„ნატო-რუსეთს შორის ბლოკური დაპირისპირება დაიწყო“

„ნატო-რუსეთს შორის ბლოკური დაპირისპირება დაიწყო“

გენერალი ფილიპ ბრიდლავი აცხადებს, რომ NATO მზად არის მოკავშირეების დასაცავად. აშშ-ის ევროპული სარდლობის ყოფილი მეთაურის შეფასებით, რუსეთის ტაქტიკა არ იცვლება, კრემლი აგრძელებს მეზობელი ქვეყნებისადმი აგრესიულ პოლიტიკას და ასევე კამპანიას სირიაში. მისივე თქმით, უელსის შემდეგ და ვარშავის სამიტამდე, რუსეთის ქცევები არ შეცვლილა. პირიქით, გახდა უფრო აგრესიული, რომელიც ჩაერთო სირიის კამპანიაში. სწორედ ამიტომ, ვარშავის სამიტზე ალიანსმა გადაწყვიტა გადართულიყო დამარწმუნებელი ზომებიდან შემაკავებელ ზომებზე. 

„ალიანსის მაღალი დონის შეხვედრებზე ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლითაც ვპასუხობთ რუსეთს იმ ქმედებების შესაბამისად, რომელსაც რუსეთი ყირიმში ახორციელებს, დონბასში, ასევე დამატებით განაგრძობს საქართველოში ხაზის გადაწევას და ასევე სირიაში. მე ვიტყოდი, რომ NATO ატარებს მისი მოკავშირეებიის დარწმუნების და რუსეთის შეკავების პოლიტიკას. ვხედავ სიტუაციას, სადაც რუსეთი ახორციელებს ქმედებებს, რომელზეც NATO აძლევს რეაქციას“, - განაცხადა ფილიპ ბრიდლავმა.

აშშ-ის ევროპული სარდლობის ყოფილი მეთაურის შეფასების პარალელურად, საკმაოდ საინტერესო და საგულისხმო განცხადება გააკეთა ნატოს გენერალურმა მდივანმა. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ვერ ხედავს გარდაუვალ საფრთხეს ნატო-ს რომელიმე მოკავშირისთვის, თუმცა ხედავს რუსეთს, რომელიც მზად არის საკუთარი მეზობლების, უკრაინასა და საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს. მისი თქმით, ევროპა უსაფრთხოების კუთხით ახლა რთულ სიტუაციაშია, თუმცა არსებული ვითარება „ცივი ომი“ არ არის.

„ჩვენ „ცივი ომის“ პირობებში არ ვართ. ნაწილობრივ იმის გამო, რომ აღარ არსებობს ერთმანეთთან დაპირისპირებული ორი ბლოკი. თუმცა, უსაფრთხოების სფეროში არსებული დღევანდელი ვითარება უკავშირდება გამოწვევებს - ჩვენ არ გვაქვს პარტნიორობა, რომლის დამყარებასაც „ცივი ომის“ შემდეგ ვცდილობდით“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი იძულებულია, რეაგირება მოახდინოს გამოწვევაზე, რადგან რუსეთმა რამდენიმე წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გააძლიერა სამხედრო პოტენციალი, 2000 წლის შემდეგ თავდაცვითი ხარჯები სამჯერ გაზარდა, მეზობლების წინააღმდეგ ძალას იყენებს და აქტიურად იყენებს პროპაგანდას ევროპაში ალიანსის მოკავშირეებს შორის.

„რუსეთმა არსებითად გაზარდა სამხედრო პოტენციალი და სწორედ ამიტომ, ნატო-მ, ბალტიისპირეთსა და პოლონეთში ჯარების განლაგებით, „ცივი ომის“ შემდეგ კოლექტიური თავდაცვის გაძლიერების უპრეცედენტო ზომები მიიღო. ჩვენ სამჯერ გავზარდეთ ნატო-ს სწრაფი რეაგირების ჯარების რაოდენობა 40 000 სამხედრომდე და შევქმენით გაერთიანებული ოპერატიული ძალები. გარდა ამისა, ნატო წევრ ქვეყნებში ასობით ათას სამხედროს საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერებულ რეჟიმში გადაიყვანს“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

შექმნილ ვითარებას იენს სტოლტენბერგმა „ცივი ომის“ კლასიფიკაცია არ მიანიჭა, მაგრამ როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, მის განცხადებაში აშკარად იყო „ცივი ომის“ რიტორიკა. ქართველი ანალიტიკოსების შეფასებით, რთული ვითარებაა, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში. 

