„ვფიქრობ, ახალი „თავისუფალი დემოკრატების“ პარტია გამოჩნდება ადგილობრივი არჩევნებისთვის“

„ვფიქრობ, ახალი „თავისუფალი დემოკრატების“ პარტია გამოჩნდება ადგილობრივი არჩევნებისთვის“

შეთავაზების შემთხვევაში მმართველ გუნდთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი ვიქტორ დოლიძე. თავად ირაკლი ალასანია საკუთარ მომავალთან დაკავშირებით, მომავალ კვირას ისაუბრებს. for.ge-სთან საუბრისას ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ დიდი ხნის ლოდინი არ დაგვჭირდება იმისათვის, რომ უკვე ახალი შემადგენლობით, მაგრამ იგივე ორიენტირებით მოქმედი ახალი „თავისუფალი დემოკრატების“ პარტია გამოჩნდება პოლიტიკურ ასპარეზზე.

რა ფაქტორებმა შეიტანა გადამწყვეტი როლი და რამდენად მნიშვნელოვანია „თავისუფალი დემოკრატების“ პოტენციალი აღმასრულებელ ხელისუფლებაში? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge სოსო ცისკარიშვილის ესაუბრა.

თავისუფალი დემოკრატებიპრაქტიკულად დაიშალა, ირაკლი ალასანიამ გადაწყვეტილება არჩევნებში მიღებული შედეგებით ახსნა. როგორ ფიქრობთ, როდესაც მთლიანად მიდის გუნდი, ეს მხოლოდ არჩევნების მარცხით გამოწვეული გადაწყვეტილებაა, თუ ამ გადაწყვეტილების უკან შესაძლებელია სხვა პროცესები იდგეს?

სოსო ცისკარიშვილი: თქვენი კითხვა მაიძულებს გავიხსენო გამოთქმა „სხვა სხვის ომში ბრძენიაო“, არ მინდა ასეთი ბრძენის სტატუსი მივიღო, რადგან იმ პარტიაში რომელზეც თქვენს საუბრობთ, საკმაოდ ბევრი ჩემთვის ახლობელი ადამიანია და შემიძლია მხოლოდ ვთქვა, რომ ბატონი ირაკლის ასეთი მყისიერი გადაწყვეტილება უფრო ემოციური საფუძვლის მქონეა, ვიდრე პრაგმატულის.

არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი შედარებით ხანგრძლივი ტაიმ-აუტი საჭირო იყო იმ პოლიტიკური სუბიექტის ლიდერებისთვის, რომლებიც ასეთ აქტიურ წინასაარჩევნო გარემოში მოძრაობდნენ, პრაქტიკულად ისე, რომ რაიმე სახის ფინანსურ მხარდაჭერას არ ფლობდნენ. მართლაც ცარიელი ხელებით ეჭიდებოდნენ სხვადასხვა ფინანსური კმაყოფილებით გაჟღენთილ მონსტრს..

ანუ, სხვა ფაქტორებმა შეიტანა გადამწყვეტი როლი, ვიდრე არჩევნებში დამარცხებამ?

- რასაკვირველია, თავისთავად საკუთარი რესურსის გამოყენების შემდეგ 5%-იანი ბარიერის ვერგადალახვა ასეთი ამბიციური პოლიტიკოსებისთვის, ემოციურად ნამდვილად მძიმე გადასატანია, მაგრამ პირადად მე ვარჩევდი, რომ ეს ნაბიჯი ბატონ ირაკლის მეორე ტურის შემდეგ გადაედგა, რაც სრულიად ბუნებრივი იქნებოდა და არა ინდივიდუალურად პარტიის დატოვება, არამედ ამ პარტიის საქმიანობის საჯაროდ შეჩერება დასახელებული დროის განმავლობაში.

დღეს, „თავისუფალ დემოკრატთა“ პოლიტიკურ სივრცეში არსებობის აუცილებლობა, სრულიად მკაფიოდ არის წარმოჩენილი, რადგან სრულიად უდანაშაულო ადამიანების ციხეში არსებობის თემის (ვგულისხმობ ე.წ. კაბელების საქმეს), გამარჯვებით დასრულებას, ასეთი დაქუცმაცებული პარტია ნაკლებად თუ შეძლებს.

