რამდენიმეთვიანი კონსულტაციების შედეგად, ლევან იზორიამ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა აღადგინა. ცნობილია ისიც, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური განახლებული ფორმით აღდგება. კერძოდ, წვევამდელები გაივლიან სრულფასოვან საწყის მომზადებას და ჩამოყალიბდებიან როგორც სრულყოფილი სამხედრო მოსამსახურეები. სავალდებულო სამხედრო სამსახურში წვევამდელების ანაზღაურება კი, 7 ლარიდან გაიზრდება 50 ლარამდე, ასევე მათ ექნებათ უქმე დღეებით სარგებლობის საშუალება.
განახლებული სავალდებულო სამხედრო სამსახური კი, უზრუნველყოფს ხარჯების ეკონომიურობას, წვევამდელების სისტემით პროფესიული კომპონენტის მხარდაჭერას და მეტი პერსონალის მომზადებას, როგორც რეზერვისთვის, ისე საკონტრაქტო სამხედრო სამსახურისთვის. ამასთან, სავალდებულო სამხედრო სამსახური ხელს შეუწყობს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციას.
თავდაცვის მინისტრმა ის არგუმენტები დაასახელა, რატომ უნდა აღდგეს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის მიერ 27 ივნისს მიღებული გადაწყვეტილება, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის შეჩერების შესახებ. როგორც ლევან იზორია განაცხადა, წვევამდელების საკითხი იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო.
„ამ დიალოგში ინტენსიურად იყვნენ ჩართული ჩვენი პარტნიორები, ბუნებრივია, ჩვენი ოფიცრებიც და ამ ხანგრძლივი დისკუსიის შედეგად, მათ შორის ხაზგასმით მინდა ვთქვა - საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების შედეგად, მივიღე გადაწყვეტილება, რომ წვევამდელების სისტემა, რომელიც იყო შეჩერებული უწყებაში, (დაზუსტებისთვის მინდა ვთქვა, რომ საერთოდ არ იყო გაუქმებული, სხვა უწყებებში ხდებოდა გაწვევა),
თავდაცვის სამინისტრო კვლავ აღადგენს და რატომ? - პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ერთ-ერთი არგუმენტი გახლავთ ის, რომ ისეთმა პატარა ქვეყნებმა, როგორიც საქართველოა, თითქმის ყველამ, რომელმაც თავის დროზე შეაჩერეს წვევამდელების სისტემა, კვლავ აღადგინეს, ზოგან კი, მიდის აქტიური დისკუსია, რომ ეს სისტემა იყოს შემოღებული“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.
მისივე თქმით, როდესაც ვსაუბრობთ ეროვნულ თავდაცვაზე და ტოტალურ თავდაცვაზე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ის, რომ ჯარის საბრძოლო მზადყოფნა იყოს მაღალი და ამის საზომი გახლავთ, თუ რამდენად არის ის დაკომპლექტებული.
„ეს ერთ-ერთი გამოწვევაა, შესაბამისად საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისთვის წვევამდელების სისტემა აუცილებელია. წვევამდელთა სისტემა გაცილებით იაფია, ვიდრე საკონტრაქტო სისტემა. საკონტრაქტო თითქმის ორჯერ და მეტჯერ აღემატება, მაგრამ ჩვენ არ გვინდა ძველ სისტემას დავუბრუნდეთ, ჩვენ გარკვეული ნოვაციებით წარვსდექით საზოგადოების წინაშე.
მნიშვნელოვანი ნოვაცია გახლავთ ის, რომ წვევამდელი მიიღებს ისეთი საბაზისო მომზადების კურსებს, როგორიც საკონტრაქტო მოსამსახურე. მას ექნება განცდა, რომ ის არის სრულფასოვანი ჯარისკაცი და მისი ინდვიდუალური მომზადების დონე მოგვცემს სწორედ, ზოგადად, ჩვენი საბრძოლო დანაყოფების საბრძოლო მომზადების დონის კარგ ხარისხს“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.
