დონალდ ტრამპი პრეზიდენტია, მაგრამ მსოფლიო შოკიდან ვერ გამოდის. თითქმის 72 საათი გავიდა ტრამპის არჩევიდან და შეიძლება ითქვას, რომ მან პრეზიდენტის სტატუსი გაითავისა. ჩვეული სკანდალური და ხმაურიანი განცხადებებით ცნობილმა ტრამპმა საკამოდ ზომიერად ისაუბრა მის მეტოქესთან დაკავშირებით. თუ წინაარჩევნოდ დაპატიმრებით ემუქრებოდა, ახლა შეაქო. ასევე, საკმაოდ ზომიერი იყო ბარაკ ობამასთან შეხვედრაზე. მეტიც, მან ტვიტერზე ის ოდიოზური განცხადებებიც წაშალა, რის გამოც მას აკრიტიკებდნენ.
თუმცა, პოზიციას არ იცვლის გერმანია. მაგალითად, გერმანიის საგარეო და თავდაცვის მინისტრებთან შედარებით, გაწონასწორებული იყო თავის განცხადებაში გერმანიის კანცლერი, რომელმაც ტრამპს გამარჯვება მიულოცა და გამოთქვა იმედი, რომ პარტნიორობა იქნება ისეთი, რომელიც არის აშშ-ის და გერმანიის ინტერესები, ხოლო ყველაფერი ამის დასაყრდენი იქნება საერთო ღირებულებები.
გერმანიის თავდაცვის მინისტრი ტრამპს მოუწოდებს, რუსეთთან მიმართებაში ხისტი პოზიცია დაიკავოს და არ მოექცეს ნატო-ს, როგორც ბიზნესს. როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, ტრამპმა მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს, ვის მხარეზეა - კანონის, მსოფლიო წესრიგის და დემოკრატიის, თუ მისთვის ამ ყველაფერს მნიშვნელობა არა აქვს.
„პუტინთან საუბარში არ შეიძლება ყირიმის ანექსიის და ალეპოს დაბომბვის დავიწყება. მოვუწოდებს დონალდ ტრამპს, არ მოექცეს ნატო-ს, როგორც ბიზნესს. ეს საწარმო არ არის. ეს არ არის ის შემთხვევა, როცა შეგიძლია თქვა, რომ წარსული არ გაღელვებს. ვერ იტყვი - ჩვენი ფასეულობები ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის, ამიტომ შევხედავ, გამოვა თუ არა ამისგან მომგებიანი გარიგება. ასე ქვეყანას არ მართავენ და ეს ნატო-ს პრინციპი არ არის“, - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.
რაც შეეხება ტრამპის საარჩევნო პირობას, გამარჯვების შემთხვევაში, ევროპაში აშშ-ის სამხედრო ყოფნას შეამცირებს, ამ ინფორმაციას პენტაგონი არ ადასტურებს, მეტიც როგორც პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პიტერ კუკმა განაცხადა, ამერიკა ევროპაში სამხედრო კონტინგენტის განლაგების გეგმაზე უარის თქმას არ აპირებს. აღნიშნული გეგმა განხორციელდება ვაშინტონისა და ნატო-ში მისი მოკავშირეების შეთანხმების მიხედვით. ნატო-მ აღმოსავლეთ ევროპაში ოთხი ბატალიონის განლაგების გადაწყვეტილება ვარშავის სამიტზე მიიღო.
სამხედრო ექსპერტი ზურაბ აგლაძე ამბობს, რომ ტრამპი იმით გამოირჩევა, რომ არა მარტო ექსპერტებმა, არამედ თვითონაც არ იცის რის გაკეთებას აპირებს, რადგან ჯერ ჩამოყალიბებული არ არის. მისი თქმით, ტრამპის მხრიდან მოსალოდნელი არ არის კარდინალური ცვლილებები. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის პრეზიდენტს დიდი უფლებებლი აქვს, დამოუკიდებლად ვერაფერს გადაწყვიტავს, რადგან მას ჰყავს საკამოდ ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები.
რაც შეეხება ნატოს, აგლაძე სრულიად ეთანხმება ტრამპის პოზიციას, რომ ევროპელებმა მართლაც დაივიწყეს, რომ საფრთხე არსებობს რეალურად, ამის დასტურია 2008 წლის ომი, რომელიც ევროპამ მაშინ მსუბუქად გაატარა.