ლიდერების გარეშე დარჩენილი პარტია შეძლებს ახალი პოლიტიკური სტრუქტურის შექმნას?

- იმედი მაქვს, „თავისუფალი დემოკრატები“ შექმნიან ისეთ პოლიტიკურ სტრუქტურას, რომლის უპირველესი ვალდებულება იქნება სწორედ სასამართლოს უსამართლობის თემა შესთავაზონ მათ მხარდამჭერებსაც და სხვა პოლიტიკური ძალების მხარდამჭერებსაც, რადგან უსამართლობა ეს არ არის რაიმე სახის პოლიტიკური სუბიექტი, ეს ის თემაა, რომელიც ვნებს ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს. ამიტომ ვისურვებდი, რომ ეს თემა გახდებს მთელი ჩვენი საზოგადოების აუცილებელი ჩართვის საკითხი.

რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებმაც ერთმანეთის მიყოლებით დატოვეს პარტია, კი ბატონო, ამ ქვეყნად მარტო პოლიტიკოსობა არ არის ერთადერთი სამოთხე, მით უმეტეს იმ მაღალი პროფესიონალიზმის მქონე პირთათვის, რომლებიც ამ დღეებში ზურგით შემობრუნდნენ პოლიტიკური საქმიანობისგან, მიზეზი გასაგებია და შეგვიძლია მხოლოდ ვუთანაგრძნოთ მათ.

ვიდრე ე.წ. კაბელების საქმე არ მივა წარმატებულ დასრულებამდე, ეს პარტია არსებობს და რამდენმა ადამიანმაც არ უნდა დატოვოს ფორმალურად ეს პოლიტიკური სუბიექტი, ამ პარტიას აქვს და მომავალშიც უნდა ჰქონდეს ფუნქცია, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისათვის, ვიდრე რომელიმე სუბიექტის პარლამენტში მოხვედრა.

თქვენ ამბობთ, რომ თუკი აპირებდა წასვლას პოლიტიკიდან, ეს გადაწყვეტილების მეორე ტურის შემდეგ შეეძლო მიეღო, მაგრამ ალასანიამ პირიქით გააკეთა და სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი, რატომ არ დაელოდა მეორე ტურს? პარტიაში შექმნილმა მგდომარეობამ უბიძგა ამ გადაწყვეტილების მიღება? როგორც ზურა აბაშიძე აცხადებს, მათთვის მოულოდნელი იყო ალექსი პეტრიაშვილის გადაწყვეტილება...

- ჩემთვის სრულიად დამაჯერებელია არგუმენტი, რომელსაც ასაჯაროებს ქალბატონი გოგუაძე და რომელიც ბრძანებს, რომ ბატონი ირაკლის ასეთი ნაბიჯის საფუძველი გახდა უკვე შეუძლებლობა იმ დაპირებების შეუსრულებლობისა, რომლითაც, ის ძალიან აქტიურად ეხმიანებოდა ჩვენი საზოგადოების სოლიდურ ნაწილს. საუბარი იმაზე, რომ ასეთი განრიდება მეორე ტურისთვის შეიცავდა სერიოზულ საშიშროებას, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა ჩამოყალიბებულიყო „ქართული ოცნების“ მიერ, არ ყოფილა.

სწორედ მას შემდეგ, რაც ალასანიამ დატოვა პარტია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ დატოვა, პრაქტიკულად ბატონმა ალასანიამ პოლიტიკური სივრცისგან აიღო არდადეგები, არ გამოვრიცხავ, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ იმ წევრებმა, რომლებიც აგრძელებენ საქმიანობას, საკუთარ ვალდებულებად ჩათვალონ უკვე მხარდაჭერა ნებისმიერი ქმედებისა მეორე ტურში, რათა არ დაფიქსირდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ერთი პარტიის საკუთრებად.

