უნივერსიტეტში დღეისთვის დაგეგმილმა თვითმმართველობის არჩევნებმა პროტესტის ფონზე ჩაიარა. „აუდიტორია 115“-ის წევრებმა ჯერ კიდევ წინა ღამით, ანუ 24 ნოემბრის საღამოდან დაიკავეს უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი და ღამე გაათენეს შენობაში. დღეს კი საარჩევნო უბნების პიკეტირება დაიწყეს და თსუ-ს პირველი კორპუსის კიბეებზე საპროტესტო აქცია გამართეს მოთხოვნით, რათა საქართველოს პარლამენტმა და მთავრობამ დაიწყოს მუშაობა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში 45-ე მუხლის გასაუქმებლად. აღნიშნული მუხლი თვითმმართველობის არსებული მოდელის გაუქმებას გულისხმობს.
„აუდიტორიის“ წევრები სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების გაუქმებასთან ერთად საფაკულტეტო საბჭოების პირდაპირი წესით არჩევასა და სტუდენტური საერთო საცხოვრებლის რეაბილიტაციასაც მოითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ მათი პროტესტი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გასტანს.
თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე „აუდიტორია 115“-ის აზრს ყველა სტუდენტის თანასწორუფლებიანობის შესახებ იზიარებს, მოსწონს უნივერსიტეტის ავტონომიურობის იდეაც, მაგრამ „აუდიტორიის“ წევრების პროტესტის ფორმას მიუღებელს უწოდებს.
დილიდან მოყოლებული, თსუ-ს რექტორი ირწმუნებოდა, რომ თსუ-ში თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებას საფრთხე არ დაემუქრებოდა. რექტორის მსგავსად, მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავაც „აუდიტორიის“ წევრების მისამართით ამბობდა, რომ ისინი ხელის შეშლით უკეთეს შედეგს ვერ მიიღებდნენ და მხოლოდ ათასობით სტუდენტის კანონიერ უფლებას შელახავდნენ. ჯეჯელავა თვლიდა, რომ სტუდენტთა ნაწილი ღია კარის მტვრევას ცდილობდა, რადგან „აუდიტორია 115“-ის წევრთა ნაწილი კონსტრუქციულად თანამშრომლობდა თსუ-ს ახალ მენეჯმენტთან, ასევე, განათლების სამინისტროსთან. ამის მიუხედავად, მინისტრი ხელაღებით არ უარყოფდა „აუდიტორია 115“-ის წევრთა მოთხოვნას თვითმმართველობის რეფორმის თაობაზე.
თავის მხრივ, კატეგორიულობას იჩენდა თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ბახვა კვირიკაშვილი. იგი თსუ-ს რექტორს არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარებისკენ მოუწოდებდა, რადგან ჰქონდა ინფორმაცია, რომ 13.00 საათისთვის „აუდიტორიის“ წევრები პირველ კორპუსში შეჭრასა და საარჩევნო ოთახების დაკავებას აპირებდნენ.
მართლაც, დღის განმავლობაში უნივერსიტეტში მოვლენებმა დაძაბულად ჩაიარა. „აუდიტორიისა“ და თვითმმართველობის წევრებს შორის უსაფრთხოების სამსახური ჩადგა. პირველი კორპუსის საარჩევნო უბნებზე კი „აუდიტორიის“ სტუდენტები ხმის გამაძლიერებლებით მასობრივად შევიდნენ. მათვე მოახდინეს ცალკეული საარჩევნო უბნების პიკეტირება. ამ დაძაბულობის გამო თსუ-ს საუბნო კომისიებმა ვითარების განმუხტვამდე კენჭისყრის პროცესი თსუ-ს პირველ კორპუსში დროებით შეაჩერეს.
„აუდიტორია 115“-ის წევრი ნათია ქარჩილაძე For.ge-სთან საუბრისას უარყოფს მინისტრ ჯეჯელევას ნათქვამს, თითქოს „აუდიტორია 115“-ის წევრთა ნაწილი თსუ-ს ადმინისტრაციასა და განათლების სამინისტროსთან კონსტრუქციულ რეჟიმში თანამშრომლობს. მისი თქმით, „აუდიტორია 115“-ის უკლებლივ ყველა წევრი პირველ, მეორე და მესამე კორპუსებშია გადანაწილებული და არჩევნების გაგრძელების საშუალებას არ აძლევს ადმინისტრაციას.
„ალექსანდრე ჯეჯელავასთან გვქონდა მოლაპარაკებები აპრილსა და მაისში, თუმცა მთავრობამ არ გამოიჩინა პოლიტიკური ნება კანონების შეცვლასთან დაკავშირებით. ჩვენ გვახსოვს პრემიერ-მინისტრის განცხადებაც, რომ თვითმმართველობა არსებული ფორმით არ უნდა არსებობდეს. ახალმა რექტორმაც განაცხადა, რომ კანონი შესაცვლელია და თვითმმართველობის არჩევნები ამ ფორმით არ უნდა ტარდებოდეს. თუმცა დღეს, თურმე, იმიტომ ატარებენ არჩევნებს ამ ფორმით, რომ, უბრალოდ, ასეთი კანონი დახვდათ. ამიტომაც ვთხოვთ მთავრობასა და პარლამენტს, დღეს გადადონ თვითმმართველობის არჩევნები და ჩაატარონ მაშინ, როცა კანონი შეიცვლება. სტუდენტებმა პირდაპირი წესით უნდა აირჩიონ საფაკულტეტო საბჭოს წევრები და არა ისე, როგორც დღეს ხდება, ანუ არაპირდაპირი წესით, რაც ნიშნავს, რომ საფაკულტეტო საბჭოს წევრი მანამ ვერ გახდები, სანამ თვითმმართველობის წევრი არ იქნები“, - აღნიშნა ნათია ქარჩილაძემ.
