„ან დეპორტაცია, ან-ციხე“ - ტრამპი მიგრანტების შესაკავებლად, კედლის მშენებლობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

„ან დეპორტაცია, ან-ციხე“ - ტრამპი მიგრანტების შესაკავებლად, კედლის მშენებლობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

„ან დეპორტაცია, ან-ციხე“. მიგრანტთა ქვეყნად მიჩნეული და მიგრანტთა ძვლებზე აგებული ამერიკა უცნაურ ნაბიჯებს დგამს. დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ აშშ-დან 3 მილიონამდე მიგრანტის დეპორტაცია მოხდება და ეს მიგრანტები ან ნარკოტიკებით მოვაჭრეები, ან ბანდის წევრები, ან კრიმინალური წარსულის მქონე პირები იქნებიან. 

ტრამპის ნათქვამმა მიგრანტების დეპორტაციის შესახებ დააფიქრა ქართველებიც. საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია ფიქრობს, რომ ტრამპის განცხადება ქართველ მიგრანტებს არ შეეხებათ. მისივე თქმით, არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენი ქართველია წასული ამერიკაში. ამის მიზეზი ის არის, რომ ქართველები 90-იანი წლებიდან წავიდნენ ოკეანის გაღმა. იმ პერიოდში სტატისტიკა არ წარმოებდა, თუმცა თანხობრივი გზავნილით შეიძლება ამერიკაში არსებული ქართული დიასპორის რაოდენობის დადგენა. 

ტრამპის ნათქვამით შეშფოთებული მიგრანტები კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა პოლ რაიანმა დაამშვიდა. რაიანმა აღნიშნა, რომ ახალი პრეზიდენტი არალეგალურად მყოფი ემიგრანტების მასობრივი დეპორტაციის მექანიზმების შექმნას არ გეგმავს. 

„ვფიქრობ, უნდა დავაწყნაროთ ხალხი. დეპორტაცია არ არის ის თემა, რომელზეც ჩვენ ფოკუსირებულნი ვართ“.

ემიგრანტების თემასთან დაკავშირებით მკვეთრი პოზიცია აქვს კელიენ კონუეის, ამერიკელ ქალბატონს, რომელმაც აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანია დაგეგმა. კელიენ კონუეის აზრით, ემიგრანტების რეფორმის გატარება აუცილებელია. 

გატარდება თუ არა ტრამპის მმართველობის დროს ემიგრანტების მიმართ ძირეული რეფორმა და აშშ-დან დეპორტირებულ 3 მილიონამდე მიგრანტს შორის მოხვდებიან თუ არა ქართველები? 

ექსპერტი სოსო ზაალიშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ მიგრანტთა დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილება ტრამპის მთელ წინასაარჩევნო კამპანიას ლაიტმოტივად გასდევდა. ტრამპი მიზანმიმართული იყო თავის ყველა ნაბიჯში: 1. ამერიკა ძლიერი უნდა გახდეს; 2. ამერიკა მდიდარი გახდეს; 3. ამერიკა დაცული გახდეს; და 4. ისევ, ამერიკა ძლიერი გახდეს. 

სოსო ზაალიშვილის აზრით, ეს საკითხები გადაბმულია ერთმანეთთან. შესაბამისად, მიგრანტთა დეპორტაცია გულისხმობს არა მარტო იმ ადამიანების გამოყრას, ვინც არალეგალურადაა შესული, არამედ ამერიკელებისთვის სამუშაოს შეთავაზებას. ანუ ტრამპის ამ გადაწყვეტილების განხორციელების შემდეგ 3 მილიონი სამუშაო ადგილი გამოთავისუფლდება რიგითი ამერიკელებისთვის. 

