თბილისში მომხდარმა რიტუალურმა მკვლელობამ მთელი საზოგადოება აღაშფოთა. ნაშვილები გოგონას მიერ დედობილის საზარელმა მკვლელობამ კითხვები გააჩინა - ეს იყო კანიბალიზმი თუ რიტუალური მკვლელობა?!
მდგომარეობას ართულებდა ისიც, რომ 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილი ახლად ნაოპერაციები იყო და საწოლს გახლდათ მიჯაჭვული. წლების განმავლობაში ის სამხატვრო აკადემიაში ასწავლიდა. ლუბა ყოჩიაშვილს დადებითად ახასიათებენ. წლების წინ მას და მის მეუღლეს 22 წლის გოგონა ლეიკემიით დაეღუპათ. სწორედ მას შემდეგ იშვილეს ირმა ყოჩიაშვილი.
ამ ეტაპზე ცნობილია, რომ მკვლელობამდე ირმა ყოჩიაშვილი საეჭვო წრის ახალგაზრდებს დაუხლოვდა, უცნაურად დაიწყო ჩაცმა, ტატუირება, თავის ნახევარი გადაიპარსა, თვალების ქვეშ კატის ბრჭყალები დაიხატა. რადიკალურად კი მას შემდეგ შეიცვალა, რაც მის ცხოვრებაში შეყვარებული - ბექა შენგელია გამოჩნდა. მშობლები მას ბექა შენგელიასთან ურთიერთობას უკრძალავდნენ, რადგან შენგელიას სექტანტებთან ჰქონდა კავშირი.
ირმა ყოჩიაშვილი გოთური სუბკულტურის მიმდევარი იყო, რაც დღეს მოდურ ტენდენციად ითვლება და ეს სახელწოდება იმ ბარბაროსული ტომებისგან მომდინარეობს, რომლებმაც მეოთხე საუკუნეში რომის იმპერია გაანადგურეს. სწორედ ამ „მუქი რომანტიკის“ სტილმა გაიტაცა ირმა ყოჩიაშვილი, რომელიც თურმე სულიერ სიმარტოვეს გრძნობდა. ანუ სექტამ იგი ჩაითრია.
მომხდარ საზარელ შემთხვევას ფსიქოლოგი რუსუდან ფხაკაძე ლაბილური ფსიქიკის მქონე ახალგაზრდების ვიღაცის გავლენის ქვეშ მოხვედრას უკავშირებს. For.ge-სთან საუბარში რუსუდან ფხაკაძე აღნიშნავს, რომ ახალგაზრდები დაუკმაყოფილებლები არიან, ისინი თავიანთი მოთხოვნილების რეალიზაციას ვერ ახდენენ. ეს იქნება სპორტი, სწავლა, ყველაფერი გართულებულია. ახალგაზრდები კი იმის ახალგაზრდები არიან, რომ ამ ენერგიის დასაკმაყოფილებლად მიისწრაფიან. მავანი კი, ვინც იცის თინეიჯერების ბუნება, ხელში იგდებს ამ ენერგიის წყაროს და თავის მოძღვრებას ახვევს მათ თავს.
„ძალიან უხეშად რომ ვთქვათ, ვინც მოიცლის, სწორედ იმის ხელში ვარდებიან ეს ახალგაზრდები. ამიტომაც, ხშირ შემთხვევაში, ისინი ვერ ხვდებიან, რომ რაიმე ამორალურს, დანაშაულს, არაღირსეულს სჩადიან, რადგან მათი ფსიქო-სოციალური რეალიზაცია აუცილებელია სივრცეში. როდესაც სივრცე ამის საშუალებას არ აძლევს, ყოველთვის მოიპოვება რაიმე მიმართულებები, რომლებიც მათ შეახვევენ თავიანთ მოძღვრებაში და ისინიც ასე მორჩილად გაჰყვებიან ამ მოძღვრებას. ამიტომ ვერ ვიტყვით, ეს გოთური კულტურის ბრალია, საქართველოს კულტურის, თუ, უბრალოდ, სადიზმია. მაგალითად, ლათინოამერიკელები თავიანთ სექტაში არ მიიღებენ ადამიანს, თუ კაცი არ ჰყავს მოკლული. ყველას თავისი შიდა განაწესი აქვს. გოთურ კულტურას რაც შეეხება, ყველა კულტურა მოიცავს აგრესიას და აგრესია ძალიან ბუნებრივია. აქ ლაპარაკია აგრესიის მართვაზე, თორემ ყველანაირ კულტურაში შეხვდებით აგრესიას. ქართული კულტურა არ მოიცავს აგრესიას? ამის მეტს რას ვხედავთ?“-აღნიშნა რუსუდან ფხაკაძემ.
