ქართული მხარის დიპლომატიური პასუხი რუს დიპლომატს

ქართული მხარის დიპლომატიური პასუხი რუს დიპლომატს

რუსეთი საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაწესებას არ გამორიცხავს, თუმცა მიიჩნევს, რომ ამ საკითხში მოსკოვმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზალიბერალიზაციის პროცესი უნდა გაითვალისწინოს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ მოსკოვმა დაახლოებით ერთი წლის წინ რადიკალურად გაამარტივა საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის ვიზების მიღების პირობები. შესაბამისად, არ გამორიცხა საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შესაძლებლობა.

რუსი დიპლომატი აქვე აცხადებს, რომ საქართველო რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად მზად არ არის. კარასინის ამბობს, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის ამჟამად არსებული ურთიერთობების ერთმნიშვნელოვანი შეფასება შეუძლებელია. მისი თქმით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში შესაძლებელი გახდა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვნად გაჯანსაღება და გამოყვანა ჩიხიდან, სადაც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის გამო აღმოჩნდნენ.

„რუსეთი დაუბრუნდა საქართველოს მთავარი საგარეო ეკონომიკური პარტნიორების რიცხვს, მოხდა სატრანსპორტო კავშირის ნორმალიზება, აქტიურად ვითარდება ტრადიციული ჰუმანიტარული კონტაქტები, კულტურული ურთიერთობა. მიღწეულია საკმაოდ ხელშესახები შედეგები, რომლებიც სრულად პასუხობს ჩვენი ორი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებს.

ქართული მხარე კვლავ არ არის მზად, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს, რომლებიც 2008 წლის სექტემბერში გაწყვიტა. ოფიციალური თბილისი პერიოდულად მიმართავს კონფრონტაციულ რიტორიკას ჩვენი ქვეყნის მისამართით. ეს, რბილად რომ ვთქვათ, ზემოხსენებულ პოზიტიურ ტენდენციებს მდგრადობას არ სძენს. ამის შესახებ მუდამ ვეუბნები საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძეს ჩვენი რეგულარული დიალოგის მიმდინარეობისას“, - აცხადებს გრიგორი კარასინი.

რუსი დიპლომატის განცხადებას, რომ საქართველო რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად მზად არ არის, არ ადასტურებს ოფიციალური თბილისი. პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ვიდრე საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული და ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთს ექნება დიპლომატიური წარმომადგენლობა, არ შეიძლება მესამე საელჩოს გახსნაზე იყოს საუბარი.

„რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი არსად არ განიხილება, მაგრამ თუკი მოხდება ძალიან მნიშვნელოვანი თვისობრივი წინსვლა, პროგრესი, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში, ალბათ, რაღაც ეტაპზე ეს საკითხი შეიძლება დადგეს დღის წესრიგში, მაგრამ არა ახლა, როდესაც დარღვეულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ოკუპირებულია ჩვენი რეგიონები და რუსეთი უხეშად ხელყოფს ჩვენს სუვერენიტეტს. ამ ეტაპზე ეს საკითხი არ განიხილება და არც დგას დღის წესრიგში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ზურაბ აბაშიძე.

რაც შეეხება სავიზო რეჟიმის გამარტივებას, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება, თუმცა, ოფიციალური მოსკოვი აქტიურად მსჯელობს სავიზო მიმოსვლის გამარტივებაზე.

როდესაც 19 მარტს პრაღაში შედგა შეხვედრა, ითქვა, რომ ამ საკითხზე მუშაობენ და მართლაც, რუსეთმა გაამარტივა სავიზო რეჟიმი საქართველოსთან ამ წლის დასაწყისიდან და მათი მხრიდან გაცემული ვიზების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, გაორმაგდა, თუ უფრო მეტი არა. ჩვენ ვერ დავაძალებთ რუსეთს რომ კიდევ უფრო გაამარტივოს, ან საერთოდ მოხსნას.

ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ თუ უფრო გაამარტივებენ ეს იქნება კარგი და ჩვენ ამას ჩავთვლით, როგორც სწორ გადაწყვეტილებას. სავიზო რეჟიმის გამარტივება, ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ უვიზო მიმისვლა გაუქმდება რუსეთთან. გაუქმებაზე საუბარი არ მსმენია, საუბარია მხოლოდ გამარტივებაზე“, - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

რუს დიპლომატს უპასუხეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. პრეზიდენტის მრჩეველი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე ამბობს, რომ თუ ვინმეს აქვს იმის ილუზია, რომ საქართველოს ხელისუფლება, ან ქართველი ხალხი ოდესმე შეეგუება იმ ნაბიჯებს, რომელსაც რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს, ძალიან ცდება.

„საქართველოს ხელისუფლებას არჩეული აქვს ის დიპლომატიური და სტრატეგიული მოთმინების გზა, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენთვის ურთულესი პრობლემების მოგვარებას დიპლომატიური გზით, საერთაშორისო მექანიზმებით, მაქსიმალურად შერბილებას და თავიდან არიდებას იმ საფრთხეების, რომელიც ქვეყანას აქვს. მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართულია და ყოველთვის იქნება მიმართული იქეთკენ, რომ საქართველოს თემატიკა, ჩვენთვის მტკივნეული საკითხები ყოველთვის მაქსიმალურად აქტიურად იყოს წამოწეული საერთაშორისო დღის წესრიგში და იმ არალეგიტიმურ ქმედებებს, რომელიც მიმართულია ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ, მიეცეს საერთაშორისო შეფასებები. საბოლოო ჯამში, ჩვენ ეს პოლიტიკა აუცილებლად მიგვიყვანს ქვეყნის დეოკუპაციისა და საქართველოს გამთლიანებისკენ“, - აცხადებს თენგიზ ფხალაძე.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის გიორგი ვოლსკის განცხადებით, კარასინის განცხადება საფუძველს არ ქმნის იმისთვის, რომ დაიწყოს რაიმე სახის მოლაპარაკებები. ჯერ ამ მოლაპარაკებისთვის არანაირი წინაპირობა არ არსებობს.

„ჩვენი პოლიტიკური შეუთავსებოლობა განპირობებულია ტერიტორიების ოკუპირებით. ჩვენ ერთი რესურსი გაგვაჩნია, რომლითაც ვხელმძღვანელობთ, ეს არის წითელი ხაზების გადალახვის დაუშვებლობა, ეს უფრო პრინციპია, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ. არ შეიძლება, რომ ჩვენ ერთი მხრივ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის საელჩო გვქონდეს, მეორე მხრივ, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ვსაუბრობდეთ რუსეთის ფედერაციასთან, ანუ იგივე მესამე დიპლომატიური მისიის გახსნაზე საქართველოში, ასე დგას ეს საკითხი.

რაც შეეხება კარასინის განცხადებას, ის გამოხატავს რუსული პოლიტიკური ინსტებლიშმენტის საკმაოდ ჩამოყალიბებულ სტრატეგიულ მიმართულებას და გეგმას, ეს არ არის ერთი ადამიანის მოფიქრებული“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გიორგი ვოლსკი.