ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური ფონის გამო, ჯანდაცვის მომსახურება მკვეთრად გაძვირდა. მიუხედავად სახელმწიფო დაზღვევისა, ხელმოკლე ოჯახებს სულ უფრო უძნელდებათ წამლის შეძენა თუ ექიმთან მისვლა.
გაეროს ბავშვთა ფონდის, UNICEF-ის მიერ ჩატარებულმა მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევამ აჩვენა, რომ ოჯახების მიერ ძირითად პრობლემებად გაზრდილი ფასები, მძიმე ავადმყოფობა და ოჯახების შემოსავლის შემცირება მიიჩნევა.
ოჯახების მიერ ჯანდაცვაზე გაწეული საშუალო ხარჯი, ინფლაციის გათვალისწინებით, 31%-ით გაიზარდა. 39.7%-დან (2013) 44.1%-მდე (2015) მოიმატა იმ ოჯახების წილმა, რომლებიც ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის პრობლემას განიცდიან.
სოციალურად გარიყულ ოჯახებში (იქ, სადაც აქვთ ჯანდაცვაზე, განათლებაზე, დასაქმებაზე, სოციალურ დახმარებაზე, კრედიტის აღებაზე ხელმისაწვდომობის პრობლემა) მცხოვრებ ბავშვთა რაოდენობა გაიზარდა და 5.6%-დან (2013) 8.1%-ზე ავიდა (2015).
პარლამენტის დეპუტატის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა შეძლებულებს უფრო მეტად ეხმარება, ვიდრე ღარიბებს. სწორედ ამიტომ პროგრამას ძირეული ცვილელებები სჭირდება, რომ იგი გაჭირვებულ მოქალაქეებზე ორიენტირებული გახდეს.
„თუნდაც დეფიციტური ხარჯვით ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების დავალიანებას სრულად ვერ ისტუმრებს. ეს კი მედპერსონალის ხელფასების გაუცემლობაში, სამედიცინო მომსახურების ხარისხის დაქვეითებასა და პაციენტების მიერ ჯიბიდან გადახდების ზრდაში აისახება. ზოგადად, სახელმწიფო ბიუჯეტის ასეთი დეფიციტური ხარჯვა უარყოფითად აისახება ლარის კურსზე და, შესაბამისად, მოქალაქეების ჯიბეზე. გაჭირვებული ადამიანები კიდევ უფრო ღარიბდებიან დაჯანდაცვაზე მათი ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო უარესდება“, - აცხადებს ჭიაბერაშვილი.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა კი გაგრძელდება, მაგრამ იგი გარკვეული სახით შეიცვლება კიდეც. ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ადასტურებს, რომ პროგრამის დახვეწის მიზნით, ცვლილებები გახორციელდება.
„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა გაგრძელდება. ცვლილებები იქნება და ეს ცვლილებები მიმართული იქნება იმისკენ, რომ არსებული რესურსები კიდევ უფრო ეფექტურად იყოს გამოყენებული და მათთვის, ვისაც ყველაზე უფრო მეტად სჭირდება მიწვდომადობა, იმავე მედიკამენტების, ხარისხიანი ჯანდაცვის კუთხით, ეს წვდომა გაეზარდოთ. ცვლილება იქნება რამდენიმე მიმართულებით, თუმცა ყველა მათგანის ამოცანა იქნება, რომ უფრო მეტი შედეგი მიიღოს მოსახლეობამ არსებული ბიუჯეტის ფარგლებში“, - განაცხადა სერგეენკომ.
ჯერჯერობით ცვლილების კონკრეტული დეტალები ცნობი არ არის, მაგრამ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ორი მთავარ მიმართულებაზე საუბრობს:
„ერთია დაფინანსების მეთოდის ცვლილება, რაც გლობალური ბიუჯეტის შემოღებასა და დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების, ანუ მეთოდოლოგიის შეცვლას გულისხმობს. ასევე მშობიარობის პროგრამის ფარგლებში პილოტირება დაიწყება, რომელსაც ალბათ, ორი წელიწადი დასჭირდება. მეორე მიმართულება კი კონკურსის წესით საუკეთესო, შედარებით მაღალკომპეტენტური, კვალიფიციური და მაღალი დონის დაწესებულებების შერჩევაა, რაც უპირველესად, სამედიცინო ხარისხის გაუმჯობესებას, პაციენტის უსაფრთოებასა და ჯანმრთელობას უკავშირდება. ამავე დროს, იგი საშუალებას მოგვცემს ხარჯები გაცილებით უფრო პროგნოზირებადი გავხადოთ.
ამ საკითხებზე ჯანდაცვის სამინისტროსთან ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობს და უკვე მომავალი წლიდან ამ მექანიზმების განხორციელება დაიწყება, თუმცა საკონკურსო პირობების ჩამოყალიბებას გარკვეული დრო დასჭირდება“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.