, ბოლოს კი გვითხრა, საქართველოს ჩემი ვალი აქვსო. ძალიან გავბრაზდი და მივახალე, საქართველოს ჩემი ვალი არ აქვს და შენ რა გაგიკეთებია ისეთი, ამას რომ ამბობ-მეთქი.

კახი კახიაშვილმა საბერძნეთში გადასვლა რომ გადაწყვიტა, ძალიან განვიცადე. ჩემთვის მიუღებელი იყო, რომ ამ დონის სპორტსმენი გვეცლებოდა ხელიდან. მე და ემზარ ზენაიშვილმა მართლა ყველაფერი გავაკეთეთ, რომ კახი საქართველოში დარჩენილიყო, მაგრამ ვერ შევინარჩუნეთ... ხანდახან, შინ რომ მივდიოდი, ცრემლები წამომცვივდებოდა ხოლმე. მახსოვს, კახის ბინაც ვუშოვეთ, მაგრამ იქ ლტოლვილები იყვნენ შესახლებულნი, კახი კი თავმდაბალი ბიჭი იყო, არ იკადრა მათი გამოსახლება.

2001 წელს, 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გამოიცა წიგნი, სადაც ჩემი რჩეული 206 პარტიაა აღწერილი. უმეტესობა ქალებთან, ზოგიც მამაკაცებთან. იმ 206 პარტიიდან მხოლოდ ერთია საყაიმო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი - ის იუგოსლავიელ ველიმიროვიჩთან ვითამაშე და ისეთი დაძაბული იყო, ბოლოს დაფაზე ლამის მხოლოდ მეფეები დარჩა. პარტია 1984 წელს საუკეთესოდ აღიარეს და ამიტომაა ჩემთვის ძვირფასი.

ბობი ფიშერი, გარი კასპაროვი, ანატოლი კარპოვი, მიხეილ ბოტვინიკი... ისინი იმდენად ბუმბერაზები არიან, რომ წარმოიდგინეთ, საუკეთესო ხუთეულის დასახელება კი არა, ათეულის თანმიმდევრობით შედგენაც გამიჭირდება... ჭადრაკის ისტორიაში მსოფლიოს ყველა ჩემპიონს გამორჩეული ადგილი უპყრია, თუმცა ორ მათგანს განსაკუთრებით გამოვყოფდი: ტალმა ჭადრაკი უფრო სპორტული გახადა, ფიშერის წყალობით კი მოჭადრაკეთა კეთილდღეობა გაუმჯობესდა.

ჩემს კერპად ტალს ვაღიარებ და არა მარტო იმიტომ, რომ ჩემი თაობისა იყო. ტალმა ჭადრაკს სიცოცხლე დაუბრუნა, სპორტული საწყისი უმთავრესად აქცია. ერთხელ, როცა საბჭოთა კავშირის პირველობა თბილისში ტარდებოდა, მას ვესწრებოდი და ტალის მაშინდელი პარტიები ახლაც თვალწინ მიდგას! პიროვნებაც დიდებული იყო, მისი „არა" არ გამიგია. უცხო ადამიანი რომ მისულიყო და რაღაც ეთხოვა, შეუსრულებდა. მის მოსმენას ხომ არაფერი სჯობდა და ისევ ჭადრაკზე თუ ვიტყვით, ერთადერთია, ვისაც ფიშერმა გენიოსი უწოდა.

რა მომცა ჭადრაკმა? ყველაფერი, ფულის გარდა! ერთხელ იუგოსლავიაში მკითხეს და ზუსტად ასე ვუპასუხე. ჩვენ თაობას ფული არ ჰქონდა, მაგრამ ყველაფერი ფულით ხომ არ იზომება? ის, რაც ჭადრაკმა მომცა, ხალხის სიყვარულია, ეს კი ყველაზე მნიშვნელოვანია.

თბილისი გამორჩეულად მიყვარს. ორიოდ დღითაც რომ მივატოვო, უკან თვალებგაფაციცებული ვბრუნდები. უცხოეთის ქალაქებიდან რომს და პარიზს გამოვარჩევ, სანკტ-პეტერბურგიც ძალიან მომწონს. რაც შეეხება ქვეყნებს, იუგოსლავიას ჩემს მეორე სამშობლოდ მივიჩნევ - ჩემი სპორტული ცხოვრების ნახევარი იქ გავატარე. 1959 წლიდან მოყოლებული, ამ ქვეყანასთან ბევრი სასიამოვნო მოგონება მაკავშირებს.

არ ვეთანხმები გამოთქმას, რომ ცხოვრება ომია. არა, ომი კი არა... ცოტა სხვანაირად ვიტყოდი: ცხოვრებას ჭადრაკის დაფას ადარებენ. ცხოვრება უფრო ბრძოლაა, ალბათ.

ჭადრაკი ჩემი ცხოვრების არსია, ჩემს ერთ-ერთ წიგნსაც სწორედ ასეთი სახელი ვუწოდე. როცა XX საუკუნის საუკეთესო ქალ სპორტსმენად მაღიარეს, დავრწმუნდი, რომ ნამდვილად ღირდა ჭადრაკისთვის ცხოვრება. თუმცა არ ვთვლი, რომ საუკუნის სპორტსმენის სახელი მძიმე ტვირთია. ასე ვიტყოდი: ეს ტიტული ჩემი ცხოვრების სასიამოვნო დანამატია.

ასაკის მიუხედავად, თავს მოხუცად არ ვთვლი. ჭადრაკის თამაში კვლავ დიდ სიამოვნებას მანიჭებს და სანამ ასე იქნება, მანამდე ვითამაშებ. დარწმუნებული ვარ, ხელები თუ ჩამოვუშვი და შინ დავჯექი, დავბერდები“.