„სიახლე და ახალი რაღაცეები... რასაც მერე ვიტყვი“, - ასე ხსნის „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორი თანამდებობის დატოვებას. მას შემდეგ რაც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ დაარსდა, არც ერთ დირექტორს - თამარ კინწურაშვილს, ლევან ყუბანეიშვილს, გია ჭანტურიას უფლებამოსილების ვადა ბოლომდე არ დაუსრულებია, მათ შორის აღმოჩნდა გიორგი ბარათაშვილი, რომელიც მაუწყებლის ბორდს მიმართავს. ბარათაშვილი განმარტავს, რომ ძალიან დიდი ხანია ამ საკითხზე ფიქრობს, თუმცა წასვლის კონკრეტულ მიზეზებზე არ საუბრობს.
„ახლა წასვლისთვის საუკეთესო დროა, ახალი წელი იგეგმება და ახალი ადამიანი მოვა. აქამდე იყო არჩევნები. წლის დასაწყისში მინდოდა წასვლა და უბრალოდ ვერ გავაკეთე. ახლა უკვე არის დრო იმისა, რომ წავიდე“, - აცხადებს გიორგი ბარათაშვილი.
ქართულ მედიაში ბარათაშვილის შემცვლელად რამდენიმე კანდიდატი სახელდება - კოკა ყანდიაშვილი, ვასილ მაღლაფერიძე, გოგა ხაინდრავა, ნინო ზაუტაშვილი, კობა ბექაური და ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე. ჯერჯერობით მხოლოდ ნინო ზაუტაშვილი ადასტურებს, რომ დაინტერესებულია და საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღებას გეგმავს.
მართალია, თანამდებობიდან წასვლის კონკრეტულ მიზეზებზე ბარათაშვილი არ საუბრობს, მაგრამ მოლოდინი, რომ არჩევნების შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტში ცვლილებები იქნებოდა, არსებობდა.
ძალიან რთული სიტუაცია იყო შექმნილი საზოგადოებრივ მაუწყებელზე. თუმცა ამაზე როგორც წესი, ღიად არავინ არ საუბრობს.
არხის ერთ-ერთი წარმომადგენელი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ყველაზე მთავარი პრობლემა ეს არის მენტალობით ნაცები, რომლებიც ფართოდ არიან წარმოდგენილი საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რაც ხელს უშლიდა ეფექტურ მართვას. შესაბამისად, ვინც არ უნდა მოსულიყო დირექტორის თანამდებობაზე, ტელევიზია კრიზისში მაინც შევიდოდა და ეს კრიზისი იყო 2013 წელს.
მაშინ ვითარება იქამდე მივიდა, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებობა, მაგრამ თანამშრომელთა გარკვეული ჯგუფი ბარათშვილის გვერდზე დადგა, რომ ტელევიზია გადაერჩინათ. მიუხედავად ამისა, საკმაოდ რთულად მიმდინარეობდა და ბარათაშვილი აწონასწორებდა შექმნილ მდგომარეობას, მაგრამ სხვა მხრივ ტელევიზია ვერ განვითარდა.
გარდა ამისა, უმრავლესობაშიც იყო უკმაყოფილება და სულ იდგა კითხვა - რა ვუშველოთ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“. ფაქტია, რომ ბარათაშვილმა არხის განვითარება ვერ შეძლო, შესაბამისად, for.ge-ს ინფორმაციით ბარათაშვილს უთხრეს, რომ უნდა წასულიყო. ამ გადაწყვეტილებას ხელი შეუწყო ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევამ, სადაც გამოიკვეთა არხზე არსებული პრობლემა. გავრცელებული ინფორმაციით, მაუწყებელზე რეორგანიზაციის პარალელურად ატესტაცია დაიწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ თანამშრომელთა გაკვეულ ნაწილს მოუწევს არხიდან წასვლა.
