„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მარიხუანის საჯაროდ დათესვით იმუქრება, თუკი მეცხრე მოწვევის პარლამენტი და მთავრობა ახალ წლამდე ნარკოპოლიტიკას არ შეცვლიან. „გირჩის“ წევრები 31 დეკემბერს 23.59 საათზე საკუთარ ოფისში შეიკრიბებიან და მოხალისეებთან ერთად მარიხუანას საჯაროდ დათესავენ.
ნარკოლოგთა ნაწილი ზურაბ ჯაფარიძის გადაწყვეტილებას პიარსვლად აფასებს, მაგრამ მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა გადასახედია.
სამედიცინო ცენტრ „ურანტის“ ხელმძღვანელი, პროფესორი ზურაბ სიხარულიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ზურაბ ჯაფარიძე ნაციონალთა ბანაკში ყოფნის დროსაც ყოველთვის იძახდა, რომ უნდა მომხდარიყო ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაცია. ეს მაშინ, როცა სწორედ ნაცმოძრაობის შექმნილი იყო რეპრესიული ნარკოპოლიტიკა. მართალია, ახალი წლის ღამეს მარიხუანის საჯაროდ დათესვას ზურაბ სიხარულიძე უფრო პიარაქციად მიიჩნევს, მაგრამ განმარტავს, რომ უკვე ისე მომწიფდა ეს საკითხი, რომ ნარკოპოლიტიკა წინა პარლამენტსაც უნდა შეეცვალა.
„მარიხუანის ლეგალიზება რამდენად სწორია, ვერ გეტყვით, რადგან ლეგალიზება ქაოტურ ბაზარს არ გულისხმობს. ეს გულისხმობს გარკვეული კანონმდებლობის შემოღებას, როგორც ეს გვაქვს ალკოჰოლთან, თამბაქოსთან მიმართებით. კანონი უნდა არეგულირებდეს მარიხუანის მოყვანას, გაყიდვას, ასაკობრივ ბარიერებს. მარიხუანის დეკრიმინალიზაციის დროს კანონი ბევრად უფრი დახვეწილი უნდა გახდეს. დეკრიმინალიზაცია აუცილებელია, რათა ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის თვალსაზრისით რაღაც შეიცვალოს. მხოლოდ მომხმარებლის ტესტირება, დაჯარიმება, სასამართლო ხარჯები, დაკავება, ციხეში ჩასმა, საპროცესო გარიგება გამოსავალი არ არის. ეს ყველაფერი დიდ ხარჯებს მოითხოვს. მილიონებს აჭარბებს ეს ციფრი. სხვა ხარჯებზე რომ არაფერი ვთქვათ, საკმარისია ქუთაისის აეროპორტში ბოლო დროს მომხდარი ფაქტიც. ფაქტობრივად, ექვს ადამიანს კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარეს, რაც თითოეული მათგანისთვის 500-600 ლარი დაჯდა. სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს, რომ მარიხუანის მომხმარებელები არ არიან გამსაღებლები“, - აცხადებს ზურაბ სიხარულიძე.
შეკითხვის საპასუხოდ, მსუბუქი ნარკოტიკის დეკრიმინალიზაცია ხომ არ გამოიწვევს მარიხუანის მიმართ ახალგაზრდობის განსაკუთრებულ ინტერესს, განმარტავს, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეიძლება მარიუხიანის მომხმარებელთა რიცხვი მართლაც გაიზარდოს. თუმცა ესენი იქნებიან მარიხუანის გასინჯვის მოსურნეები და ეს სულაც არ ნიშნავს ნარკოტიკის მიმართ დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. მოგვიანებით სიტუაცია სტაბილური გახდება და ჩვენ უკეთ შევძლებთ ნარკოპოლიტიკის მართვას. ზურაბ სიხარულიძის თქმით, ყველა ქვეყანამ ეს გზა გაიარა და საქართველოში ახალ ველოსიპედს ვერ მოვიგონებთ. ნარკოლოგი ირწმუნება, რომ დეკრიმინალიზაციის შემდეგ არა მარტო კრიმინალის რაოდენობა შემცირდება, არამედ მნიშვნელოვნად დაიკლებს პოლიციისთვის გადასახდელი ხარჯებიც. დაინფიცირებული ადამიანების რაოდენობაც იკლებს, რომ არაფერი ვთქვათ შავი ბაზრის შემცირებაზე.
„დეკრიმინალიზაცია ბევრ დადებითს გამოიწვევს. მეტ თანხას ჩავდებთ ჯანდაცვის სისტემაში. ნარკოტიკის მიმართ ვისაც მოთხოვნა აქვს, მას სამედიცინო დახმარება სჭირდება და არა-ციხე. მათ არ უნდა ჰქონდეთ ჩამორთმეული უფლება და ბევრი პრობაციონერი არ უნდა გვყავდეს მხოლოდ იმის გამო, რომ მათ მარიხუანა მოიხმარეს“.
თელავის სამხარეო ნარკოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი ლია კირვალიძე დეკრიმინალიზაციის მომხრეა. თუმცა მიიჩნევს, დეკრიმინალიზაცია პრობლემას არ აგვარებს, რადგან ამ ადამიანებს უფრო სამედიცინო მიმართულებით სჭირდებათ დახმარება.
„მსუბუქი ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციას შეიძლება მართლაც მოჰყვეს მარიხუანის მოხმარების გაზრდა. თუკი აქამდე დასჯადობის გამო ცალკეული ადამიანები მაინც თავს იკავებდნენ მარიხუანის მოხმარებისგან, დეკრიმინალიზაციის შემდეგ პირველ ეტაპზე მარიხუანას უფრო თამამად მოიხმარენ, მაგრამ ეს ყველაფერი მალე დარეგულირდება. მთავარია, საგანმანათლებლო ღონისძიებების გატარება, ახალგაზრდებს უნდა ავუხსნათ, რომ მარიხუანის მოხმარება არ არის კარგი“, - აღნიშნა ლია კირვალიძემ For.ge-სთან საუბრისას.
მანვე განმარტა, რომ ნარკოტიკების დაყოფა მძიმე და მსუბუქ ნარკოტიკებად პირობითია. მარიხუანა ფსიქოაქტიური ნივთიერებაა და ფსიქიკის მხრივ შეიძლება წარმოშვას დარღვევები. შესაძლოა, ტოქსიკურობა, ნარკოგენურობა ნაკლები ჰქონდეს, მაგრამ ინტოქსიკაციური ფსიქოზები ახასიათებს. ამდენად, ლია კირვალიძის აზრით, დეკრიმინალიზაციის გადაწყვეტილების მიღებამდე ქვეყანას მომზადება სჭირდება.
„მარიხუანის მოხმარების გამო ადამიანი არ უნდა დავსაჯოთ. დაავადება არ უნდა ისჯებოდეს. სჯობს, ასეთ ადამიანს სამედიცინო დახმარება გავუწიოთ. რატომღაც სამთავრობო დონეზეც სკეპტიკურად უყურებენ ამ ადამიანების განკურნებას, მაგრამ დაავადების მკურნალობას აზრი აქვს. უბრალოდ, ამ ქრონიკულ დაავადებას მკურნალობა სჭირდება, თავშეკავების ხანგრძლივობა რაც უფრო იზრდება, უფრო შედეგიანია მკურნალობა. ზოგადად, ქრონიკული დაავადება ისეთია, როდის გამწვავდება, არავინ იცის. შეიძლება, ხუთი წლის თავშეკავების მერეც კი გამწვავდეს“.