31 მაისი ისე მიიწურა, ხელისუფლებას არც გახსენებია, რომ „რვიანი“ მისგან საბოლოო პასუხს ელოდა საარჩევნო გარემოზე და აპირებდა თუ არა მოლაპარაკებების გაგრძელებას. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ცალკეულ კომენტარებში მიანიშნეს, რომ ოქტომბრამდე ჯერ კიდევ დრო აქვთ და არსად ეჩქარებათ. რაც შეეხება „რვიანს“, 31 მაისს საღამოს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ იმაზე სამსჯელოდ, თუ როგორი ფორმით გააგრძელებენ ხელისუფლებასთან ბრძოლას.
ამ ეტაპზე, შეფასებებს მოვერიდებით დაა შემოგთავაზებთ „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა კაციტაძის ინტერვიუს, რომელიც პრესაგე.ტვ-ს „რვიანის“ სამომავლო მოქმედებებთან დაკავშირებით ესაუბრა.
ხელისუფლებას ვადა დღეს ეწურება - პასუხი კი არ ჩანს, რას აპირებთ?
- მართალი ბრძანდებით, დადგა 31 მაისი, ხელისუფლების მხრიდან კი არანაირი პასუხი არ ჩანს პოლიტიკური „რვიანის“ მიერ გაკეთებულ შეთავაზებებზე. ამით, ერთგვარად, დაფიქსირდა მოლაპარაკებების მაგიდის 17 ნოემბრის შეთანხმება, რომ პრინციპულ საკითხებზე - თანხმობა, ან უარი თქმულიყო, ხელისუფლების მხრიდან დარღვეულია. თუმცა, აქვე უნდა ვთქვა, რომ უკანასკნელი თვე პრინციპში განსხვავებული პოლიტიკური რეჟიმით მიმდინარეობდა. 2 მაისსვე დაანონსდა გარკვეული პოლიტიკური მღელვარების პერსპექტივა შესაძლო რევოლუციური ცვლილებებით, რაც, სამწუხაროდ, 26 მაისს ტრაგედიით დასრულდა.
პოლიტიკურ დღის წესრიგში გაჩნდა რაღაც ახალი მოვლენა, რომელიც არც თუ სრულად ერთი თვის თავზე, ცუდი ფინალით დასრულდა. 26 მაისის შემდგომ, 31 მაისის ხსენება, როგორც ახალი დედლაინის დასწყისი, ან რაღაც ძველის დასასრული, პირდაპირ გეტყვით, რომ არაგონივრულად მიმაჩნია, რაც იმას არ ნიშნავს, რომ მოლაპარაკებების ვადების გახანგრძლივება და უაზროდ გაწელვა უნდა მოხდეს. მაგრამ თუკი ხელისუფლების მხრიდან ახლო მომავალში გაკეთდება რაიმე მზაობა საარჩევნო გარემოს ცვლილებასთან დაკავშირებით, პირადად მე არ ვთვლი გონივრულად, რომ ამ ყველაფერზე უარი ეთქვას ხელისუფლებას, ან მოლაპარაკების მაგიდას და შედეგის მისაღწევად არ გაგრძელდეს მუშაობა.
სანამ თქვენ მკითხავთ - როდემდე? სადამდე? რატომ? - გპასუხობთ - მანამდე, სანამ რაციონალური ვადა იმისათვის, რომ საარჩევნო გარემო შეიცვალოს და მინიმუმ, ერთი წელი, რომ საარჩევნო გარემო დასტაბილურდეს. მანამდე, სანამ არსებობს კიდევ შესაძლებლობა კონკრეტული შეთანხმების მიღწევისა, ვთვლი, რომ ოპოზიციურმა „რვიანმა“ უნდა გამოიყენოს ყევლა საშუალება, რომ შედეგი დადგეს.
ის პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც ახსენეთ, რა კავშირშია ამ მოლაპარაკებებთან? ხელისუფლებამ ერთ ღამეში დაასრულა ერთკვირიანი მიტინგი, თქვენ კი რამდენიმე თვეა მოლაპარაკებებს აწარმოებთ...
- არავითარ კავშირში არაა, მაგრამ ეს ყველაფერი ხელისუფლების მხრიდან საბაბად იქნა გამოყენებული. ბევრჯერ გვითქვამს ხელისუფლებისთვის, რომ არ გამოეყენებინა ეს პროცესი საბაბად, თუმცა ბოლო ტრაგიკულმა მოვლენებმა ის დააყენა დღის წესრიგში, რომ მაშინ, როდესაც არიან გარდაცვლილები, დაკარგულები და ადამიანები საპატიმროებში სხედან, უბრალოდ, მორალურად გამართლებულად არ მიმაჩნია, რომ მე-5 თავის მე-18 პუნქტის მე-6 მუხლზე ვესაუბრო ხელისუფლებას, თუნდაც მას ამის სურვილი გაუჩნდეს.