რაიმე შინაგანი ინტრიგა შეიძლება არსებობდეს ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტში. ჩემი აზრით, ამ საკითხთან დაკავშირებით იმაზე მეტია ნასაუბრები სატელევიზიო სივრცეში უკვე ყოფილი პოლიტიკოსებისგან, ვიდრე ამას რაიმე საჭიროება მოითხოვს. ჩვენს ქვეყანას არა აქვს ჭორაობის დრო, რადგან ჯერ კიდევ არსებობს რეალური საფრთხეები. ამიტომ, არ მგონია რაიმე მნიშვნელობის იყოს ქართული სახელმწიფოს ისტორიაში, ვინ პირველმა რა დაწერა თავის ფეისბუქზე.
თავისუფალი დემოკრატებისპოტენციალი მინუს ირაკლიალასანია გამოყენებული იქნება აღმასრულებელ ხელისუფლებაში? ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვიკა დოლიძე შესაძლოა, აღმასრულებელ ხელისუფლებაში ვიხილოთ, ასევე, შესაძლოა, სამეგრელოს გუბერნატორი გახდეს ირაკლი ჩიქროვანი. ჯერჯერობით პრემიერთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ, მაგრამ შეთავაზების შეთხვევაში მმართველ გუნდთან თანამშრომლობას არ გამორიცხავენ...

- არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენი ქვეყნის კადრებთუხუცესი უკმაყოფილო იყოს იმ პროფესიონალიზმის დონით, რომელიც მას არჩევნების შემდეგ შერჩა. არაერთი განცხადება გაკეთდა ამა თუ იმ პარტიის წევრების აღმასრულებელ ხელისუფლებაში მიპატიჟებასთან დაკავშირებით. თავისთავად, ასეთ მიდგომას მივესალმებოდი, რადგან ჩვენ არა გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ერთი პოლიტიკური პარტია, როგორც სუბიექტი იყოს ყველა საკითხის გადამწყვეტი ქვეყანაში.

ამ შემთხვევაში, პროფესიონალიზმი ვერ იქნება ის უპირატესი შემადგენელი, რომელიც ნებისმიერ საკადრო გადაწყვეტილებას უნდა ახლდეს. წარმოიდგინეთ, არის დამარცხებული პარტია, რომლის ათიოდე მაღალი პროფესიონალიზმის მქონე პირი ვერ ხედავს პერსპექტივას და აქვს შესაძლებლობა, რომ აღმასრულებლურ ხელისუფლებაში დაიკავოს თანამდებობა, აქ უკვე მხოლოდ ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა აუცილებელი.

არ ვარ დარწმუნებული, რომ თავად „ქართული ოცნების“ წევრები და მათი გულშემატკივრები რაიმე აყალ-მაყალის გარეშე დაეთანხმონ ასეთ დანიშვნებს სხვადასხვა თანამდებობებზე. მაგრამ, ახლა, უკვე ჩვენი კადრებთუხუცესის პირადი პრობლემაა - პარტია თუ გონიერება. ვნახოთ რას აარჩევს კადრებთუხუცესი. აუცილებელია პოლიტიკური მხარდაჭერა ნებისმიერი იმ კანდიდატისთვის, ვისაც აქვს უნარიც და პრეტენზიაც იყოს მაღალ თანამდებობაზე.

რა შეეხება ირაკლია ლასანიას, სად ხედავთ დღეს მის ადგილს და რა შემთხვევაში ფიქრობთ მის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას?

- ძნელად წარმომიდგენია, რომ ბატონმა ირაკლიმ სულ მალე საკუთარი პარტიის თავკაცობა არ აღადგინოს და პოლიტიკური პენსიონერობა მოისურვოს. ვფიქრობ, ვიდრე საუბარი შეწყდება, ის შემობრუნდება პოლიტიკურ სივრცეში და ეს იქნება ბუნებრივი ნაბიჯი. ერთია რიგითი წევრის გასვლა პარტიიდან და მეორეა პირველი პირის განდგომა.

ისევ ვიმეორებ, ჩემი აზრით, ადგილი აქვს დროებით განრიდებას აქტიური პოლიტიკიდან, რადგან, დიახ, ბატონი ალასანიას საერთაშორისო ავტორიტეტი სულ 3-4 მეოცნებეს თუ გააჩნია. ასე რომ, ვფიქრობ დიდი ხნის ლოდინი არ დაგვჭირდება იმისათვის, რომ კვლავ შედარებით უკვე ახალი შემადგენლობით, მაგრამ იგივე ორიენტირებით მოქმედი ახალი „თავისუფალი დემოკრატების“ პარტია გამოჩნდება პოლიტიკურ ასპარეზზე, უკვე ადგილობრივი არჩევნების პროცესში მონაწილეობის სურვილით.