უნდა აიკრძალოს თუ არა ცალკეული სუბკულტურა და საფრთხის შემცველი სექტები, რომლებიც „რყვნიან და მკვლელებად აქცევენ მომავალ თაობას“?- ასეთი იდეით „დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე გამოდის.
მისი თქმით, სექტებს, რომლებიც სისხლის გადასხმას კრძალავენ, ასევე, ცალკეულ სუბკულტურებს ფინანსები სჭირდებათ. ამდენად, ასეთი სექტები და სუბკულტურები ჩვენს ქვეყანაში არ იბადება და ისინი იმპორტის სახით შემოდის. ამიტომ დიმიტრი ლორთქიფანიძე ხელისუფლებას სადისკუსიო მაგიდასთან დაჯდომას სთავაზობს, რადგან სამგორის რაიონში მომხდარი რიტუალური მკვლელობის ფაქტი, მისი აზრით, ერთდროულად საგანგაშო და განრისხების საფუძველიცაა.
ფილოლოგი გურამ ფალავანდიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ უნდა აიკრძალოს ნებისმიერი სექტა, რომელიც ძალადობას ქადაგებს. მისი თქმით, სექტა იმას ნიშნავს, რომ ის უკვე რაღაც გადახრაა. ამიტომ ძალადობრივი სექტა კანონგარეშედ უნდა გამოცხადდეს.
რაც შეეხება გოთური ან რომელიმე სხვა კულტურის აკრძალვას, მისი თქმით, რომელ აკრძალვაზეა საუბარი, როცა ე.წ. სუბკულტურების ფარული თუ აშკარა პროპაგანდა მიმდინარეობს „იმედზეც“ და „რუსთავი 2“-ზეც. აღნიშნული ტელევიზიებიდან გადმოსცემენ ამ ხალხის ცხოვრებას, რომ ისინი კარგები არიან და თურმე არაფერს აშავებენ.
„ეს არის ყველაზე საშიში. აკრძალვა კი არა, ცალკეული სუბკულტურის თუ სექტის პოპულარიზაცია ხდება. ეს აწყობთ იმ ადამიანებს, ვისთვისაც ღირებულია ნარკოტიკები, კაზინოები, უმსგავსობა. ლიბერალიზმი სწორედ იმას ქადაგებს, რომ ყველაფერი შეიძლება, მათ შორის, ყველა უზნეობა დასაშვებია. ჩემი სხეული მე მეკუთვნის, გინდა მაზოხისტი ვიქნები, გინდა- მანიაკი. ეს არის ლიბერალიზმი თავისი ყველაზე უარესი გამოვლინებით. მაგალითად, მამათმავლების გეიპარადზე ადამიანების ნაწილი მიდის ეშმაკის რქებით, სატანისტური ტანისამოსით. ეს იმიტომ, რომ ეშმაკისგანაა ყველაფერი ცუდი. ისინი ფიქრობენ, რომ ნარკოტიკები ლეგალური უნდა იყოს, სამეძაო სახლების ლეგალიზაცია უნდა მოხდეს, კაზინოები ლეგალური უნდა გახდეს. ეს არის სატანიზმი ეკლესიის მაგივრად. მსოფლიო დაიღალა არასწორი ლიბერალური გაგებისგან და თავისუფლდება ამ მარწუხებისგან.
აქამდე უმცირესობის დიქატატურა იყო, თანაც, ბოროტი უმცირესობის, თორემ კარგი უმცირესობაც არსებობს. ამ სიტუაციიდან გამოსავალი უკვე ჩანს. ტრამპი არ მოვიდა სუფთა ადგილზე, უმრავლესობაში მას ბევრი მხარდამჭერი ჰყავდა და, ფაქტობრივად, უმრავლესობა უკვე იბრუნებს თავის უფლებებს. აქამდე გვიკიჟინებდნენ, უმცირესობა არ დაჩაგროთო. ამ დროს მანიაკიც უმცირესობაშია, ამიტომ დავაჩაგვრინოთ თავი? ზოგი იძახის ფსევდოლიბერალიზმი და ნეოლიბერალიზმიო, ნეო და ფსევდო კი არა, თვითონ ლიბერალიზმია ცუდი, რადგან ლიბერალიზმის და ვითომც ჰუმანიზმის მიმდევრებს ღმერთზე უკეთესად და ყოვლისშემძლედ წარმოუდგენიათ თავი. მათთვის ათი მცნება არ არსებობს, ყველაფერი დასაშვებია და, თუ ყველაფრის გაკეთება შეიძლება, მაშინ ათი მცნებაც მათთვის უკვე დიქტატურაა. ეშმაკის მონობას ეძახიან თავისუფლებას, ღმერთისგან თავისუფლდებიან და ეშმაკს ემონებიან“, - აცხადებს გურამ ფალავანდიშვილი.
ამასთან, მიიჩნევს, რომ ე.წ. ლიბერალური ღირებულებებით შეიძლება ტვინი შეუცვალონ ახალგაზრდობის ნაწილს, რადგან, სანამ თავში უქრის, ახალგაზრდა მაინც მიდრეკილია ცოდვისკენ, მაგრამ სამყარო იცვლება და ტრამპსაც უფრო ჭკუადამჯდარმა ხალხმა მისცა ხმა.