სამხედრო ექსპერტი ზურაბ აგლაძე თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლებას მართებს სიფრთხილე როგორც მოქმედებებში, ასევე გადაწყვეტილებების მიღებაში, რადგან სტოლტერბერგი თავის განცხადებაში ამბობს, რომ რუსეთი უხეში ძალაა, რომელმაც საქართველოს შემთხვევაში 2008 წელს ყველა მიზანს მიაღწია - საქართველომ ვერ მიიღო MAP-ი და ვერ გახდა NATO-ს წევრი.
„მოდით დავიწყოთ იქიდან, რომ თავის დროზე, „ცივი ომი“ ერთ დღეში არ დაწყებულა, მასაც ჰქონდა თავისი წინაპირობები. მაშინაც ორი მხარე ცდილობდა კონფრონტაციას, მაგრამ საბოლოოდ მაინც „ცივი ომით“ დასრულდა. მართალია, სტოლტენბერგის განცხადებაში „ცივი ომის“ რიტორიკა არ შეიმჩნევა და 21–ე საუკენეში ამ რიტორიკას ყველა ერიდება, თუმცა რუსეთის ქმედებებიდან გამომდინარე, არაფერი არ არის გამორიცხული. რუსეთი, რასაც სირიაში და უკრაინაში აკეთებს, ეს არის მისი პოლიტიკა, რაც არჩევანის საშუალებას არ უტოვებს დასავლეთს“, - აცხადებს ზურაბ აგლაძე.

რაც შეეხება საქართველოს, აგლაძის შეფასებით, როგორც წესი, სამხედრო ინტერვენციას რაღაცა მიზანი უნდა ჰქონდეს, ამ ეტაპზე კი, რუსეთს არანაირი საბაბი არ გააჩნია, რომ სამხედრო ინტერვენცია აწარმოოს საქართველოს ტერიტორიაზე. მისი თქმით, ამ ეტაპისთვის საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად აწარმოებს ისეთ პოლიტიკას, რომ არ გააღიზიანოს რუსეთი და არ გადადგას განსაკუთრებული ნაბიჯი, რომელიც რუსეთს სამხედრო ინტერვენციის საბაბს მისცემს.

„ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ ეტაპზე სამხედრო ინტერვენცია დაიწყოს საქართველოში, თუმცა რუსეთისგან გამორიცხული არაფერი არ არის. ერთი რამ ფაქტია, თუ საქართველოს ტერიტორაზე სამხედრო ინტერვენცია დაიწყო, ამისთვის საკმაოდ დიდი ფასის გადახდა მოუწევს რუსეთს, უკრაინაში რაც გააკეთა, ამის საფასურს იხდის. რუსეთი პირდაპირ მონაწილეობს უკრაინისა და სირიის კონფლიქტში და რაც დრო გადის, სულ უფრო ნაკლები რესურსი რჩება. ჩვენდა საბედნიეროდ ამას დაემატა ნავთობისა და გაზის ფასების ვარდნა, ის არ მოიმატებს.

გარდა ამისა, რუსეთს საერთაშორისო ავტორიტეტი დაკარგული აქვს, არ მგონია, რომ საქართველოში სამხედრო აგრესია მის რეპუტაციას კარგად წაადგეს. ამიტომ, ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ ნაკლებად შესაძლებელია, ჩვენი პოლიტიკიდან და გეპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, რუსეთმა გაბედოს ახალი სამხედრო ინტერვენციის დაწყება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ზურაბ აგლაძე.

ექპსერტი უსაფრთხოების საკითხებში შორენა ლორთქიფანიძის განცხადებით, რუსეთს სამხედრო ინტერვენციის წარმოების საბაბი არ გააჩნია, მაგრამ მას შეუძლია ეს საბაბი მოძებნოს და სწორად ამაშია მთელი პრობლემა. 