ჟურნალისტი, ლელა კურდღელაშვილი ამბობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ე.წ. სახელმწიფო საწარმო, რომლის მთავარი ამოცანაც არის შექმნას მედიაპროდუქტი, რომელიც დააკმაყოფილებს საზოგადოების მოთხოვნებს.
„როგორ უნდა შეიქნმას ისეთი საწარმო, რომელიც ამ პროდუქტს დადებს და რითი უნდა გაიზომოს ასეთი სიპის ეფექტურობა? - სახელმწიფო, რომელიც ხარჯავს ამხელა ფულს, მისი მიზანია, რომ დადოს პროდუქტი, რომელიც მიუკერძოებლად მოახდენს მოსახლეობის ინფორმირებას. დღეს 0,5–ია „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ რეიტინგი, მაშინ, როდესაც 0,6 არის „იმედის“ და „რუსთავი 2“–ისაც იქვე არის.
გარდა ამისა, საქართველოს მთელ რეგიონებში და ასევე თბილისშიც კი არის ადგილი, სადაც ვერ ფარავს საზოგადოებრივი მაუწყებელი და ეს კიდევ ცალკე პრობლემაა. ანუ, მოსახლეობამდე ბოლომე ვერ ახერხებ ინფორმაციის მიტანას, რაც მიგვაქვს იმასაც მოსახლეობა არ უყურებს, ნდობა არ გვაქვს. ანუ, შენი პროდუქტი არ არის ის, რაშიც სახელმწიფო იხდის 45 მილიონს. აქედან გამომდინარე უნდა გაატარო შესაბამისი რეფორმა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლელა კურდღელაშვილი.
„საზოგადოებრივი მაუწყებელი“ არ არის ერთადერთი არხი, სადაც რეორგანიზაცია იგეგმება. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ტელეკომპანია „მაესტროზე“ სამი გადაცემა - „ღამის კონტაქტი“, „სვოტანალიზი“ და „მაესტროს ფაქტორი“ დაიხურა. გადაცემების დახურვის მიზეზად თავად გადაცემების წამყვანები არხზე მიმდინარე ოპტიმიზაციას ასახელებენ. თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ „მაესტრო“ გასართობ არხად გადაკეთდება, ხოლო ტელეკომპანია „იმედი“ და „GDS“ გაერთიანდება. ამ ორი არხის გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის, მაგრამ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით ქართულ მედია სივრცეში ცვლილებები იანვრიდან იგეგმება.
ექსპერტები ამბობენ, რომ ტელევიზია ძვირადღირებული პროდუქტია, ქართული სატელევიზიო ბაზარი კი, არ იძლევა იმის მოგებას, რომ ტელევიზიები შეინახო. ლელა კურდღელაშვილი ამბობს, რომ საქართველოში ტელევიზია მოგებისთვის არ მუშაობას, რადგან ბაზარი არის ღარიბი.
„აქედან გამომდინარე, ტელევიზია გარკვეულ პოლიტიკურ ამოცანებს ექვემდებარება. მოდით, ვნახოთ, რა პოლიტიკური სურათი დადგა არჩევნების შემდეგ და აქედან გამომდინარე გასაგები გახდება, რომ ცვლილებები იქნება მედია სივრცეში. ესენი არიან კერძო ტელევიზიები და, რა თქმა უნდა, დაექვემდებარებიან მედია ბაზრის მოთხოვნილებას.
მედია ბაზრის მოთხოვნა ერთია - ორი და სამი ტელევიზია მირჩევნია ძვირადღირებული, თუ ერთი ტეელვიზია, რომელიც იგივე ინფორმაციას და იგივე რეიტინგს დამიდებს, რომელიც უფრო იაფი დამიჯდება. ამიტომ ვფიქრობ, რომ მედია მფლობელები მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ლელა კურდღელაშვილმა.
