უფლებადამცველი დიანა გვიშიანი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობა“ ქვემო ქართლში არეულობას ცდილობს.
მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ დესტრუქციული ქმედება უშუალოდ დაკავშირებულია იმ სისხლის სამართლის საქმესთან, რომელშიც ჩართულ დამნაშავე პირებს ქვემო ქართლის სამხარეო პროკურატურა ხელს აფარებს. დიანა გვიშიანის თქმით, ერთ-ერთი დამნაშავე პირია „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის წევრი, თანამდებობის პირი, წალკის რაიონის საფინანსო-საბიუჯეტო განყოფილების უფროსი სამსონ თამარიანი, რომელიც მანქანით მიზანმიმართულად დაეჯახა მისი დაცვის ქვეშ მყოფის- აიკ მელტონიანის შვილს, გადაუარა ფეხებზე, მიაყენა სიცოცხლისთვის საშიში სხეულის მძიმე დაზიანება, დააინვალიდა ბიჭი, მაგრამ ექსპერტიზის დასკვნისა და თვითმხილველი მოწმეების მიუხედავად, სამსონ თამარიანს პასუხისგებაში არ აძლევენ.
ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, კონფლიქტში მონაწილე ორივე ოჯახმა (თამარიანებმა და მელტონიანებმა) დიდი ქონებისა და გარკვეული პოლიტიკური გავლენების მოპოვება მოახერხა. ამჟამად კი თამარიანის ოჯახი მელტონიანებს მიწის გამო ედავება, რაც თამარიანის გვარის წარმომადგენელთა თქმით, აიკ მელტონიანმა, რომელიც ყოფილი პარლამენტარია, უკანონოდ მიითვისა. როგორ ფიქრობთ, ამ ორ ნათესავ გვარს შორის სისხლიანი გარჩევების შემდეგ კონფლიქტი როგორ მოგვარდება?
- სამსონ თამარიანსა და მელტონიანის ოჯახებს შორის დაპირისპირება წლების განმავლობაში გრძელდება, რადგან სამსონ თამარიანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო, ხოლო აიკ მელტონიანი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მაჟორიტარი დეპუტატი და პარლამენტის წევრი. ამ ნიადაგზე დაიწყო მათ შორის დაპირისპირება და დასრულდა იმით, რომ 2016 წელს სამსონ თამარიანი მიზანმიმართულად დაეჯახა აიკის შვილს და, ასევე, მისი წაქეზებით აიკს თვალწინ მოუკლა ძმისშვილი - 23 წლის ანდრანიკ მელტონიანი. ამჟამად ამ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, ოღონდ სამსონ თამარიანისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. მხოლოდ აიკ მელტონიანი დაიჭირეს, რომელმაც თავდაცვის მიზნით საპასუხო გასროლა მას შემდეგ განახორციელა, რაც სამსონ თამარიანმა მის შვილს გადაუარა, ხოლო 20 წუთის შემდეგ თამარიანის ძმა და შვილი თავს დაესხნენ მელტონიანების ოჯახს და ძმისშვილი მოუკლეს. აიკ მელტონიანი პასუხისგებაში მისცეს 108-ე მუხლით, ანუ განზრახ მკვლელობის მცდელობით.
რის საფუძველზე აცხადებთ, რომ სამსონ თამარიანის უკან მდგარი „ნაციონალები“ არეულობას გეგმავენ?
- გეტყვით, რატომაც გვაქვს ეჭვი. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ სამსონ თამარიანი „ნაციონალია“, თავის დროზე იგი სწორედ არჩევნების წინ შეეცადა მოეშორებინა მელტონიანები, მოეწყო იქ არეულობა, დესტაბილიზაცია. დღესაც ამას ცდილობს, რადგან გარეთ არის, პასუხისგებაში არ არის მიცემული, იმავე მანქანით დადის, რითაც დააინვალიდა აიკ მელტონიანის შვილი.
სოფელი ვის მხარეს იჭერს?
