250 ოფიცრით დაკომპლექტებული ბრიგადა 13 ქვეყნიდან და შეშფოთებული რუსეთი

250 ოფიცრით დაკომპლექტებული ბრიგადა 13 ქვეყნიდან და შეშფოთებული რუსეთი

საქართველო-ნატოს სამხედრო წვრთნებს საგანგებო განცხადებით ეხმიანება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და მსგავს აქტიურობაში სერიოზულ საფრთხეს ხედავს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის განვითარებისთვის. როგორც ცნობილია, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე საქართველო-ნატოს სამხედრო წვრთნები  ტარდება.

საქართველო-ნატოს სამხედრო წვრთნები 10 ნოემბრიდან დაიწყო. მრავალეროვნული ბრიგადა დაკომპლექტებულია 250 ოფიცრით საქართველოდან, თურქეთიდან, ლატვიიდან, ლიტვიდან, ნიდერლანდებიდან, რუმინეთიდან, უნგრეთიდან, ბულგარეთიდან, ბელგიიდან, აშშ-დან, სლოვენიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, უკრაინიდან და მაკედონიიდან. 2016 წელს მრავალეროვნული ბრიგადის მონაწილეობით რიგით მესამე მასშტაბური სამხედრო წვრთნა ტარდება.

რუსეთის დიპლომატიურ უწყებაში მიიჩნევენ, რომ ადგილი აქვს საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატო-ს სტანდარტებით ინტენსიურ ოპერატიულ მომზადებას ალიანსის სამეთაურო-საშტაბო სტრუქტურების აქტიური ჩართულობით.

„რუსეთი მსგავს აქტიურობაში ხედავს სერიოზულ საფრთხეს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობისთვის. თავიანთ შეშფოთებაზე არაერთხელ განუცხადებიათ საქართველოს სხვა მეზობლებს - აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს. ყველას გვახსოვს, ბუქარესტის სამიტზე ნატო-ს წევრობაზე დაპირებამ თუ როგორ უბიძგა საქართველოს დანაშაულებრივი თავდასხმისკენ რუსეთის სამშვიდობო ძალებზე და ცხინვალის მშვიდობიან მოსახლეობაზე 2008 წლის აგვისტოში. ნატო-ში არ მალავენ, რომ ამჟამინდელი სამხედრო პარტნიორობა თბილისთან განიხილება როგორც რუსეთის „შეკავების“ პოლიტიკის ნაწილი. ის როლი, რომელსაც საქართველო თამაშობს ამ კონტექსტში, ართულებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესების პროცესს“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ეს არის თავდასხმა საქართველოს პროდასავლურ კურსზე და ურთიერთობებზე ნატოსთან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან მკაცრი განცხადებით უნდა უპასუხოს.

„საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან მკაცრი განცხადებით უნდა უპასუხოს, რადგან მსგავსი განცხადებები ჩვენს სუვენერულ ინტერესებში შემოსვლაა, რისი უფლებაც რუსეთის სახელმწიფოს არ აქვს. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს განცხადებაც უპასუხოდ დარჩება, რადგან საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიერ არაერთი მსგავსი განცხადება გვინახავს უპასუხოდ დატოვებული. რუსეთის საგარეო უწყების განცხადება, არჩევნების რუსეთის სასარგებლოდ დასრულების კიდევ ერთი დემონსტრირებაა“, - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

სერგეი ლავროვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას, განცხადებითვე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. მიხიელ ჯანელიძის უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველო-ნატოს თანამშრომლობა მიმართულია რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების უზრუნველსაყოფად, რაც ყველა მხარის ინტერესებს ემსახურება.

„საქართველოში მიმდინარე „ნატო-საქართველოს წვრთნები 2016“ ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი კურსის და ამ თვალსაზრისით, ნატო-საქართველოს შორის არსებული სიღრმისეული თანამშრომლობის კიდევ ერთი დადასტურებაა. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის და ალიანსთან თავსებადობის ამაღლებას, რაც საშუალებას გვაძლევს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა განცხადებაში.

რუსეთის დიპლომატიურ უწყებას უპასუხა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა. იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსი გააგრძელებს ახლო პარტნიორთან, საქართველოსთან მუშაობას. სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ახლა მნიშვნელოვანია, სიმშვიდე შევინარჩუნოთ და ცივი გონებით ვიმოქმედოთ, მოვძენოთ გზები დაძაბულობის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.

„რასაც ნატო აკეთებს, არის თავდაცვითი, პროპორციული და სრულად შეესაბამება საერთაშორისო ვალდებულებებს. გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს ახლო პარტნიორთან საქართველოსთან. მე ვიმყოფებოდი საქართველოში ცოტა ხნის წინ და მივესალმები საქართველო-ნატოს შორის პარტნიორობის განვითარებას და გაძლიერებას.

ზოგადად, მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, სიმშვიდე შევინარჩუნოთ და ცივი გონებით ვიმოქმედოთ, მოვძენოთ გზები დაძაბულობის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, გავაგრძელოთ რუსეთთან მოლაპარაკებები, რათა რეაგირება მოვახდინოთ სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის ჩვენს საზღვრებთან სამხედრო აქტიურობაზე. ამას ნატო აკეთებს კიდეც. ჩვენ უახლოეს მომავალში ნატო-რუსეთის საბჭოს მორიგი შეხვედრის გამართვას ვგეგმავთ, ეს არის რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის არხების შენარჩუნების საშუალება“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანი აცხადებს, რომ ნატო-ს სურს დიალოგის წარმართვა რუსეთთან, ხოლო როდესაც ვუპირისპირდებით უსაფრთხოების სხვადასხვა პრობლემებს და როდესაც სიტუაცია დაძაბულია, მნიშვნელოვანია დიალოგის წარმართვა.

„რუსეთი ჩვენი ყველაზე დიდი მეზობელია. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემა, მათ შორის, უკრაინის და შესაბამისად, არასოდეს დავეთანხმებით უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფას“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, დეპუტატი გია ვოლსკი ამბობს, რომ რასაკვირველია, რუსეთი არ მიესალმება და პოზიტიურად არ შეაფასებს იმ აქტივობას, რასაც საერთაშორისო მშვიდობისთვის ნატო-ს აქტივობა ჰქვია. მისი თქმით, რუსეთისგან სხვა განცხადება გასაკვირი იქნებოდა.

„რუსეთი ნატო-სა და საქართველოსთან მნიშვნელოვნად დაპირისპირებული ქვეყანაა. სამხედრო ძალებს შორის ბალანსზე მუდმივად არსებობდა მოლაპარაკებები. ეს მოლაპარაკებები ხან პოზიტიური იყო, ხან დაპირისპირებული. ამ ვითარებაში დაპირისპირება საკმაოდ ღრმა არის და რუსეთის განცხადებებიც აქედან გამომდინარეობს“, - აცხადებს გია ვოლსკი.