„თუ მისი მიზანია პროცესების გამწავება, მაშინ მისთვის პრობლემა არ არის, ეს მოტივი შექმნას. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ პერმანენტული საფრთხის წინაშე ვდგავართ და ამის გამოცდილება გვაქვს 2008 წლის აგვისტოს ომის სახით, ასევე უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, ყირიმის ოკუპაცია. ასევე საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ რუსეთი თითქოს ჩართულია ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტების მოგვარებაში, მაგრამ ამავე დროს, მხარს უჭერს ასადის მთავრობას. ასე რომ, საფრთხე არსებობს, მაგრამ მთავარია, რას უპირისპირებს ნატო ამ საფრთხეს საქართველოსთან მიმართებაში და ჩვენ რა პრესპექტივა გვაქვს ამ საკითხებთან დაკავშირებით“, - აცხადებს შორენა ლორთქიფანიძე.

მისი თქმით, საფრთხეების გათვალისწინებით მნიშვნელოვანია, რომ ევროატლანტიკური მიმართულება არ შეჩერდეს და თუ საჭიროა შეიქმნას ახალი ინსტრუმენტები ინტეგრაციის მიზნით, რაც ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია. საფრთხის არსებობამ და რუსეთის მხრიდან საბაბის პოვნის მცდელობებმა არ უნდა შეაჩეროს სვლა ევროატლანტიკური მიმართულებით.

„ახლა ჩვენი მთავარი მიზანია, რომ არებული საფრთხის სრული გაცნობიერებით გაგრძელდეს სვლა ნატოსკენ. რეალურად, ნებისმიერ დროს რუსეთმა შეიძლება გამოიგონოს მიზეზი, რომ გამოიყენოს სამხედრო ძალა საქართველოს წინააღმდეგ. მთავარია, ეს არ მოხდეს. სწორედ ეს ბეწვის ხიდი აქვს გასავლელი საქართველოს ახალ მთვარობას ისე, რომ კურსი არ შეიწიროს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას შორენა ლოთქიფანიძემ.

სამხედრო ანალიტიკოსის ვახტანგ მაისაიას შეფასებით, შექმილი ვითარება იმდენად სერიოზულია, რომ ნატო კოლექტიური თავდაცვის პრინციპს აბრუნებს, რომელიც მე-5 მუხლითაა გათვალისწინებული და რომლის მიხედვითაც, თავდასხმა რომელიმე ერთ მოკავშირეზე, ითვლება თავდასხმად ყველა მოკავშირეზე. მისივე თქმით, ნატო, როგორც სამხედრო პოლიტიკური ინსტიტუცია, საკმაოდ მაღალი დონის კონფრონტაციაშია რუსეთთან, რომელიც ფაქტიურად უახლოვდება უსაფრთხოების დილემის მოტორს. 

„ანუ, ორივე მხარე ერთმანეთისგან ხედავს მითიურ და რეალურ საფრთხეებს. უსაფრთხოების დილემა უკვე შევიდა დღის წესრიგში, რომელი მხარე როგორ რაციონალიზმს გამოავლენს გადაწყვეტილების მიღების დროს, ამაზე არის დამოკიდებული მთლიანი მსოფლიო საზოგადოების ბედი. როგორც ნატო, ასევე დასავლეთი და რუსეთი ერთმანეთს უყურებენ როგორც მტრებს და ორივე მხარე ელოდება ერთმანეთისაგან თავდასხმის განხორციელებას.

დასავლეთი და ნატო თვლის, რომ რუსეთის მხრიდან პოლონეთს და ბალტიისპირეთს ემუქრება სამხედრო აგრესია. თავის მხრივ, რუსეთში ფიქრობენ, რომ შესაძლოა, თავად გახდნენ ნატოსგან თავდასხმის ობიექტი. ორივე მხარე ერთმანეთს სამხედრო მუსკულებით ემუქრება. ამ პროცესში ძირითადი ბირთვი არის ამერიკა–რუსეთის ურთიერთობები, ხოლო ნატო ბუნებრივია, ამ ძალის ერთ-ერთი გამომხატველია. რუსეთი იკრებს თავის მოკავშირეებს, რომ დაუპირისპირდეს ნატოს მოკავშირეებს. სამწუხაროდ, დაიწყო ბლოკური ტიპის დაპირისპირება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაიამ.