ისრაელი თავშესაფრის მიცემაზე უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებს ავტომატურ უარს ეტყვის

ისრაელი თავშესაფრის მიცემაზე უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებს ავტომატურ უარს ეტყვის

ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავს, უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის თავშესაფრის თხოვნაზე ავტომატური უარი შემოიღოს. ამის მიზეზი ის არის, რომ აღნიშნული ქვეყნებიდან ისრაელში თავშესაფრის მინიჭებაზე მოთხოვნა ბოლო ორი წლის განმავლობაში გაიზარდა. მხოლოდ 2016 წლის 10 თვის პერიოდში უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეების მიერ 8574 თხოვნა დაფიქსირდა ისრაელში თავშესაფრის მისაცემად - 5505 მოთხოვნა უკრაინიდან და 3069 -საქართველოს მოქალაქეებისგან. მაშინ, როცა 2013 წელს ასეთი თხოვნის რაოდენობა მხოლოდ ხუთს შეადგენდა. 

საქართველოს მოქალაქეები დევნილის სტატუსის მოთხოვნაში ძირითად მიზეზად სამშობლოში პოლიტიკური რეპრესიების საშიშროებას ასახელებენ. მაშინ, როცა უკრაინელების ძირითადი არგუმენტი რუსეთთან ბრძოლაში ჩართვისგან თავის არიდებაა. 

როგორც ისრაელის შსს-ში აღნიშნავენ, ასეთი თხოვნის დიდი ნაწილი შესაძლებელია უარყოფილ იყოს ყოველგვარი ზედმიწევნით შემოწმების გარეშე. უკრაინელებისა და ქართველებისთვის დევნილის სტატუსზე ავტომატური უარის მიცემა ისრაელს საშუალებას მისცემს, „რესურსები გაცილებით სერიოზული სიტუაციების განსახილველად გაათავისუფლოს“. 

თავშესაფრის მიცემაზე ისრაელის უარი საქართველოში ზოგიერთმა ისრაელ-საქართველოს 26-საუკუნოვანი მეგობრობის შელახვად აღიქვა. თუმცა პოლიტოლოგები განმარტავენ, რომ რეალობა სხვაგვარია და ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლების მოვალეობაა, იფიქროს საკუთარ ქვეყანასა და ხალხზე აწმყოში და არა - მომავალში ან წარსულში.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ადამიანურ დონეზე ამ ორი ხალხის ურთიერთობა ძალზე მაღალ ხარისხშია და ეს უფრო ქართველი ებრაელების დამსახურებაა, რომლებმაც დაინახეს ქართველების ისტორიული სიკეთე. ზოგადად, ისრაელის სახელმწიფოც აღნიშნავს, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ებრაელების დევნა არ განხორციელებულა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ებრაელებმა მათ ქვეყანაში შესულ ნებისმიერ პირს გაუღონ კარი.

„ისრაელის ხელისუფლების გადმოსახედიდან, ეს გადაწყვეტილება სწორი და გამართლებულია. ჩვენც არ უნდა გვინდოდეს, გავაღოთ კარი და, ვისაც უნდა და, როგორც უნდა, ისე შემოვიდეს საქართველოში და მიიღოს ჩვენი მოქალაქეობა. ყველა ქვეყანა ცდილობს, დაიცვას არა მარტო საკუთარი საზღვრები, არამედ საკუთარი საზოგადოებაც და ზედმეტი ტვირთით არ დატვირთოს სახელმწიფო. ცხადია, ისრაელის გადაწყვეტილება თავშესაფრის მიცემაზე უარის თქმასთან დაკავშირებით ცუდია ქართველებისა და უკრაინელებისთვის, მაგრამ, როგორც ჩანს, ისრაელის ხელისუფლება თვლის, რომ ეს ზედმეტი პრობლემაა მათთვის და ცდილობს ამ პრობლემისგან თავის არიდებას. 

მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა კარგია, მაგრამ ის საუკუნეების კუთვნილებაა. დღეს რა პრობლემაც აქვს ისრაელს, ის უნდა გადაწყვიტოს. ხელისუფლების მოვალეობა სწორედ ისაა, იფიქროს საკუთარ ქვეყანასა და ხალხზე აწმყოში და არა მომავალში ან წარსულში“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ. 

ექსპერტი გია ხუხაშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ თავშესაფრის მიცემასთან დაკავშირებით ისრაელის უარი მარტივი ასახსნელია. კერძოდ, ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლა როდესაც წესდება, ეს ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებს ერთმანეთთან მიმართებით პრობლემები აღარ აქვთ. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქისთვის თავშესაფრის მიცემა ნიშნავს, რომ პოლიტიკური დევნის ქვეშ არის ადამიანი იმ ქვეყანაში, რომელთანაც ისრაელს სავიზო რეჟიმი არ აქვს და მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებს. 

„ისრაელს საქართველოს მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მიცემაზე უარი რომ არ ეთქვა, ეს სრული აბსურდი გამოვიდოდა. დარწმუნებული ვარ, თუ ჩვენ უვიზო რეჟიმი დაგვიწესდება ევროკავშირთან, იქაც იგივე მოხდება. ავტომატურ რეჟიმში ხდება ეს ყველაფერი. პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნა აბსურდია ასეთ ქვეყანაში. გასაგებია, რა მოტივსაც ასახელებენ ქართველები, ისინი იშველიებენ სამშობლოში პოლიტიკური რეპრესიების საშიშროებას, მაგრამ ძალიან სასაცილოა პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვონ იმ ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს უვიზო მიმოსვლა აქვს“, - განმარტა გია ხუხაშვილმა.