ქრისტეს საფლავის შესასწავლად ოთხმილიარდიანი ბიუჯეტი გამოიყო. მორწმუნე მრევლში ამის თაობაზე პოზიცია უკვე გაიყო. ერთნი პრობლემას ვერ ხედავენ, რომ მეცნიერებმა საკუთარი ცნობისმოყვარეობა დაიკმაყოფილონ, მეორენი კი მიიჩნევენ, რომ სიწმინდეებთან ასე ახლოს მიახლოება არ შეიძლება და ამ სამყაროში რაღაც უნდა დარჩეს ხელშეუხებელი.
იერუსალიმში მდებარე ქრისტეს საფლავს, სადაც სამი დღის განმავლობაში ქრისტეს სხეული ესვენა, არქეოლოგებმა მარმარილოს მასიური ფილა ახლახანს ახადეს. 500 წლის წინ აღნიშნული ფილა განათავსეს ამ უწმიდეს რელიქვიაზე, რადგან მორწმუნეები ქრისტეს საფლავის მცირე ნატეხის წაღებას ცდილობდნენ. ფილა კი ერთგვარი დამცავის ფუნქციას ასრულებდა.
ახლა კი მსოფლიოს ისტორიაში პირველად დაუშვეს, როცა ეკლესიამ მეცნიერებს ქრისტიანული სამყაროს ამ უმთავრეს ფასეულობასთან ასე ახლოს მისვლის უფლება მისცა. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ქრისტეს საფლავის შესწავლაში მეცნიერებს თანადგომას უცხადებს იერუსალიმის პატრიარქი თეოფილოს მესამე. თეოფილოსმა საფლავის შესწავლა არქეოლოგებსა და სხვა სფეროს მკვლევარებს ჯერ კიდევ 2015 წელს შესთავაზა. პროექტის ღირებულებად ოთხი მილიარდი დოლარი დასახელდა და ამ მეცნიერული კვლევის მთავარ სპონსორად იორდანიის მეფე მოგვევლინა.
„ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების“ არქეოლოგი ფრედერიკ გიბერტი ქრისტეს საფლავზე შრომატევადი სამუშაოების დაწყებას აანონსებს. იგი აცხადებს, რომ მარმარილოს ფილის აღების დროს ფილის ქვეშ დიდი რაოდენობით ქვის მასალა აღმოჩნდა. ამდენად, ხანგრძლივვადიანი იქნება უშუალოდ იმ ქვის ორიგინალური ზედაპირის შესწავლა, რომელზეც მცირე ხნის განმავლობაში ქრისტეს სხეული ესვენა.
შეგახსენებთ, ჯვარცმის შემდეგ ქრისტეს სხეული იერუსალიმის ფარგლებს გარეთ გოლგოთის მთის სიახლოვეს კლდეში ნაკვეთ აკლდამაში დაასვენეს. მოგვიანებით ამ ადგილას გუმბათოვანი სამრეკლო-კუვუკლია აღიმართა. დღეს კი კუვუკლიაში სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს, რადგან შენობა ჯერ კიდევ 1927 წელს მიწისძვრამ დააზიანა. მაცხოვრის საფლავის გამოქვაბული დიდი არ არის, სიგრძით სულ 207 სანტიმეტრია, სიგანით-193 სანტიმეტრი.
მოციქულთა და წმინდა მამათა მოწმობით, უნივთო ცეცხლმა ჯერ კიდე ქრისტეს აღგომის დროს განაბრწყინა მაცხოვრის საფლავი.
იმ ფონზე, როცა მართლმადიდებლები ყოველთვის ერიდებოდნენ სიწმინდეების რევიზიას, ჩნდება კითხვა - ღირს კი ასე ახლოს სიწმინდეებთან მიახლოება? For.ge-მ ამ შეკითხვით თეოლოგსა და სოციოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორს ლაშა ცაიშვილს მიმართა.
ლაშა ცაიშვილის თქმით, ზოგადად, ქრისტეს საფლავი უდიდესი სიწმინდეა და ეს ერთადერთი წმინდა ადგილია, სადაც აღდგომის ყოველ დღესასწაულზე განსაკუთრებული მოვლენა - ცეცხლის გარდამოსვლა აღესრულება. თუნდაც ეს სასწაული მიანიშნებს, რომ უდიდი სიწმინდეა იქ დაცული. ამიტომ საინტერესოა, რატომ გაუჩნდათ ამ საფლავის შესწავლის სურვილი? ასე ხელის ფათური და ვიღაცების მიერ სიწმინდეების შემოწმება შესაძლოა, არც იყოს გამართლებული. ისიც საინტერესოა, უშუალოდ პატრიარქი თეოფილე რატომ დათანხმდა ამას, ხომ არ მიმდინარეობდა მასზე სერიოზული ზეწოლა და ხომ არ დაითანხმეს?!
„თუმცა რაც არ უნდა აფათურონ ხელი სიწმინდეებში, იქ ვერაფერს ვერ იპოვნიან ისეთს, რაც სახარებისეულ რეალობას შეეწინააღმდეგება. საბოლოოდ თვითონვე დარწმუნდებიან, რომ ეს ყველაფერი რეალობაა. თუ ეს მეცნიერები ებრაელებიც არიან, კიდევ გასაგებია. ეს ხომ ურწმუნოების შედეგია?! მართალია, თავის დროსზე ქრისტეს ტურინის სუდარის შესწავლა მოხდა, მაგრამ მორწმუნეებს ნამდვილად არ გვჭიდებოდა არც ტურინის სუდარის შესწავლა, რადგან ისედაც გვწამს სახარებისეული რეალობა. თუმცა ტურინის სუდარის შესწავლით ურწმუნო ადამიანებისთვის იმდენად დადასტურდა მაცხოვრის ჯვარცმის ისტორია და ყველაფერი ის, რაც სახარებაშია აღწერილი, რომ მეხუთე სახარება დაერქვა ამ სუდარას. ამდენად, თუკი ასეთი შედეგი დაიდება, მისასალმებელი იქნება. თუმცა ვშიშობ, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს მსოფლიოში ყველაფერი მიმართულია მართლმადიდებლობის წინააღმდეგ, რაიმე ფარული ზრახვები არ იდოს ამის უკან და ხელოვნურად არ მოხდეს სიწმინდეებზე ჩირქის მოცხება. ამიტომ დაველოდოთ მოვლენებს“, - აცხადებს ლაშა ცაიშვილი.