ლევან იზორიას მის მიერ გამოცემული ბრძანების გაუქმების გადაწყვეტილებას უწუნებს ყოფილი თავდაცვის მინისტრი. თინა ხიდაშელის განცხადებით, გაწვევის იმ ფორმას, რომელიც საქართველოში მოქმედებს, ჩვენში რამდენიმე ფუნდამენტური, დემოკრატიულ სახელმწიფოსთან არათავსებადი პრობლემა აქვს. როგორც ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა ახალგაზრდის იძულებაზეა დაფუძნებული და გარდა იმისა, რომ სახელმწიფოს მოძალადედ აქცევს, საზოგადოების ინტერესებისთვის შედეგი არ მოაქვს. ამ კონტექსტში თავდაცვის ყოფილი მინისტრი საბიუჯეტო ხარჯების არამიზნობრივად ხარჯვაზეც საუბრობს.
„ყველაზე მთავარი: ქვეყნის უსაფრთხოებაზე საუბრისას - „უფრო ეკონომიურია“ ძალიან სუსტი და არასერიოზული არგუმენტია. ფინანსური ციკლი კონტრაქტის ვადით ითვლება და 4 წლის პერსპექტივაში, მით უფრო თუ სრულ სამხედრო მომზადებაზე გადავიყვანთ წვევამდელებს, არ არის „უფრო ეკონომიური“, აი, უფრო უშედეგო კი ნამდვილად არის. თავისთავად გაწვევის არსებობა რომ უფრო ეკონომიურია ქვეყნისთვის, ხაზგასმით და ცალსახად მხოლოდ იმიტომ შეიძლება იძახონ, რომ ხელფასს არ უხდით ახალგაზრდებს შრომაში, რომელსაც სახელმწიფო იღებს მათგან“, - წერს თინა ხიდაშელი.
გადაწყვეტილებას, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის აღდგენასთან დაკავშირებით მიესალმება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც გაწვევის შეჩერების წინააღმდეგი იყო და თვლიდა, რომ საჭირო იყო ამ სისტემის რეფორმირება და არა გაუქმება.
„პირველი და მთავარი - ჩვენი ქვეყანისთვის სამხედრო სარეზერვო სამსახური ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად, ამისთვის უნდა არსებობდეს ადეკვატური რესურსი. მთავარი ამოცანაა არა ის, რომ უბრალოდ რაღაცა კომფორტი, ან დისკომფორტი შევქმნათ, არამედ ვიფიქროთ იმაზე, გაწვევის სისტემა როგორ წაადგება ქვეყნის თავადცვისუნარიანობას. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ის, რაც თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გააჟღერა - რომ წვევამდელები გაივლიან ზუსტად იმ სამხედრო მომზადებას, რომელსაც გადიან საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეები, რაც მათ სრულფასოვან ჯარისკაცებად აქცევს“, - ამბობს ირაკლი სესიაშვილი.
ექსპერტი, უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში მამუკა ნებიერიძე ამბობს, რომ თინა ხიდაშელის მიერ აბსოლუტურად არასწორი გადაწყვეტილება იყო მიღებული. მისი თქმით, ხიდაშელი გაუქმებაზე გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ მიიღებდა, ვინიარად, მას ამის კომპეტენცია არ შეიძლება ჰქონოდა.
„საკითხი დგას ასე - არა ის, გვჭირდება თუ არა სავალდებულო გაწვევის სისტემა, არამედ - რა რაოდენობის შეიარაღებული ძალები გვჭირდება. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ შეიარაღებული ძალების ის ოდენობა, რაც ჩვენ გაგვაჩნია, ყველაზე მცირეა რეგიონში. ოდენობის თვალსაზრისით გაცილებით მეტი შეიარაღებული ძალები ჰყავს სომხეთს და აზერბაიჯანს, რომ არაფერი ვილაპარაკოთ რუსეთზე და თურქეთზე.
ჩვენ გვაქვს ორი ოკუპირებული რეგიონი და რასაკვირველია, პროფესიული არმია კარგია, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ ეს ოდენობა არ არის საკმარისი თავდაცვის სრულყოფილი ორგანიზებისათვის, მით უმეტეს, რომ ჩვენ არ ვართ ჯერ რაიმე სერიოზული კოალიციის წევრი, ოდენობა არის გასაზრდელი. კონკრეტულად რამდენზეა ასაყვანი, ეს უკვე სამხედრო სფეროა“, - აცხადებს მამუკა ნებიერიძე.