საინფორმაციო კულტურის სპეციალისტი ლელა ფირალიშვილი ამბობს, რომ ჩვენ შეთანხმებული უნდა ვიყოთ იმაზე, რა არის საინფორმაციო პროდუქტი და მხოლოდ მას შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, ეს პროდუქტი კარგია, ცუდია, რომელ ნაწილზეა ორიენტირებული. თუ სოციალურ ნაწილზეა ორიენტირებული, მაშინ უნდა ვიცოდეთ, ეს სოციალური ნაწილი არის თუ არა კმაყოფილი და შედეგს რას ველით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
„მნიშვნელოვანია საინფორმაციო კომუნიკაცია, რადგან ზუსტად იცის, რომ უნდა დაასტურქტურიროს სოციალური ველი. მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არა თუ საჭიროა, არამედ აუცილებელია. მაგრამ უნდა ვიცოდეთ რა უნდა საზოგადოებრივ არხს, ასევე უნდა ვიცოდეთ რა გვინდა და რას ველით საზოგადოებრივი არხიდან. ფაქტია, რომ საინფორმაციო გამოშვება „მოამბე“ ყველაზე გაწონასწორებულია, დანარჩენი ყველა ვიღაცას წარმოადგენს და ტენდენციურია. რაც შეეხება დანარჩენ პროდუქტებს და ვფიქრობ, ბორდი და თვითონ მთელი სატელევიზიო სივრცე შეთანხმებული უნდა იყოს, რა უნდათ ამისგან მიიღონ.
იქ რაღაც რელიგიურ და ეთნიკური უმცირესობებზე და რაღაც არარსებულ ბალანსზე ლაპარაკობენ. რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი არხია და ყველას ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული, მაგრამ ვთქვათ, 5-წუთიან გადაცემას გავუკეთებ, დავუშვათ, იეზიდებს და ეს უკვე ნიშნავს, რომ უკვე მოვიხადე ვალი, ტელევიზიის კონცეფცია ასე არ დგება“, - ამბობს ლელა ფირალიშვილი.
მისი თქმით, ტელევიზიამ ზუსტად უნდა იცოდეს, რა ღირებულების საზრისზე დგას, რა ღირებულებებს ამკვიდრებს და ნერგავს სოციალურ სივრცეში. რაც შეეხება მედია გადაჯგუფებებს, ფირალიშვილი ფიქრობს, რომ ეს ფსევდო მოძრაობებია, რეალურად არ ვიცით, როგორ იქმნება საინფორმაციო ორეული, როგორ ხდება ტრანსლირება და ტრანსლირებული ენერგია როგორ მუშაობს სოციალურ სივრცეზე.
„ზუსტად ვიცით, რომ „რუსთავი 2“ თავის მესიჯთა სისტემით, ვიზუალური კომუნიკაციებით არის პოლიტიკურად ანგაჟირებული არხი. ვიცით, რომ ეს ტელევიზია ასე მუშაობს პატარა სეგმენტზე, დანარჩენში აგრესიას იწვევს. მიზანს აღწევს, იცის რა უნდა, მაგრამ ვერ გავიგე რა უნდა „მაესტროს“. „GDS“ თავიდან ახალგაზრდა თაობაზე იყო ორიენტირებული. უნდა გითხრათ, რომ ძალიან რთული სიტუაციაა, სტრუქტურირებული სახე ტელევიზიას არ გააჩნია. აქვს „რუსთავი 2“-ს და გითხარით რაზე,
მაგრამ ისიც კონკრეტულ პოლიტიკურ მიმართულებას ემსახურება, დანარჩენი რას უნდა ემსახურებდონენ, ეს უნდა გავარკვიოთ. აუცილებელია კონცეფცია, რომლის მიხედვით უნდა დავწეროთ სტრატეგია და გადაცემები ამ სტრატეგიის მიხედვით უნდა შევარჩიოთ. აი, ამის შემდეგ შეიძლება გვქონდეს შედეგი. უნდა ვიცოთ რა ღრებულებას ვამკვიდრებთ.