მანვე განმარტა, რომ „აუდიტორიის“ წევრები სულაც არ ეწინააღმდეგებიან თვითმმართველობის იდეას, რადგანაც სტუდენტის ჩართულობა უნივერსიტეტის მმართველობით ფორმაში აუცილებელია, მაგრამ დღევანდელი ფორმა მიუღებელია. „ნაციონალური მოძრაობიდან“ დღემდე სწორედ ეს ფორმა აძლევდა ხელისუფლებას მანიპულირების საშუალებას.
„თვითმმართველობის არჩევნების ხელის შეშლას მართლაც ვაპირებდით, მაგრამ მოხდა ისე, რომ ყველა საარჩევნო უბანი პირველ, მეორე და მესამე კორპუსში ჩაიკეტა და არჩევნები აღარ გრძელდება. ამიტომაც „აუდიტორია 115“-ის წევრები ექვს საათამდე დაველოდებით საარჩევნო პროცესის დასრულებას და შევეცდებით, არჩევნები ამ ფორმით არ ჩატარდეს. აღარ ვაპირებთ, ჩინოვნიკებს სტუდენტების მოტყუების საშუალება მივცეთ. გავაგრძელებთ პროტესტს. არ აქვს მნიშვნელობა, ბახვა კვირიკაშვილი იქნება თუ შალვა საბაური, თვითმმართველობის არსებული სტრუქტურა უნივერსიტეტისთვის არაჯანსაღია. მათ აქვთ პრივილეგირებული მდგომარეობა, მათ შორის, ფინანსებთან მიმართებით. ისინი უბრალოდ ხელის ამწევები არიან და რეალურად არ მონაწილეობენ თსუ-ს მმართველობით პროცესში. თსუ-ს ადმინისტრაციის მოთხოვნებს ასრულებენ და, სანაცვლოდ, ადმინისტრაციისგან ერთგვარ ხარკს იღებენ“, -აცხადებს სტუდენტი და, თვითმმართველობის რეფორმის გარდა, პრემიერ-მინისტრის მიერ შემოთავაზებული ინიციატივის შესრულებასაც ითხოვს.
პრემიერი ამბობდა, რომ მეცნიერებისა და განათლების დაფინანსება უნდა გაზრდილიყო მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდებით. ხოლო საქართველოს პრეზიდენტი 2017 წელს განათლების წლად აცხადებდა. ამდენად, თუკი ეს უბრალო ფასადური განცხადებები არ არის, მაშინ სტუდენტები მთავრობისგან ქმედით ნაბიჯებს ელიან.
„აუდიტორია 115“-ის წევრი გიორგი ჯავახაძე For.ge-სთან საუბარში ადასტურებს, რომ წლების განმავლობაში უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და თვითმმართველობას შორის საეჭვო გარიგეგები არსებობდა, რაც უკვე არაერთგზის გაცხადებული თემაა. რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, გიორგი ჯავახაძის თქმით, სტუდენტები აპირებდნენ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას აქციის შემდეგ, თუმცა თსუ-ს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ რატომღაც გადაწყვიტა, „აუდიტორია 115“-ის წევრებისთვის დაეკეტა კარები. მაშინ, როცა სხვა სტუდენტებს უფლება მისცა, არჩევნებში დაეფიქსირებინათ თავიანთი პოზიცია.
„ამ წუთას „აუდიტორიის“ წევრები პირველი, მეორე და მესამე კორპუსის ყველა საარჩევნო უბანთან არიან შეკრებილნი. ჩვენ არ ვაძლევთ ადმინისტრაციას თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების უფლებას, რადგან ხმის მიცემა აგვიკრძალეს. არჩევნები ჩაშლილად უნდა გამოცხადდეს, რადგან ვერ გრძელდება პროცესი ექვს უბანში და, ამასთან, საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული ადამიანების რაოდენობა არ მისულა საარჩევნო ყუთთან. საუბარია სტუდენტების სრული რაოდენობის ერთ მეათედზე. მოგეხსენებათ, თსუ-ს 20 615 სტუდენტმა 140 სტუდენტისგან შემდგარი თვითმმართველობა უნდა აირჩიოს“, - განმარტა გიორგი ჯავახაძემ, რომლის ინფორმაციითაც, ხელისუფლებიდან მათ ჯერ არავინ გამოხმაურებია, თუმცა ერთ-ერთმა პარლამენტარმა სტუდენტებთან მოლაპარაკებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
თავის მხრივ, სტუდენტები მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებიან დეპუტატებთან შეხვედრას, თუკი ისინი კანონპროექტის შემუშავებას დაიწყებენ. სხვა შემთხვევაში, მოლაპარაკებაზეც უარს აცხადებენ და თსუ-ს კორპუსის დათმობასაც არ გეგმავენ. გიორგი ჯავახაძის თქმით, მინისტრ ჯეჯელავას უამრავი ბერკეტი ჰქონდა, თავიდან აეცილებინა დაპირისპირება უნივერსიტეტში, მას შეეძლო, აეცილებინა თუნდაც მეექვსე კორპუსის დაკეტვა, მაგრამ მან ეს არ ინება.