მისი თქმით, წვევამდელები არის ერთ-ერთი საშუალება, რომ ნაკლები ხარჯით გავზარდოთ არმიის ოდენობა. რაც მთავარია, წვევამდელები უნდა იყვნენ სრულყოფილი ჯარისკაცები, ანუ მათ უნდა გაიარონ სრული სამხედრო კურსი.
„ჩვენ გვჭირება არა უბრალოდ რაოდენობა, არამედ ხარისხი. წვევამდელების წინა სისტემა ხარისხის საშუალებას არ იძლეოდა იმიტომ, რომ მათ მეორეხარისხოვან სამუშაოებს ასრულებინებდნენ, რაშიც მართალი იყო ხიდაშელი, თუმცა ის, რომ მონები იყვნენ, ეს იყო არასწორი შეფასება, მაგრამ სრულყოფილი ჯარისჯაცები არ იყვნენ, რადგან სამობილიზაციო სისტემაშიც ვერ იღებდნენ მონაწილებას, ანუ გამოუსადეგრად რჩებოდნენ. თუ მოხდება მათი სწორი წვრთნა, ეს მოგვცემს მოქმედი ჯარის ოდენობას და შეავსებს რეზერვს, რაც ნიშნავს, რომ ომის პირობებში შევძლებთ გამოვიყენოთ იმაზე მეტი კონტიგენტი, რაც არის მოქმედ არმიაში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას მამუკა ნებიერიძემ.
სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის აღდგენას დადებითად აფასებს სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი, რომლის განცხადებით, აშკარაა, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის ჯარისკაცები დააკლდნენ შეიარაღებულ ძალებს, გამომდინარე იქიდან, რომ იძულებული გახდნენ საყარაულო სამსახური საკონტრაქტო მომსახურეებს შეესრულებინათ.
„მაშინაც ვამბობდი, რომ შეჩერება არ იყო გამართლებული. იმ ფუნქციას, რასაც ასრულებდნენ ჯარისკაცები, ძირითადად იყო სადარაჯო სამსახური და ლოჯისტიკა. ახლა ჯარისკაცების რაოდებობა მცირდება და თუ მალე აღარ გაიწვევს თავდაცვის სამინისტრო ჯარისკაცებს, მაშინ ამ ფუნქციის შესრულება უკვე უწვევთ კონტრაქტით მომსახურეებს, მაშინ, როცა კონტრაქტით მომსახურე სამხედროს ძირითადი ამოცანაა, სრულყოს თავისი სამხედრო მზადყოფნა მუდმივი წვრთნებით, საველე მომზადებით. ქვეყანა მათ იმედზეა თავდაცვის სფეროში“, - აცხადებს ირაკლი ალადაშვილი.
მისი თქმით, იმის გამო, რომ საკამარისი ჯარისკაცი არ არის, კონტრაქტორებს უწევთ საყარაულო სამსახურის შესრულება, რაც საკამოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა ქვეყნისთვის.
„ნაცვლად იმისა, რომ თავის ათეულთან, თუ ოცეულთან ერთად პოლიგონზე გავიდეს და მომზადება გაიაროს, კონტრაქტორი დგას საყარაულო კოშკურაზე. ეს არის ძალიან ძვირადღირებული სიამოვნება ქვეყნისთვის, როდესაც 800-900 ლარს უხდი შენ კონტრაქტით მომსახურეს და იმის მაგივრად ისწავლოს, როგორ ააფეთქოს მოწინააღმდეგე, დგას კოშკურაზე, აი, ამაზეა საუბარი. ამით პირველ რიგში, აგებს ქვეყანა, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა ამით არ იზრდება.
რაც მთავარია, ეს ერთწლიანი ჯარისკაცები უნდა გახდნენ მომავალი სარეზერვო სისტემის ძირითადი საყრდენი და როგორც ლევან იზორიამ განაცხადა, ამ ჯარისკაცებს 7 ლარის ნაცვლად მიეცემათ 50 ლარი და პლუს, მათ შეეძლებათ კვირაში ერთხელ წავიდნენ სახლში. რაც მთავარია, ეს ჯარისკაცები როგორც ადრე, მარტო კოშკურაზე კი არ იდგებიან, არამედ გაივლიან თითქმის ისეთივე ტაქტიკურ მომზადებას, რასაც კონტრაქტით მომსახურეები გადიან, რაც აბსოლუტურად სწორია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირაკლი ალადაშვილმა.