მთავრობა ლარის კრიზისის დაძლევის სამოქმედო გეგმის გამოქვეყნებას აპირებს. მათი აზრით, ეროვნული ვალუტის მცურავი კურსი დამოკიდებულია საშინაო და საგარეო მაკროეკონომიკურ ფაქტორებზე. კერძოდ, მთავრობაში მიიჩნევენ, რომ „ლარის კურსის დროებით ცვლილებას“ განაპირობებს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ადგილობრივი ვალუტების დევალვაცია, გაზრდილი იმპორტი, რომელიც ამ დრომდე ვერ ბალანსდება და ლარის კურსთან მიმართებით ნეგატიური მოლოდინის შექმნა.
ამის მიუხედავად, ჩვენი ხელისუფალნი შედარებით ოპტიმისტურად არიან განწყობილნი, რადგან რატომღაც დარწმუნებულნი არიან, რომ სამომხმარებლო ფასების ინდექსი არ გაზრდილა. პირიქით, მათი აზრით, ფასები იკლებს და საამისოდ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს იშველიებენ.
ამ შედარებით მცირე ოპტიმისტური საფუძვლის მიუხედავად, მთავრობა და ეროვნული ბანკი სამოქმედო გეგმას მაინც სახავენ.
საუბარია იმაზე, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში აქცენტი გადატანილ იქნება ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე, ინფრასტრუქტურული პროექტების პორტფელის გაზრდაზე; ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაზე. უხალოეს დღეებში კი გაცხადდება დაწვრილებითი ერთობლივი სამოქმედო გეგმა, რომელიც დოლარიზაცის თანმიმდევრულ შემცირებას გულისხმობს.
უკვე ცნობილია, რომ მთავრობა და ეროვნული ბანკი აქცენტს აიღებენ ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე, რათა ჩვენი მოსახლეობა აღარ იყოს დამოკიდებული გარე ნეგატიური ფაქტორებით გამოწვეულ ლარის კურსის მოკლევადიან რყევებზე.
თუმცა ლარის კრიზისის დაძლევის მთავრობისეულ სამოქმედო გეგმას ექსპერტთა ნაწილი დაგვიანებულად მიიჩნევს. მათი აზრით, მართალია, ეროვნულ ბანკს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს, მაგრამ კობა გვენეტაძის მიდგომა დიდად არ განსხვავდება მისი წინამორბედის - გიორგი ქადაგიძის მიდგომისგან. გარდა ამისა, ეკონომიკური პროფილის ექსპერტები ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაში გამოსავალს ვერ ხედავენ. ისინი უფრო რადიკალურ ზომებს ამჯობინებენ და ადმინისტრაციული ხარჯების განახევრებას მოითხოვენ.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ვახტანგ ჭარაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ლარის გაუფასურების წინააღმდეგ მუშაობა დღესვე უნდა დაიწყოს. ეროვნულმა ბანკმა უნდა შეცვალოს თავისი პოლიტიკა, პირველ რიგში, ეს შეეხება რეფინანსირების სესხების დარეგულირებას, რაც დღესდღეობით 1,3 მილიარდს უდრის. ეს მაღალი მაჩვენებელია და ზაფხულის პერიოდიდან დღემდე ოთხჯერაა გაზრდილი. ეს ყველაფერი კი კომერციულ ბანკებს სპეკულაციის საშუალებას აძლევს.
გარდა ამისა, ეროვნულმა ბანკმა უცხოურ ვალუტაში დარეზერვების ნორმა უნდა შეამციროს და ამ მაჩვენებელმა 10-15%-ის ფარგლებში უნდა დაიწიოს. ამ დროს კი ეროვნულმა ბანკმა ეს მაჩვენებელი 20%-მდე გაზარდა.
ამასთან, ვახტანგ ჭარაია მოკლევადიან პერიოდში საბიუჯეტო ხარჯებზე კონტროლს მოითხოვს.
„განსაკუთრებით, ეს კონტროლი უნდა გამძაფრდეს ბოლო კვარტალში, რადგან უკვე წინასაახალწლო პერიოდი დგება. აგრეთვე, აუცილებელია როგორც საშინაო, ისე საგარეო ვალების აღებაზე კონტროლის გამკაცრება. არაა საჭირო ლოდინი 2017 წლამდე, ახლავე შეგვიძლია სახელმწიფო ხარჯების ოპტიმიზაცია. სავალდებულო არ არის, მაინდამაინც თანამშრომლები გაუშვან სამსახურებიდან, არამედ ოპტიმიზაცია უნდა შეეხოს სამინისტროებისა და სამთავრობო სტრუქტურების ე.წ. გაბერილ ხარჯებს, ახალი მანქანების შეძენას, ინფრასტრუქტურულ გაუმჯობესებას, რომელიც ჩანაფიქრში არსებობდა. მთავარი და უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყანაში სპეკულაციის შეზღუდვა.
