ვახტანგ კაპანაძის შემთხვევაში სახელმწიფომ გენერალური შტაბის უფროსის დანიშვნის ვადები დაიცვა, რაც 3+1 წელს მოიცავს. ისევე, როგორც დასავლეთის უმეტეს ქვეყნებში, საქართველოშიც გენერალური შტაბის უფროსის დანიშვნის 3-წლიანი ვადა არსებობს და ამ ვადის 1 წლით გახანგრძლივებაც შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ უფროსი განსაკუთრებულად კარგად უძღვება შეიარაღებულ ძალებს. რაც შეეხება ვახტანგ კაპანაძეს, ის 2013 წლის 22 ოქტომბერს გახდა გენერალური შტაბის უფროსი, სამწლიანი ვადა 2016 წლის 22 ოქტომბერს სრულდება.
შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს ვახტანგ კაპანაძეს 22 ნოემბრიდან, უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ, ვლადიმერ ჩაჩიბაია შეცვლის. ჩაჩიბაიას კანდიდატურა გენშტაბის უფროსის თანამდებობაზე უშიშროების საბჭოს განახლებულ სხდომაზე განიხილეს. როგორც თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან იზორიამ აღნიშნა, ჩაჩიბაიას წარდგენა ხვალ იგეგმება. მისი თქმით, ვახტანგ კაპანაძემ ყველა ის მიზანი, რაც დასახული იყო, წარმატებით შეასრულა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილ ვლადიმერ ჩაჩიბაიას შეხვდა. შეხვედრა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში გაიმართა. შეხვედრამდე კი, პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ჩაჩიბაიას კარგად იცნობს და მასთან ქონია საქმიანი შეხვედრები.
„ვლადიმერ ჩაჩიბაია ასრულებდა მნიშვნელოვან, მოადგილის მოვალეობას და, ბუნებრივია, მე მასთან ამ სამი წლის განმავლობაში არაერთხელ მქონია ურთიერთობა. დღეს კიდევ ერთხელ შევხვდები მას და ხვალ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, უკვე - გენერალური შტაბის ახალ ხელმძღვანელთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში საკადრო ცვლილებებს არ გამორიცხავს თავდაცვის მინისტრი. ლევან იზორიას განცხადებით, ახალი სტრატეგიის განხორციელებისთვის საჭიროა ახალი გუნდი.
„ამ გეგმებთან დაკავშირებით ინფორმაციას მიიღებთ მას შემდეგ, რაც გენშტაბის ახალი უფროსი შეუდგება მუშაობას. მათ შორის, არ გამოვრიცხავ ცვლილებებს გენშტაბის ფარგლებში. ახალი სტრატეგიის განხორციელებისთვის საჭიროა ახალი გუნდი და ამაში ვგულისხმობ სხვადასხვა პოზიციებზე ახალ კანდიდატურებს“, – აცხადებს ლევან იზორია.
რაც შეეხება შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილ უფროსს ვახტანგ კაპანაძეს, მუშაობას ნატო-ში საქართველოს მთავარ სამხედრო წარმომადგენლად გააგრძელებს.
„ვარ სამხედრო მოსამსახურე. გავაგრძელებ ქვეყნის სამსახურში ყოფნას. არის შემოთავაზება, ნატო-ში მთავარ სამხედრო წარმომადგენლად წავიდე. დარწმუნებული ვარ, ბევრ კარგ, სასიკეთო საქმეს გავაკეთებ“, – განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.
შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის კანდიდატურის გარდა, ეროვნული უშიშროების განახელბულმა საბჭომ სამხედრო აღმშენებლობასა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებისა და სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობის საკითხი, თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის საკითხისა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროგრესი განიხილეს.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა საინტერესო და პროდუქტიული იყო, რომელზეც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს, მათ შორის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით.
„სამხედრო სავალდებულო გაწვევა მნიშვნელოვანი თემაა. თავდაცვის მინისტრმა წარმოადგინა თავისი მოსაზრება, რომელიც ეფუძნებოდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის და შეიარაღებული ძალების მზადყოფნის არგუმენტებს. ჩვენ მხარი დავუჭირეთ საგაზაფხულო გაწვევის განახლების პოზიციას.
ამასთან ერთად, შემოთავაზებული იქნება რამდენიმე კვირაში ახალი ვერსია იმ დოკუმენტისა, რომელზეც 2013 წლიდან ვმუშაობდით გლობალურად, როგორ უნდა გადაწყდეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის თვალსაზრისით გაწვევის საკითხი. გლობალურად შეხედულება იქნება ჩამოყალიბებული სადღაც დეკემბრის შუა რიცხვებში“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას აზრით, სავალდებულო სამხედრო გაწვევის შეჩერება წინა მინისტრის ნაჩქარევი ნაბიჯი იყო. კითხვაზე, გულისხმობდა თუ არა იზორია წინა მინისტრში თინა ხიდაშელს, თავდაცვის მინისტრმა დაადასტურა, რომ თინა ხიდაშელზე საუბრობდა.
„მეტსაც გეტყვით. არსებობს 2015 წლის ივლისში პარლამენტის საკომიტეტო მოსმენის დროს ამ გადაწყვეტილებაზე ავტორის მიერ გაკეთებული განცხადება, სადაც ის საუბრობდა, რომ 2016 წელს ამ სისტემის გაუქმება არარეალურია. ყოველგვარი ალტერნატივის გარეშე, წინასაარჩევნოდ, არჩევნებამდე 3 თვით ადრე ასეთი გადაწყვეტილების მიღება ბუნებრივია, არის პოპულიზმი. შესაბამისად, დღეს გვაქვს გარკვეული პრობლემები დაკომპლექტების თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, სრულიად ახალ სისტემას ვთავაზობთ“, – განაცხადა ლევან იზორიამ.