„რვიანი“ რას იზამდა, ამას არ გეკითხებით. მე გეკითხებთ - ხელისუფლებამ ოფიციალურად შეგატყობინათ, რომ რაიმე საბაბით დებდა მოლაპარაკებების პროცესს?
- არა, არა... მე სწორედ ამით დავიწყე - 31 მაისს არ ჩანს რა ხელისუფლების მხრიდან რაიმე წინადადება, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ მის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება დაარღვია.
მაშინ, მიპასუხეთ, ეს იმას ნიშნავს თუ არა, რომ ხელისუფლებამ „რვიანს“ სახვეწრად გაუხადა საქმე, რაც თქვენს ავტორიტეტს საერთოდ დასცემს საზოგადოების თვალში?
- არა, საქმე ისაა, რომ „რვიანი“ არ აპირებს ხვეწნას და ამით დავასრულოთ ეს ვერსია. ჩვენ არ ვაპირებთ იმ პოზიციაში ჩადგომას - ხელისუფლებას ვუთხრათ, რომ, როცა მოგეხასიათება და როცა გუნებაზე იქნები მაშინ, დაგელაპარაკებით. „რვიანი“ ბრძოლას აგრძელებს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის ქართულ საზოგადოებასთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად. რაც შეეხება ფორმებს, გეტყვით, რომ სწორედ ახლა, როცა თქვენ გალაპარაკებით, მივდივარ შეხვედრაზე, სადაც იმ ფორმებზე და დინამიკაზე გვექნება საუბარი, რომელიც იქნება შერჩეული. გვაქვს სხვადასხვა ვარიანტები. ამ ხნის განმავლობაში ტყუილად არ ვმჯდარვართ, მაგრამ უნდა ჩამოვყალიბდეთ ყოველივე ამაზე და ერთიორად გავზარდოთ, ერთი მხრივ - ქართული საზოგადოების მხარდაჭერა ამ პროცესისადმი და მეორე მხრივ - შევინარჩუნოთ, მე ვიტყოდი, საკმაოდ დიდი მხარდაჭერა, რაც მოვიპოვეთ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან.
როცა ქვეყნის შიგნით მხარდაჭერის გაზრდაზე საუბრობთ, პირიქით ხომ არ მოხდა და ეს მხარდაჭერა ხომ არ შესუსტდება ახალი რეალობის ფონზე, როცა ხელისუფლებამ უკვე „რვიანსაც“ გაუკეთა იგნორირება?
- მე პირიქით მგონია. ბოლო მოვლენებმა ქართულ საზოგადოებას დაანახა, რომ საყრდენის გარეშე ბრძოლა, პარტნიორის გარეშე ბრძოლა და რევოლუციური მოწოდებები არის უპერსპექტივო და დაანახა, რომ უალტერნატივოა საარჩევნო გარემოს შეცვლის გზით ხელისუფლების შეცვლისთვიის ბრძოლა. მე მგონია, რომ ქართულმა საზოგადოებამ დაინახა სხვა გზისა და სხვა მეთოდების კრახი.
ასეთ შემთხვევაში, არ ფიქრობთ, რომ „რვიანმა“ საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერის მისაღებად უფრო უნდა გაააქტიუროს ბრძოლა და მეტი პრინციპულობა გამოიჩინოს ხელისუფლებასთან ბრძოლაში?
- ბუნებრივია, როცა აფართოვებ შენს ბრძოლას, როგორც ქართულ საზოგადოებასთან, ისე საერთაშორისო საზოგადოებასთან, ეს გმატებს ძალას, თუმცა ბრძოლის ის ფორმები, რომელზეც გელაპარაკეთ და რომელიც გახდება „რვიანის“ დისკუსიის საგანი, ითვალისწინებს, რომ მეტი სიმწვავე, მეტი კონკრეტულობა, მეტი ეფექტურობა ახლდეს ჩვენს მომავალ საქმიანობას.
კეთილი, ხვალაც დავუკავშირდებით „რვიანს“ და გავიგებთ, რა გადაწყვეტილებამდე მიხვედით.
- გამორიცხული არაა, რომ გაადაწყვეტილება დღესვე ვერ იქნას მიღებული. სულაც არ მიმაჩნია, რომ დღევანდელ დღეს თუ ყველაფერი არ გადავწყვიტეთ, ხვალ არ გაკეთდება საქმე.