„ამერიკაში სიტუაცია იცვლება. სანამ ჩვენი ლიბერალები ჯერჯერობით გრანტებზე სხედან, შეიძლება, ჩვენ ცოტა გვიან მივხვდეთ ამას. მაგალითად, „ტაბულა“, ერთ-ერთი ყველაზე მავნებლური ტელევიზია, ტრამპის გაპრეზიდენტებიდან მეორე დღესვე გაქრა. შესაძლოა, ახალ წელს გამოვიღვიძოთ და არც ერთი არასამთავრობო აღარ იყოს. განა „იდენტობა“ არ უნდა აიკრძალოს, რომელიც ცდილობს, ახალგაზრდობა გარყვნას? რომელსაც მამათმავლობა ნორმად მიაჩნია? მამათმავალი კი არა, არავინ არ უნდა ჩავქოლოთ და არ უნდა მოვკლათ, მაგრამ ამ მდგომარეობას რატომ გვახვევენ ნორმად? შეიძლება, ჩვენი მთავრობა გვიან გამოფხიზლდეს და ნეოლიბერალების გამო ჩამორჩეს სცენარს. ამერიკაში კი მალე გადააგდებენ ამ ტვირთს. ტრამპი იძახის, არ უნდა დააფინანსო, უნდა მოაცილო ეს ნეოლიბერალებიო. ჩვენი მთავრობა კი ჯერჯერობით ლიბერალური ღირებულებებითაა შეკრული“.
ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ადამიანის ფუნდამენტურ მოთხოვნილებებს განეკუთვნება სამი ძირითადი მოთხოვნილება - ავტონომიურობის, კომპეტენტურობისა და მიკუთვნებულობის. ამ სექტებში გაერთიანებაც ხდება სწორედ მიკუთვნებულობის მოთხოვნილებიდან გამომდინარე. ადამიანს, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდას, სურს, რომელიმე ჯგუფს მიეკუთვნებოდეს. გარდამავალი ასაკის მიღწევისას ის ოჯახის გავლენიდან უკვე ასაკობრივადაც გამოდის, უჩნდება პრესტიჟის, აღიარების მოთხოვნილება საკუთარ თანატოლებს შორის. სურს, რომელიმე ჯგუფს ეკუთვნოდეს. ამდენად, შესაძლოა, ცალკეულ საეჭვო ჯგუფში შემთხვევით აღმოჩნდეს. მით უფრო, რომ ჩვენი ინტერნეტსივრცე ძალზე გადატვირთულია ასეთი ჯგუფის წევრების შინაარსის მომცველი ინფორმაციებით. ეს ინფორმაციები შეუცნობელის მიმართ შეცნობის იმპულსს აღუძრავს ახალგაზრდას და მის შემეცნებით ინტერესებს აღვიძებს. ამიტომ მიკუთვნებულობის მოთხოვნილებას იკმაყოფილებს ამით და ებმება გარკვეული პატარა ჯგუფის წიაღში. ალტერნატივა რომ არსებობდეს, სკოლა თავისი ღირსებებით იყოს წარმოდგენილი, შეეძლოს მისთვის საინტერესო ჯგუფებთან ერთიანობა (ეს შეიძლება იყოს ხელოვნებასთან, შემეცნებით ინტერესებთან დაკავშირებული ჯგუფები), მაშინ ახალგაზრდა სხვაგვარად მოიქცეოდა.
„ამის ნაკლებობაა, ცალკეული სექტები და ჯგუფები კი ახალგაზრდებს სთავაზობენ რაღაც ისეთს, რომლის შესახებაც მათ არ იციან, რაც მათთვის იდუმალებით მოცულია. ამ ჯგუფებში ავტონომიურობის მოთხოვნილების ფსევდოდაკმაყოფილებაც ხდება. ახალგაზრდა ფიქრობს, რომ ოჯახს დაუსხლტა ხელიდან და ავტონომიურად შეუძლია რაღაც საკითხების გადაწყვეტა. რაც შეეხება გოთურ კულტურას, ყველა კულტურას თავისი ღირსება აქვს და ცალკეული კულტურა არ არის ვინმეს ინიციატივაზე დაფუძნებული. იაპონურ კულტურას თავისი სპეციფიკა გააჩნია და მას თავისი ეთნოსური ხასიათი, ისტორიული, გეოგრაფიული და კიდევ უამრავი სხვა მახასიათებელი უდევს საფუძვლად. არც ერთი კულტურა არ შეიძლება შეფასდეს ნეგატიურად. კულტურა მთელი პროცესია, ამიტომ რომელიმე კულტურის დაწუნება ან მოწონება არამართებულია. ფსიქოლოგებისთვის ყველაფერი იმასთანაა დაკავშირებული, რომ ადამიანი თავისი ცნობიერებით, საკუთარი ნებით უნდა მივიდეს იქამდე, სადაც ის უნდა მივიდეს“, - აცხადებს ნანა ჩაჩუა და მხოლოდ ცალკეულ იშვიათ შემთხვევებში მიიჩნევს კულტურის თუ სექტის აკრძალვას გამართლებულად, თუკი კულტურას ან ცალკეულ სექტას ფაშისტურ ორგანიზაციამდე ან კანიბალიზმამდე მიჰყავს ადამიანი.