„15-20 მილიონი მიგრანტია ამერიკაში ჩასული, რომელთაც ლეგალიზაციის მოთხოვნით საბუთები აქვთ შეტანილი. მათ სურთ ამერიკის მოქალაქეობის მიღება. მათ შორის არიან დამნაშავეებიც და პროცედურული დარღვევების მქონენიც. პროცედურულად, მათ ერთი დარღვევაც თუ აქვთ, გამოუშვებენ. შესაძლოა, ერთ დღეში 3 მილიონი ადამიანი არ გამოაგდონ, მაგრამ თანდათანობით რომ გამოუშვებენ, ამას ოჰაიოში საკუთარ ამომრჩეველთან ტრამპის შეხვედრაც ადასტურებს. რაც შეეხება მექსიკას, კედლის აშენებასთან დაკავშირებით ტრამპმა უკვე დაიწყო მოლაპარაკებები ისრაელის კომპანიასთან. ეს ის კომპანიაა, რომელმაც ღაზას სექტორში უკვე აღმართა მაღალი კედელი მთელ სიგრძეზე მუსლიმანებისგან თავდაცვის მიზნით. თანაც, ტრამპი არა მარტო მიწისზედა კედლის აღმართვას აპირებს, არამედ-მიწისქვეშა კედლისაც, რათა ტერორისტებმა მიწა ქვევითაც არ გათხრონ, როგორც ეს ხდებოდა ღაზას სექტორში, როცა ჰამასის ტერორისტები მიწისქვეშა გვირაბებით ისრაელის შუაგულში აღწევდნენ“, - აღნიშნა სოსო ზალიშვილმა. 

მანვე განმარტა, რომ ტრამპის მოწოდების შემდეგ დეპორტაცია საქართველოს მოქალაქეებსაც შეეხებათ, რომლებიც ვიზის გარეშე მოხვდნენ ამერიკაში. ცხადია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ფედერალური გამოძიების ცენტრალური სამმართველოსთვის ცნობილია ასეთი ფაქტების შესახებ. უფრო მეტიც, ტრამპი სპეციალური შტაბის შექმნას აპირებს, რომელიც შეისწავლის აგრესიულ ისლამს, როგორც ეს რეიგანის დროს მოხდა კომუნიზმთან მიმართებით. საუბარია იმაზე, რომ რეიგანის დროს ამერიკაში კომუნიზმის შემსწავლელი ინსტიტუტები არსებობდა, რომელთაც მოგვიანებით ბოროტების იმპერიის დანგრევას შეუწყვეს ხელი. 

სოსო ზაალიშვილს ახსენდება ტრამპის ნათქვამი, რომელიც თავის დროზე ობამას ურჩევდა, ნავთობთან დამაკავშირებელი გზები გაეწყვიტა ისლამისტებისთვის, რაც ობამამ არ გააკეთა. ისლამისტებისგან მომდინარე საფრთხის განეიტრალებას კი ტრამპი ინტერნეტთან მათი კავშირისა და დაფინანსების შეწყვეტით ფიქრობს. ფაქტია, რომ ისლამური სახელმწიფო ემუქრება აშშ-ს, რადგან ბევრი ჯიჰადისტია შესული ამერიკაში. ბოლოს და ბოლოს, რამდენად საშიშია ამერიკისთვის ის ფაქტი, რომ პოტენციურ ტერორიზმში ეჭვმიტანილ 8 ათას კაცს მისცა ობამამ მოქალაქეობა. 

„ტრამპი ირწმუნება, რომ მან ობამას ჰკითხა, რატომ მისცა ამ ადამიანებს მოქალაქეობა, პასუხად მიიღო, შეცდომით მივეცითო. ამის შემდეგ ტრამპს უთქვამს, თუ მიეცით მოქალაქეობა, ჯანდაბას, ახლა წაართვითო, მაგრამ უპასუხეს, წართმევა არაკონსტუტიციურიაო. სამი მილიონი მიგრანტის გამოყრა კოლოსალური ციფრი არ არის ამერიკისთვის. ამერიკის მოსახლეობა 70 მილიონამდეა. აქ ძირითადად მექსიკელები და ისლამური ქვეყნებიდან შეყვანილი ადამიანები იგულისხმება. ბოლო დროს ობამამ შეიყვანა არალეგალი სამუშაო ძალები, პრობლემა არ არის მათი აღმოჩენა და დეპორტაცია, მათ ისეთ პირობებს შეუქმნიან, ეს ხალხი ვერ იმუშავებს და ამერიკას დატოვებს. 10-თვიან ვიზებს იძლევა ამერიკა და არ ვიცი, რამდენი ქართველია იქ არალეგალურად ჩასული. ალბათ, რამდენიმე ათასზე იქნება საუბარი. 