ვერავინ უარყოფს, რომ ძალზე აქტიურად მიმდინარეობს სპეკულაცია სავალუტო ბაზარზე, რასაც ხელს უწყობს ლარის ირგვლივ შექმნილი ხელოვნური აჟიოტაჟი. თუკი მოსახლეობას დაუბრუნდება რწმენა, რომ ლარი აღარ განაგრძობს ყოველდღიურ გაუფასურებას, ეს უკვე საკმარისი მექანიზმი იქნება, რათა წლის ბოლომდე ვუშველოთ ეროვნულ ვალუტას“,-აღნიშნა ვახტანგ ჭარაიამ.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა აროშიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ლარის კრიზისის დაძლევის მთავრობისეული სამოქმედო დოკუმენტი, გარკვეულწილად, ეწინააღმდეგება პრემიერ-მინისტრის ამასწინანდელ ნათქვამს ლარის კრიზისთან დაკავშირებით. პრემიერმა კვირიკაშვილმა 13 ნოემბერს აღნიშნა, რომ ლარის გაუფასურება დადებითი პროცესებით, ანუ გაზრდილი იმპორტით იყო განპირობებული. იმ პერიოდში მთავრობას არგუმენტად მოჰყავდა გაზრდილი იმპორტის შედეგად ქვეყნიდან ვალუტის გადინება.
პაატა აროშიძე მიიჩნევს, რომ უნდა შემცირდეს ადმინისტრაციული ხარჯები, მაგრამ, ცხადია, ეს შორეული-2017 წლის ბიუჯეტის პერსპექტივაა და 2016 წლის ბიუჯეტს არ მოაკლდება ეს ხარჯები.
„როდის უნდა დასრულდეს ეს პროცესი? 2017 წლის ბოლოს ვიტყვით, რომ გეგმა შევასრულეთ და ლარი დავარეგულირეთ? ეს ხომ გვიანი იქნება? რა თქმა უნდა, დღეისთვის აუცილებელი ღონისძიებებია საჭირო, რომ ლარის კურსი დაუბრუნდეს, სულ ცოტა, ათი დღის წინანდელ ნიშნულს. ფასები უკვე გაზრდილია. ამას დაემატება წინასაახალწლო სამზადისიც და მდგომარეობა უფრო გართულდება. შესაბამისად, იანვარი რთული იქნება, რადგან ახალი წლის ხარჯები ტვირთად დააწვება მოსახლეობას“,-აღნიშნავს პაატა აროშიძე და მთავრობის ნათქვამს, რომ დოლარიზაციას შეამცირებს, დაგვიანებულ მცდელობად აღიქვამს.
მისი აზრით, მთავრობა დოლარიზაციას კი არა, მის გამომწვევ მიზეზებს უნდა ებრძოლოს. თორემ გამოვა ისე, რომ მთავრობა ებრძვის იმ ფაქტს, რომ ხალხი ფულს დოლარში ინახავს. ამიტომ დედოლარიზაციისთვის საჭიროა, რომ ბანკებმა სამომხმარებლო სესხებთან დაკავშირებული პოლიტიკა შეცვალონ, რადგან სამომხმარებლო სესხების გაზრდილი ხვედრითი წილი სერიოზული პრობლემაა.
„აფბას“ ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ლარის კრიზისის დაძლევის ერთ-ერთ მექანიზმში წერია, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე იქნება გათვლილი.
„ლარი რომ არ გაუფასურებულიყო, არ უნდა გადავსულიყავით სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე? უფრო სწრაფი ნაბიჯები არ უნდა გადაგვედგა? სინამდვილეში, მთლიანად ეკონომიკურ პოლიტიკაზეა დამოკიდებული ლარის კურსის სტაბილურობა, ვგულიხმობ ბიუჯეტის სისწორეს, გონივრულად დაგეგმილ ბიუჯეტს, გრანტების მოძიებას, რადგან წლეულს გრანტების მოზიდვის მხრივაც ჩავარდნა გვქონდა და ამან გამოიწვია დოლარის დანაკლისი. თუ ეკონომიკური ზრდა არ იქნა უფრო მაღალი, რაც დღეს გვაქვს, მაშინ ეროვნული ვალუტის კურსი ვერანაირად ვერ დასტაბილურდება“.