ექსპერტი ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ გადაჭარბებულია იმის თქმა, თითქოს ჩვენი ერი დაავადდა.
სამწუხაროდ, ასეთი ფაქტები არაერთხელ ხდებოდა წინა პერიოდშიც, უბრალოდ, ზოგჯერ არ ხმაურდებოდა. გავიხსენოთ საზარელი ფაქტი, როცა წლების წინ შვილებმა დედ-მამა დახოცეს. კიდევ ერთი შემთხვევა მოხდა, რომელიც არ გახმაურებულა, როცა მეუღლემ თავისი მეუღლე მოკლა, მერე მისი თავი მოხარშა და მიირთმევდა.
„მსგავსი ფაქტები ადამიანების ფსიქიკურ აშლილობას უკავშირდება. საქართველოში მოშლილია ფსიქიატრიისა და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრები. საბჭოთა პერიოდში ასეთი ცენტრები არსებობდა, თუმცა ზოგჯერ ამას რეპრესიული მიზნებისთვის იყენებდნენ. ასათიანზე კარგი ცენტრი იყო, ადამიანები იქ მკურნალობდნენ, მაგრამ დაიშალა. ელემენტარულად, არსებობს ფარული შიზოფრენია, ადამიანი გარეგნულად ნორმალურია, მაგრამ შიზოფრენიის ნიშნები აქვს და შეიძლება, ისეთი რამ ჩაიდონოს, ვერც გააცნობიეროს, რა ჩაიდინა. ამას ემატება ნაციონალებისდროინდელი 24 ათასი პატიმრის მდგომარეობა. ამ ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა, რომ მოეხდინა რესოციალიზაცია იმ პატიმრების, რომლებმაც ნაციონალების ციხეებში საშინელება გაიარეს. მარტო ადამიანების ციხიდან გამოშვება და ამნისტიის გამოცხადება არაფერს ნიშნავს. ციხეში გატარებული თუნდაც ოთხი წელი დიდ დაღს ასვამს ადამიანს. მე კიდევ შევინარჩუნე წონასწორობა, რადგან პოლიტიკურ ფსიქოლოგიასა და ფსიქოლოგიის ელემენტებში გათვითცნობირებული ვიყავი, ასე თუ ისე, ვახდენდი თვითრეაბილიტაციას. მაგრამ დანარჩენებმა რა ქნან? ადამიანები გამოვიდნენ მასობრივი ფსიქოლოგიური აშლილობით, ეს აშლილობა თუ პირველ პერიოდში თავს არ იჩენს, შესაძლოა, მერე მასობრივი გამოვლინების ხასიათი მიიღოს“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.
მისივე თქმით, გოთური კულტურა აქ არაფერ შუაშია, რადგან შეიძლება, ამ საშინელებებს ნებისმიერი კულტურა მოარგო. ამ პრობლემას კიდევ აგვარებს ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესია. ეს ტვირთი ადევს ჩვენს პატრიარქს და დედა ეკლესიას და ამით ვინახავთ კიდევ თავს. ამიტომ, ვახტანგ მაისაიას აზრით, სახელმწიფო, ეკლესია, საქართველოში წარმოდგენილი რელიგიური კონფესიები უნდა გაერთიანდენენ, რათა შექმნან ეროვნული ფსიქოლოგიური უსაფრთხოების ერთიანი კონცეფცია.
ექსპერტი გია ხუხაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ჯერჯერობით ამ ტიპის სისტემური პრობლემები არ არის საქართველოში და ეს მხოლოდ ერთეულოვანი ტრაგიკული გადახრებია. მისი თქმით, ჩვენი ერი საკმაოდ მყარ გენეტიკურ საფუძველზე დგას.
„გოთური კულტურის სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ, მე მგონი, გოთური კულტურა არ მოიცავს ასეთ ძალადობას. კი ბატონო, გასაგებია, რომ იქ ბევრი რამეა ისეთი, რაც ჩვენი საზოგადოებისთვის მიუღებელია, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, ეს კულტურა აგრესიული არ არის“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.