არალეგალთა პრობლემას მიხედავენ არა მარტო ამერიკაში, არამედ ევროპაშიც. ევროპიდანაც გამოყრიან არალეგალებს. რაც შეეხება სააკაშვილის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ბათუ ქუთელიას გულდამშვიდებას, რომ ტრამპის განცხადება ქართველ მიგრანტებს არ შეეხება, ქუთელია ყოვლად არაკომპეტენტურია ამ საკითხში. ქუთელია გამუდმებით „რუსთავი 2“-ში ზის და ამ დროს არანაირი ექსპერტი არ არის. მით უმეტეს, რა უნდა საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტად?“ 
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ უკანონო მიგრანტების გაყრას არა მარტო ტრამპი, არამედ მერკელიც გეგმავს. ეს ის მიგრანტებია, რომლებიც ნავით, ტივით ან გადაცურვით მიადგებიან საბერძნეთს, შემდეგ იქიდან ევროპაში გადადიან, ზოგიერთი მათგანი ავტომანქანის ქვეშ მიეკვრება, ზოგიერთი სხვა მეთოდს ირჩევს და ევროპას აფარებს თავს მუქთად ცხოვრების, უფასო ჭამა-სმის, ბინის, სწავლების ხათრით.

„ეს ისლამიტები კიდევ სხედან ევროპაში და ევროპული მთავრობის მიერ ნაჩუქარი კომპიუტერით აგროვებენ მოხალისეებს ისლამური სახელმწიფოს რიგებში საბრძოლველად. ბათუ ქუთელიამ თავი დაანებოს ზღაპრებს და რეალობა დაინახოს, რომ მიგრანტთა დეპორტაცია ემუქრება ყველა უკანონო მიგრანტს. ყალბი დოკუმენტების მქონე ადამიანებს გამოყრიან, კრიმინალები კი ციხეში წავლენ. ევროპაშიც დაიწყება ეს პროცესი. ამიტომაც აქვს მარი ლეპენს გამარჯვების რეალური შანსი გაზაფხულზე. ის ამბობს, ფრანგები უმუშევარნი არიან და ამ დროს საიდანღაც ჩამოსულნი საფრანგეთში შოულობენ სამუშაოს, რადგან იაფ ხელფასზეც კმაყოფილნი არიან“, - აცხადებს სოსო ცინცაძე. 

ამასთან, ეჭვობს, ტრამპი უფრო შორს წავიდეს და ემიგრანტების ძირეული რეფორმა გაატაროს. უბრალოდ, ტრამპი ამბობს, რომ უჭირს იმის გარკვევა, ვინ არის რადიკალი ისლამისტი და ვინ -არა. ამიტომაც გარკვეულ პერიოდში არც ერთ ისლამისტს არ შეუშვებს ამერიკაში. 

„იქ ქართველებიც არიან, რომელთაც „გრინ კარტა“ აქვთ. ცხადია, მათ არავინ გამოყრის. ბინადრობის მოწმობა ვისაც აქვს, მათ ხელს არავინ ახლებს. ახლა საქართველოდან ამერიკაში ჩუმად არავინ ჩადის. ჩუმად შედიან ძირითადად მექსიკიდან, ლათინური ამერიკიდან. რაც შეეხება ისლამისტებს, მათ ობამა ღიად უშვებდა, თვითონ მისი სახელიც ბარაკ ჰუსეინ ობამაა. მიგრანტების თემა ამერიკაში პოპულარულია. ტრამპს მხარს უჭერენ ნამდვილი მუშა თეთრკანიანი პროვინციელი ამერიკელები. ისინი დილიდან საღამომდე პატიოსნად მუშაობენ, ქმნიან პროდუქციას და ამ დროს ხედავენ, რომ ემიგრანტები ჩადიან, არ მუშაობენ, იღებენ სოციალურ დახმარებას და სიმდიდრე არათანაბრად ნაწილდება. ტრამპი ამბობს, არავითარი დახმარება, იმუშაოს ყველამ. არავითარი მულტიკულტურალიზმი. ამიტომაც გაიმარჯვა ტრამპმა“.