ჩემთვის მნიშვნელოვანია არ დავტოვოთ საზოგადოება საზოგადოებრივი არხის გარეშე, ამ დანარჩენი ტელევიზიების ამარა, წარმოიდგინეთ რა დღეში ჩავვარდებით? აუცილებელია, რომ არსებობს, მაგრამ მას უნდა ჰქონდეს მკვეთრად გამოხატული საზოგადოებრივი დატვირთვის მქონე კონცეფცია, რომლის მიხედვით უნდა აიგოს სტრატეგია და რომელსაც საფუძველში უნდა ედოს ღირებულებათა სისტემა, მერე შეიძლება გავზომოთ, რაღაცა კარგია, რაღაცა არა, რაღაცამ შედეგს მიაღწია და ა.შ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ლელა ფირალიშვილმა.
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე, რომელიც ერთ-ერთი ინიციატორი იყო „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შექმნის, ამბობს, რომ დღეს მოქმედი „საზოგადაოებრივი მაუწყებელი“ ისეა აგებული, რომ ჟურნალისტები გადამწყვეტები არ არიან.
„საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ დაიწუნა მამუკა არეშიძე, მაშინ ზვიად ქორიძე იყო ამ კომისიის თავმჯდომარე და ის წყვეტდა ვინ გაიმარჯვებდა კონკურენტებში. საკმაოდ ძნელი ასაწყობია ბორდი და ეს ერთი ზვიად ქორიძის გადსაწყვეტი არ უნდა ყოფილიყო. ვფიქრობ, რომ ჟურნალისტების შემადგენელობით უნდა დაკომპლექტდეს ბორდი და არა ენჯეოებით.
ფაქტიურად, ენჯეობის შემადგენლობით მოხდა დღევანდელი ბორდის ფორმირება, სურათიც მივიღეთ, თავი ვერ გაართვა. ყველგან ვაფასებთ პროფესიონალიზმს, მაგრამ არის სფეროები სადაც დიდი სიამოვნებით ხმას ვაძლევთ არაპროფესიონალებს. არაპროფესიონალების მართვის შედეგი სახეზეა. ამიტომ, დროა საზოგადოებრივი მაუწყებლის მართვაში ჩაერთონ პროფესიონალები“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, საყვარელიძე ფიქრობს, რომ დასარეგულირებელი და მოსასუფთავებელია მედია ველი, რომ შეიქმნას ჯანსაღი და კონკურენტული მედია.
„ჩვენთან მედიის სიჭარბეს განაპირობებს ის, რომ პრაქტიკულად მედია საშუალებები დოტაციაზე არიან, დამოკიდებული არ არიან მედია ბაზარზე. ასევე დამოკიდებული არ არიან შეცდომებზე და იცით რა ტიპის შეცდომებზე ვსაუბრობ - როდესაც არაკორექტულობას ჩაიდენს ჟურნალისტი, მას პასუხს არავინ არ სთხოვს. ამ დროს მსოფლიოს იმ ქვეყნებში, რომლებსაც დიდი გამწარებით ვბაძავთ, მილიონები უჯდება მედიასაშუალებას უპასუხისმგებლო ნაბიჯი. ეს თითქოს არაფერია, მაგრამ თქვენ როგორც ბრძანეთ, გაწმენდის საშუალებას იძლევა.
სამართლებრივი მექანიზმების ამუშავება მხოლოდ გამოადგება ამ სივრცის გაჯანსაღებას. როდესაც ამას ვამბობ თქვენი ბევრი კოლეგა ძალიან ბრაზდება, მაგალითათ ლაშა ტუღუშს მიაჩნია, რომ მედიას არ უნდა ჰქონდეს არანაირი შეზღუდვა. ვფიქრობ, რომ მედიაში უნდა გაჩნდეს ისეთი მექანიზმები, რომელიც დაარეგულირებდა მედიის ფუნქციონირებას, მათ შორის არ მისცემდა სრულ თავისუფლებას და გააჩენდა მორალის, ან ზნეობის ტიპის შეზღუდვებს“, -აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.