ზაზა თავაძეს 3 წლითა და 7 თვის ვადით მოუწევს საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელობა. ახალი თავმჯდომარის არჩევა დახურულ ფორმატში გაიმართა, პლენუმის რვა წევრიდან თავაძეს მხარი ხუთმა დაუჭირა. რაც შეეხება პრეზიდენტის კვოტით წარდგენილ ირინა იმერლიშვილს, რომელიც თავაძის კონკურენტი იყო, მან სამი ხმა მიიღო. ახალი თავმჯდომარის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლო აქტიურად ითანამშრომლებს არასამთავრობო სექტორთთან.
ზაზა თავაძე უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ 2010 წლის 30 მარტს დაინიშნა, უფლებამოსილების განხორციელებას კი 2010 წლის 15 ივნისს, ფიცის დადების დღიდან შეუდგა. შესაბამისად, თავაძეს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა 2020 წლის 15 ივნისისთვის ეწურება. საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მხოლოდ ხუთი წლის ვადით ინიშნება.
ზაზა თავაძე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ 2010 წლის 15 ივნისსა და 2015 წლის 10 ივნისს არჩეულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ და მეორე კოლეგიის თავმჯდომარედ. 2008-2010 წლებში ზაზა თავაძე იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე. 2007 წლის მარტიდან 2008 წლის თებერვლამდე საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა. 2004 წელს კი საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა.
ახალმა თავმჯდომარემ საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიები უახლოეს ათ დღეში უნდა დააკომპლექტოს და მოადგილეების კანდიდატურები წარადგინოს. კანდიდატების წარდგენის შემდეგ, პლენუმის წევრები აირჩევენ მოადგილეებს და ხმას მიცემენ კოლეგიის შემადგენლობებს. ახალი თავმჯდომარე არ აკონკრეტებს იქნება თუ არა მისი მოადგილედ მერაბ ტურავა, რომელის ხმაც, გავრცელებული ინფორმაციით, გადამწყვეტი გახდა თავაძის თავმჯდომარედ ასარჩევად.
საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე აცხადებს, რომ ყველა დაგროვილი საქმეების განხილვისას პრიორიტეტი იქნება ღირსეული რეაგირება და ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის დაცვა.
„ვგულისხმობ არსებული საქმეების რაოდენობას, რომელსაც ჭირდება რაც შეიძლება სწრაფად მიხედვა, რათა ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვა და ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის გარანტირებული დაცვა.ლაკმუსის ქაღალდი იმისა, სასამართლო არის თუ არა დამოუკიდებელი, ამაზე იმეტყველებს თითოეული ჩვენი გადაწყვეტილება“, –აღნიშნა ზაზა თავაძემ.
რაც შეეხება მაღალი ინტერესის მქონე საქმეებს, ზაზა თავაძემ აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ყველა საქმე ერთი და იგივეა, რადგანაც ის ადამიანის უფლებებს ეხება.
„ჩვენთვის ყველა საქმე არის ერთი და იგივე, იმდენად, რამდენადაც ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები, განურჩევლად ყველა ადამიანისა, არის ერთი და იგივე. შესაბამისად, ჩვენ ვიმოქმედებთ კანონით დადგენილი წესით“, –აღნიშნა ზაზა თავაძემ, რომლემაც კონკრეტულ საქმეებზე, მათ შორის „რუსთავი 2“–ისა და კაბელების საქმეებზე კომენტარი არ გააკეთა.
ზაზა თავაძის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ არჩევას შეფასებები მოჰყვა პოლიტიკოსების მხრიდან. ოპოზიცია აცხადებს, რომ პლენუმის ამ გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ მთავარი ფუნქცია - კონსტიტუციის დაცვა დაკარგა. „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ლევან სამუშია თვლის, რომ ამ გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლოს თავზე ცისფერი კვამლი ამოვიდა და როგორც სამუშია აცხადებს, თავაძე ვერ იქნება ობიექტური სასამართლოს თავმჯდომარე და ამის მიზეზად ე.წ. კაბელების საქმეს ასახელებს.
„ბატონი თავაძე იყო ერთ-ერთი მოსამართლე სხვა მოსამართლეებთან ერთად რომელმაც ე.წ. კაბელების საქმე ჩაშალა. საბოლოოდ სასამართლო შედგა და გადაწყვეტილების გამოსატანად არიან გასულები. ბატონი თავაძე ამბობს, რომ იქნება ობიექტური, სკეპტიციზმით ვარ განწყობილი, მაგრამ მოხარული ვიქნები, ეს თუ არ გამართლდება და საკონსტიტუციო სასამართლო გათავისუფლდება ხელისუფლების გავლენებისგან. გვახსოვს ხელისუფლების ინტერესი საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით, როცა რუსთავი 2-ის და ე.წ. კაბელების საქმეები განიხილებოდა“, – აცხადებს ლევან სამუშია.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა რურუას განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლო იყო ერთადერთი ინსტიტუცია, რომელიც მეტ-ნაკლებად დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა, თუმცა რურუა თვლის, რომ დღეიდან საკონსტიტუციო სასამართლო აღმასრულებელი ხელისუფლების სურვილებს დაემორჩილა.
„საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც ინსტიტუცია, დღეს უკვე არის კასტრირებული აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან. ის არის ძალიან დასუსტებული და თავის მთავარ ფუნქციას, რომ იყოს მცველი კონსტიტუციისა, ის ვეღარ შესრულებს. ის დაემორჩილა მთლიანად აღმასრულებელ ხელისუფლებას. სასამართლო გახდება ფასადური“, – აღნიშნა ნიკა რურუამ.
ოპოზიციის ბრალდებას არ ღებულობენ ხელისუფლებაში. ვიცე–სპიკერი აცხადებს, რომ არასწორია საკითხის დასმა ისე, თუ ვისი კანდიდატია ზაზა თავაზე, ვინაიდან ეს მოსამართლეების არჩევანია, რომელშიც ხელისუფლების არც ერთი შტო არ ჩარეულა. მანანა კობახიძის განცხადებით, მთავრობა არ ერევა ამ საკითხში და ეს არის მოსამართლეთა გადასაწყვეტი. ეს არჩევანი პროცედურის და კანონის დაცვით განხორციელდა.
„ჩვენ არანაირი კონკრეტული პოზიცია ამასთან დაკავშირებით არ გვაქვს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო უშუალოდ მოსამართლეების არჩევანზე დამოკიდებული. მინდა იმედი ვიქონიო, რომ ყველაფერი გაკეთდება ახალი მოსამართლის მხრიდან იმისთვის, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და ეფექტური საქმიანობა იყოს უზრუნველყოფილი და ის შელახული იმიჯი, რაც უკავშირდებოდა პაპუაშვილის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს, ქმედებებს, იყოს აღდგენილი“, – აცხადებს მანანა კობახიძე.