„შემდეგ უკვე პუტინი ანალოგიური გეგმით ჩაერთო უკრაინაში, ამის შემდეგ ამოძრავდა ევროპა და მიხვდა, რომ საფრთხე ემუქრებოდა. თუ გადავხედავთ, ევროპის სამხელმწიფოებიდან მხოლოდ სამი სახელმწიფო ხარჯავს თავის შიდა პროდუქტის მხოლოდ 2%-ს თავდაცვაზე, მაშინ, როდესაც არსებობს შეთანხმება, რომ ყველამ 2% უნდა დახარჯოს თავდაცვაზე.
ამიტომ მესმის ტრამპის და ამერიკელი გადამხდელების - რატომ უნდა უზრუნველყოს ამერიკამ ევროპის უსაფრთხოება, მიუხედავად იმისა, რომ სუპერ სახელმწიფოა. ამიტომ ჯობია, ევროპელებმაც ცოტა მეტი მოიმოქმედონ და მეტი ფული ხარჯონ საკუთარ უსაფრთხოებაზე“, - აცხადებს ზურაბ აგლაძე.
მისივე თქმით, გასაგებია, რომ სოცილაური ვალდებულებები აქვთ ამ სახელმწიფოებს, მაგრამ უმჯობესია ფიზიკური უსაფრთხოება ჰქონდეთ კარგი. შესაბამისად, აგლაძე თვლის, რომ ნატოსთან მიმართებაში ტრამპს კარგი მესიჯი ჰქონდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამერიკა ნატოზე უარს იტყვის და ნატოს ხარისხს დაბლა დაწევს.
„ეს იყო ნათელი მესიჯი ევროპელებისთვის, რომ ისინი უფრო მეტად უნდა იყვნენ ჩართულნი უსაფრთხოების დაფინანსებაში და უფრო აქტიური უნდა იყვნენ ნატოსთან მიმართებაში. ვფიქრობ, რომ ევროპა ამ მესიჯს გაითვალისწინებს. მესმის თავდაცვის მინისტრის გამოსვლაც, ისინი მიჩვეული არიან, რომ აშშ-ს აქვს ძირითადი ფინანსური ტვირთი, მაგრამ მოვიდა დრო, რომ სხვა ქვეყნებმაც შეიტანონ თავისი წვლილი საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებაში.
ნამდვილად ვეთანხები ტრამპს იმაში, რომ ევროპაში ძალიან ბევრი ქვეყანაა ისეთი, რომ შევადაროთ მთელი შიდა პროდუქტი, იმაზე მაღალი აქვს, ვიდრე აშშ-ს. რატომ უნდა ხარჯოს ამერიკამ ამ ქვეყნების უსაფრთხოებაზე უფრო მეტი ფული, ვიდრე ისინი ხარჯავენ თავის თავზე? ამიტომ, ლოგიკა ამაში არის“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას ზურაბ აგლაძე.
„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ დირექტორის გიორგი მუჩაიძის განცხადებით, ის, რომ ნატოს ევროპელმა მოკავშირეებმა თავისი თავდაცვის დაფინანსების პროცენტი უნდა აწიონ ნატოს სტანდარტამდე, ეს ის თემა არის, რომელზეც ლაპარაკობდა ობამას ადმინისტრაცია, ხოლო მანამდე ბუშის ადმინისტარცია.
„ვერ ვიტყოდი, რომ ბიზნესად აღიქვამს ტრამპი ნატოს, გასაგებია, რომ ასეთი რადკალური ფორმით თქვა, მაგრამ იგივე პოზიცია ჰქონდა წინა ადმინისტრაციას, რომ ნატოს ევროპელმა მოკავშირეებმა თავისი თავდაცვის დაფინანსების პროცენტი უნდა აწიონ ნატოს სტანდარტამდე. ნელ-ნელა მიდის ევროპა ამისკენ. თვითონ ამერიკის ინტერესებშია ძლიერი ნატო.
მიუხედავად იმისა, რომ სუპერ სახელმწიფოა ამერიკა, 21-ე საუკუნემ გამოავლინა, რომ მას მარტო არ ძალუძს ყველა უსაფრთხოების პრობლემის გადაჭრა. 11 სექტემბერმა დაამტკიცა, რომ აუცილებელია ერთიან ღირებულებებზე არსებული საერთაშორისო კოალიციის არსებობა და ამ კოლიაციის მნიშვნელოვანი ელემენტია ევროპა და მათ შორის ამერიკა. სწორედ ამ კავშირებს უზრუნველყოფს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო პოლიტიკური ალიანსი და ეს ალიანსი არის სწორედ ნატო“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გიორგი მუჩაიძემ.