- მთელი სოფელი ითხოვს დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემას. 300 ხელმოწერა გვაქვს შეგროვილი და ახლა ვითხოვთ, მთავარმა პროკურატურამ უშუალოდ დაიქვემდებაროს ეს საქმე, რადგან სამხარეო პროკურატურა იცავს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს. შეუძლებელია, საქმეში ამდენი მტკიცებულება არსებობდეს და პიროვნება, ვინც მკვლელი მიიყვანა შემთხვევის ადგილზე, ვინც საჭესთან იჯდა და დააინვალიდა არასრულწლოვანი, გარეთ იყოს.
პრობლემას ისიც ხომ არ ამძაფრებს, რომ ამ სომხურ სოფლებში ყველას აქვს იარაღი?
- ამოღებულია იარაღი, რითაც თამარიანმა გაისროლა. სოფელში ყველამ იცის, რომ თამარიანის ოჯახში დიდი რაოდენობის იარაღი ინახებოდა, იგი არეულობისთვის ემზადებოდა და მოახერხა ის, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტი, ყოფილი დეპუტატი და დამფუძნებელი, ჩამოიშორა ამ რეგიონიდან არჩევნების წინ. საარჩევნო პერიოდში სამსონ თამარიანი უკან დაყვებოდა მელტონიანს და პროვოკაციის მიზნით იწვევდა. თავის დროზე სამსონ თამარიანი წალკის საკრებულოს წევრი იყო. ამ პოსტს დღემდე იყენებს და ყველაზე გასაოცარი ისაა, რომ ამის შესახებ როცა მივმართეთ საკრებულოს და მოვთხოვეთ, იცის თუ არა სამსონ თამარიანმა ქართული, ოფიციალურად მოგვწერეს, რომ სამსონ თამარიანი ვერ ფლობს ქართულ ენას, არ იცის ქართულად წერა-კითხვა და აქვს საშუალო განათლება. ამ დროს 7-მილიონიანი ბიუჯეტის მქონე თანამდებობას როგორ წარმართავს?! ვინ მფარველობს ამ ადამიანს, რომ ამხელა თანამდებობაზე ამხელა ბიუჯეტს განკარგავს და, ელემენტარულად, ალბათ, ქართულად ხელის მოწერაც არ შეუძლია. იგი პროფესიით მძღოლია. ვიმეორებ, სამხარეო პროკურატურა მიზანმიმართულად არ აკავებს დამნაშავე პირებს, რომ არეულობა მოხდეს რეგიონში.
მაგრამ სამსონ თამარიანის შვილი განზრახ მკვლელობისთვის ხომ უკვე დააკავეს?
- დიახ, დააკავეს, მაგრამ ვინც იგი მიიყვანა მკვლელობის ადგილთან, ვინც იჯდა საჭესთან, მის მიმართ არანაირი რეაგირება არ ხდება. არადა, სამსონ თამარიანი ჩვეულებრივი თანამონაწილეა, მან მკვლელი მიიყვანა მელტონიანების ოჯახის ამოსახოცად. მთლიანობაში მოახერხებდა კიდეც ამას, მელტონიანს რომ არ ესროლა და არ დაეცვა თავი. არ ვიცი, ამ ადამიანს „ნაცმოძრაობიდან“ ვინ აფარებს ხელს. ეს ჩემთვის, როგორც იურისტისთვის გაუგებარია. 20 წელია, ადვოკატი ვარ და არ მახსოვს, მსგავსი მტკიცებულელები საქმეში მენახა და პირი პასუხისგებაში არ მიეცათ. უფრო მეტიც, პროკურატურაში ჩემი კლიენტები რომ შედიან, მათთან საუბარი არ უნდათ, აგრესიულად არიან განწყობილნი. არადა, ნებისმიერ პროკურატურაში დაზარალებულ პირს ნორმალურად უნდა ხვდებოდნენ, მათ უნდა განუმარტონ კანონები. იურისტი ვარ და ვერ ვიტყვი, აქ რა ხდება, ან კორუფციული გარიგებაა, ან ვიღაცის ინტერესია. ხალხი სამართლიანობის აღდგენას ელოდება და, თუ სამართალს არ ნახავს, თვითონვე იმოქმედებს. მით უმეტეს, ორივეს ჰყავს შვილები, ბიჭები.